USD 2.6908
EUR 3.2088
RUB 3.5562
თბილისი
მეუფე შიო - გილოცავთ დღევანდელ დღეს - ყველა წმინდანის ხსენებას. მათი ლოცვით მოგმადლოთ უფალმა თავისი მადლი და წყალობა
თარიღი:  667

დღეს ჩვენ ლოცვით მივმართავთ წმინდანებს და გამოვითხოვთ მათ კურთხევას ჩვენი ცხოვრებისეული გზის წარმართვისთვის. ყოველ ჩვენგანს ჰყავს მფარველი წმინდანი, რომლის ხსენებაც წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნება. დღეს კი არის ყველა წმინდანის ხსენება ერთად, - განაცხადა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი).

მან მორწმუნეებს ყოველთა წმინდანთა ხსენების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ წმინდანები თავიანთი ცხოვრებით, ღვაწლით, სიკვდილით, თავიანთი სისხლით მოწმობენ იმას, რომ უფალ იესო ქრისტეს მოძღვრება არის მაცხონებელი.

„ისინი ლოცულობენ დღეს ჩვენთვის; დღეს არის ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ანგელოზის დღე. ამიტომ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ანგელოზის დღეს.

წმინდანები თავიანთი ცხოვრებით, ღვაწლით, სიკვდილით, თავიანთი სისხლით მოწმობენ იმას, რომ უფალ იესო ქრისტეს მოძღვრება არის ცხოვრების სიტყვა, მაცხონებელი სიტყვა, მოცემული ჩვენთვის ღვთისგან, ჩვენი სულის გადარჩენისთვის. ისინი მოწმობენ იმას, რომ იესო ქრისტეს მოსვლამ დედამიწაზე დიადი ნაყოფი გამოიღო. სულიწმინდის გარდამოსვლამ დიადი ნაყოფი გამოიღო, რომ ცათა სასუფეველში, რომელიც გაგვიხსნა უფალმა იესო ქრისტემ, მრავალი ადამიანი შევიდა. ისინი მოწმობენ იმას, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ წმინდა ეკლესია წარმოშობს განსაკუთრებულ ადამიანებს, დიდებულ ადამიანებს, წმინდანებს, რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა, როგორც წავიკითხეთ დღეს სამოციქულოში წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები (ებრ. 11, 37). ამიტომაც იგივე წმინდა პავლე მოციქული წერს, რომ საშინელ სამსჯავროზე წმინდანები განიკითხავენ ამ ქვეყანას. „ნუთუ არ იცით, რომ წმიდანნი განიკითხავენ ქვეყანას?“ (1 კორ. 6, 2) - წერს იგი.

იმჟამად წმინდანებს უწოდებდნენ ქრისტიანებს, როგორც სულიწმინდით განათლებულ ადამიანებს. სიტყვა „განიკითხავენ“ ამ შემთხვევაში იმას კი არ ნიშნავს, რომ წმინდანები დასხდებიან სამსჯავროზე და გაასამართლებენ ადამიანებს, არა, არამედ იმას, რომ მათი სიწმინდე, კეთილი ცხოვრება, მოშურნეობა, ამხელს და გამოაჩენს სხვების უზრუნველობასა და ცოდვებს.

ამავე მნიშვნელობით უფალი იესო ქრისტე ამბობს ასეთ სიტყვებს: „სამხრეთის დედოფალი აღდგება ამ მოდგმასთან ერთად სამსჯავროზე და განიკითხავს მათ“ (მთ. 12, 42), ნინეველი კაცები აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და განიკითხავენ მათ (მთ. 12, 41), თორმეტი მოციქული განიკითხავს, განსჯის ისრაელის თორმეტ ტომს (მთ. 19, 28) და არამხოლოდ ადამიანებზეა ასე ნათქვამი, არამედ ანგელოზებზეც. მოციქული ასევე წერს: „ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ ანგელოზებსაც განვიკითხავთ?“ (1 კორ. 6, 3). მხოლოდ, აქ იგულისხმება დაცემული ანგელოზები, დემონები და აქაც სიტყვა „განკითხვა“ იმავე მნიშვნელობით გამოიყენება, რომ ჩვენი მოშურნეობა, სულიერება ამხელს და განიკითხავს მათ უდებებას და ბოროტ ცხოვრებას.

დღეს წმინდა სახარებაში წავიკითხეთ ასეთი სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, ის არ არის ჩემი ღირსი“ (მთ. 10, 38). ძვირფასო ძმებო და დებო, ამ სიტყვებზე უნდა დავფიქრდეთ ძალიან, იმიტომ რომ ყოველ ჩვენგანს აქვს თავისი ცხოვრებისეული ჯვარი, რომელიც შედგება სირთულეებისგან, განსაცდელებისგან, სნეულებებისგან და თუ უარვყოფთ ამ ჯვარს, როგორც ამბობს უფალი, არ ვიქნებით მისი ღირსი. ამიტომ ჩვენი საღვთო ჯვრის მტვირთველის, იესო ქრისტეს მაგალითის შემხედვარე, მოთმინებით და ქრისტიანული ღირსებით უნდა ვზიდოთ ჩვენი ცხოვრებისეული ჯვარი, რომელიც უფლისგან გვეძლევა.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ დღევანდელ დღეს - ყველა წმინდანის ხსენებას. მათი ლოცვით მოგმადლოთ უფალმა თავისი მადლი და წყალობა, რადგან წმინდანთა ლოცვები არის ჩვენთვის წყარო სიმამაცისა, სულიერი ძალებისა ჩვენი მსახურების ღირსეულად აღსრულებისთვის, რომლისკენაც მოგვიწოდებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“, - განცხადა მეუფემ.

მსოფლიო
ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება

ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.

„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის