USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
მეუფე შიო გელათზე - განსაკუთრებით გვახარებს, რომ გამოჩნდა მათი საოცრად სათუთი, გულითადი და მოსიყვარულე დამოკიდებულება საქმისადმი, კერძოდ, გელათის მონასტრისადმი, მისი რეაბილიტაციის პროცესისადმი
Date:  696

დღეს, გამოჩნდა არა მხოლოდ დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი, არამედ გამოჩნდა საოცრად სათუთი, გულითადი და მოსიყვარულე დამოკიდებულება საქმისადმი, კერძოდ, გელათის მონასტრისადმი, მისი რეაბილიტაციის პროცესისადმი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ორწლიანი საქმიანობისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გელათის რეაბილიტაციისთვის ბევრი რამ გაკეთდა, რომელიც კონფერენციის განმავლობაში კარგად გამოჩნდა.

„ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლები მოვისმინეთ. შეიძლება ითქვას, რომ გამოჩნდა არა მხოლოდ დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი როგორც ჩვენი უცხოელი სტუმრებისა და მრჩევლებისა, ასევე ჩვენი ქართველი მეცნიერებისა (ეს უდავოდ ასეა. ჩვენ ვიცით, რომ ეს სახელმოხვეჭილი და დიდებული მეცნიერები ბრძანდებიან), მაგრამ განსაკუთრებით გვახარებს, რომ გამოჩნდა მათი საოცრად სათუთი, გულითადი და მოსიყვარულე დამოკიდებულება საქმისადმი, კერძოდ, გელათის მონასტრისადმი, მისი რეაბილიტაციის პროცესისადმი.

ძვირფასო მეცნიერებო, გამომსვლელებო, დღეს გვიჩვენეთ მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს დიდი მეცნიერი, დიდი პროფესიონალი და ცოდნა, შერწყმული საქმისადმი დიდ სიყვარულთან. ეს არის დიდი მაგალითი ჩვენთვის, ყველასთვის, განსაკუთრებით - ახალგაზრდებისთვის.

კრიზისიდან გამოსვლის დიდი მაგალითი უკვე ჩნდება და ჩანს, მაგრამ აქ ასევე არაერთხელ გაჟღერდა პაციენტისა და მკურნალის მაგალითი, როგორც გელათის ძეგლისა. საერთოდ, ასე ვთქვათ, დაზიანებული ძეგლის მეტაფორა, როგორც პაციენტისა.

ჩემი დღევანდელი გამოსვლის დასაწყისში ვთქვი, რომ აუცილებლად დავრწმუნდებით, რა დიდი შრომა ჩაიდო და რამდენი რამ გაკეთდა ამ ორ წელიწადში. მგონი, სავსებით დავრწმუნდით ყველანი ამაში და დღევანდელმა დღემ გამოაჩინა, რომ ეს ჩვენი ყველაზე სანუკვარი, საყვარელი და ძვირფასი პაციენტი (რა თქმა უნდა, ყველა პაციენტი ექიმისთვის ძვირფასია, მაგრამ არის ხოლმე ისეთი პაციენტი, ან შენი ოჯახის წევრი, ან შენი შვილი, რომელზეც განსაკუთრებით შეგტკივა გული. მე დავინახე ყველა ჩვენგანში ეს დამოკიდებულება), დღეს შეიძლება ვთქვათ, არის საიმედო ექიმების ხელში.

თუ გავაგრძელებთ ასეთი გონიერებით, ასეთი რუდუნებით და ასეთი სიყვარულით ამ პროცესს, ღმერთს ეს უხარია და აუცილებლად შეგვეწევა. ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ღვთისმშობელი შეგვეწევა, დავით აღმაშენებელი შეგვეწევა და ჩვენ მოვესწრებით შესანიშნავად და წარმატებით დასრულებას ამ საქმისა, ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას და კიდევ მრავალ, მრავალ სიკეთეს საქართველოსთვის და ამ ჩვენი საოცარი, დიდი ქართული ისტორიული მემკვიდრეობისთვის“, - განაცხადა მეუფე შიომ.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way