წავიდა - რა დატოვა?
ცნობილი ქართველი პაროდისტს - მერაბ გეგეჭკორს, ძალიან დაკვირვებული თვალი აქვს. ამიტომ, მის მიერ პიროვნებებისა და მოვლენების შეფასება ყოველთვის საინტერესოა.
კარგა ხნის წინ, შეხვედრისას, ვთხოვე მოეყოლა ეპიზოდები მისი ედუარდ შევარდნაძედ „ყოფნის“ პერიოდიდან (მისი პაროდიები ედუარდ შევარდნაძეზე მწვავე, კრიტიკული, სასაცილო და მთავარია, საზოგადოებრივი აზრის გამომხატველი იყო). შემდეგ ვკითხე: ზოგადად პოლიტიკაზე რას იტყვი-მეთქი! ამის მოსმენა შენგან მინდოდაო, მაგრამ კარგი, რადგან მთხოვ, გეტყვიო: „ცუდადაა საქმეო“. საბუთის გარეშე, ეს რა პასუხია-მეთქი. მე როდესაც ჩემს შეფასებას ვაკეთებ, ვასაბუთებ - უამრავი ფაქტით, მონაცემებით, მოვლენებით, ანალიზით. ამაზე მიპასუხა: „არა, საქმე ცუდად კი არა, ძალიან ცუდადააო“ და გააგრძელა: „ხელისუფლებაში ვერ იპოვი ადამიანს, რომელსაც საკუთარი „მეს“, საკუთარი შინაარსის გამომხატველი სახე ჰქონდეს, რომელსაც ყველა ამჩნევს, რომ შემდეგ მასზე იმუშაო და პაროდია შექმნაო“!
ეს იყო პროფესიული კუთხით დანახული რეალობა. ამის შემდეგ, მის მაგალითზე უფრო ხშირად ჩემი პროფესიის კუთხით შევხედე ადამიანებს, უპირატესად სახელისუფლებო და საერთოდ, საჯარო საქმიანობის დროს.
სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტ - ეკონომიკური სფერო ძალიან ღარიბია პროფესიონალებით, რომელთაც ერთი მხრივ, აქვთ სათანადო კომპეტენცია და მეორე მხრივ, ახდენენ თავიანთი იდეებისა და პოზიციების შესახებ საზოგადოებასთან კომუნიკაციას. პარტიათა ლიდერები ხომ თავიანთი პოზიციების, აგრეთვე მოვლენების შეფასების მოთხრობისგან საერთოდ თავს იკავებენ, პროფესიონალებიც არ ახდენენ საჯარო სივრცეში არგუმენტებით მსჯელობას.
მაგალითად, სრული სიწყნარით ჩაიარა იმ ამბავმა, რომ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიღებით, საქართველოს სახელმწიფოს ცხოვრებაში ნომერ პირველ პრობლემად იქცა სახელმწიფო ვალის საკითხი. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ალბათ უკვე მინიმუმ ათი-თხუთმეტი წლის ფარგლებში, მისთვის მოცემულობა იქნება ჯერ იფიქროს სახელმწიფო ვალების მომსახურება - გასტუმრებაზე და შემდეგ სხვა დანარჩენ საკითხებზე. ვალების ეს ოდენობა ძირითადად დაგროვილია დღევანდელი ფავორიტი პოლიტიკური ძალების - „ნაცებისა“ და „ქოცების“ მმართველობის პერიოდში, თუმცა „ვალების ორმოში ჩავარდნის გარღვევა“ ბოლო ოთხ წელიწადში განხორციელდა.
ვის უნდა შესჩივლო? ხელსაც ვერ ჩაიქნევ იმ მიზეზით, რომ „რუსთაველი მკვდარია“! რთულ სიტუაციაში ქვეყნის გადარჩენა გინდა მხარის დასაჭერად, გინდა საპაექროდ გამორჩეული ლიდერის ყოფნა, სახელმწიფოში მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის პერსონიზება. ეს აზროვნების გადარჩენაცაა! ხდება პერსონის ობიექტივიზაცია და მასზე „მიზმანება“ (გურული ბავშვობიდან ამომიტიტივდა ეს სიტყვა - ნიშნავს „მასზე სწორებას“)
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან თითქმის მესამედი საუკუნის მანძილზე, ჰყავდა ლიდერები, რომელთა პიროვნული მასშტაბი მსოფლიო პოლიტიკოსთა შორის, მეტი იყო საქართველოს მასშტაბზე მსოფლიოს ქვეყნებს შორის. დარწმუნებული ვარ, უბედურებიდან გამოსავალიც იმაშია, რომ საქართველოს გაუჩნდეს მმართველობის კარგი სისტემა, როდესაც ქვეყნის მართვისთვის საჭიროა ჩვეულებრივი ადამიანობა, რწმენით შრომა, პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი და წესიერება, და როდესაც მართვა განხორციელდება კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის საფუძველზე.
