USD 2.7195
EUR 3.2090
RUB 3.4546
Тбилиси
მეუფე შიო - მსოფლიო გადის მძიმე განსაცდელს, ეკლესიის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია
дата:  629

ყოველგვარ განსაცდელში, დიდ აზვირთებულ ტალღებში იქვე, გვერდით იმყოფება უფალი იესო ქრისტე და გვეუბნება: „ნუ გეშინიათ, მხნედ იყავით, მე თქვენთან ვარ”, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტმა შიომ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიო მუჯირის განცხადებით,  ეკლესიის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია.

"დღეს სახარებიდან წაკითხული იყო ეპიზოდი იმის შესახებ, თუ როგორ მიცურავენ ნავით მოციქულები გენისარეთის ზღვაზე. უფალი იესო ქრისტე მათ გაუშვებს, რომ მასზე ადრე გადაეცურათ ზღვა და გასულიყვნენ მეორე ნაპირზე, ხოლო თვითონ დარჩეს მთაზე, რათა განმარტოებით ელოცა. ამით უფალი ხშირად გვაძლევს მაგალითს, რომ განმარტოებით ლოცვა აუცილებელია ჩვენი სულისთვის. იგი დამწუხრებული იყო, რადგან შეიტყო, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთა ჰეროდემ და ამიტომ განსაკუთრებით სურდა, მარტო დარჩენილიყო და მთელი ღამის განმავლობაში ელოცა.

 

და აი, მაინც, როდესაც ის გადავიდა განმარტოებისთვის, თავიდან ესეც არ გამოუვიდა, რადგან იქაც ათასობით ადამიანი მიდის მასთან. სახარებაში ამ ეპიზოდამდე არის მოთხრობილი ხუთი ათასი კაცის დაპურების შესახებ, „თვინიერ ქალებისა და ბავშვებისა“. ესე იგი, წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი იყო მასთან. ჯერ ესენი უნდა გაესტუმრებინა, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ მრავალი შეკითხვა, ამ ყველაფერზე იგი პასუხობდა, გარდა ამ დაპურებისა და ამდენი სასწაულისა, ესაუბრებოდა და ამიტომ მოციქულები მასზე ადრე გაამგზავრა შინ.

აი, ამ ტბაზე, რომელიც იმდენად დიდია, რომ გენისარეთის ზღვას უწოდებენ და იმჟამად მასთან ახლოს ცხოვრობდნენ მოციქულები, ატყდება საშინელი ღელვა, ქარიშხალი და მოციქულები აღმოჩნდებიან ამ ქარიშხალში. უფალი ხედავს ამ ყველაფერს მთიდან, სადაც ის ლოცულობს და გადაწყვეტს, პირდაპირ წყალზე გაიაროს, წყალზე სვლით მიდის მათთან, მათ ნავთან. მოციქულებს, რა თქმა უნდა, შეეშინდებათ, როცა დაინახავენ მას, იფიქრებენ, რომ მოჩვენებაა, შეჰყვირებენ, მაგრამ უფალი ეტყვის: „მხნედ იყავით, ეს მე ვარ, ნუ გეშინიათ!“ მაშინ პეტრე, როგორც ყველაზე მხურვალე და მოშურნე ეტყვის: „თუ შენ ხარ, უფალო, მიბრძანე, რომ მეც გადმოვიდე ნავიდან, შენთან მოვიდე და გავიარო წყალზე“. უფალი ეტყვის: „მოდი!“ - პეტრე გადმოდის ნავიდან, იწყებს წყალზე სიარულს, უახლოვდებდა უფალს, მაგრამ დაინახავს იმ საშინელ ქარიშხალს, მღელვარებას, შეეშინდება და იწყებს ჩაძირვას, მაგრამ ეტყვის ქრისტეს: „უფალო, მიხსენ მე, დამეხმარე!“ უფალი მაშინვე ხელს უწვდის მას, მასთან ერთად ადის ნავზე, ეს ქარიშხალიც ჩადგება და მოციქულები აღიარებენ მას ღმერთის ძედ და ამბობენ, რომ „ჭეშმარიტად ღმრთის ძე ხარ შენ!“

აი, ასეთი ეპიზოდია წაკითხული დღეს სახარებიდან, მაგრამ ეს სახარება არ ეხება მხოლოდ იმ ეპიზოდს, რადგან რაც კი შეემთხვა იესო ქრისტეს, როგორც ის ცხოვრობდა, როგორც ის ურთიერთობდა ადამიანებთან, ეს ყველაფერი ჩვენც გვეხება, თუ როგორ ვურთიერთობთ ჩვენ უფალ იესო ქრისტესთან.

აი, ამ ეპიზოდს აქვს იგავის მნიშვნელობა, ის მოქმედებს, როგორც იგავი. არის სიტყვიერი იგავი, მაგრამ იგავი, მასში ჩადებული აზრი შეიძლება გადმოცემული იყოს მოქმედებითაც.

