სწორედ ასე უწოდებს მეფე ალექსანდრეს მისი შვილი გიორგი მეფე: „ალექსანდრე მეფე თავის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ბერად შემდგარა და მონაზვნად აღკვეცილა. ეს მისი შვილის, გიორგი მეფის, 1499 წლის სიგელიდან ჩანს, სადაც იგი თავისთავს „დიდისა და მეფეთა შორის წარჩინებულისა და სანატრელისა ღვთივ გვირგვინოსანისა და ღვთივ-დიდებულისა, სულკურთხეულისა მეფეთა-მეფისა მონაზონისა ალექსანდრეს“-ძედ ასახელებს“.
ალექსანდრე მეფეს (1412-1442 წ.) ემორჩილებოდა სრულიად საქართველო, თუმცა კი თემურ-ლენგის შემდგომ საქართველოს მიწა-წყალი შემცირებული იყო. შეცვლილი იყო ეთნიკური გარემოც. საქართველოს მეზობლად ახლა უკვე თურქული ანდა გათურქებული მოსახლეობა ცხოვრობდა უმეტესად. გათურქდა საქართველოს აღმოსავლეთით მდებარე ალბანეთი. თვით საქართველოში შემავალი თემის გაჩიან-ხაჩენის (ყარაბაღის) შერეული – ალბანურ-ქართულ-სომხური მოსახლეობაც ცვლილებას განიცდიდა. ეს ძირითადად მოხდა თემურ-ლენგის დროსა და მის შემდეგ. მოსახლეობის გათურქებას ხელს ის უწყობდა, რომ ამ დროისათვის მონღოლთა გათურქების პროცესი მიმდინარეობდა, მონღოლები კი ქვეყნის მპყრობელები იყვნენ.
„თემურ-ლენგის ურდოების საქართველოში ხანგრძლივმა თარეშმა თვით მონღოლთა საბრძანებლის პოლიტიკური ასპარეზითგან სრულიადი დაშლის შემდგომაც ჩვენ ქვეყანას მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა. ყოფილი ალბანეთის გათურქების პროცესი, მართალია, უკვე დიდი ხნის დაწყებული იყო, ჯერ დარუბანდის გზით ხაზართა შემოსევა – ჩათესლების გამო, შემდეგ კიდევ სამხრეთითგან სელჩუკიან თურქულ ტალღა-ტალღაზე მოწოლილი წამლეკავი ელების იქაურ საძოვრებზე დამკვიდრების წყალობით“.
ალბანეთში ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო თურქული ენა დამკვიდრებულ-განმტკიცებული, არამედ სპარსული. ალბანეთის დედაენა აქ X საუკუნიდან აღარ ისმოდა. სპარსული იყო სახელმწიფო, სამწერლობო და კულტურის ენა XIV საუკუნემდე. დამპყრობელ მონღოლთა შორისაც ეს ენა იკვლევდა გზას. „მაგრამ რაკი სამშობლოს გარეშე მყოფ მონღოლთა გათურქების უკვე XIII საუკუნის დამლევს დაწყებული პროცესი მეტად სწრაფად მიმდინარეობდა, მაჰმადიან მონღოლ თემურ-ლენგის ბატონობას მონღოლური ენის გავრცელება-გავლენისათვის არა შეუძენია რა, თურქული ელემენტები კი სტიქიურად გაძლიერდა. იგი საქართველოს მეზობლად აღმოსავლეთით მდებარე შაქის და შირვანშაჰების სამფლობელოში ძალზე საგრძნობი გახდა. ეროვნული განვითარების ასეთივე პროცესი, მძლავრი ნიაღვრის მსგავსად საქართველოს სამხრეთით მდებარე წინანდელი სომხეთის სამეფოებშიც მიმდინარეობდა, მაგრამ ქართულმა სახელმწიფოებრიობამ სომხეთის ასეთი ძალდატანებითი ეროვნულ-სარწმუნოებრივი