თუმცა, აქამდე რომ მივიდეთ, უნდა მოხდეს მინიმუმ ქვეყნის ინსტიტუციონალიზაცია და ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ - პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბება. არ შეიძლება სამინისტრო იყოს ჭკვიანი ან შტერი, იმის მიხედვით, თუ როგორია მინისტრი. პირიქით, როგორიც არ უნდა იყოს მინისტრი, სამინისტრო უნდა იყოს ჭკვიანი!
სამწუხაროდ, მსოფლიო დონის ლიდერებმა საქართველოში თავიანთი წასვლის შემდეგ (მნიშვნელობა არ აქვს როგორ), ასეთი სისტემა ვერ დატოვეს. შესაბამისად, ყველა მათგანის მოღვაწეობა, ცალკეული ეპიზოდური წარმატებების მიუხედავად, საქართველოს მომავლიდან დანახული, ნეგატიურია.
და აი, ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტ - ეკონომიკური ცხოვრების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილიც, ასეთი სისტემის შექმნის გარეშე, მიდის პოლიტიკიდან, ზემოთქმულიდან გამომდინარე - წარუმატებელი! ეს ძალიან გულდასაწყვეტია, რადგანაც მას ყველა შანსი ჰქონდა ასეთი სისტემის შესაქმნელად ისევე, როგორც ყველა მის წინამორბედს და ვერც ერთმა ვერ შეძლო ქართული სახელმწიფოებრიობის შეუქცევადობის უზრუნველმყოფელი პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალური, ეკონომიკური ინსტიტუციური სისტემის შექმნა.
წავიდა, მაგრამ რა დატოვა?
საქართველოს სახელმწიფოს მომავლის თვალსაზრისით, არაფერი - ყველა პრობლემა, რაც მემკვიდრეობით მიიღო ან შეინარჩუნა, ან გააღრმავა! უფრო მეტიც, ისე წავიდა, რომ შუქი დატოვა უკანა ოთახში ანთებული - „შუქის ჩაქრობა დაავიწყდა“ (პოლიტიკური ალეგორია ზ.თოიძის, სხვა შემთხვევისთვის, მაგრამ აქაც მოერგო უნივერსალობის გამო)!
წასვლა 2.0.
ბიძინა ივანიშვილის წასვლის მოტივებზე და ვერსიებზე ბევრი ითქვა და ითქმება. უმთავრესი ინტერესი იმაშია, მართლა წავიდა თუ არა? მე დავიწყებ იქედან, რომ ამ ეტაპზე ფაქტია, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური მმართველობის ფორმალიზებული სისტემიდან გასვლა. ამის შემდეგ ის დაუბრუნდება არაფორმალური მმართველობის ნაცად მეთოდს („სოლოკრატიას“), თუ ნამდვილად დაიწყებს ცხოვრებას „2011 წლამდელი კერძო ცხოვრების წესით“? (ბიძინა ივანიშვილის წერილი, 11 იანვარი, 2021 - შემდგომში „წერილი“
ეს მალე გამოჩნდება.
ბიძინა ივანიშვილის ყველა წინამორბედს ჰქონდა თანამდებობიდან წასვლა - დაბრუნების ეპიზოდები (რეკორდსმენი ედუარდ შევარდნაძეა: საბჭოთა კავშირის პერიოდის ჩათვლით მინიმუმ 8-ჯერ განახორციელა პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლა - დაბრუნება). ბიძინა ივანიშვილის წასვლა 2.0 იმითაა განსხვავებული, რომ არცერთი მისი წინამორბედი პოლიტიკიდან არ წასულა!
