USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
მეუფე ანანია - მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიხის შესახებ
Date:  671

დიპტიხი არის მართლმადიდებელთა ღვთისმსახურების დროს ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების მოხსენების რიგითობა, ანუ მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების მოხსენების რიგი. ის წარმოადგენს გამოხატვას სულიერი და კანონიკური ერთობისა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის.

მართალია, მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას არ გააჩნია ერთიანი ადმინისტრაციული ცენტრი, მაგრამ ყოველი დამოუკიდებელი, ავტოკეფალური ადგილობრივი ეკლესიის მეთაური და მისი დიაკონი ღვთისმსახურების დროს მოიხსენებს სხვა ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებს, ამით ის გამოხატავს, რომ ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, ეროვნებისაგან დამოუკიდებლად, შეადგენს ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას. ყველა ადგილობრივი ეკლესია ერთმანეთის მიმართ თანაბარია და თანასწორი.

არ არსებობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი, უპირატესი და უმცირესი ეკლესია. მრავალრიცხოვნება, ან ტერიტორიის სიდიდე არ ანიჭებს უპირატესობას რომელიმე ეკლესიას მეორე მცირე ეკლესიის წინაშე. მამათა კანონების თანახმად, ყოველი ეკლესიის თავისუფლება მოპოვებულია უფალ იესო ქრისტეს სისხლით.

III მსოფლიო კრება მე-8 კანონში წერდა, რომ ყოველი ეკლესიის დამოუკიდებლობა და თავისუფლება „…თვისითა სისხლითა მოგუანიჭა ჩუენ უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, განმათავისუფლებელმან ყოველთა კაცთამან“. ღვთის სიტყვის თანახმად, ქრისტეს ეკლესიაში არ არის არც ელინი, არც იუდეველი, არც ბარბაროსი, არც სკვითი. მოციქულთა 34-ე კანონი ყველა ეთნიკური ოლქის ეკლესიას თავისთავადობას ანიჭებს. ის არ აძლევს რომელიმე ეკლესიას უპირატესობას, ამიტომაც თანამედროვე დიპტიხში ეკლესიათა მეთაურების მოხსენიების დროს, ერთი ეკლესიის მეთაურის სხვა ეკლესიის მეთაურის წინ თუ უკან დაყენება, გარკვეული თვალსაზრისით ერთისათვის „უპირატესობის“ მინიჭება მეორესთან შედარებით, არ შეესაბამება ქრისტიანობის არსს, თუმცა თავისი ტრადიცია აქვს.

ისტორია ნათელყოფს და მოციქულთა 34-ე კანონი უჩვენებს, რომ იმ დიპტიხის წინასახე, რომელსაც ჩვენ დღესდღეობით ვიყენებთ, ჩამოყალიბდა ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარების შემდეგ და არ არსებობდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში (იმპერატორთა გაქრისტიანებამდე). დიპტიხი არსებობდა მხოლოდ აღმოსავლეთ რომის იმპერიის შიგნით მყოფი ეკლესიების საჭიროებისათვის. დიპტიხი ბიზანტიურ ეკლესიაში იხმარებოდა. დასავლეთ რომის იმპერიის ეკლესიაში კი ღვთისმსახურების დროს არასოდეს არ იხმარებოდა დიპტიხი. ასევე, რადგანაც იბერიის სახელმწიფო არსებობდა ბიზანტიისაგან დამოუკიდებლად, ქართული ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური ბიზანტიურ დიპტიხებში შეტანილი არ ყოფილა. დიპტიხი სჭირდებოდათ იმპერიის შიგნით, იმპერიაში შემავალ ეკლესიებს თავიანთი საჭიროებისათვის. დიპტიხი იყო განსაზღვრული წესრიგი კათედრების მეთაურების რანგების მიხედვით განაწილებისას. დიპტიხი საზღვრავდა ეკლესიათა შორის დამოკიდებულებას. დიპტიხის შექმნა მოითხოვა იმპერიის ერთიანობისა და დაუშლელობის საჭიროებამ, რათა იმპერიის ფარგლებში მყოფ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ეკლესიათა შორის, ასევე ეპისკოპოსთა შორის არ დაწყებულიყო დაუსრულებელი კამათი, წინააღმდეგობა ეკლესიათა და კათედრათა ღირსებისა და პატივის ხარისხის განსაზღვრისას. დიპტიხის შექმნის შემდეგაც კი ერთი ეკლესიის, ან კათედრის მეთაურის მიერ მეორის დაწყევლის ან ანათემაზე გადაცემის დროს ერთი ეკლესია მეორე ეკლესიას ამოშლიდა ხოლმე თავისი დიპტიხიდან.

