ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი დარწმუნებულია, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს პატრიარქის მკვლელობა დააბრალეს. მისივე მტკიცებით, აღნიშნული საქმიდან დაიწყო ეკლესიაზე შეტევა.
"მოძღვარს, მამა გიორგი მამალაძეს დააბრალეს, მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დააბრალეს, მაგრამ იქ რაღაც სხვა ფაქტორებიც იყო. ძალიან უნდა მოინდომო, რომ ამოგარჩიონ და შენ დაგაბრალონ პატრიარქის მკვლელობა. რაღაც უნდა გააკეთო ყველა არ გამოდგება ასეთი ბრალდებისთვის, რომ მას უნდა მოეკლა პატრიარქი. ეს იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. სისულელე იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამაზე დაიწყო ლაპარაკი, ციანიდის საქმეზე და იყო ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა.
აქედან დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა ეკლესიაზე, სისულელეების ლაპარაკი. გამოაცხადეს პატრიარქის მკვლელობა... წმინდა სინოდის სხდომაზე მე პირადად მოვახსენე მღვდელმთავრებს ეს გამოცოხადებული სიკვდილის ქრონიკა. მე ყველას ვუთხარი, რომ ჩვენ გამოგვიცხადეს პატრიარქის სიკვდილი", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.