შეცვლის პროცესი შეაჩერა და სომხობას თავის სამშობლოში მშვიდობიანად თავის მოყრისა და გაძლიერების საშუალება მისცა. თემურ-ლენგის ხანამ მდგომარეობა აქაც მეტად გააუარესა… ალბანეთის შემდეგ კი საქართველოს აღმოსავლეთის ერთი თემთაგანი, გაჩიან-ხაჩენი, რომლის გამგებლად საქართველოს მეფისაგან დანიშნული ხაჩინელები იყვნენ, მოსახლეობა კი შერეული ალბანურ-ქართულ-სომხური იყო, საქართველოს ხელიდან სწორედ თემურ-ლენგის ხანაში გამოეცალა“. საქართველოს სამეფოს ფართობი ამის გამო აღმოსავლეთის მიმართულებით შემცირებული იყო. ასეთივე მდგომარეობა იყო სამხრეთ აღმოსავლეთის მიმართულებითაც. კერძოდ, ახლა არათუ ანისი აღარ შემოდიოდა საქართველოს სახელმწიფოში, არამედ ლორეც კი მიტაცებული ყოფილა მაჰმადიანთა მიერ.
საქართველოს ამ მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა გამალებით თურქდებოდა: „…ადგილობრივი მოსახლეობის თურქულ-სპარსულ-მაჰმადიანური წამლეკავი გავლენა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ თანდათან ვრცელდებოდა და თავის სფეროდ სულ ახალ-ახალ ადგილებს ხდიდა“.
საქართველოს სახელმწიფო და, ცხადია, ქართული ეკლესია ვერ შეურიგდებოდა მკვიდრი მოსახლეობის გამაჰმადიანება-გათურქების პროცესს, განსაკუთრებით კი ლორეს სანახებისას, რომელიც ახლოს მდებარეობდა თბილისთან – საქართველოს ცენტრთან.
ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელს კათალიკოს-პატრიარქ თეოდორეს „აგარიანთაგან“, ანუ მაჰმადიანთა მიერ დაპყრობილი ლორეს ციხის წინააღმდეგ გალაშქრებაში ძალზე მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიუღია. ბრძოლის წინ კათალიკოსი ჩააგონებდა და სულიერად განამტკიცებდა ლაშქარს: „…პირველად ვედრებითა ღვთისათა და კვალად ლაშქართა მიმცნებითა ესრედ, ვითარმედ ამათ უსჯულოთა აგარის ნათესავთა ანდრონიკაშვილი ალასტანელი გიორგი მოუკლავს და მრავალი ქრისტიანენი წამებით აღუსრულებიან და დაუტყვევებიან და ტახტი მეფეთა განურყვნია და საპატიონი და ცამდის მაღალნი საყდარნი შეურაცხ უქმნიან, სახლ-სალოცავნი ქვაბ ავაზაკთა უქმნია და ჰუნეთა მათთათვის საყოფად განუჩენია.
აწ ბრძოლეთ ძლიერად, დაღათუ ვინმე ომსა შიგან აღსასრული მიიღოთ, ქრისტესათვის წამებულთა გვერდით მიითვალვით, და დაღათუ ვინმე დაკოდითა, ანუ დაშავებითა და რათაცა ტკივილითა იტანჯნეთ, ყოველსავე ქრისტე მისად ნებისყოფელად მიუთვალავს“.
„კათალიკოზ თეოდორეს მოქადაგეობას უმოქმედნია და მისი ჩაგონებითა და გამხნევებით აღფრთოვანებულს საქართველოს ჯარს ლორე მტრისათვის წაურთმევია და თვითონ დაუჭერია“.
ეს მოხდა 1431 წელს.
1434-35 წელს, ლორეს აღების შემდგომ, ალექსანდრე მეფეს სივნიეთის მხარე შემოუერთებია საქართველოსათვის, 60000 ქრისტიანი სულით.
ალექსანდრე მეფემ სამხრეთის საზღვრების საკითხი მოაგვარა, ჩრდილოეთით კი დარიალის კარი საქართველოს ხელში იყო.
სამეფოს ძველებური ძლიერების აღდგენას ხელს დიდად უშლიდა ის, რომ მოსახლეობა საქართველოში, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთში, ძალზე შემცირებული იყო. ეს დიდ ეროვნულ უბედურებას წარმოადგენდა. ამიტომაც მეფეს დიდი შრომა სჭირდებოდა ამ დანაკლისის შესავსებად.
ქართველთა ეროვნულ კონსოლიდაციას უთუოდ უწყობდა ხელს ის, რომ მეფე დასავლეთ საქართველოდან მოსახლეობის ნაწილს აღმოსავლეთ საქართველოს შეთხელებულ მხარეებში ასახლებდა. ლორეს აღების შემდეგ ლორეს სანახებში „მამულები მიუღიათ საზოგადოების ყველა შეძლების წარმომადგენლებს: „ქართველთა დარბაზის ერთა ზემოთასა და, ანუ ქვემოთასა“.
„ზემოთა ქვეყანა“ სამეფოს ერთობის დროს ეწოდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო „ქვემო ქვეყანა“ – დასავლეთ საქართველოს. ამიტომაც, ლორეში მამულები როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს წარჩინებულებს მიუღიათ. აღსანიშნავია, რომ ამ მხარეში, ქვემო ქართლში, ჯერ კიდევ თამარ მეფის დროს და თამარამდეც, აქ მხარგრძელთა გაბატონებამდე, დასავლელი ქართველი დიდებულები ფლობდნენ მამულებს (ვარდან დადიანი, მისი სახლის შვილები და სხვანი). მხარგრძელების დროს აქ დასავლელ ქართველ მემამულეთა მფლობელობა, ალბათ, შეიკვეცა, მაგრამ „ქვემო“ დარბაისლებს მამულები აქ დარჩენიათ, ჩანს, ამას იხსენებდა ალექსანდრე მეფე ლორეს განთავისუფლების შემდეგ. „მოღწეული მასალების მიხედვით, საფიქრებელია, ქვემო ქართლის დასავლური კოლონიზაციაც, რაკი საქართველო იმ დროს გაერთიანებულია, დასაშვებია ვიფიქროთ, რომ მოსახლეობის დასავლეთიდან გადმოსვლას არა მხოლოდ სტიქიური, არამედ სახელმწიფოებრივ-ორგანიზაციული ხასიათიც ჰქონოდა“.
აღსანიშნავია, რომ, როგორც თამარის დროს ლორეს ქვემო ქართლის მხარგრძელთა მფლობელობაში გადასვლამ შეაფერხა აქ დასავლურ-ქართული კოლონიზაცია, ასევე მომხდარა ალექსანდრე დიდის დროსაც. ტრადიციულად ქვემო ქართლი ქართველი ორბელიანების სამფლობელო მამულს წარმოადგენდა საქართველოდან მათ გაძევებამდე. ჩანს, ასეთი ტრადიციის აღდგენა ისურვა ალექსანდრე დიდმა სივნიეთის შემოერთების შემდეგ. კერძოდ, მან სივნიეთის მფლობელ ბეშქენ ორბელიანს (უკვე გასომხებულს) ლორე უწყალობა. „ბეშქენ ორბელიანთან 1435-38 წლების განმავლობაში თურმე მრავალმა სომეხმა ლტოლვილმა მოიყარა თავი, რომელთაც ის პურით, ბინით და სამოსლითაც ძალიან ეხმარებოდა. ამის გამო ამ კუთხეს მაჰმადიანთა მიერ დაპყრობილი სომხეთიდან იმდენი სომეხი მოაწყდა, რომ მეფე ალექსანდრეს და მთავრობას ამდენი სომხობის აქ შეკრება და დამკვიდრება საქართველოსათვის საზიანოდ და სახიფათოდ მიუჩნევიათ, და როგორც ეტყობა, ამ მოვლენისათვის წინააღმდეგობა გაუწევიათ კიდეც“. ჩანს, ამის გამო სომეხთა შორის ალექსანდრე მეფის მიმართ ცილისწამება გავრცელებულა და მისთვის ბეშქენ ორბელიანის მოწამვლაც კი დაუბრალებიათ. ეს მაშინ, როცა საუკუნეთა მანძილზე ქართულმა სახელმწიფოებრიობამ დიდად იღვაწა სომხეთში სომეხი ხალხის გადასარჩენად და ამიტომაც „სომეხნი ურჯულოებთან ყოველთვის ქართველებით იწონებდნენ თავს“.
დასავლურ-ქართული მოსახლეობა არა მარტო ქვემო ქართლში, არამედ აღმოსავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებშიც ჩაუსახლებიათ. „კახეთის კოლონიზაცია ამ დროს დასავლეთ საქართველოდანაც უნდა მომხდარიყო. ამას ტოპონომიკური მასალა გვიმოწმებს“
. მაგ. ისტორიკოს ვახუშტი ბაგრატიონის რუკაზე ერწოს სანახებში (მდ. არაგვის მარცხენა ნაპირას) აღნიშნულია სოფელი „ოდიშელისძენი“. ამ სოფლის დასავლური წარმოშობა (ოდიშ-ელი-ძე) უეჭველია. მცხეთის მამულების 1569 და 1579 წლების სიებში ეს გვარი აქ მოსახლედ ჩანს. შეიძლება სხვა მაგალითების მოტანაც. გვიანდელი კახეთის წარმოქმნაში ვარაუდობენ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის მონაწილეობასაც.
ბარის მოსახლეობის შევსებას ცდილობდნენ მთებიდან გლეხების ჩამოსახლებით. მაჰმადიანური ქვეყნებიდან აბრუნებდნენ ტყვეებს. ასევე საქართველოში შემოდი¬ოდნენ მაჰმადიანური ქვეყნებიდან ლტოლვილი სომხები, რომელნიც აქ სიმშვიდეს, მიწა-წყალს პოულობდნენ.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის (საქართველოსათვის ძველი ტერიტორიების დაბრუნება, საზღვრების აღდგენა, თურქების ქვეყნიდან გაძევება, მოსახლეობის გამრავლებისათვის ზრუნვა, ქართული ეთნოსის თანაბრად განსახლება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე) მიუხედავად, მეფე ალექსანდრეს „დიდი“ უთუოდ ეწოდა იმ გასაოცარი სააღმშენებლო სამუშაოების გამო, რომელიც მან გაწია მტერთაგან დანგრეული ტაძარ-ეკლესია-მონასტრების აღსადგენად.
მეფე ალექსანდრე დიდს უზრუნია საქართველოს განახლებისა და აღორძინებისათვის, შეუდგენია ფართო გეგმა და მიზანშეწონილი საშუალებებით დიდი მუშაობა უწარმოებია. ჯერ გამეფებისთანავე 1412 წლიდან გაუგრძელებია თავისი სულკურთხეული ბებია რუსას დაწყებული სამუშაო სვეტიცხოვლის დიდებული ტაძრის აღსადგენად და დაახლოებით 1431 წელს დაუმთავრებია. „მცხეთის საკათალიკოზო ტაძრის განახლებისათვის ცხრამეტი წელი მუშაობა მოუნდომებია“.
სვეტიცხოვლის აღდგენასთან ერთად „ალექსანდრე მეფე მთელ საქართველოს განადგურებული ციხეებისა და ეკლესია-მონასტრების აღდგენას შეუდგა. თემურ-ლენგის შემოსევამ ისე გააოხრა ქვეყანა, იმდენად დიდი იყო საქართველოსათვის მოყენებული ზიანი, რომ კერძო, ნაწილობრივ და თანდათანობით შეკეთებითა და განახლებით ჩვენი სამშობლოს მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელი იყო. მხოლოდ მთელი სახელმწიფოს და ერის შეერთებული, თანხმობრივი, მიზანშეწონილი და ხანგრძლივი მოქმედებითა და დიდი ქონებრივი სახსრის გამოღებით შეიძლებოდა მონღოლთა ბარბაროსული შემოსევებისაგან განადგურებული ქვეყნის აღდგენა“.
სწორედ ამ მიზნით მან `შემოიკრიბნა კათალიკოზ-ეპისკოპოზნი და ყოველნი დიდებულნი და წარჩინებულნი, ერისთავთ-ერისთავნი, ერისთავნი და განიზრახა მათ თანა აღშენებისათვის კათოლიკე ეკლესიისა მცხეთისა და რომელთამე მოოხრებულთა ეკლესიებთა … ხოლო მთავართა ესმათ რა ბრძანება ესე მეფისა, განიხარეს ყოველთა და შეჰკვეთეს ყოველთა საბრძანებელთა თვისთა, თვინიერ სამეფოსა გამოსაღებისა ყოველსა გლეხსა ერთსა კვამლსა ზედა სამი კირმანაული, რომელი არს ექვსი შაური აწინდელი, და მოჰკრებდიან ამას წლითიწლად და ამით იწყო შენებანი მცხეთისა, რუისს ღვთაებისა ეკლესიისა და სხვათა ეკლესიათა. გარნა მოცაცა მას მშვიდობა ღვთისაგან ათხუთმეტსა წელსა და შეასრულნა განზრახვანი თვისნი“, – წერს ვახუშტი.
თანახმად ივანე ჯავახიშვილისა, მეფეს საქართველოს ეკლესიათა ერთობლივი განახლების სამუშაოები 1425 წელს დაუწყია და 1440 წლისათვის დაუსრულებია.
„ქართველი ხალხი აღტაცებული იყო იმითაც, რომ მან ასეთი დიდი საქმე, განადგურებული ქვეყნის აღდგენა განიზრახა და მოახერხა კიდეც, და იმითაც, რომ ყოველივე თავისი დაპირება ალექსანდრე მეფემ პირნათლად აასრულა“.
თავის სიგელებს, რომელნიც შეიძლება ერთგვარ ანგარიშის წარდგინებადაც მივიჩნიოთ ღვთისა და ქართული ეკლესიის მეთაურისადმი (მაგ. 1438 წლის სიგელი), ასე იწყებს: „ქ.სახელითა ღვთისათა ჩვენ პატრონმან მეფემან ალექსანდრე ესე უკუნისადმი გასათავებელი წიგნი და ნიშანი გკადრეთ და მოგახსენეთ თქვენ … დედა-ქალაქს მცხეთისა საყდარსა და ქართლისა პატრიარქსა-კათალიკოზსა შიოს…“, საქართველოს მეფე ხშირად მოიხსენებს მთელი ამ აღმშენებლობითი მუშაობის პროცესებს: 1440 წლის სიგელში მოახსენებს მცხეთას: „…რა მეფედ დავჯედ, იყო მაშინ ყოველი საქართველო უსჯულოსა თემურისაგან აოხრებულ და ქართლი უნუგეშინისცემოდ განსრული დაგვიხვდა …და მრავალი სული მოესრა და თავად დედაქალაქი მცხეთა და რაოდენნი საქართველოსა საყდარნი და ეკლესიანი და ციხენი იყვნეს ყოველნი დაექცივნეს, საფუძვლითურთ დაექცინეს… და შენ მიერითა შეწევნითა და წინამძღვარებითა ჯვარისა პატიოსანისათა ვიწყე ბრძოლად უსჯულოთა და განვასხენ მზღვართაგან ჩვენთა და ქრისტიანენთ ფრიადს მშვიდობასა და მყუდროებასა მიეცნეს და ვითარ ჩვენთაგან სათანადო იყო, ეგრეთ ვინმე და ვიგულისმოდგინე ყოველთავე საქართველოსა ციხეთა და საყდართა აღშენებად … რაოდენი საქართველოსა ციხენი, საყდარნი და მონასტერნი არიან, ყოველნივე სრულიად ახლად აღვაშენენ და შევამკენ …“.