იმპერიაში მოთავსებულ ავტოკეფალურ ეკლესიათა და კათედრათა მეთაურებს სახელმწიფოში ეჭირათ დიდი ადმინისტრაციული თანამდებობები. დიპტიხის შექმნა უპირველესად ამ ეკლესიათა სურვილით იყო გამოწვეული, რათა განესაზღვრათ პატივის ხარისხი ეკლესიათა მეთაურ მღვდელმთავართა შორის, თუ რომელი ეკლესიის მეთაური, ანუ სახელმწიფოს მოხელე იდგა პატივით სხვა მღვდელმთავარ-მოხელეზე მაღლა. რადგანაც იბერიის ეკლესიის მეთაური არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ბიზანტიის სახელმწიფოს მოხელე, ცხადია, იბერიის ეკლესიის მეთაურის იმპერიაში შემავალ სხვა მღვდელმთავრებთან პატივის განსაზღვრის არავითარი საჭიროება არ არსებობდა. ამიტომაც იბერიის ეკლესია ბიზანტიურ დიპტიხში არ შედიოდა.


უძველეს დროს სხვადასხვა ეკლესიებს სხვადასხვა დიპტიხები ჰქონდათ. დიპტიხის შედგენას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა IV საუკუნის შემდეგ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის ადგილის განსაზღვრისას. ტრულის კრებაზე განისაზღვრა უკვე V-VI საუკუნეებში არსებული ურთიერთდამოკიდებულება იმპერიის ეკლესიათა შორის – პირველი იყო რომის საყდარი, მეორე – კოსტანტინოპოლისა, მესამე – ალექსანდრიისა, მეოთხე – ანტიოქიისა, მეხუთე – იერუსალიმისა. ამ ხუთი პატრიარქისაგან დამოუკიდებელი იყო კვიპროსის ეკლესია.
საეკლესიო წესების თანახმად, რომის პაპი ყოველთვის პირველი იყო ყველა მღვდელმთავართა შორის (იგულისხმება VI ს-დან). ქალკედონის კრების 28-ე კანონის თანახმად, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს მეორე ადგილი მიენიჭა რომის პაპის შემდეგ, რაც გაიმეორა ტრულის კრებამ 36-ე კანონში.3 ქართული ეკლესიის დიპტიხი ეყრდნობოდა მსოფლიო კრებათა კანონებს, ამიტომაც პირველ ადგილზე რომის საყდარს აყენებდა XIII საუკუნეშიც კი, თუმცა მართლმადიდებლობის ცენტრად „ბერძნულ“ ეკლესიას თვლიდა.


VI-VII საუკუნეებში დიპტიხები იქცნენ ოფიციალურ დოკუმენტებად რომის იმპერიის მთავარი ქალაქების ეპისკოპოსთა შორის უპირატესობის განსაზღვრისას. იბერიის ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქციაში შემავალი ქალაქები არ შედიოდნენ იმპერიაში, ამიტომაც იბერიის ქალაქთა ეპისკოპოსები არ იყვნენ დიპტიხში შეყვანილნი VII საუკუნემდე. VII საუკუნის დასაწყისში ჰერაკლე კეისარმა ქვემო იბერიის, ანუ დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა მიწები ჩამოართვა იბერიის სახელმწიფოს და შეუერთა ბიზანტიის იმპერიას. ამის შემდეგ VII საუკუნეში საქართველოს დაპყრობილი შავიზღვისპირა ქალაქების ფასისისა (ფოთი) და პეტრონის (ციხისძირი) ეპისკოპოსები შეყვანილ იქნენ ბიზანტიურ დიპტიხში. V ტრულის კრების კანონებს ხელს აწერენ ფასისისა და პეტრონის ეპისკოპოსები – „თეოდორე უღირსმან ეპისკოპოსმან ფასოისამან სოფელსა შინა მეგრულთასა განვასაზღვრენ და წარვწერენ…“ („ფასოი-ფოთსა იტყვის“ – ნათქვამია ქართველი მთარგმნელის შენიშვნაში). ასევე ხელს აწერს – „იოანე უღირსმან ეპისკოპოსმან ქალაქისა პეტრონისამან ქუეყანასაგან მეგრელთაისა განვასაზღვრე და წარვწერე“.


აღსანიშნავია, რომ ტრულის კრების კანონებს ხელს არ აწერს იბერიის დედაქალაქის ეპისკოპოსი და არც იბერიის ეკლესიის წარმომადგენელი, ხოლო იბერიის იმ ქალაქების ეპისკოპოსები კი, რომელნიც ბიზანტიის იმპერიაში შედიოდნენ, შეყვანილნი არიან ბიზანტიურ დიპტიხში და ამ კრების კანონებსაც ხელს აწერენ.


იერუსალიმელი პატრიარქები დოსითეოსი და ხრისანფი წერენ – ლაზიკის ეპარქიაში შემავალი ფასისისა სამიტროპოლიტოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დიპტიხში ეჭირა 27-ე ადგილი, ხოლო ტრულის კრებას ლაზების ქვეყნიდან (ე.ი. ქვემო იბერიიდან) ესწრებოდნენ თეოდორე ფაზისელი და იოანე პეტრონის ეპისკოპოსიო.


აქედან აშკარად ჩანს, რომ დიპტიხში შეტანილი იყო ბიზანტიის ქართული ქალაქების ეპისკოპოსები, ხოლო ბიზანტიის გარეთ მყოფი ქართული ქალაქების ეპისკოპოსები კი – არა. ე.ი. დიპტიხი ბიზანტიური სახელმწიფოს საჭიროებისთვისაა შედგენილი, ამიტომაც იბერიის ავტოკეფალური ეკლესიის წარმომადგენელთა მოუხსენებლობა ძველ დიპტიხში იმის ნიშანი კი არაა, რომ ასეთი ავტოკეფალური ეკლესია არ არსებობდა, არამედ პირიქით, არსებობდა და არ ექვემდებარებოდა იმპერიაში შემავალ საპატრიარქოებს – ჭეშმარიტად ავტოკეფალური იყო.


აღმოსავლური (ბიზანტიური) დიპტიხის ახალი გახსენებაა პარიზის კოდექსი XV საუკუნისა, სადაც იხსენიება მსოფლიო (კონსტანტინოპოლის) პატრიარქი, ალექსანდრიელი, ანტიოქიელი და იერუსალიმელი პატრიარქები, მაგრამ ამ კოდექსზე უფრო მნიშვნელოვანია XV საუკუნის 30-იან წლებში შემდგარი „მსოფლიო“ საეკლესიო (ფერარა-ფლორენციის) კრებაზე დაცული დიპტიხი, რადგანაც ამ კრებას ესწრებოდნენ მსოფლიოს ხუთივე საპატრიარქოსა და იმ დროს არსებული ყველა ავტოკეფალური ეკლესიის წარმომადგენლები. ამ კრების ოქმებს პატრიარქებმა და მათმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს. მართალია, ეს კრება „ყაჩაღური“ კრება იყო და მის ოქმებს იბერიის ეკლესიის წარმომადგენელმა ხელი არ მოაწერა, მაგრამ კრება „ყაჩაღური“ იყო სარწმუნოების საკითხებში და არა დიპტიხის საკითხში. ამ „მსოფლიო“ კრებაზე დაცული იყო წინა მსოფლიო კრებათა კანონები ეკლესიათა განლაგების შესახებ. XV საუკუნის ამ კრების დიპტიხი ასეთი იყო: – რომის ეკლესია, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის საპატრიარქოები, იერუსალიმის შემდეგ VI ადგილზე დგას იბერიის ეკლესია. აქედან ჩანს, რომ ძველ დიპტიხში იბერიის ეკლესიას ეჭირა VI ადგილი, მაგრამ ასეთი სახის დიპტიხი მხოლოდ მთელი მსოფლიოს ეკლესიას შეეხებოდა. კონსტანტინოპოლის და ბიზანტიურ დიპტიხებში XVI საუკუნემდე შეტანის უფლება მხოლოდ ოთხი აღმოსავლელი პატრიარქის პრივილეგია იყო. მართალია, XVI საუკუნეში რუსეთის საპატრიარქოს დაარსების შემდეგ მოსკოვის პატრიარქს ნება მიეცა დიპტიხში და თათბირებზე მდგარიყო იერუსალიმის საპატრიარქოს შემდეგ, მაგრამ მალევე, როცა რუსეთში დაარსდა წმიდა სინოდის მმართველობა, ყველა აღმოსავლეთის საპატრიარქოს დიპტიხებში მხოლოდ ოთხი აღმოსავლეთის პატრიარქი მოიხსენებოდა.


ბიზანტიურ (აღმოსავლეთის საპატრიარქოების) დიპტიხებში შეტანილი არ იყო ბულგარეთის არქიეპისკოპოსი, როცა მას 1234 წელს კონსტანტინოპოლმა პატრიარქის ტიტული მიანიჭა, დიპტიხში არ იყვნენ შეტანილნი, აგრეთვე, ავტეკეფალური არქიეპისკოპოსები არქიდისა, კვიპროსისა, იბერიისა (ორი – იბერიაში „ზემო“ და „ქვემო“) და პეკიისა.


XIX საუკუნის შუა წლებამდე წმიდა დიპტიხში იხსენიებოდა მხოლოდ აღმოსავლეთის ოთხი პატრიარქი, მხოლოდ ამ საუკუნეში და შემდგომ ახალი ავტოკეფალური ეკლესიების (ელადის, სერბეთის, რუმინეთის, პოლონეთის და ალბანეთის) დაარსების შემდეგ მსოფლიო კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ისინი დაავალდებულა, დიპტიხში მოეხსენიებინათ ოთხი პატრიარქის გარდა სხვა ეპისკოპოსები და ეკლესიები.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way