USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
Tbilisi
მეუფე შიო -გვმართებს დაფიქრება იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი მდგომარეობს მხოლოდ დავითის გზის ერთგულებაში
Date:  542

დღეს, როდესაც ჩვენ კვლავ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე და ვიხსენებთ წმინდა დავით მეფის პიროვნებას, მის ღვაწლს, გვმართებს დაფიქრება იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი მდგომარეობს მხოლოდ დავითის გზის ერთგულებაში,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, დავით აღმაშენებლის მმართველობის ასეთი წარმატება განაპირობა იმან, რომ იგი არა მხოლოდ დიდი მეფე და ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო, არამედ „ღვთისმოსავი ადამიანი“.

„მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა კეთილმსახურ მეფე დავით აღმაშენებლის ხსენებას, მისი გარდაცვალებიდან 900 წლისთავს. გილოცავთ ამ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დავით აღმაშენებლის შესახებ თხრობას მემატიანე იწყებს შემდეგი სიტყვებით: „ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა“.

მართლაც, დავით აღმაშენებლის პიროვნება მზესავით გამობრწყინდა საქართველოს ისტორიაში. მან, სრულიად ახალგაზრდამ, ჩაიბარა მტრებისგან იავარქმნილი და დაშლილი საქართველო და თავისი გონივრული, სამართლიანი მმართველობით, შეუპოვრობით თანდათან ქვეყანა ფეხზე დააყენა, გაამთლიანა, გააერთიანა და ძლიერ ქრისტიანულ სახელმწიფოდ აქცია.

რამ განაპირობა მისი მმართველობის ასეთი წარმატება? იგი არ იყო მხოლოდ დიდი მეფე და ჭკვიანი პოლიტიკოსი. ამავე დროს, იგი იყო ღვთისმოსავი ადამიანი, ბავშვობიდან ქრისტიანულად აღზრდილი წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის მიერ. მისი ყოველი ნაბიჯი და გადაწყვეტილება ნასაზრდოები იყო ქრისტეს რწმენითა და უფლის ნებაზე მინდობით.

როგორც წერს მის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი: „იყო იგი მოშიში და მოყუარე ღვთისა, გლახაკთა, ობოლთა და ქვრივთა მოწყალე, სნეულთა თვითმსახური, ეკლესიათა და ქსენონთა მაშენებელი“. ყოველივე ამის გამო, მან შესანიშნავად იცოდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიის გაძლიერებას, ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობას ქვეყნის აღშენების საქმეში. ამიტომ იგი, გარე თუ შიდა მტრებთან გამუდმებულ ბრძოლასთან ერთად, ზრუნავდა ქვეყნის სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებაზე.

მან, როგორც ბრძენმა ხელისუფალმა, სწორად განჭვრიტა ეკლესიის როლი განათლების საქმეშიც. დავითმა კარგად იცოდა, რომ სწორედ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლებითა და კულტურით შეუძლია ქართველ ერს თვითმყოფადობის შენარჩუნება და ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბება. ამიტომაც იმხანად ქართული მონასტრების უმრავლესობა იყო არა მარტო მონაზვნური ღვაწლის სავანეები, არამედ სამეცნიერო კერებიც. აი, ასეთი დიდი ცენტრი იყო დავითის მიერ აშენებულ გელათის მონასტერთან დაარსებული აკადემიაც, რომელიც იწოდა „სხვა ათინად“ და „მეორე იერუსალიმად“.

მაგრამ, მოგეხსენებათ, რა არის მხოლოდ ცოდნა რწმენის, სინანულის და სიმდაბლის გარეშე?! ძნელად თუ მოინახება მსოფლიო ისტორიაში ისეთი მმართველი, დავითის მსგავსი, რომელმაც ეს სათნოებები თანამგზავრებად გაიხადა მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში. ამას ადასტურებს მისი შესანიშნავი ჰიმნოგრაფიული თხზულება „გალობანი სინანულისანი“. ეს არის მისი აღსარება ღვთის წინაშე, მისი შინაგანი სამყაროს, შინაგანი ბრძოლების აღიარება ღვთის წინაშე. იგი სულისშემძვრელი სიტყვებით მიმართავს და ავედრებს თავს უფალს: „ოდეს ზარი მეფობისა წარხდეს და დიდება დაშრტეს, შვებანი უქმ იქმნენ, ყვავილოვნება დაჭნეს, სხვამან მიიღოს სკიპტრა, სხვასა შეუდგეს სპანი, მაშინ შემიწყალენ, მსაჯულო ჩემო“. ე.ი. ამ სიტყვებით წმინდა მეფე დავითი ამბობს, რომ როცა ყველაფერი დასრულდება, როცა სხვა მიიღებს სკიპტრას, როცა სხვა გახდება ხელმწიფე, როდესაც სხვა გაუძღვება ჯარებს, აი, მაშინ შეიწყალოს უფალმა, როცა იგი მარტო დარჩება წინაშე უზენაესი მსაჯულისა - ღვთისა.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ასეთი სიმდაბლის, სინანულისა და მაღალი სულიერების გამო, ღმერთმა მიანიჭა დავით მეფეს დიდი მადლი. სწორედ ამიტომ შეაძლებინა მას უფალმა „ძლევაი საკვირველი“ და აქცია „მესიის მახვილად“ და ყოველი ქართველისთვის სამაგალითო ადამიანად.

დღეს, როდესაც ჩვენ კვლავ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე და ვიხსენებთ წმინდა დავით მეფის პიროვნებას, მის ღვაწლს, უნდა დავფიქრდეთ ჩვენი ქვეყნის აწმყოზე, მომავალზე, ასევე წარსულზეც - რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი უნდა ვიყოთ; რა მოგვიტანა დავით მეფის მმართველობამ, რა მძიმე შედეგები მიგვიღია, როცა კი გვიღალატია და გადაგვიხვევია დავითის გზიდან; და გვმართებს დაფიქრება იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი მდგომარეობს მხოლოდ დავითის გზის ერთგულებაში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. შეგვეწიოს წმინდა დავით აღმაშენებლის ლოცვა; წმინდა კეთილმსახურ მეფე დავით აღმაშენებლის ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ!“,- განაცხადა მეუფე შიომ.

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way