უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რომ დამთავრდება, შედარებით ძლიერად იყოს ქვეყანა, რომ აქეთ უნდოდეთ მიღება ნატო-სა და ევროკავშირში, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
„დღეს არის დიდი დღე. ამ დღეს, 1700 წლის წინ შემობრძანდა წმინდა ნინო და ეს არის ძალიან დიდი დღე თითოეული ჩვენგანისთვის. უკრაინაზე მინდა შევჩერდე, იმიტომ, რომ დღეს მთელს მსოფლიოს რუსეთ-უკრაინის ეს უსამართლო ომის ქარცეცხლი ყველას აღელვებს და ყველას სტკივა, ვისაც ადამიანობა აქვს. ომში როგორც რუსის ჯარია ძლიერი, ისე უკრაინული ჯარი იყო ძლიერი და ახლა ოთხ დღეში რომ ვერ აიღებდნენ, ყველამ იცოდა. მინდა გითხრათ ჩემი აზრი, როდის დამთავრდება ომი. სანამ რუსეთს ბოლომდე არ დაასუსტებენ, ომი არ მორჩება. რატომ დაისაჯა საქართველო?! საქართველო დაისაჯა იმისთვის, რომ დამოუკიდებლობა უნდოდა. მას უნდოდა თავისუფლება. უკრაინა რატომ ისჯება? - იმიტომ, რომ მასაც დამოუკიდებლობა, თავისუფლება უნდა, ნატო-ში, ევროკავშირში შესვლაზე რომ უარის თქმას არ აპირებდა. 2018 წელს გვითხრეს, ნატო-ში 2050 წლამდე არ მიგიღებთო. ჩვენ რას გვემართლებიან, რა უნდა გავაკეთოთ მეტი?! რა უნდა გააკეთოს ქართველმა?! ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ [რუსეთ-უკრაინის] ომი რომ დამთავრდება, შედარებით ძლიერად იყოს ქვეყანა, რომ აქეთ უნდოდეთ მიღება [ნატო-სა და ევროკავშირში]. დღევანდელი პირველი პირები, თუნდაც უკრაინაში მაშინ, 2008 წლის ომზე როგორ დაგვცინოდნენ ქართველებს. მაშინ თავის თავზე არ ჰქონდათ გამოცდილი და ღმერთმა შეუნდოთ“, - განაცხადა მეუფემ.
მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორები, პირიქით, საზოგადოებაში პოლარიზაციას აჩენენ.
მეუფე იაკობის თქმით, „დღეს ჩვენი სინოდი ძალიან ძლიერია და არავის არ ჰქონდეს იმედი, რომ ვიღაცას ჩვენს ქვეყანას დავაჩაგვრინებთ“.
„ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი, ჩვენზე ძალიან უყვარს საქართველო? შენ მიხედე შენს საქმეს, რა. თუ არ გინდათ ჩვენი მიღება გვითხარით, თუ არადა, კანდიდატობა რამეა? - სიმბოლოა, მაგრამ საქართველოში ლამის ორჯერ რევოლუცია მოაწყვეს. პირიქით, ხალხის პოლარიზაციას აკეთებენ. მიმიღე და ერთმანეთს ხომ ვეღარ ეტყვიან, „რუსი ხარ, რუსი ხარ“. რას მატყუებ რა? შენზე მეტი ჭკუაც მაქვს და შენზე მეტიც გვინახავს ჩვენს ერს. სამი ათასი წლის ერი ვართ, ვიღაცა კი არ ვარ. ყველა იმპერიამ ჩვენზე გადაიარა, მაგრამ ისევ წელში გამართულები ვართ. სიმართლეს გეტყვით, მე ძალიან ბევრი რამ მომწონს დასავლეთში. არის რაღაცები, რასაც არც მივიღებ და ვერც მიმაღებინებენ. ღვთის საწინააღმდეგო რაც არ არის, იმას ყველაფერს მივიღებ, მაგრამ ღვთის საწინააღმდეგო რაც არის, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, არა! ...იცოდნენ, ძალიან მკაცრები ვიქნებით ყველას მიმართ! მიგვიღებენ, მიგვიღებენ და თუ არ გვიღებენ, რევოლუცია ხომ არ უნდა მოვაწყოთ? რატომ არ გვიღებენ მითხარით, რა? რატომ არ უნდა მიგვიღონ? მე ხომ არ ვაბრალებ „ამას მიკეთებ, იმას მიკეთებ“. რატომ არ მიღებ, რა? მე საერთოდ არ მინდა დაყვედრებული არაფერი. ჩვენ გავხდეთ ძლიერები. ნუ ვჭამთ ერთმანეთს. ჩვენ გავხდეთ ისეთი ძლიერები, აქეთ შეგვეხვეწონ მერე. ცოტა გადავხედოთ ჩვენს თავს, ცოტა სხვანაირები გავხდეთ და უცხოელებსაც ყველამ მოვთხოვოთ, რომ ვინც ვართ, ისე მოგვექცნენ და არა ისე, ვიღაცა ჭორიკნები რომ დარბიან, პოლიტიკოსები რომ ჰქვიათ და იმათ ჭკუაზე რომ დადიან,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ამასთან, როგორც მეუფემ ქადაგებისას აღნიშნა, საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვას არ შეეგუება.
„საქართველო არ შეეგუება რამის დაკარგვას. არავინ არაფერს ისე არ დაგვიბრუნებს ჩვენ მაგრამ, ჩვენ უნდა ვანახოთ აფხაზებს, ჩვენს ძმებს, ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს, ჩვენს ოს ძმებს, შიგნით როგორი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ წლები ერთმანეთის ჭამა, როგორ გინდა რომ ისინი შენთან შემოვიდნენ? ისე რატომ უნდა ვიქცეოდეთ, რომ იმ დამპყრობელ რუსთან ყოფნა ერჩივნოთ, ვიდრე ჩვენთან?“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.
თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.
"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.
აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.
წყარო: https://bm.ge