შეძლებს პოლიტიკიდან გასვლას ბიძინა ივანიშვილი? პოლიტიკოსების პოლიტიკიდან წასვლის, როგორც ასეთის, არ სჯერა მამუკა გიორგაძეს. მისი არგუმენტი რიტორიკურ კითხვაშია: „გამჩენი დააყენებს“? საკითხს თუ უფრო ღრმად შევხედავთ, მაშინ, რა თქმა უნდა, დასაშვებია პოლიტიკიდან გასვლის სურვილი, მაგრამ რამდენადაა ეს შესაძლებელი?
ყველაზე მაქსიმუმი, ესაა აქტიური პოლიტიკური ან/და პარტიული საქმიანობის შეჩერება, ხოლო პოლიტიკიდან გასვლა, „კარების მიხურვის ეფექტით“, რომ მე აქ აღარ ვარ, ბიძინა ივანიშვილისთვის შეუძლებელია. შეუძლებელია როგორც პიროვნულად, ისე მისი მატერიალური აქტივების გამო!
ბიძინა ივანიშვილი ვერ გაემიჯნება, მისი სურვილის მიუხედავად, ვერც ერთ იმ საქმიანობას, რაც განახორციელა მისი ხელმძღვანელობის დროს პარტია „ქართულმა ოცნებამ“. ის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, კიდევ დიდხანს არის პასუხისმგებელი იმ საქმიანობაზე, რომელსაც ეწეოდა პრემიერ - მინისტრის თანამდებობაზე. ძნელი დასაჯერებელია, რომ „ქართული ოცნების“ საქმიანობა მომავალში, მის მიმართ ბიძინა ივანიშვილის სრული ნეიტრალობის შემთხვევაშიც კი, მას მისცემს შესაძლებლობას დადგეს პოლიტიკის გარეთ.
ისიც შეუძლებლად მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე მოვლენები და აქტივები (პუშკინის სკვერი, საყდრისი და სხვ.) კიდევ მრავალჯერ არ გახდეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაზე „მიჯაჭვის“ საფუძველი.
ამდენად, ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლა შეუძლებელია. ზედმეტად ოპტიმისტურია მისი ნათქვამი: „შემიძლია მშვიდად გავეცალო პოლიტიკას“ (წერილი). აქ უკანა გზა ჩახერგილია! ერთადერთი სივრცე კერძო ცხოვრებისთვის შეიძლება წარმოიშვას, თუ მომავალში ის მართლა არ შეინარჩუნებს „სოლოკრატიულ“ სისტემას და პოლიტიკაში მიიღებს მონაწილეობას იმდენად, რამდენადაც ამას მოითხოვს მისი წარსული პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი საქმიანობა, მისი, როგორც მოქალაქის, უფლება - მოვალეობები.
გაქცევა?
ბიძინა ივანიშვილის წასვლა საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაში მრავალმხრივ შეიძლება შეფასდეს, გააჩნია, რომელი კუთხით შეხედავ. თუ შეხედავ 65 წლის ასაკის მიღწევის კუთხით და „ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახები“ (წერილი), ასპარეზის დათმობის არგუმენტით, რა თქმა უნდა, ამის გულწრფელობის დაჯერება ძალიან ძნელია! ყოველ შემთხვევაში, მე, ბიძინა ივანიშვილზე ასეთი შეხედულების არ ვარ! თუ ის ასეთი შეხედულებისაა მისი განცხადების ადრესატზე - ქართველ ხალხზე - ეს მისი გადასაწყვეტია. ახალგაზრდობის წინ წამოწევა პარტიაში გადადგომით შექმნილი ერთი გამოთავისუფლებული ადგილით მოხდება? მოკლედ, ძალიან ისეთი არგუმენტია, თითქოს მზრუნველობით აღვსილი, სინამდვილეში იმდენად „თვალში შესაყრელი ნაცრის ფუნქციით“, რომ კალამიც კი გაბრაზდა და ვერ ვაჩერებ!
ბიძინა ივანიშვილის წასვლა უფრო ჰგავს რაღაც მოსალოდნელი პროცესებისადმი თავის არიდებას, ვიდრე, ახალგაზრდებისთვის ასპარეზის დათმობას.
თუ ეს, იმ პროცესებისადმი თავის არიდებაა, რომელიც ხელისუფლების არასწორი საბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკის გამო დიდი ალბათობით უკვე აპრილის თვეში სერიოზულ საბიუჯეტო-ეკონომიკურ კატაკლიზმებს გვიქადის, მაშინ, ეს „ხელის დაბანაა“.
თუ ეს, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ჩიხიდან გამოყვანისთვის რაღაც შეთანხმებული ნაბიჯია, როდესაც წერილის კონტექსტით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტია უნდა გახდეს - მაშინ ეს გაქცევაა!
წერილში თითქოს აზრის შესაქმნელად, არა ერთხელ საუბარია „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლაზე.
თუ ეს გამოწვეულია საგარეო ფაქტორებით. უკვე ცნობილია, რაღაც ისეთი, რომელიც მხოლოდ მან იცის, მაშინ ეს გასწრებაა!!!
უფრო ბოლოა!
საქართველოს უახლესი ისტორიიდან ცნობილია ასეთი წასვლა, მაგრამ არა a priori, არამედ, posteriori, უკვე მოვლენების შემდეგ. საუბარია 2003 წლის 23 ნოემბერს ე.შევარდნაძის გადადგომასა და ჟურნალისტების შეკითხვაზე, „საით მიდიხართ“, მისი პასუხზე: „სახლშიიი“. ე. შევარდნაძის გადაწყვეტილებაში იყო მის მიერ დასწრებაზე მოქმედების ელემენტი. კერძოდ, პროცესების დასარეგულირებლად საქართველოში მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი ამ დროს და სხვა სცენარის შესათანხმებლად, თვითმფრინავში იჯდა და მიფრინავდა ბათუმში ასლან აბაშიძესთან.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებობს რაღაც აუტსაიდერული მოტივატორი. ამ გაგებით, ნიშანდობლივია 2021 წლის 10 იანვარს, „ამერიკის ხმის“ ქართულ გადაცემაში (ანუ სპეციალურად ქართველების საყურადღებოდ თქმული) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გრეგორი მიკსმის განცხადება: „ქართველ ხალხს ვეტყოდი, დადექით ერთად, რათა უზრუნველყოთ, რომ შენარჩუნდეს დემოკრატია და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდეს“.
თვალში საცემია, რომ ხშირი საუბარია ძალაუფლების გადაცემაზე და დასავლეთის წარმომადგენლები არ საუბრობენ ახალ საპარლამენტო არჩევნებზე. ხომ არ არის ჩაფიქრებული რაიმე მექანიზმი არსებული არჩევნების ლეგიტიმურად ცნობის ფარგლებში პოლიტიკურ ძალთა გადაადგილებისთვის საქართველოს პარლამენტში?! როგორც ცნობილია, „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შესულმა დეპუტატებმა უკვე შექმნეს 9 იანვარს ახალი პარტია „ევროპელი სოციალისტები“.
ეს გამოჩნდება პარტიებს შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით გამართულ უახლოეს კონსულტაციებზე.
ბიძინა ივანიშვილის მოქმედებაში აჩქარება აშკარაა. „ქართული ოცნება“ ყრილობას ახალი თავმჯდომარის ასარჩევად გამართავს 16 იანვარს.
შეიძლება ეს იყოს რაიმე კავშირში აშშ მიმდინარე პროცესებთან? კერძოდ, 20 იანვარს, ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან? თუ არის, მაშინ კიდევაა ერთი კითხვა - ფაქტია, „რაღაცეები“ საქართველოში უნდა დამთავრდეს ინაუგურაციამდე, მაგრამ ეს კეთდება ახალი ადმინისტრაციის იმპულსებით, რომ ყველაფერი მათ მოსვლამდე დამთავრდეს, თუ ძველი ადმინისტრაციის მინიშნებით, ყველაფერი მათ წასვლამდე მოხდეს. ვინ ქმნის უკვეთავს მუსიკას: ვინც მოდის, თუ ვინც მიდის?
ეს საკითხები ყველასთვის მნიშვნელოვანია: დაწყებული ინვესტორებით და დამთავრებული საოჯახო მეურნეობაში დასაქმებულით, რომ ოდნავ მეტად პროგნოზირებადი გახადოს მის ირგვლივ შექმნილი გარემო.
