USD 2.6892
EUR 3.1431
RUB 3.5648
Тбилиси
მეუფე შიო - 9 აპრილი იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა
дата:  624

36 წლის წინ რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას შეეწირა 21 უდანაშაულო, მშვიდობიანი ადამიანი - ეს იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა - ამის შესახებ საპატრია­რქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ ქადაგებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, 9 აპრილს დაღუპულებმა აირჩიეს თავგანწირვის გზა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო, ბატონო ქალაქის მერო, პატივცემულო მთავრობის და პარლამენტის წევრებო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამებო, ძმებო და დებო,

9 აპრილი არის დღე, რომელიც იტევს თავის თავში დიდ მწუხარებასაც და დიდ სიხარულსაც. 36 წლის წინ რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას შეეწირა 21 უდანაშაულო, მშვიდობიანი ადამიანი. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ მოვლენის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის. ეს იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა.

საერთოდ, ცხოვრებაში არსებობს ორი გზა. ერთნი ყველანაირად ცდილობენ, ყველა ღონეს ხმარობენ, რომ მიაღწიონ პირად ბედნიერებას და პირად კეთილდღეობას, ხოლო მეორენი ღვთის გულისთვის, სამშობლოს გულისთვის, ადამიანისადმი სიყვარულის გულისთვის ამაზე უარს ამბობენ. ეს არის ქრისტიანის გზა. მაშასადამე, არის თავის სიყვარულის გზა და თავდადებისა და თავგანწირვის გზა. 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა ძმებმა და დებმა აირჩიეს თავგანწირვის გზა.

სწორედ ამიტომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ამ დღეს გლოვის დღესთან ერთად უწოდა ჩვენი ერის სულიერი ამაღლების დღეც. მან ასევე ბრძანა, რომ ,,9 აპრილი თავისუფლებისაკენ მსწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა". ამ სწრაფვის გზაზე, რა თქმა უნდა, იყო ბევრი დაცემაც, ადგომაც, ღალატიც, ერთგულებაც, ომიც, მშვიდობაც, სიხარულიც და ა.შ. ამიტომ ჩვენ სასო არ უნდა წარვიკვეთოთ, რადგან დამოუკიდებლობა გულისხმობს მუდმივ ბრძოლას, შრომას და სირთულეების დაძლევას.

ამ თარიღიდან ზუსტად ორ წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას, მაგრამ ჩვენ გვმართებს ვიზრუნოთ მისი შენარჩუნებისთვის, რადგან ყველაზე მეტად მას საფრთხეს უქმნის ის ცოდვები, რომლებიც გავრცელებულია ხალხში, რის გამოც მადლი იკარგება და უფალი უშვებს ისეთ განსაცდელებს, როგორიც არის მტრების მიერ ტერიტორიების წართმევა, მოსახლეობის განდევნა, დემოგრაფიული კლება და ა.შ. ამას ხაზს უსვამენ როგორც ბიბლიის წიგნების ავტორები, დიდი წინასწარმეტყველები და წმინდანები, ასევე ამაზე ხშირად წერენ ქართველი მემატიანეები და, რა თქმა უნდა, თანამედროვე ეპოქის წმინდანებიც.

ღმერთმა აცხონოს სულნი 9 აპრილს დაღუპულთა მონათა და მხევალთა ღვთისათა, ჩვენი ძმების და დების, ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გააძლიეროს საქართველო და ბედნიერი და მშვიდობიანი აღდგომა გაგვითენოს. ამინ“, - განაცხადა მეუფე შიომ.

общество
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати