USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
Тбилиси
მეუფე შიო - იმისთვის, რომ ჩვენც გავხდეთ ღვთის მიმრქმელები, მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება: შევიყვაროთ უფალი, ვიცავდეთ მის მცნებებს და არ დავხუროთ ჩვენი გულის კარები, როდესაც უფალი გვიკაკუნებს
дата:  546

იმისთვის, რომ ჩვენც გავხდეთ ღვთის მიმრქმელები, მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება: შევიყვაროთ უფალი, ვიცავდეთ მის მცნებებს და არ დავხუროთ ჩვენი გულის კარები, როდესაც უფალი გვიკაკუნებს... იმისთვის, რომ გახდე ღვთის მიმრქმელი, უნდა გიყვარდეს უფალი და იცავდე მის მცნებებს, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა მირქმის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ მირქმის დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ამ დღეს მირქმა ეწოდება იმიტომ, რომ იერუსალიმის ტაძარში ღრმად მოხუცებული მართალი სვიმეონი მიეგება ორმოცი დღის ჩვილ იესოს, თავის ყოვლადწმინდა დედასთან ერთად. ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვან სწავლებას გვაძლევს ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის.

გადმოცემის თანახმად, მართალმა სვიმეონმა იცოცხლა სამას წელიწადზე მეტი, რადგან მას სულიწმინდისგან წინასწარ ეუწყა, რომ არ გარდაიცვლება ისე, რომ თავისი თვალით არ იხილავდა ქრისტე მაცხოვარს. როდესაც მან ხელში აიყვანა ჩვილი იესო, მიიხუტა და გახარებულმა წარმოთქვა შესანიშნავი სიტყვები: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი“ (ლკ. 2, 29-30). ეს ნიშნავს, რომ აღსრულდა ყველაფერი ის, რისთვისაც მე ვცხოვრობდი, ჩემი თვალით ვიხილე მესია, მხსნელი სოფლისა და ამიერითგან შემიძლია მშვიდობით შევხვდე სიკვდილსო.

ძვირფასო ძმებო და დებო, იმისთვის, რომ ჩვენც შევძლოთ გარდაცვალების წინ ასეთი სიტყვების წარმოთქმა, უნდა გავხდეთ ღვთის მიმრქმელები. მართალმა სვიმეონმა ასეთ დიდ ღირსებას მიაღწია, მიიღო ეს დიდი პატივი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხელში აიყვანა იესო ქრისტე და მიიხუტა, არამედ უფრო მეტად იმიტომ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში თავის გულში ატარებდა იესო ქრისტეს. ამდენად, ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს ღვთის მიმრქმელი, ყველა იმას, ვინც თავის გულში შემოუშვებს უფალს. აი, სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს უფალი იესო ქრისტე, როდესაც ამბობს: „ვინც მე შემიყვარებს და დაიცავს ჩემს სიტყვებს, მას შეიყვარებს მამაჩემი და ჩვენ მივალთ და მასთან დავივანებთ“ (ინ. 14,23). და სხვაგან ამბობს: „აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ. ვინც გაიგებს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ და მასთან ვივახშმებ და იგი ჩემთან“ (გამოცხ. 3,20).

ე.ი. იმისთვის, რომ ჩვენც გავხდეთ ღვთის მიმრქმელები, მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება: შევიყვაროთ უფალი, ვიცავდეთ მის მცნებებს და არ დავხუროთ ჩვენი გულის კარები, როდესაც უფალი გვიკაკუნებს, იქნება ეს მისი სიტყვებით წმინდა სახარებიდან, ბიბლიიდან, თუ იქნება ეს განსაცდელების მეშვეობით. ის, რომ ადამიანი ღვთის ტაძარია, ამას ასწავლიან მოციქულებიც. მაგალითად, წმინდა პავლე მოციქული ამბობს: „ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულიწმინდისა“ (I კორ. 6,19). სხვაგან ასევე ამბობს: „ნუთუ არ იცით, რომ ქრისტე არის თქვენში“ (2 კორ. 13, 5).

ამრიგად, ვიმეორებ, არ უნდა დავუხუროთ გულის კარი, როცა მოგვიწოდებს უფალი, როცა სურს შემოსვლა ჩვენი გულის საიდუმლო ტაძარში. აი, ეს არის მიზანი ქრისტიანული ცხოვრებისა, ძვირფასო ძმებო და დებო.

და რამ გახადა ღირსი მართალი სვიმეონი, რომ ღვთის მიმრქმელი გამხდარიყო? როგორც ამბობს სახარება: „იგი იყო მართალი წინაშე უფლისა და მოელოდა ნუგეშინისცემას ისრაილისასა“ (ლკ. 2,25). ე.ი. იგი ცხოვრობდა საღვთო სჯულის მიხედვით და თავის გულში ატარებდა იესო ქრისტეს. ამიტომ რას ნიშნავს ეს? რომ მხოლოდ გარეგნული შეხება ქრისტესი არაფრის მომცემია, თუ ამას თან არ ახლავს შინაგანი რწმენა და სიყვარული, მაშინ უსარგებლოა მხოლოდ გარეგნულად შეხება, ვინაიდან ისრაელშიც ბევრი ადამიანი ეხებოდა უფალს ხელით, ფიზიკურად, მაგრამ ამან მათ არანაირი სარგებელი არ მოუტანა, რადგან იმისთვის, რომ გახდე ღვთის მიმრქმელი, უნდა გიყვარდეს უფალი და იცავდე მის მცნებებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ დიდებულ დღესასწაულს; ვეცადოთ ჩვენც, რომ ვისწრაფოდეთ ამ დიდი პატივისკენ და გამოვავლინოთ ჩვენი სიყვარული ღვთისადმი მისი მცნებების დაცვით, რომ ჩვენს გულებშიც მოიწყოს უფალმა თავისი წმინდა სავანე, რომ ჩვენც შევძლოთ, გავხდეთ ღვთის მიმრქმელები ამ ცხოვრებაში, ხოლო ამ წუთისოფლიდან გასვლის ჟამს ჩვენც წარმოვთქვათ ეს დიდებული სიტყვები: ,,აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით", - აღნიშნა შიო მუჯირმა ქადაგებისას ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

Тбилиси
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
более
голосование
Кстати