USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
თბილისი
მეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ და ჯვარს აცვამენ
თარიღი:  609

დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ და ჯვარს აცვამენ. ჩვენ მოვედით აქ, რომ გარდამოვხსნათ იგი ჯვრიდან და მოვამზადოთ დასაფლველად. მოვიტანეთ სანთლები, ყვავილები, ჩვენი ლოცვები და ფიქრები, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) დიდ პარასკევს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

გარდამოხსნის წესის შესრულების შემდეგ მეუფემ უფლის ჯვარცმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, უფალს ყველა უყვარდა, ასწავლიდა მხოლოდ სიკეთეს, სიყვარულს, ჭეშმარიტებას, სიწმინდეს. ყველას ეხმარებოდა და მრავალ სასწაულს ახდენდა.

„ჩვენ ვდგავართ ჩვენი მაცხოვრის საფლავთან. იგი ცხოვრობდა ადამიანებთან ერთად, იყო, როგორც ყველა სხვა ადამიანი, მხოლოდ ცოდვა არ ჰქონდა. მას ყველა უყვარდა, ასწავლიდა მხოლოდ სიკეთეს, სიყვარულს, ჭეშმარიტებას, სიწმინდეს. ყველას ეხმარებოდა და მრავალ სასწაულს ახდენდა.

მას ჰყავდა მოწაფეები, რომლებსაც იგი უყვარდათ, მაგრამ ჰყავდა მტრებიც, რომლებსაც სძულდათ და დევნიდნენ, ცილს სწამებდნენ, ლანძღავდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მას საერთოდ ვერ ამჩნევდნენ, თავიანთი ამაო საზრუნავების და საქმიანობის გამო და აი, მისდამი გაბოროტება და მტრობა მატულობდა: მის უახლოეს მოციქულთა შორის აღმოჩნდა ერთი, რომელმაც 30 ვერცხლად გაყიდა იგი და გასცა გეთსიმანიის ბაღში, როდესაც ის ლოცულობდა რამდენიმე მოწაფესთან ერთად. ამ ღალატის ნიშნად კი აირჩია ამბორი. მაცხოვარი შეიპყრეს, სცემეს, ნერწყვეს, აბუჩად აიგდეს და ბოლოს აიძულეს, ჯვარი მიეტანა გოლგოთამდე, სადაც ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად და თან დასცინოდნენ.

უფალმა სული განუტევა ჯვარზე. მისმა საიდუმლო მოწაფეებმა: იოსებმა, ნიკოდიმოსმა, წმინდა დედებმა იგი გარდამოხსნეს ჯვრიდან და დასაფლველად მოამზადეს.

ეს მოხდა მაშინ, ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე. დღესაც ეხმარება იგი ადამიანებს და აღასრულებს სასწაულებს. მას დღესაც ჰყავს ერთგული და მოსიყვარულე მოწაფეები, დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ და ჯვარს აცვამენ. ჩვენ მოვედით აქ, რომ გარდამოვხსნათ იგი ჯვრიდან და მოვამზადოთ დასაფლველად. მოვიტანეთ სანთლები, ყვავილები, ჩვენი ლოცვები და ფიქრები.

რაზე ვფიქრობთ დღეს? მეც ხომ არ მიმიძღვის წვლილი, ბრალი მის ჯვარცმაში და ტანჯვაში? მეც ხომ არ შემიცოდავს მის წინააღმდეგ? სინდისი მკარნახობს, რომ შენც მიაყენე ტკივილი, არც შენ ხარ ბრალის გარეშე. მაშ, როგორ მივიდეთ გარდამოხსნასთან ისე, რომ ჩვენი მთხვევა არ დაემსგავსოს იუდას ამბორს და გვახსენდება მეძავი დედაკაცი სახარებიდან, რომელიც ბეთანიაში იესოს ფერხთით ტიროდა, თავისი თმებით უმშრალებდა ცრემლებს, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა, უფალმა კი ის არ გააგდო.

ჩვენც, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ვემთხვიოთ წმინდა გარდამოხსნას ამ მეძავი დედაკაცის მსგავსად სინანულით, სიყვარულით და ავდგეთ იმ სურვილით და შემართებით, რომ დღეიდან გავხდეთ უკეთესნი, ვიდრე ვიყავით აქამდე, რაშიც შეგვეწიოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, - განაცხადა მეუფე შიომ.

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის