USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
მეუფე შიო - დავფიქრდეთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი სულიერი ტაძარი, ხომ არ არის ჩამონგრეული და ნაყარი ქვებით ამოვსებული
Date:  

დღევანდელი ღვთისმსახურების სიტყვებით, წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, განვაგდოთ ჩვენ ძველი კაცი, განვახლდეთ და ახალი, ღვთივსათნო ცხოვრებით დავიწყოთ ცხოვრება, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობის წარგზავნის დღეს, ოცინდალის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ტაძრის კურთხევაზე ქადაგებისას აღნიშნა.

მეუფე შიოს თქმით, "ეს ნამდვილად არის შესანიშნავი მოვლენა, ვინაიდან ამ ტაძარმა გაიზიარა იმ მრავალი ტაძრის ბედი, რომელიც დაიხურა XX საუკუნის განმავლობაში. ის თითქმის 100 წლის განმავლობაში იყო დახურული, უმოქმედო, მიტოვებული, მაგრამ მადლობა ღმერთს, არ დანგრეულა. დღეს ჩვენ მოგვეცა საშუალება ამ ტაძრის კურთხევისა, დღეს ვმადლობთ უფალს ამ მოვლენისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ ამას".

„ტაძრის კურთხევა ეკლესიის მიერ არ განიხილება მხოლოდ, როგორც ღვთისადმი მადლიერება ტაძრის აშენებისთვის, არამედ, ეს არის მღვდელმოქმედება, როდესაც ტაძარს მიენიჭება განსაკუთრებული მადლი, რომლის ძალითაც უბრალო შენობა ხდება ღვთის სახლი და დაუტევნელი ღმერთის ადგილსამყოფელი. თქვენ ალბათ გსმენიათ, რომ ტაძრის კურთხევას ასევე ეწოდება განახლება, იმიტომ, რომ ეს სივრცე, ეს ადგილი, ხდება წმინდა და ღმერთის განსაკუთრებული მადლის გამოვლინების ადგილი.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტაძრის კურთხევისთვის სრულდება მღვდელმოქმედება, ისევე, როგორც ადამიანისთვის, რომელიც ნათლობის და მირონცხების დროს ქრისტეს შეიმოსავს. ამიტომ ჩვენ ვხედავთ ამ მსახურებაში ისეთ მღვდელმოქმედებას, გვესმის, ისეთი ლოცვები, რომლებიც ძალიან აახლოებს ტაძრის კურთხევას ნათლობასა და მირონცხებასთან, ასევე - მღვდლად კურთხევასთანაც, ვინაიდან ტაძარიც იკურთხება უფლის მარადიული მსახურებისთვის.

წმინდა ეკლესიისა და წმინდა წერილის სწავლებით, ეკლესიის რელიგიური გამოცდილებით, ეკლესიის ისტორიიდან ჩანს, რომ ტაძარში ადამიანი ყოველთვის იღებდა და იღებს განსაკუთრებულ მადლსა და ღვთის შეწევნას. ღვთის ტაძარში ყოველთვის არის ეს მადლი. ქრისტეს ეკლესია თავისი ლოცვებით აკურთხებს ჩვენს მიწიერ ცხოვრებას და მას ძალუძს, არა მარტო შეამსუბუქოს ჩვენი მძიმე ხვედრი გარდაცვალების შემდეგ, არამედ უფლისგან მონიჭებული უფლებით გახსნას ან დახუროს ზეცის კარი ჩვენ წინაშე.

გზა მარადიული, ნეტარი ცხოვრებისკენ ტაძარზე გაივლის. ძვირფასო ძმებო და დებო, ტაძარში ყველაფერი გვახსენებს ზეცას და ყველაფერი აღამაღლებს ჩვენს გონებას ღმერთისკენ: არქიტექტურაც, ფერწერაც, გალობაც, ხატებიც და, რა თქმა უნდა, ღვთისმსახურებაც. ყველაფერი მოგვიწოდებს ღმერთისკენ. ტაძარში აღევლინება წმინდა ლიტურგია, უსისხლო მსხვერპლი და ტაძარი - ეს არის დიდი სკოლა რწმენისა, სულიერებისა, რაც ისწავლება ღვთის სახელით და ღვთისგან დადგენილი სასულიერო პირების მიერ.

ასევე, ჩვენ გვაქვს ბედნიერება, რომ ტაძარში ვილოცოთ, რაც არის აუცილებელი პირობა მადლის მოპოვების. რა თქმა უნდა, სახლში ლოცვაც აუცილებელია, მაგრამ ის შეიძლება იყოს უფრო სუსტი. ტაძარში ლოცვა ძლიერდება ჩვენი ერთობლივი ლოცვით, მღვდელმსახურთა ლოცვით, ლიტურგიაზე აღსრულებული უსისხლო მსხვერპლით და ტაძრის ლოცვის დროს უერთდება ერთმანეთს მიწიერი და ზეციური ეკლესია.

დღეს ჩვენ როდესაც ვაკურთხეთ ეს ტაძარი, გვახსენდება წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები იმის შესახებ, რომ ყოველი ჩვენგანი არის ტაძარი ღვთისა და სული ღვთისა უნდა მკვიდრობდეს ჩვენში. დღეს ჩვენ ამაზე გვაფიქრებს ეკლესია, ამას გვახსენებს. ამიტომ დავფიქრდეთ, რა მდგომარეობაშია ეს ჩვენი სულიერი ტაძარი, ხომ არ არის დაზიანებული, ხომ არ არის ჩამონგრეული და ნაყარი ქვებით ამოვსებული, ხომ არ არის შებილწული ბოროტი საქმეებით...

აი, ამაზე ვფიქრობთ დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, და დღევანდელი ღვთისმსახურების სიტყვებით, წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, განვაგდოთ ჩვენ ძველი კაცი, განვახლდეთ და ახალი, ღვთივსათნო ცხოვრებით დავიწყოთ ცხოვრება”, - აღნიშნა მეუფე შიომ.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way