USD 2.8082
EUR 2.9174
RUB 2.7198
Tbilisi
მეუფე შიოს ქადაგება - როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე
Date:  226

როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, ღვთის წყალობის აუცილებლობაზე, მაგრამ, როცა შეემთხვევა უბედურება ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება, მას სულ სხვა ხედვა ეხსნება და სხვანაირი თვალით უყურებს ბევრ რამეს...იშვიათად თუ ვაფუძნებთ ჩვენს ცხოვრებას ქრისტესადმი მადლიერებაზე იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, იშვიათად თუ ვაფუძნებთ ჩვენს ცხოვრებას ქრისტესადმი მადლიერებაზე იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთა.

„დღეს ჩვენ სახარებაში წავიკითხეთ, რომ ერთხელ უფალ იესო ქრისტეს შემოხვდა ათი კეთროვანი კაცი. ისინი მოშორებით დადგნენ და გაიძახოდნენ: „იესო მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ!“ (ლკ. 17, 13). როგორც იცით, კეთროვნებს ეკრძალებოდათ საზოგადოებაში ცხოვრება და ადამიანებთან ახლოს მისვლაც კი. ასეთი საშინელი ხვედრი ჰქონდათ. ისინი კარგავდნენ ოჯახებს, კარგავდნენ ახლობლებს და სრული უიმედობისა და სასოწარკვეთილების ზღვარზე იყვნენ. ამ ათ კეთროვანს სანამ ჰქონდათ ჯანმრთელობა და ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, არ სწამდათ იესო ქრისტესი. მათ ირგვლივ მრავლად იყვნენ მწიგნობრები, ფარისევლები, რომლებიც უარყოფდნენ იმას, რომ ქრისტე არის ღვთისგან, რომ ის ღვთის ძალით აკეთებს ყველაფერს; მას დევნიდნენ და დასცინოდნენ, როგორც გახსოვთ. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ესენიც მათი გავლენის ქვეშ მოქცეულიყვნენ; მაგრამ როდესაც მათ შეემთხვათ უბედურება - მძიმე სენი, მათ გაახსენდათ ყველაფერი, რაც სმენოდათ იესო ქრისტეზე, მის სასწაულებზე, შეიძლება თავიანთი თვალითაც კი ჰქონდათ ნანახი და აი, მათი დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა.

საერთოდ, ცხოვრებაში ასეა ხშირად და უმეტესწილად, რომ როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, ღვთის წყალობის აუცილებლობაზე, მაგრამ როცა შეემთხვევა უბედურება ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება, მას სულ სხვა ხედვა ეხსნება და სხვანაირი თვალით უყურებს ბევრ რამეს.

ამ კეთროვნებსაც ასე მოუვიდათ. მათ, ღვთის წყალობის გარდა, არაფრის იმედი აღარ დარჩენოდათ, ამიტომ მოდიან მაცხოვართან და სთხოვენ შეწყალებას. უფალმა ისინი შორიდან აკურთხა და უბრძანა, მღვდლებთან მისულიყვნენ, ვინაიდან კეთროვნის განკურნების შემთხვევაში მღვდელს უნდა დაედასტურებინა ეს ამბავი, რომ შემდეგ ეს განკურნებული შეეშვათ ქალაქსა თუ სოფელში, ანუ დასახლებულ ადგილზე. ისინიც წავიდნენ და მალევე დაინახეს, რომ ათივე განიკურნა, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი მობრუნდა ქრისტესკენ, რომ მადლობა გადაეხადა მისთვის. იგი მოვიდა უფალთან, დაიჩოქა მის წინაშე, ხმამაღლა ადიდა ღმერთი და მადლობა გადაუხადა მას. უფალმა უთხრა: „ადექი და წადი, შენმა რწმენამ გიხსნა შენ“ (ლკ. 17, 19).

სახარების ამ ეპიზოდზე როცა ვფიქრობთ, ჩვენ თავს ვეუბნებით ხოლმე: არა, მე რომ ვყოფილიყავი მათ ადგილზე, ასე არ მოვიქცეოდი, ამ ცხრა უმადურის ადგილზე აუცილებლად მივიდოდი უფალთან და მადლობას შევწირავდი მას. მაგრამ მართლა ასეა, ძვირფასო ძმებო და დებო? მართლა ასე ვგავართ უფრო ამ ერთ მადლიერს და არ ვგავართ ცხრა უმადურს? იესო ქრისტემ ხომ ჩვენთვის ბევრად მეტი რამ გააკეთა, ვიდრე ამ კეთროვნებისთვის? განა ჩვენც არ განგვკურნა მან თავისი ტანჯვებით? განა არ დაითმინა მან ნერწყვა, ცემა, ჯვარი და სიკვდილი ჩვენთვის, ჩვენი გადარჩენისთვის? იმისთვის, რომ ჩაედო ჩვენს ბუნებაში და ყოველი ჩვენგანისთვის მოეცა ის პოტენციური ძალა, რომლითაც შეგვიძლია გადავრჩეთ საშინელი ბოროტებისგან?! აი, ეს იყო უფლის მთავარი ღვაწლი ამ დედამიწაზე.

მიუხედავად ამისა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ მაინც იშვიათად ვფიქრობთ ამაზე, ნაკლებად გვახსენდება ეს და იშვიათად თუ ვაფუძნებთ ჩვენს ცხოვრებას ქრისტესადმი მადლიერებაზე იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა; ამდენად, უფრო ხშირად ვემსგავსებით იმ ცხრა უმადურს, ვიდრე ამ ერთ მადლიერს. ამ დროს კი სწორედ ამ ერთთან არის ნამდვილი სიმართლე, ნამდვილი ჭეშმარიტება და სწორედ ამ ერთთან, მაცხოვრის ფერხთით შეგვიძლია ჩვენ ვიცხოვროთ ნამდვილი ცხოვრებით, მადლიერებით. აი, ეს არის ჩვენი ვალდებულება მადლიერებისა და გზა ჩვენი ცხონებისა. ამინ.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, ილოცება ყაყიჩაშვილების გვარი. ღმერთმა გაგახაროთ, გამრავლოთ და დაგლოცოთ“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way