USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Tbilisi
მეუფე შიო - უსაზღვროა ღმერთის სიყვარული, საკმარისია, ჩვენში გაიღვიძოს სინანულმა, შორსაც რომ ვიყოთ ღვთისგან, უკვე გვხედავს, პირველი მოიჩქარის, რომ შეგვიწყალოს
Date:  371

უსაზღვროა ღმერთის სიყვარული. საკმარისია, ჩვენში გაიღვიძოს სინანულმა, შორსაც რომ ვიყოთ ღვთისგან, იგი უკვე გვხედავს ჩვენ, პირველი მოიჩქარის ჩვენკენ, რომ შეგვიწყალოს და გვაპატიოს - შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ჩვენც დავიწყოთ სინანული, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება უძღები შვილის მსგავსად, რომელიც მიხვდა, რომ ღმერთის გარეშე იღუპება, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანი ან მიემართება ჯოჯოხეთის უფსკრულში, ან კიდევ ზემოთ, ღმერთისკენ, რომელიც არის ყოველმხრივ მდიდარი.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება უძღები შვილის კვირა.

წმინდა ეკლესია აგრძელებს ჩვენს მომზადებას დიდი მარხვისთვის. ამიტომ დღეს გვიკითხავს იგავს სახარებიდან უძღები შვილის შესახებ, თუ როგორ მიდის იგი მამის სახლიდან, როგორ ცხოვრობს შორეულ ქვეყანაში არაწმინდებით, როგორ გაფლანგა ყველაფერი და ისეთ სიღატაკემდე მივიდა, რომ ღორების საჭმელიც კი სანატრებელი გაუხდა. და აი, ერთხელაც იგი გონს მოვიდა, გაახსენდა მამის სახლი, მამამისი და თქვა: ,,მამაჩემს იმდენი მოჯამაგირე ჰყავს, პურიც თავზე საყრელად აქვთ, მე კიდევ აქ შიმშილით ვკვდები. ავდგები და წავალ მამასთან და ვეტყვი მას: მამა, შეგცოდე შენ, შემინდე, აღარ ვარ ღირსი, რომ შენი შვილი მეწოდოს და მიმიღე, როგორც ერთ-ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი".

თქვენ იცით, რომ აქ მამაში იგულისხმება ღმერთი, უძღებ შვილში კი - ყველა, ვინც შორდება ღმერთს, ვინც არ ზრუნავს უფლის მცნებების დაცვაზე და ვინც ფიქრობს, რომ ღმერთისგან დამოუკიდებლად, უღმერთოდ შეძლებს თავისი ცხოვრების წარმართვას და წარმატების მიღწევას.

რამ მოიყვანა გონს ეს უძღები შვილი? - შიმშილმა და გაჭირვებამ. ის ამბობს, რომ ვკვდები შიმშილითო, მაგრამ ამ სიტყვებში არ იგულისხმება, ძვირფასო ძმებო და დებო, მხოლოდ ფიზიკური შიმშილი, არამედ - სულიერი შიმშილიც, რადგან, პირველ რიგში, სწორედ სულიერი შიმშილი უბიძგებს ადამიანს სინანულისკენ და თუ ადამიანში ჯერ კიდევ არ არის სრულიად დაბნელებული ვნებებისგან, ცოდვებისგან ღვთის ხატება, მას არ შეუძლია, ღორივით იკვებოს სალაფავით.

ანუ რას ნიშნავს ეს? - რომ მას არ შეუძლია დანაყრდეს ამსოფლიური, მიწიური და წარმავალი ხორციელი სიამეებით. ის აუცილებლად უნდა განიცდიდეს შიმშილს, სულიერ შიმშილს. წმინდა მამები ამბობენ ასეთ რამეს, რომ სულის პირველი შიმშილი - ეს არის შიმშილი სიმართლისა და ჭეშმარიტებისა. მეორე შიმშილი არის სისუფთავისა და სიწმინდისა.

ეს უძღები შვილი გონს მოდის, მასში გაიღვიძა სინანულმა, გაახსენდა მამის სახლი, შეადარა თავის ცხოვრებას, მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება და ამბობს: ,,ავდგები და დავბრუნდები მამასთან". აი, ეს სიტყვა - „ავდგები“ - ნიშნავს იმას, რომ მან გააცნობიერა, რამდენად ღრმად არის დაცემული და მესამე გზა არც არსებობს: ადამიანი ან მიემართება ჯოჯოხეთის უფსკრულში, ან კიდევ ზემოთ, ღმერთისკენ, რომელიც არის ყოველმხრივ მდიდარი და მასთან არანაირი შიმშილი არ არის.

შემდეგ ეს იგავი მოგვითხრობს, თუ როგორ ხვდება მამა უძღებ შვილს. შორიდან დაინახავს მას, შეებრალება, პირველი გარბის შვილისკენ, გადაეხვევა და კოცნის. შვილი ეუბნება ამ სიტყვებს, რომლებიც მოგახსენეთ, ინანიებს. მამა მას პატიობს ცოდვას და პირვანდელ პატივს უბრუნებს.

ამ იგავით, სახარების ამ ეპიზოდით უფალი გვასწავლის, როგორი უსაზღვროა ღმერთის სიყვარული, რომ საკმარისია, ჩვენში გაიღვიძოს სინანულმა, გაგვიჩნდეს ეს სინანული, ჯერ კიდევ შორსაც რომ ვიყოთ ღვთისგან, იგი უკვე გვხედავს ჩვენ, პირველი მოიჩქარის ჩვენკენ უფალი, რომ შეგვიწყალოს და გვაპატიოს, გვიხუტებს და გვაკავებს იმისთვის, რომ ისევ არ აღმოვჩნდეთ ამ შორეულ ქვეყანაში ღორების სალაფავთან.

წმინდა მოციქული იაკობი ამბობს: „მიუახლოვდი უფალს და მოგიახლოვდება შენ“ (იაკ. 4,8). წინასწარმეტყველი ისაია ამბობს: „მოუხმე და ხმას გაგცემს უფალი. შეჰღაღადე და იტყვის: აქ ვარ“ (ის. 58, 9). რომელ დედას და რომელ მამას შეუძლია ასე განუწყვეტლად იდგეს და ელოდოს, სანამ ოდესმე რომელიმე შვილი მას დაუძახებს? არცერთ მშობელს ეს არ შეუძლია. აი, ღმერთი კი მუდმივად ელოდება, ხომ არ დაუძახებს, ხომ არ მოუხმობს მას რომელიმე მისი მონათაგანი. და თუ როდისმე მოვუხმეთ მას ჯეროვნად, არასდროს დაუტოვებია ეს ჩვენი მოხმობა და ლოცვა უპასუხოდ და ყურადღების გარეშე.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ასეთი შესანიშნავი იგავი წავიკითხეთ დღეს. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ჩვენც დავიწყოთ სინანული, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება უძღები შვილის მსგავსად, რომელიც მიხვდა, რომ ღმერთის გარეშე იღუპება.

ამრიგად, ეს იგავი გვასწავლის, რა სურს უფალს ჩვენგან, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სათნო ვეყოთ ღმერთს და დავიმკვიდროთ მისი სასუფეველი, რისი ღირსიც დაე გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way