მეფე ალექსანდრემ განამტკიცა მცხეთის, ანუ საქართველოს საპატრიარქოს ეკონომიკური საფუძვლები, შესწირა მას მამულები და სხვა ქონება.
„ალექსანდრე მეფის აღმშენებლობითი მოღვაწეობა მარტო სამშობლო ქვეყნის მიწა-წყალს არ შეჰხებია, არამედ მისი მადლიანი ხელი და კეთილდღეობისათვის მზრუნველი გული უცხოეთში გაფანტულ ქართულ დაწესებულებებსაც მისწვდომია. საბერძნეთსა და პალესტინაში მყოფ ქართველთა მონასტრებსა და დაწესებულებებსაც კვლავ მზრუნველი და გულშემატკივარი მფარველი გაუჩნდა“.
„ალექსანდრე მეფეს საბერძნეთში ათონის ქართულ მონასტერში განუახლებია `სასნეულო და ამის გოდოლნი და სენაკნი“. ჩანს, საქართველოში შეკრებილი თანხა საზღვარგარეთის შევიწროებულ ქართულ მონასტრებსაც მოახმარეს“.
„სათანადოდ აღუდგენიათ და შემდეგ მცხეთისათვის გადაუციათ (1424 წ.) „ჟამთა ვითარებითა აგარიანთა ხელისაგან მოშლილი“ გარეჯის უდაბნოები“.
მცხეთის საპატრიარქო მრავალ მამულსა და ქონებას ფლობდა სრულიად საქართველოში. აღვნიშნოთ ზოგიერთი მათგანი: „ტფილისის ეკლესია, სასახლე, ვაჭარნი, მამულნი, ბაზარნი, ქულბაქნი, ბაჟნი თვისთა შემოსავლითა, ავლაბრის მონასტერი – მეტეხის ყოვლად წმიდისა – მისის მამულითა, ავლაბრითა, ავლაბრის ჭალითა, მტკვრის პირას სოფელი და კონი და ახალ-უბანი, ქალაქს ვაჭრებითა, კრწანისი, სოფელი შინდისი, სოფელი წავკისის … სომხითის ფარვანის-თავი, ფარვანი, სოფელი ფოკა. ტაშირს სოფელი საბაწმინდა, კეთილ დაბა, მარმაშენის თავს სოფელი წყარო-მრავალი; და წინაუბნის სოფელი. ფუძე-მარგი, სოფელი ველთა, სოფელი მთავარ-ანგელოზისა, ლორეს სოფელი ამუჭი ეკლესიითა და მამულითა, სოფელი დასარღი, ახტალას კუამლი სომეხი ათი მათითა მამულითა, კუალად ახტალის ხევზედ სოფელი ვარდის უბანი …“ და სხვა მრავალი სრულიად (ძირითადად აღმოსავლეთ) საქართველოში, მათ შორის ტაოშიც.
მაშინდელ მსოფლიოში საქართველოს იცნობდნენ, როგორც დიდ ქრისტიანულ ქვეყანას.
