USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
მეუფე შიო - თანამედროვე ადამიანის წინაშეც დგას ხოლმე საკითხი: იესო ქრისტე თუ ჩემი შემოსავალი
дата:  327

ვევედროთ უფალს. შევძლოთ, ვიცხოვროთ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებით, რისთვისაც მოწოდებულია ადამიანი. ვიცხოვროთ ქრისტესთან, ვიცხოვროთ ღმერთთან, მის საღვთო ძალასთან, რომელიც გვაძლევს ყველაფერ კარგს, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი)სულთმოფენობიდან მეხუთე კვირას ქადაგებისას განაცხადა.

მან მორწმუნეებს დღევანდელი დღე მიულოცა.

დღეს არის სულთმოფენობიდან მეხუთე კვირა და ჩვენ წავიკითხეთ სახარება, სადაც მოთხრობილია უფალ იესო ქრისტეს მიერ გერგესეველი ეშმაკეულების განკურნების შესახებ. მან აღასრულა ეს დიდი სასწაული და შედეგად მთელი გერგესეველთა ქალაქი გამოდის და იმის მაგივრად, რომ სთხოვონ მათთან დარჩენა, სთხოვენ, მოშორდეს და გასცილდეს მათ საზღვრებს. რატომ ხდება ეს? ეტყვიან კიდეც, რომ „წადი ჩვენგან, ნუ დარჩები აქ!“

ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი სიტყვები ნათქვამი აქვს, მაგალითად, პეტრე მოციქულსაც, როდესაც იგი შეესწრო მის ნავში აღსრულებულ დიდ სასწაულს, სასწაულებრივ თევზჭერას, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ მოახდინა. მაშინ პეტრეც ეტყვის, რომ „წადი, უფალო, ჩემი ნავიდან, მე არ ვარ ღირსი, რომ შენთან ერთად ვიყო ერთ ნავში“, მაგრამ პეტრემ თქვა ეს დიდი მოწიწებით, მოკრძალებით, სიმდაბლით, ღვთის შიშის გამო, თავისი ცოდვების გაცნობიერების გამო, იესო ქრისტეს სიწმინდის გაცნობიერების გამო. აი, ამ გერგესეველებმა კი სულ სხვა მოსაზრებით უთხრეს ასე. არც სიწმინდე იყო ამის საფუძველი, არც სიმდაბლე და არც მოწიწება, არამედ ის, რომ მათ დაინახეს, მათი ღორების ჯოგი, რომელშიც შევიდა ამ ეშმაკეულებიდან გამოსული დემონების ლეგიონი, როგორც წმინდა სახარება ამბობს, როგორ გადაეშვება ზღვაში და იწყებს დახრჩობას.

ამ გერგესეველთა წინაშე დადგა ასეთი შეკითხვა, შეიძლება ეს უმართებულო იყო, მაგრამ გამომდინარე მათი უმეცრებიდან, მათთვის ეს შეკითხვა იყო სერიოზული, რომ ან მიიღონ იესო ქრისტე, ანუ აირჩიონ იესო ქრისტე თავისი სიკეთით, რასაც იგი აღასრულებდა (ხომ იცოდნენ, რომ აღასრულებდა ამდენ კურნებას და სიკეთეს, შეესწრნენ კიდეც აი, ამ დიდ სასწაულს), ან კიდევ - ღორების კოლტი. ისინი ასე ფიქრობდნენ, რომ „იესო ქრისტეს ის ძალა, რომელმაც ეს სასწაული აღასრულა, ჩვენ არ ვიცით, რა დამოკიდებულება ექნება ამ ძალასა და იესო ქრისტეს ჩვენი მატერიალური ფასეულობებისადმი, არ ვიცით“. მათთვის ეს გაურკვეველი იყო, რადგან ეს ღორების კოლტი ზღვაში დამხრჩვალი დაინახეს.

დიახ, რა თქმა უნდა, ქრისტემ განიკურნა ეს ორი ეშმაკეული, დიდი საქმე აღსრულდა, მაგრამ ღირდა ამად?! - შეიძლება ასე აზროვნებდნენ ისინი, რომ „ჩვენთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ ორი ადამიანის განკურნება“.

საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ისინი უფალს უარს ეტყვიან, სთხოვენ მას, რომ გაშორდეს მათ ქალაქს და ირჩევენ ამ ღორების კოლტს, უარს ამბობენ ქრისტეს მათთან ყოფნაზე, ღმერთთან ცხოვრებაზე, ქრისტესთან ცხოვრებაზე, რასაც მოაქვს ამდენი სიკეთე.

აი, ასეთი სახარებაა, ძვირფასო ძმებო და დებო.

რა თქმა უნდა, ისინი ამას ამბობენ საკმაოდ ზრდილობიანად, არ გააძევებენ უფალს, როგორც სხვაგან მომხდარა და სთხოვენ, რომ წავიდეს, მაგრამ აი, არჩევანი იყო მათი ასეთი.

ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს დამოკიდებულებაზე დღეს. ჩვენ თითქოს არ ვამართლებთ ამ გერგესეველებს, რა თქმა უნდა, ვამტყუნებთ მათ, მაგრამ ხომ არ არის ეს მოჩვენებითი? ხომ არ გვეშლება ჩვენც? იმიტომ, რომ თანამედროვე ადამიანის წინაშეც დგას ხოლმე აი, ეს საკითხი - იესო ქრისტე თუ ჩემი შემოსავალი, რომელიც მაძლევს საშუალებას, ვიარსებო და ვიცხოვრო. სამწუხაროდ, ბევრი ირჩევს აი, ამ გერგესეველთა სულს, განწყობას, ძალიან ხშირად ის ბატონობს ჩვენთან. ეს არის საშინელი სული ამ გერგესეველთა, რომელიც სპობს ყოველგვარ სულიერ ღირებულებებს და ფასეულობებს. შედეგად, ადამიანის ცხოვრება შეიძლება გადაიქცეს მუდმივად აი, ამ ღორების ჯოგის მოვლა-პატრონობასა და დაცვაში, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი, რაც შეიძლება შევადაროთ აი, ამ ღორების კოლტს, რომელსაც იგი ყველაზე მეტად უფრთხილდება ამ ცხოვრებაში და რაც შეიძლება გახდეს ჩვენსა და ღმერთს შორის დიდი უფსკრულის მიზეზი.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

უფალი არასდროს აკლებდა და არ აკლებს ადამიანს მატერიალურ სიკეთეს, არასდროს აკლებდა არსებობის საშუალებას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ „პირველად ეძიებდეთ ღმერთის სასუფეველს და ეს ყველაფერი მოგეცემათ“. ჭეშმარიტად, მოგვეცემა, ყოველთვის ასე ყოფილა, მაგრამ მთავარია, ამას ვეძებდეთ. მაგრამ, სამწუხაროდ, აი, ეს გერეგესეველთა სული ძალიან მძლავრობს და ძალიან იშვიათია ადამიანები, მათ შორის, ვინც თავის თავს ქრისტიანსაც უწოდებს, რომელთათვისაც პირველადია ძიება სასუფევლისა ღვთისა და შემდეგ ეს ყველაფერი მატერიალური.

ამიტომ ღმერთმა გვაშოროს ჩვენ, ვევედროთ უფალს, რომ ამ გერგესეველთა სულისგან მოგვარიდოს და გვაშოროს ჩვენ, რომ შევძლოთ, ვიცხოვროთ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებით, რისთვისაც მოწოდებულია ადამიანი. ვიცხოვროთ ქრისტესთან, ვიცხოვროთ ღმერთთან, მის საღვთო ძალასთან, რომელიც გვაძლევს ყველაფერ კარგს, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს და რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!”,- აღნიშნა მან ქადაგებისას.

ამასთან,მან ქადაგების ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ვერულიძეების გვარი დალოცა.

„ ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგამრავლოთ!“,- აღნიშნა მეუფემ.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати