USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
მეუფე იაკობი - დავით გარეჯზე აზერბაიჯანელების აზრიც ვიცი, ორივე მხარე აუცილებლად კმაყოფილები ვიქნებით
Date:  868

„ირაკლი ღარიბაშვილი რომ გამოჩნდა ჯერ პარტიაში და მერე მინისტრად, ჩაერთო ბოლომდე და რუკები მოპოვებულია“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა სოფელ ხირსის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობი 2012 წლიდან დღემდე „ქართული ოცნების“ პირობებში ხელისუფლებასთან დავით გარეჯის საკითზხე გამართულ შეხვედრებს და მათთან მოლაპარაკებებს დადებითად იხსენებს.

როგორც ის ამბობს, სწორედ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ღირსეული დამსახურებაა, რომ მან საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მაშინდელი თავმჯდომარე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ბოდბელ ეპისკოპოსს ობიექტური გამოძიების იმედი აქვს, ამიტომ ის საზოგადოებას მიმართავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ტყუილ- მართლის მტკიცებისგან თავი შეიკავოს.

„მამა კირიონი არის ჩემი მეგობარი და რაც გარეჯში 1995 თუ 1996 წლიდან არის, იმ პერიოდიდან ჩვენ ვმეგობრობთ. თავის სული და გული არ დაუკლია იქაურობისთვის, მამა კირიონზე რაღაც რომ თქვა, უნდა ჩახვიდე და ნახო რა იყო, თუ იქ განახლება ხდებოდა, მას სხვებთან ერთად აქვს მონაწილეობა მიღებული.

2012 წელს, როდესაც რაღაც პრობლემა გაჩნდა, ეპისკოპოსებიც ვიყავით მრევლთან ერთად ჩასულები, ზუსტად ის პერიოდი იყო, წინა საღამოს გამოვიდა ბატონი ბოკერია და ბრძანებდა იმას, რომ არ წახვიდეთო ყველაფერი კარგად არისო. ვერც მაშინდელ ხელისუფლებას დავუჯერებ, როცა გარეჯს ეხება საქმე და ვერც ნებისმიერ სხვა ხელისუფლებას. თვითონაც რაღაც ხო უნდა გავაკეთო, ვიყავი ჩასული მერე მართლაც რამდენიმე დღეში მოგვარდა ეგ ამბავი.

პირადად მე ვიცი, რამდენჯერ ხვდებოდა მამა კირიონი, თუნდაც ღარიბაშვილს, თუნდაც კვირიკაშვილს, თუნდაც მერე ბახტაძეს, გახარიასაც შეხვდა. ნამდვილად ვიცი, რომ ღარიბაშვილისგან მაშინვე მხარში დგომა წამოვიდა და მაშინდელი უშიშროების საბჭოდან გულით ჩაებნენ იმიტომ, რომ მე რაც შეხება მქონია საქართველოსთან მიმართებით, არასდროს არ შეშლია, უშუალოდ ღარიბაშვილზე ვამბობ, ისეთი რამ გაუკეთებია, დღეს ბევრ ცუდ რამეს ვართ არიდებული. მოვა დრო და მაგასაც ვიტყვი.

დღეს ისეთი პერიოდია ახლა არ მინდა, მერე გამოვა ვიღაცის ქებაში. მერე იყო ეს საქმე, დაიწყეს და ხელმძღვანელობიდან გაუშვეს ღარიბაშვილი. მოვიდა ბატონი გიორგი კვირიკაშვილი და იმის პერიოდში რა მცდელობები იყო და რა არა, ზუსტად არ ვიცი, ეს შეხვედრები რომ იყო, ნამდვილად ვიცი .

ეს პრობლემები რომ იყო და ძალიან ბევრი ხალხი ჩადიოდა, სპეციალურად არ ჩავდიოდი , სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა არ უნდა დავძაბოთ იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან მოილაპარაკებენ. აზერბაიჯანელების აზრიც ვიცი და ისე დამთავრდება ორი მხარისთვის, ჩვენ აუცილებლად კმაყოფილები ვიქნებით და ისინიც.

მერე იყო მამუკა ბახტაძე, ის კაცი, ვინც მოისმინა, შეაფასა და გადადგა ღირსეული ნაბიჯი და გაუშვა მელაშვილი კომისიიდან. ისევ ირაკლი ღარიბაშვილი რომ გამოჩნდა ჯერ პარტიაში და მერე მინისტრად, ჩაერთო ბოლომდე და რუკები არის მოპოვებული.

მელაშვილი ერთ მხარეს გამოგვყავს ფრთიან ანგელოზად, მეორე მხარე ეძახის მოღალატეს, არ შეიძლება, როცა სასამართლოს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული. მოღალატე ძალიან რთული რაღაცაა, კაცმა გინდ ჩაიდინოს, ოჯახი ჰყავს, ნათესავები ჰყავს, გავუფრთხილდეთ. ვაი, და არ აღმოჩნდეს მიღალატე, მერე რას აკეთებ, სიტყვით ჰკლავ ადამიანს, და თუ აღმოჩნდა, რატომ იცავ?“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way