„…ირკვევა, რომ XV საუკუნეში ქართველებს კიდევ იმდენი გავლენა ჰქონიათ იერუსალიმსა და ეგვიპტეში, რომ როდესაც სომეხთა ეპისკოპოსს მარტიროსს უნდოდა ქართველ მონაზონთაგან გოლგოთა დაებრუნებინა, იმისდა მიუხედავად, რომ მისივე სიტყვით, ამ საქმისათვის ეგვიპტეშიც კი გამგზავრებულა რამდენჯერმე, ეგვიპტელ მოხელეებისათვის მირთმეულ საჩუქრებშიც დიდძალი ფული დაუხარჯავს, მაინც ვერა გაურიგებია რა. ეგვიპტის სულთანის კარზე მას ბოლოს თურმე გულახდილად ურჩიეს გოლგოთას საბოლოოდ გამოთხოვებოდა და ქართველებთან შეცილებისათვის თავი დაენებებინა, იმიტომ, რომ ქართველ ბერებს ზურგს მათი მეფე უმაგრებს, რომელიც ძღვენის გარდა ჩვენ შეგვპირდა, რომ თავის სამეფოში მუსულმანებს არ შეავიწროებსო“.
იმდროინდელი მოგზაური ბართლომე დე სალინიაგო მოგვითხრობს: იერუსალიმში სალოცავად შესვლის დროს ქართველები საზეიმოდ მორთულ-მოკაზმულ ცხენებსა და აქლემებზე სხედან და გაშლილ-აფრიალებული ეროვნული დროშებით თავისუფლად შემოდიან ქალაქში და სხვებივით სულთანს ამისათვის დაწესებულ გადასახადს არ აძლევენო. სალინიაგო ამასთანავე უმატებს, რომ „ეგვიპტისა და ოსმალეთის სულთანებს ქართველებისა ეშინიათო“.
ცნობილია, რომ სწორედ ამ საუკუნეში შედგა მსოფლიო საეკლესიო კრება ფერარა-ფლორენციისა. ეს კრება მსოფლიო საეკლესიო გაერთიანებას (ერთიანობის აღდგენას) ისახავდა მიზნად. ამ კრებაზე, როგორც წესი, დაცული იქნა დიპტიხი. სხდომის დარბაზში ერთ მხარეს თანმიმდევრობით დასხეს ჯერ საპატრიარქო ღირსების მქონე მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლები, მათ შემდეგ კი მათზე დაბალი რანგით მდგომი სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები26. საპატრიარქო ეკლესიების რიგში კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის პატრიარქების წარმომადგენლების შემდეგ დასვეს საქართველოს საპატრიარქო ეკლესიის (საბუთებშია „საქართველოს მეფის“) წარმომადგენლებიც. ეს ყოფილა მიტროპოლიტი სოფრონი, როგორც ეს ვახუშტის შრომის შესაბამისი ადგილის შენიშვნიდან ჩანს: „სწერენ ხრონოლოგებისა შინა, რამეთუ ფლორენციის კრებასა ზედა იყო ერთი მიტროპოლიტი სოფრონ და ეპისკოპოზი ერთი, წელსა ქრისტესა 1433, ქართველნი, რომელნი იქნების ალექსანდრეს მეფობის წელი 19“.
სწორედ საპატრიარქო ღირსების მქონედ რომ მიაჩნდათ ქართული ეკლესია, ეს ჩანს იმ წლების სიგელებიდანაც. მაგალითად, მეფე ალექსანდრე ხაზგასმით უწოდებს თავის დროის კათალიკოსებს „პატრიარქებს“, ხოლო მცხეთას – „საპატრიარქო“ საყდარს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმის შესახებ, რომ დიპტიხში საქართველოს ეკლესიის ადგილის განსაზღვრასა და მსოფლიოს სხვა ეკლესიათა შორის საქართველოს ეკლესიის „საპატრიარქო“ ღირსების აღიარებას იმ დროს ჩვენში მნიშვნელობას ანიჭებდნენ.
მაგალითად: 1420 წლის მცხეთის სიგელში ნათქვამია: „ამავე ჟამსა დადგინდა პატრიარქად კათალიკოზი მიქაელ“.