მაშ, რა არის ამ იგავში ჩადებული მოქმედების აზრი? ის, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება - ეს არის ქარიშხლებით სავსე ზღვაში ცურვა, ეს ქარიშხალი შეიძლება იყოს ისტორიაში, შეიძლება იყოს ქვეყანაში, შეიძლება იყოს ოჯახში, შეიძლება იყოს ჩვენს გულებსა და გონებაში, სახარებაში წერია: „პირქარი უბერავდაო“, ამას პირქარი ეწოდება, არსებობს „ზურგქარი“, რომელიც გეხმარება და არის კიდევ „პირქარი“.

აი, ეს ქარიშხლები ლამობენ, ჩაგვძირონ, დაგვანგრიონ, მოსპონ ყველაფერი, რაც კარგია, კეთილია, ნათელია და ჩაგვძირონ შიშის, მწუხარების, სასოწარკვეთილების მორევში. ყველა ადამიანი ამ ზღვაზე მიცურავს თავისი ნავით, ასე ამბობენ წმინდა მამები. ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ როცა შეეხებათ ეს ქარიშხლები, შეუძლებელია, იქ, სადმე ახლოს ღმერთი იყოს, ისეთი განსაცდელებია ხოლმე, განსაკუთრებით - დღეს მთელი მსოფლიო გადის მძიმე განსაცდელს და ჩვენ, ყველანი, კორონავირუსის სახით რამდენი ადამიანი იღუპება. თუ რაიმეს შეიძლება დაერქვას ქარიშხალი, ალბათ ამას შეიძლება დაერქვას ცხოვრებისეული მღელვარება.

ბევრს ჰგონია, რომ ღმერთი არ არის სამყაროში, ხალხში, მაგრამ დღევანდელი სახარებით უფალი გვეუბნება, რომ, პირიქით, ყოველგვარ განსაცდელში, ყოველგვარ მღელვარე, დიდ აზვირთებულ ტალღებში იქვე, გვერდით იმყოფება უფალი იესო ქრისტე და მზად არის, გვეუბნება ჩვენ: „ნუ გეშინიათ, მხნედ იყავით, მე თქვენთან ვარ!“

საკმარისია, ჩვენ მოვინდომოთ მისკენ სვლა, ჩვენი ურწმუნოების, ჩვენი მცირედმორწმუნოების გამო, ჩვენ უბრალოდ ეს ხმა არ გვესმის, თორემ უფალი ამას ყოველთვის გვეუბნება. ყველაზე მძიმე, საშინელ ადგილას არის, მოიპოვება იგი; საკმარისია, მოვისურვოთ, გადავიდეთ, მივიდეთ მასთან, შეგვიძლია, გავიაროთ ამ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე; მაგრამ თუ ჩვენ დავეჭვდებით, როგორც პეტრე, მაშინ შეიძლება შევძახოთ უფალს: „მიხსენ, დამეხმარე მე!“ რა უთხრა პეტრეს უფალმა იესო ქრისტემ, როდესაც მან დაიწყო ჩაძირვა: „რატომ შეორგულდი, რამ დაგაეჭვა, მცირედმორწმუნეო?“ როგორც მოგახსენეთ, გაუწვდის მას ხელს და აიყვანს ნავზე. საკმარისაია, ჩვენც დავეჭვდეთ, შეგვეშინდეს, რაც გვემართება კიდეც, საკმარისია, მივმაროთ უფალს, შევძახოთ მას, ვუთხრათ: „შემეწიე მე, უფალო, დამეხმარე!“ - რომ იგი გამოგვიწვდის ხელს და უკვე წყალზე კი არ გაგვატარებს მასთან ერთად, არამედ ნავში აგვიყვანს, ეს ნავი არის დიდი ხომალდი - ეკლესია, რომელიც უფალმა დააარსა იმისთვის, რომ ადამიანებმა გადაცურონ ეს ზღვა, იმიტომ რომ ეკლესიის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია.

აი, ასეთია დღეს წაკითხული სახარება, ძვირფასო ძმებო და დებო.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

წმინდა მამები ამაზე ხშირად წერენ; მაგალითად, ღირსი მამა მაკარი დიდი წერდა, რომ ზეციური მესაჭის გარეშე შეუძლებელია მღელვარე ზღვის გადაცურვა, აი, ამ მწარე განსაცდელების, აზვირთებული ტალღების გადალახვა და გადაცურვა შეუძლებელია. ამისთვის უნდა გვქონდეს რწმენა.

უფალმა ინებოს, რომ არ გვიმტყუნოს ჩვენმა სმენამ, რომ გვესმოდეს უფლის ეს სიტყვები: „ნუ გეშინიათ, მხნედ იყავით, განძლიერდით, რამეთუ მე თქვენთან ვარ“, ამინ!", - განაცხადა მეუფე შიომ.

аналитика
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати