USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
მეუფე შიო - გვაღირსოს უფალმა გამოვცადოთ საღვთო სინათლეში შესვლისა და საღვთო ცხოვრებასთან თანაზიარების სიხარული
თარიღი:  184

ღმერთმა გააძლიეროს ჩვენში სული სიწმინდისა, რომელსაც ჩვენ ასევე ყოველდღე ვითხოვთ ეფრემ ასურის ლოცვაში: „სული სიწმინდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე, მონასა შენსა,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირმა) ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, სულისთვის სახიფათოა, როდესაც ადამიანი თავის თავში ხედავს მხოლოდ უარყოფით მხარეს და ავიწყდება მასში არსებული მეორე, ნათელი მხარე.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დიდი მარხვის მე-5 კვირას, რომელიც ეძღვნება ღირს მარიამ ეგვიპტელს.

დიდი მარხვის განმავლობაში განსაკუთრებით ვუკვირდებით და ვუღრმავდებით ჩვენს ცოდვებს და ყოველდღე ვევედრებით უფალს წმინდა ეფრემ ასურის ლოცვაში, რომ მოგვცეს ხედვა და განცდა ამ ცოდვებისა. „მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა“, - ვამბობთ ყოველდღე და ეს აუცილებელია სულის გადარჩენისთვის, სულიერი წარმატებისთვის.

მაგრამ მითქვამს თქვენთვის ასევე, რომ ეკლესიის წმინდა მამები გვაფრთხილებენ, მეორე მხრივ, სულისთვის სახიფათოა, როდესაც ადამიანი თავის თავში ხედავს მხოლოდ უარყოფით მხარეს და ავიწყდება მასში არსებული მეორე, ნათელი მხარე და ის, რომ ადამიანის ბუნების საფუძველი, არის ხატება ღვთისა. ასეთი არასწორი სულიერი მდგომარეობა საზიანოა, რადგან იწვევს ჩვენში მოწყინებას, სასოწარკვეთილებასა და შემოქმედებითი ძალების პარალიზებას.

ამიტომ დღეს, ისევე როგორც დიდი მარხვის წინა კვირებში, წმინდა ეკლესია გვახსენებს, რა დიდი სიკეთეა ადამიანში, როგორი ნათელი ძალები და შესაძლებლობებია დაფარული ადამიანის ბუნებაში.

თქვენ გახსოვთ, რომ ღირსი მარიამ ეგვიპტელი არაწმინდა ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ შემდეგ შეინანა.

რა არის სინანული, რას ნიშნავს ის? რას ნიშნავს სიტყვა ,,სინანული"? ეს არის ცვლილება აზრის, სიტყვისა და საქმის. ღირს მარიამ ეგვიპტელში ისეთი დიდი ცვლილება მოხდა, რომ იგი ბუნების სტიქიონებზეც კი მბრძანებლობდა. მისი ცხოვრებიდან ცნობილია, რომ ლოცვის დროს იგი ჰაერში იწეოდა და მდინარეზე ფეხით დადიოდა.

რა ცვლილებაა ეს, რაც მასში მოხდა? როგორი ცხოვრებიდან გადავიდა იგი ასეთ ცხოვრებაში? იგი გადავიდა არაწმინდა ცხოვრებიდან წმინდა და უმანკო ცხოვრებაში. რა არის სიწმინდე და უმანკოება? ეს არ არის მხოლოდ სიძვის ვნებისგან გათავისუფლება, როგორც ზოგს ჰგონია, რადგან შეიძლება ადამიანმა ხორციელი ვნება დაამარცხოს საკუთარ თავში, მაგრამ სიწმინდისგან ჯერ შორს იყოს. სიწმინდე ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ხორციელი ვნების დამარცხება. მაშ, რა არის ეს? ეს არის ისეთი მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება პიროვნების სიმრთელე, ცნობიერების სიმრთელე, როდესაც ადამიანის მთელი პიროვნება, მისი სულიერი, მშვინვიერი და ხორციელი ძალები მიმართულია ღმერთისკენ და გახსნილია სულიწმიდის მიღებისთვის. როდესაც სულიწმიდის ეს მადლი და ნიჭები განასულიერებს ადამიანს, ეს არის სულიწმიდის დამკვიდრება ჩვენში. აი, რა არის ნამდვილი სიწმინდე.

ამ მდგომარეობის მოხვეჭა და მიღწევა მხოლოდ წარსულ ეპოქაში არ იყო შესაძლებელი, ეს დღესაც ხელეწიფება ადამიანს. ღვთის შეწევნით, ადამიანს დღესაც შეუძლია, ამ სიწმინდის ძალა გახსნას და განავითაროს საკუთარ თავში, მთელი თავისი პიროვნება, ვიმეორებ, სულიერიც, ფიზიკურიც, მშვინვიერი ძალები, ღმერთისკენ მიმართოს და მიიღოს სულიწმიდის ნიჭები.

ნამდვილი სინანულის შედეგი არის სწორედ ის, როდესაც ადამიანი ამ მადლის მეშვეობით საკუთარ თავში მუდმივად ცვლის უკეთესობისკენ ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს.

დღეს, ღირსი მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს, წმინდა ეკლესია გვასწავლის ადამიანში ამ სიწმინდის გამარჯვებისა და ზეიმის შესახებ. გვასწავლის იმის შესახებ, რომ ყოველ ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა ამას მიაღწიოს.

ღმერთმა გააძლიეროს ჩვენში სული სიწმინდისა, რომელსაც ჩვენ ასევე ყოველდღე ვითხოვთ ეფრემ ასურის ლოცვაში: „სული სიწმინდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე, მონასა შენსა“.

იმისთვის, რომ ეს სიწმინდის სული მოგვეცეს და მან შეგვიყვანოს იმ სიხარულში, იმ ნეტარებაში ამ მიწიერ ცხოვრებაშივე, რომელიც შემდგომ სრულად გაიხსნება ზეციურ ცხოვრებაში, საჭიროა კეთილი ნება, ძალისხმევა და საკუთარი თავის იძულებაც. როგორც ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: „სასუფეველი ცათა იიძულების“, ე.ი. ძალისხმევით მიიღწევა.

ჩვენ შეიძლება კეთილი ნება გვაქვს, მაგრამ ძალისხმევა ნამდვილად გვაკლია. ამიტომ, თუ ვეცდებით და მივმართავთ ამ ძალისხმევას, მაშინ აუცილებლად ვიგრძნობთ სიხარულის მოზღვავებას და ჩვენში დაიწყება გამოსვლა იმ ცხოვრებიდან, რომელშიც არის ამდენი ცოდვა და სიბნელე, და შესვლა საღვთო სინათლეში.

გვაღირსოს უფალმა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ გამოვცადოთ საღვთო სინათლეში შესვლისა და საღვთო ცხოვრებასთან თანაზიარების სიხარული, რომლისთვისაც ჩვენ, ყველანი, ვართ მოწოდებულნი, ამინ!-აღნიშნა მეუფე შიომ.

 
კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.