როდესაც ვფიქრობთ ჩვენს ცხოვრებაზე, თუ გნებავთ, ჩვენი ერის ცხოვრებაზე, ჩვენი ერის ისტორიაზე, ჩვენი ერის მომავალზე, ჩვენც ამ იმედით ვივსებით. ჩვენ გვწამს და ვიცით, რომ უფალს შეუძლია მოახდინოს ეს ცვლილება როგორც პეტრესა და პავლეს შემთხვევაში, ისე ჩვენს ერშიც,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ (მუჯირი) პეტრე-პავლობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მართალი ცხოვრების გზა მიგვიყვანს მარადიულ ცხოვრებასთან.
„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს. დღეს ჩვენ ვიხსენიებთ წმინდათა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს და მათთან ერთად, შეიძლება ითქვას, მთელი მოციქულთა დასი მოგვმართავს ჩვენ, მოწოდებულთ.
ეს არის თვით უფალი იესო ქრისტეს მიერ წარმოთქმული მოწოდება, რომელსაც წმინდა სახარება ასე გადმოგცემს: „წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა დაბადებულს.“
და აი, დღეს ჩვენ ვფიქრობთ წმინდა მოციქულ პეტრეზე, წმინდა მოციქულ პავლეზე, მათ დიდებულ ღვაწლზე, თუ როგორი სიხარულით შეასრულეს მათ ეს ლოცვა-კურთხევა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, როგორი გულანთებულნი იყვნენ ისინი, როგორი ცეცხლოვანი იყო მათი მსახურება, რამდენი ტანჯვა დაითმინეს, რამდენი შეურაცხყოფა, რამდენი სირთულე და მაინც სიხარულით აღსავსენი იყვნენ, ამ სიხარულით მოღვაწეობდნენ და ამოწმებდნენ ქრისტეს, ემსახურებოდნენ მას. ქრისტეს, რომლის გულისთვისაც შემდეგ ორივე მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა.
და აი, ჩვენ ვფიქრობთ, რა იყო ეს მათი ასეთი საოცარი ძალა და სარწმუნოება, საიდან ჰქონდათ ეს?
ერთი მხრივ, ვიცით, რომ, მაგალითად, პეტრე როგორი ცეცხლოვანი იყო, მოშურნე, როგორი ვაჟკაცური, მაგრამ, ამავე დროს, სუსტიც იყო, როგორც გახსოვთ, მან როგორი სულმოკლეობა გამოიჩინა, როდესაც დაეჭვდა, შეორგულდა და ჩაძირვა დაიწყო ზღვაში, ასევე მან სამჯერ უღალატა უფალს, უარყო ქრისტე.
ასევე პავლე მოციქულიც, როგორც გახსოვთ, ქრისტეს მოძულე იყო, მტერი იყო ქრისტესი და მდევნელი ქრისტიანების. როდესაც წმინდა პირველმოწამე სტეფანეს ქვებით ქოლავდნენ, პავლე იქ იდგა და მონაწილეობდა ამ ყველაფერში. მაშ, რა მოხდა? რამ განაპირობა მათი ასეთი ფერისცვალება და სრული შეცვლა?
ეს არის საღვთო მადლის ძალა, სულიწმიდის ძალა, რომელმაც ეს მოახდინა მათში.
და აი, ჩვენ ხშირად გვავიწყდება ამ ძალის არსებობა, უფრო მეტად ვენდობით და ვესავთ ჩვენს ადამიანურ შესაძლებლობებს, ადამიანურ ძალებს და ამ დროს ხსოვნა ამ საღვთო მადლის ძალისა გვმატებს ჩვენ სიმხნევეს, იმედს და სასოებას.
და აი, როდესაც ვფიქრობთ ჩვენს ცხოვრებაზე, თუ გნებავთ, ჩვენი ერის ცხოვრებაზე, ჩვენი ერის ისტორიაზე, ჩვენი ერის მომავალზე, ჩვენც ამ იმედით ვივსებით. ჩვენ გვწამს და ვიცით, რომ უფალს შეუძლია მოახდინოს ეს ცვლილება როგორც პეტრესა და პავლეს შემთხვევაში, ისე ჩვენს ერშიც. ადამიანები, რომლებიც განდგომილნი არიან ღვთისგან, შეიძლება მდევნელნიც კი არიან ეკლესიისა, ხვალ შეიძლება გახდნენ მოშურნე და ერთგული მსახურები ღვთისა, თუ, რა თქმა უნდა, ისინი ეძიებენ ჭეშმარიტებას.
აი, ასე უნდა ვილოცოთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამისკენ უნდა ვისწრაფოთ ჩვენც.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს.
როგორც თქვენ იცით, ,,მოციქული" ნიშნავს წარგზავნილს და ყოველი ჩვენგანიც ვართ წარგზავნილი ამ ცხოვრებაში იმისთვის, რომ შევიმეცნოთ საღვთო ჭეშმარიტება, შევიმეცნოთ უფალი და დავამოწმოთ იგი ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი აზროვნებით, რაც ნიშნავს, რომ ვიცხოვროთ უფლის მცნებებით, საღვთო კანონებით, რაც დაგვაახლოებს მოციქულებთან, განსაკუთრებით - წმინდა მოციქულ პეტრესთან და წმინდა მოციქულ პავლესთან, რომელთა ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ.
ისინი გვასწავლიან, რომ თუ შესცოდე, შეინანე, თუ დაეცი, ისევ ადექი. თუ გამოიჩინე სულიერი სისუსტე და სულმოკლეობა, გაძლიერდი და გამხნევდი ღმერთის სახელით, ღმერთის რწმენით, გიყვარდეს და გწამდეს უფალი!
აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს გზა მართალი ცხოვრებისა მიგვიყვანს ჩვენ მარადიულ ცხოვრებასთან, უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეში, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!“,- აღნიშნა მეუფე შიომ.
თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.
"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.
აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.
წყარო: https://bm.ge