რადგანაც, პოლიტიკური კულტურა საქართველოში დაბალია, განსაკუთრებით მმართველ წრეებში, როდესაც მათი ნათქვამის ჭეშმარიტი შინაარსი ცხრა ტყავშია გახვეული, გამოსავალი არსებული მასალის სტრიქონებს შორის კითხვა და შესაძლო ვარიანტების გათვლაა.
ივანიშვილი ხალხის მადლიერია, ხალხი?
წერილში ბიძინა ივანიშვილი ამბობს: “პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი“. ეს სუბიექტური განწყობაა და ვერ შეედავები. თვითონ ხალხის მადლიერია, მაგრამ ხალხი მადლიერია მისი? ამის საჩვენებლად, წერილში, მოცემულია მსჯელობა, თუ რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა 2011 თუ 2012 წელს და რა შეასრულა.
ლოგიკამ მოითხოვა დაზუსტება: რაც გაკეთდა, ეს მარტო ბიძინა ივანიშვილზე უნდა ითქვას, თუ „ქართულ ოცნებაზე“ მისი ხელმძღვანელობით?! ამის გამო გაჩნდა წერილის დანართი (ცოტა უცნაური ფორმაა ამ სტილის წერილებისთვის).
ეს დანართი შედგენილია მიზანმიმართულად „ქართული ოცნების“ საქმეების წარმოსაჩენად, რაშიც ცუდი არაფერია. სამწუხაროდ ის, იმის 10 პროცენტსაც ვერ წარმოაჩენს, რა პოზიტივსაც ადგილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ განვლილი 8 - წლიანი მმართველობის დროს. იმის დასტურს კი წარმოადგენს, თუ რა დონის კომპეტენციაა ხელისუფლებაში. ალბათ არავინ არ დაიწყებს მტკიცებას, რომ ასეთი ანგარიშგებანი პარტიის თავმჯდომარის, ან პარტიაში მეორე რიგის პირების მიერ დაიწერა. ზოგიერთის გასაკვირად უნდა ვთქვა, რეიტინგებით მსჯელობა ვიკიპედიით დაწერილი მონოგრაფიის ავტორის მსგავსი დონის კომპეტენციის მაჩვენებელია.
თუ რა გაკეთდა 8 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ, ეს დიდი და კონკრეტული თემაა. მასში უნდა აისახოს რამდენი დრო და ფული დახარჯა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და რა გაკეთდა იქედან, რაც მთავრობის იმ პროგრამებში ეწერა, რომლითაც საქართველოს პარლამენტი მას ნდობას უცხადებდა.
როგორ შესრულდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №400 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“?
პანდემიის გამო არ შესრულდა 2020 წლის გეგმა, მაგრამ რატომ არ მოხდა მასში შესაბამისი კორექტირება, რომ ორიენტირები პოლიტიკისთვის ყოფილიყო სწორი? ის რომ არ მოხდა ჩასწორება, იმაზე უარესი მოვლენის მაჩვენებელია, ვიდრე სტრატეგიის არ შესრულება. აქედან ჩანს, რომ პროცესები თვთდინებაზეა მიშვებული, შედეგი იქნება ის, რაც იქნება, ხოლო, შემდეგ ანგარიშგებისთვის ამოკრეფ იმ ერთეულ რეიტინგებს, რომელიც ქვეყანას იმ მომენტისთვის სახარბიელო ექნება ათას სხვა არასახარბიელო რეიტინგს შორის. წარმოგიდგენიათ ჩინეთის კომპარტიის ყრილობაზე, ან აშშ კონგრესის სხდომაზე რომ გამოცხადდეს საქართველო გვისწრებს რაღაც რეიტინგითო? ეს ისეთი დონეა ანალიზის, როგორც ენის დათვალიერება, ან მკერდზე თითების დაკაკუნება მაგალითად, კომპიუტერულ ტომოგრამასთან!
სიჩქარე ეტყობა ტექსტს ყველაფერში: ტექსტიდან მკითხველი ვერ გაიგებს ავტორი 2021 წლის 11 იანვარს, რატომ საუბრობს „17 წლის განმავლობაში ქართველი ხალხის გამოცდილებაზე“ (წერილი), ან „დამოუკიდებლობის მოპოვებიდან“ „გამოვლილ ოც წელიწადზე“ (წერილი)? მაშინ, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან (1991წ.) უკვე 30 წელიწადია გასული?
ბიძინა ივანიშვილი არ აფასებს, თუ რას გრძნობს, როგორია მისდამი ქართველი ხალხის დამოკიდებულება. ის აღნიშნავს, შედეგებს:
- ვერ იქნა მიღწეული პროგრესი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში;
- არის ცუდი ეკონომიკა;
- დაუძლეველია სიღარიბე;
- ვერ მოხდა სიცრუის გაქრობა საინფორმაციო ველიდან... (წერილი).
ვერც განსახილველი წერილი და დანართი აშორდა მონაცემების შელამაზების ცდუნებას.
მხოლოდ ერთ ფრაგმენტს შევეხები.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ტურიზმის სექტორში კატასტროფული მდგომარეობაა - პანდემიამ ტურიზმის სექტორში 70-80%-იანი ვარდნა გამოიწვია. დანართის ავტორები ამ ფაქტის გაპოზიტიურებას ახდენენ. ტექსტში ნათქვამია: “ორნახევარჯერ გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები - 2012 წლის 1.4 მილიარდი აშშ დოლარიდან 2019 წელს 3.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. რაკი ამ ნიშნულს ერთხელ უკვე მივაღწიეთ, პანდემიის შედეგად დაკარგულ პოზიციას პოსტ-კრიზისულ პერიოდში მალევე აღვიდგენთ“(ხაზგასმა ჩვენია-მ.ჯ.).
მომავალში რასაც იზამ, 2021 წლის ფაქტიური მდგომარეობის შეფასებასთან რა კავშირი აქვს? ასეთი მიდგომით, ავტორს წარმატებით შეეძლო ჩამოეთვალა საჭოთა კავშირის დროს არსებული პოზიციები და გაეტარებინა 2021 წლის შედეგების შეფასებისას, როგორც მომავალში აღსადგენი!
მთავარი დამსახურება
ბიძინა ივანიშვილის უდიდესი ისტორიული დამსახურება ისაა, რომ მისი საქმიანობის შედეგად, ქართველი ხალხი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ერთი კაცი, როგორიც არ უნდა იყოს მისი შესაძლებლობები (ეროვნული ლიდერი - საბჭოთა კავშირის დანგრევის ავტორთაგანი, მსოფლიო დიპლომატი - ბერლინის კედლის დამნგრევი, მსოფლიოში სახელმწიფოების მოწყობის აქტივისტი - საქართველოში სახელმწიფო დათრგუნვის მანქანის შემქმნელი, მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანთა კლუბის წევრი - საქართველოს სოლოკრატი...) ვერ გაამდიდრებს, ხოლო ხელისუფლება - მფლანგველი და უგუნური - გააღატაკებს ქვეყანას, რომელი მათგანიც არ უნდა იყოს მის სათავეში.
„ოცნებას“ ტოვებს, ოცნებას იტოვებს
ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პარტიიდანაც გადის და ამტკიცებს, რომ მას ერთი ოცნება რჩება. ის წერს: „საქმიანობა მომავლის დიდ იმედს მისახავს. დემოკრატიის კანონზომიერება ისეთია, რომ აუცილებლად გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც განათლებით, ქვეყნის გაძღოლის უკეთესი უნარითა და ინტელექტუალური პოტენციალით აჯობებს „ქართულ ოცნებას“ და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება. გაგიკვირდებათ და, ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნება. მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ დაიკავებს ღირსეულ ადგილს პოლიტიკური ოპოზიციის ავანგარდში და ეს პერიოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით“ (წერილი).
გაუგონარი პოლიტიკური ოცნებაა საკუთარი პარტიის დამარცხების შესახებ! და მაინც, თუ პოლიტიკური ოცნება, თანაც ახალი პარტიის გაჩენისა, რომელიც დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილის „ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნებაა“, ეს ნიშნავს პოლიტიკაში დარჩენის ქვეცნობიერ განაცხადს, ოღონდ, ახალი პოლიტიკური ტელეპორტირების გზით.
წყარო:http://iverioni.com.ge/