USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
მეუფე შიო - ქრისტიანმა უნდა იცხოვროს არა საკუთარი თავისთვის, არამედ ღმერთისთვის
Date:  370

ყველაფერი ქრისტიანის ცხოვრებაში დაკავშირებული უნდა იყოს ეკლესიასთან, ეკლესიურ ცხოვრებასთან, ქრისტიანმა უნდა იცხოვროს არა საკუთარი თავისთვის, არამედ ღმერთისთვის, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიო განმარტავს, აზრები, სურვილები, მისწრაფებები, რაც ეწინააღმდეგება ღვთის ნებას, რაც ღმერთს არ მოსწონს, ის „ყველაფერი უნდა უარვყო“.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს - ჯვრის თაყვანისცემის კვირას და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს არის დღე, როდესაც ყოველი ტაძრის შუაგულში დაბრძანებულია წმინდა ჯვარი, როგორც ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი სულიერი გამარჯვების სიმბოლო, ვინაიდან განკაცებულმა ძე ღმერთმა, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი ნებსითი ჯვარცმით იტვირთა კაცობრიობის ცოდვები და მოგვიტანა ჩვენ მარადიული სიცოცხლე, გამარჯვება ეშმაკზე, სიკვდილსა და ცოდვაზე.

და აი, ვუმზერთ პატიოსან ჯვარს, რომელზეც არის გაკრული უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჩვენ ცოდვილთათვის და ვიხსენებთ ამ დიდი სიყვარულის, თავგანწირული სიყვარულის ღვაწლს და ამას ვეთაყვანებით. უფალს და მის სიყვარულის ღვაწლსაც თაყვანს ვცემთ. ამით წმინდა ეკლესია გვახსენებს ამ ყველაფერს და ასევე გვაფიქრებს იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ სანაცვლოდ, რას ვაკეთებთ ქრისტესთვის, იმიტომ რომ ყველაფერი, რაც კი წმინდა ეკლესიაში იმოქმედება, კეთდება ქრისტეს გულისთვის, იმღვდელმოქმედება თუ იმოქმედება - ყოველივე, რაც არის ეკლესიაში (მაგრამ არა მხოლოდ ტაძრის კედლებში, არამედ ტაძრის გარეთაც), ყველაფერი ქრისტიანის ცხოვრებაში დაკავშირებული უნდა იყოს ეკლესიასთან, ეკლესიურ ცხოვრებასთან. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „სჭამთ თუ სვამთ, რასაც უნდა აკეთებდეთ, ყველაფერი ღვთის დიდებისთვის აკეთეთ“.

ამრიგად, ყოველი მიზანი ქრისტიანის ცხოვრებაში, საერთოდ, ყველაფერი, თუ შეიძლება ასე ითქვას, უნდა იყოს გაეკლესიურებული, დაკავშირებული ეკლესიურ ცხოვრებასთან, ვინაიდან ამაში მდგომარეობს ქრისტიანობა.

და აი, დღეს წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს ასეთი სიტყვები: „ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და შემომიდგეს“. დღეს ვფიქრობთ ამ სიტყვებზე, რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა? ეს ნიშნავს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ქრისტიანმა უნდა იცხოვროს არა საკუთარი თავისთვის, არამედ ღმერთისთვის, როდესაც ყველაფერი ჩემში - ჩემი აზრები, სურვილები, მისწრაფებები, რაც ეწინააღმდეგება ღვთის ნებას, რაც ღმერთს არ მოსწონს, ის ყველაფერი უნდა უარვყო.

ერთხელ წმინდა ბასილი დიდს ჰკითხეს: „ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ღვთის ნებით ცხოვრობს?“ და მან უპასუხა: „მხოლოდ ის ადამიანი, ვინც მიიღო ეს წინადადება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ეს შეთავაზება, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ „ვისაც უნდა, გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს“. მხოლოდ ასეთი ადამიანი ცხოვრობს ღვთის ნებით, ღვთის ნებით არის მომართული მისი ცხოვრება, მისი სული, რატომ? იმიტომ, რომ თუ ამას ადამიანი არ გააკეთებს, ასე არ განეწყობა, შემდგომ საკუთარ თავში პოულობს ძალიან ბევრ წინააღმდეგობას ქრისტესადმი შედგომის გზაზე.

აი, ასეთ სიტყვებს ბრძანებს წმინდა ბასილი დიდი. მარხვა კი არის ასეთი უპირველესი ნაბიჯი ამ თავშეკავებისა, საკუთარ თავზე უარის თქმისა. ყველაზე უფრო ადვილი წვრთნაა, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ „აი, მინდა, მაგრამ უარს ვამბობ“. ასე ვიწვრთნები და ასე ვსწავლობ, ვვარჯიშობ, თუ შეიძლება ითქვას, ამაში და ასე მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანი შემდგომ ქრისტესთვის უარყოფს საკუთარ თავს, იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში, მთავარი ეს გახლავთ - ადამიანმა იცხოვრა და მოკვდა თუ არა ქრისტესთვის. როგორ იცხოვრა მან, ეს არის ღმერთისთვის უმთავრესი; უარყო თუ არა ადამიანმა საკუთარი თავი სახარებისა და ქრისტესთვის. ეს სიტყვები დღესაც ასევე იყო სახარებაში, იმიტომ რომ სწორედ ქრისტესადმი შედგომაში მდგომარეობს ჩვენი სულის გადარჩენა.

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, კარგად დავიხსომოთ ეს სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლებიც დღეს იყო წაკითხული: „ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავი თვისი, აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე“, ვინაიდან, ვიმეორებ, სწორედ ამ შედგომაში არის ჩვენი სულის გადარჩენა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, წმინდა ჯვრის ძალამ დაგიფაროთ, თქვენი ოჯახები, ჩვენი ქვეყანა, ჯვრის ძალითა და მადლით გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს.

ჯვარსა შენსა თაყვანის ვცემთ, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way