1424 წლის სიგელშია: „ღვთისა საყდრისა დედაქალაქისა მცხეთისა პატრიარქად განმზადებულმან მონაზონმან დავით…“. 1428 წლის სიგელში მცხეთას – „საპატრიარქო საყდარი“ეწოდება („საყდარი“ უდრის ევროპულ „კათედრას“, რუსულ „პრესტოლს“). „…გვემსახურა ჩვენსა საპატრიარქოსა საყდარსა დედა-ქალაქის მცხეთისათვის…“30.
ეს საბუთები სწორედ ფერერა-ფლორენციის კრების სამზადისის პერიოდშია გამოცემული. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ ქართული ეკლესიის საერთაშორისო ღირსების გრძნობა ამ დროისათვის ისევე მაღალია, როგორც XI-XII საუკუნეებში.
ალექსანდრე დიდი ძალზე ზრუნავდა საეკლესიო ერთობის დაცვისათვის. საეკლესიო სეპარატიზმს უკვე მის დროს უჩენია თავი, კერძოდ, სამხრეთ საქართველოში (მესხეთში), რაც უთუოდ მესხეთის მთავრების გავლენით, ანდა იძულებით ხდებოდა. საბედნიეროდ, თავისი მეფობის დაწყებისთანავე ალექსანდრე მეფემ შეძლო „გაეწვრთნა“ და გაეერთგულებინა ორგული მთავარი მესხეთისა, რასაც, ჩანს, საეკლესიო სეპარატიზმის აღმოფხვრაც მოჰყოლია. ამის გამო მაწყვერელი მთავარეპისკოპოსი წერს კათალიკოს გერასიმეს: „…როგორც ამას წინათ მეფეთა მლოცავნი და თქვენნი მომხსენებელნი და ერთგულნი ყოფილან, ამავე წესითა მეფეთა მლოცავნი ვიყვნეთ და თქვენნი მომხსენებელნი ვიყვნეთ: არც პატრიარქი მოვიხსენოთ ანტიოქიისა, არც მისგან გამოგზავნილი კაცი შევიწყნაროთ“.
ალექსანდრეს დროს ქვეყანაში ერთიანობა და მშვიდობა იყო, ხოლო საქართველოს გავლენა მის მეზობლებზე ძველებურადვე აღდგა. თანახმად ვახუშტისა, 1437 წელს ყარაბაღში ჩასულ მეფეს მორჩილებით მიეახლნენ განძელნი, შირვანელნი და დარუბანდელნი, „…განუჩინა მათ ხარკი და დაიმორჩილნა ყოვლითვე“32.
1440 წელს, აღდგომა დღეს, მოულოდნელად, საქართველოს შავბატკნიან თურქმენთა მეთაური, თავრიზის მფლობელი ჯეჰანა-შაჰი დასხმია თავს. ასეთ დროს თავდასხმას არავინ ელოდა, ამიტომაც ბევრი ქართველი დაუტყვევებიათ. თავისი გამარჯვების სახსოვრად 1664 მოჭრილი თავისაგან მინარეთი აუგია ქ. სამშვილდეში. თბილისი აუღია და ეკლესიები დაუნგრევია. „ქრისტიანებს დიდი ხარაჯა დაადეს, რათა აეძულებინათ გამაჰმადიანებულიყვნენო.
ალექსანდრე მეფეს თავისი სიყვარული ქრისტეს მიმართ იმითაც გამოუმჟღავნებია, რომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მეფობაზე უარი უთქვამს, ბერად შემდგარა და მონაზვნად აღკვეცილა. „…მეფემან ალექსანდრემ სახე მონაზონებისა შეიმოსა და უწოდეს სახელად ათანასე და აღაშენა თვისად სენაკი და სახლნი დიდნი ქვიტკირისანი მცხეთას, მისგან აღშენებულს მთავარ ანგელოზის ეკვდერთან და მუნ დადგა ვიდრემდის ცხოვრობდა სასოებითა და მოღვაწებით“.
საუკუნო იყავნ ხსენება მისი!