USD 2.6950
EUR 3.1604
RUB 3.4588
Тбилиси
„მეწარმეთა შესახებ კანონში“ 21 მნიშვნელოვანი ცვლილებაა შეტანილი
дата:  1733

2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ბიზნესსამართალში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდა, მათ შორის უმთავრესი განახლებული "მეწარმეთა შესახებ კანონია", რომელიც პარლამენტმა გასული წლის აგვისტოში დაამტკიცა. განახლებული კანონის მიღება ევროკავშირში მოქმედ ნორმებთან ჰარმონიზებით იყო განპირობებული. საგადასახადო საკონსულტაციო კომპანია LTA-მ ახალი ნორმების შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა, წარმოგიდგენთ 21 მნიშვნელოვან ცვლილებას, რაც "მეწარმეთა შესახებ კანონში" წელს ამოქმედდა. 

LTA: 21 მნიშვნელოვანი ცვლილება საქართველოს სამეწარმეო სამართალში, რაც 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა: 

სადამფუძნებლო შეთანხმება

ახალ კანონში გაჩნდა ისეთი ტერმინი, როგორიცაა სადამფუძნებლო შეთანხმება. სამეწარმეო საზოგადოების დასაფუძნებლად აუცილებელი ხდება სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმების წარდგენა მარეგისტრირებელ ორგანოში. სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება წერილობით ფორმდება და მას ხელს აწერს სამეწარმეო საზოგადოების ყველა დამფუძნებელი პარტნიორი. სადამფუძნებლო შეთანხმება შედგება წესდებისა და კანონით დაწესებული სხვა სავალდებულო მონაცემებისგან.

როგორც ახალი კანონის განმარტებითი ბარათი ხსნის, წესდება უნდა იყოს სამეწარმეო საზოგადოების ერთგვარი კონსტიტუცია, რომლის ცვლილების საჭიროებაც იშვიათად უნდა დადგეს, შესაბამისად, სადამფუძნებლო შეთანხმებას (გარდა წესდების ნაწილისა) ენიჭება შედარებით მოქნილი დოკუმენტის ფუნქცია და პარტნიორთა შორის ურთიერთობებს შედარებით მარტივი ფორმით დაარეგულირებს.

კანონი ადგენს იმ მინიმალურ მონაცემებს, რომელიც სადამფუძნებლო შეთანხმებაში უნდა აისახოს წესდების გარდა. აღნიშნული მინიმალური მონაცემები ემთხვევა წინა კანონში არსებულს: საფირმო სახელწოდება, ინფორმაცია პარტნიორებზე და ა.შ.

წესდებაში თავის მხრივ კანონი ავალდებულებს მეწარმეებს განსაზღვრონ:

ა) სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივი ფორმა;

ბ) სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის საგანი. საქმიანობის საგნად შეიძლება მიეთითოს როგორც ზოგადი სამეწარმეო საქმიანობა, ისე კონკრეტული საქმიანობის საგანი;

გ) პარტნიორთა შორის შეთანხმებულ შეზღუდვას წილზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში;

დ) ინფორმაციას პარტნიორთა შეთანხმების არსებობის თაობაზე, თუ ასეთი შეთანხმება არსებობს.

აღნიშნული ჩამონათვალიდან აღსანიშნავია, რომ დამატებით სავალდებულო ხდება სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის მითითება.

სტანდარტული წესდება

ახალი კანონი გვთავაზობს სტანდარტული წესდების ცნებას. აქამდეც ძირითადად კომპანიების დაფუძნებისას მეწარმეები იყენებდნენ საჯარო რეესტრის სტანდარტულ შაბლონს. თუმცა, ახალი “სტანდარტული წესდება” არ შეიცავს შესაცვლელ ელემენტებს და მის გამოსაყენებლად მეწარმეები უბრალოდ მიუთითებენ რომ იყენებენ სწორედ სტანდარტულ წესდებას და არა თავიანთ წესდების ვერსიას. სტანდარტულ წესდებას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისი შინაარსი განსხვავდება სამართლებრივი ფორმების მიხედვით.

მეწარმის საფირმო სახელწოდება

ცვლილებები განიცადა ასევე საწარმოს საფირმო სახელწოდებასთან დაკავშირებულმა რეგულაციამაც (სახელი რომლითაც მეწარმე საქმიანობას ახორციელებს).

ისევე როგორც აქამდე, დასაშვებია ნებისმიერი ფანტაზიის ნაყოფის გამოყენება დასახელებაში,. თუმცა, მნიშვნელოვანია ახალი კანონის იმპერატიული მოთხოვნა თუ რა არ შეიძლება იქნეს გამოყენებული კომპანიის სახელად. მოგვყავს მთავარი აკრძალვები დადგენილი კანონით:

ანტიᲡახელმწიფოებრივი / შუღლის გამღვივებელი ან ძალადობის მოწონების / მოწოდების / პროპაგანდის სიტყვა ან სიტყვათწყობა;
დისკრიმინაციული ან საჯარო წესრიგის / საყოველთაოდ აღიარებული ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგო სიტყვა ან სიტყვათწყობა;
შეცდომაში შემყვანი დამატებითი სიტყვა;
სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტების დასახელების იდენტური ან მიმსგავსებული დასახელების გამოყენება, ისეთი პირების მიერ, რომელშიც შესაბამის ინსტიტუტს არ აქვს წილობრივი მონაწილეობა;
ფიზიკური პირის სახელი, მისი წერილობითი თანხმობის გარეშე;
საქართველოში რეგისტრირებული სხვა იურიდიული პირის ან საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი პირის საფირმო სახელწოდების იდენტური ან მიმსგავსებული ფორმულირება, ამ პირის თანხმობის გარეშე.
უცენზურო ან შეურაცხმყოფელი სიტყვა ან სიტყვათწყობა;
კანონი ასევე განსაზღვრავს იმ პირის პასუხისმგებლობას, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ სარგებლობს სხვა იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებით. ასეთ შემთხვევაში ის ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტოს ასეთი სარგებლობა და აანაზღაუროს მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით გამოწვეული ზიანი.

სამეწარმეო საზოგადოებას შეუძლია დამრღვევს აღნიშნული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად მოსთხოვოს სხვა იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებით მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით მიღებული სარგებლის სამეწარმეო საზოგადოებისთვის გადაცემა ან ამგვარი სარგებლის მიღების უფლების დათმობა.

საქართველოში ამჟამად ძალიან ბევრი არის იდენტური ან ძალიან მსგავსი, ასევე ცნობილი ბრენდების დასახელებით არსებული საწარმოები. სავარაუდოდ ამიტომ, კანონის ამ მოთხოვნების შესაბამისობაში მოსაყვანად, მეწარმეებს ექნებათ ორი წელი. 2 წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ მათ მიუვათ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მიეცემათ დამატებითი 3 თვე ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუკი დამატებითი 3-თვიან ვადაში შესაბამისი ცვლილება არ მოყვა სარეგისტრაციო მონაცემებს - მეწარმის რეგისტრაცია ჩაითვლება გაუქმებულად.

ინდივიდუალურ მეწარმეს შეუძლია მიუთითოს დასახელებაში მხოლოდ მისი სახელი და/ან გვარი, მაშინ როდესაც აქამდე სავალდებულო იყო ორივესი (სახელის და გვარის ერთად) მითითება.

საქმიანი წერილი და ვებგვერდი

საკანონმდებლო სიახლეს ასევე წარმოადგენს ჩანაწერი საქმიანი წერილისა და ვებგვერდის შესახებ.

ახალი ნორმის თანახმად, კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოების ყველა საქმიან წერილზე უნდა მიეთითოს სულ მცირე შემდეგი მონაცემები: საფირმო სახელწოდება; იურიდიული მისამართი; საიდენტიფიკაციო ნომერი.

ეს მოთხოვნები ეხება როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული სახით შედგენილ საქმიან წერილს. გაუგებარია ამ მომენტისთვის თუ რას მოიცავს საქმიანი წერილი ზუსტად. კონსერვატული ინტერპრეტაციისას სავარაუდოა, რომ ნებისმიერი სახის დოკუმენტი / წერილი რომელიც გამოიცემა კომპანიის სახელით, ელ. ფოსტით გაგზავნილის ჩათვლით ჩაითვლება საქმიან წერილად. დიდი ალბათობით აღნიშნული არ მოიცავს მხოლოდ სახელმწიფო უწყებებთან მიმოწერის ფორმატს, და ვრცელდება ნებისმიერ პირთან კომუნიკაციის ფორმაზე.

ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა სამეწარმეო საზოგადოებამ საქმიან წერილზე საფირმო სახელწოდებასთან ერთად უნდა მიუთითოს დამატება „ლიკვიდაციის პროცესში“. იგივე წესი ვრცელდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მყოფ პირზე. ეს პირი ვალდებულია მიუთითოს აგრეთვე „გადახდისუუნარობის პროცესში“ ან მიუთითოს გადახდისუუნარობის კონკრეტული რეჟიმის თაობაზე − „რეაბილიტაციის რეჟიმში“ ან „გაკოტრების რეჟიმში“. უცხო ქვეყნის სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ყველა საქმიან წერილზე უნდა მიეთითოს აგრეთვე ფილიალის მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის ნომერი.

საყურადღებოა, რომ ყველა მონაცემი, რომელიც მიეთითება საქმიან წერილზე, უნდა მიეთითოს აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში). ანუ კომპანიების ვებგვერდზე სავალდებულო გახდა როგორც მინიმუმ შპს-ს საფირმო სახელწოდების, საიდენტიფიკაციო კოდის და იურიდიული მისამართის მითითება. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით.

ეს კიდევ ერთი ისეთი ცვლილებაა, რომელიც ასევე მოახდენს ზეგავლენას ყველა უკვე არსებულ იურიდიულ პირზე და მასთან შესაბამისობაში მოყვანა გახდება საჭირო ყველა ქართული საწარმოსთვის სავალდებულო გახდება.

მარეგისტრირებელი ორგანოს შეტყობინების ჩაბარების წესი

ახალი კანონი ითვალისწინებს მარეგისტრირებელი ორგანოს შეტყობინების ჩაბარების წესს.

მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება 1. მეწარმის მიერ გაცნობისთანავე; 2. იურიდიულ მისამართზე ჩაბარების მომენტიდან ან 3. ელექტრონულ მისამართზე განთავსებიდან მე-15 დღეს.

მეწარმეებთან საკომუნიკაციოდ და ელ. სერვისების მისაწოდებლად მარეგისტრირებელმა შექმნა ელ. პორტალი. ელექტრონულ მისამართად უწოდებენ ამ ელ. პორტალზე არსებულ მეწარმის ავტორიზებული მომხარებლის გვერდს.

მოსალოდნელია, რომ ეს იქნება ისეთივე გვერდი როგორიცაა საგადასახადო ორგანოსთან გადასახადის გადამხდელის საკომუნიკაციო გვერდი https://rs.ge, რომელიც წარმატებით მუშაობს საქართველოში.

ელექტრონული მისამართის არსებობა, მარეგისტრირებელ ორგანოსა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციას ბევრად მოსახერხებელს გახდის. სავარაუდოდ, მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან ფიზიკურად წერილის გაგზავნა მოხდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მოხდება, რაც გაცილებით ეფექტურს გახდის საკორპორაციო სამართლებრივი საკითხების სახელმწიფოს მხრიდან დარეგულირებას.

ხელმძღვანელი ორგანო / პირი

ახალ სამეწარმეო კანონში დირექტორის ცნება აღარ გვხვდება. მის ნაცვლად კი გაჩნდა ტერმინი - ხელმძღვანელი ორგანო/ხელმძღვანელი პირი. ისევე როგორც აქამდე - საზოგადოების ხელმძღვანელობა შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე ხელმძღვანელი პირის მიერ ერთობლივად ან ცალ-ცალკე.

მოხდა მნიშვნელოვანი დაკონკრეტება ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობაზე საზოგადოების წინაშე. კერძოდ, მუხლი “სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების შესახებ” ადგენს, რომ ხელმძღვანელი პირი თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან თუ მან სამეწარმეო გადაწყვეტილება მიიღო საკმარისი და სანდო ინფორმაციის საფუძველზე, სამეწარმეო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად და ინტერესთა კონფლიქტის ან სხვების ზეგავლენის გარეშე. საგულისხმოა, რომ ამავდროულად ეს გათავისუფლება არ ვრცელდება, თუ იგი მოქმედებდა კანონით ან წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებების საწინააღმდეგოდ.

ახალი კანონით დაკონკრეტდა ხელმძღვანელი პირის მიერ კონკურენციის აკრძალვის წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის სახეები. გაიზარდა კონკურენციის წესის მოქმედების შესაძლო ვადა 3 წლამდე თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ. კონკურენციის წესი ხელმძღვანელი ორგანოს წევრს უკრძალავს სამეწარმეო საზოგადოების თანხმობის გარეშე იგივე საქმიანობის განხორციელებას, რომელსაც ეწევა აღნიშნული საზოგადოება, ასევე უკრძალავს, იყოს მსგავს სფეროში მოქმედი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი.

კონკურენციის აკრძალვის წესის დარღვევის შემთხვევაში სამეწარმეო საზოგადოებას შეუძლია დამრღვევს მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციასთან ერთად შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდაც მოსთხოვოს. ალტერნატიულად, კომპენსაციის ნაცვლად საწარმომ შეიძლება მოსთხოვოს საკუთარი ან მესამე პირის სახელით დადებული გარიგებიდან მიღებული სარგებლის სამეწარმეო საზოგადოებისთვის გადაცემა ან სარგებლის მიღების უფლების დათმობა. აღნიშნულის მოთხოვნის უფლება საზოგადოებას არ აქვს იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელის დამნიშვნელისთვის ცნობილი იყო ხელმძღვანელის პარალელური საქმიანობის შესახებ.

აქვე აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა ბათილად ცნობს ნებისმიერ დათქმას, (თუნდაც სახელშეკრულებოს), რომელიც ხელმძღვანელი ორგანოს წევრის / ხელმძღვანელი პირის დანიშვნას და გათავისუფლებას ზღუდავს. ჩვენ ვთვლით რომ ასეთი იმპერატიული ნორმა შექმნილია იმისათვის რომ გამოირიცხოს სიტუაცია, რომელმაც შეიძლება „გაყინოს“ საზოგადოება ხელმძღვანელის არყოლის ან კონკრეტული ხელმძღვანელის სავალდებულო ყოლის გამო.

სასამსახურო ხელშეკრულება

სიახლეს წარმოადგენს ასევე სასამსახურო ხელშეკრულება. მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნება გადაწყვეტილება ხელმძღვანელი პირის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ (რაც საკმარისია ხელმძღვანელი პირისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მისანიჭებლად) - პარალელურად შპს / სს / კოოპერატივს და ხელმძღვანელ პირს შორის იდება სასამსახურო ხელშეკრულება. ასეთ ხელშეკრულებაზე არ ვრცელდება შრომის სამართლის დებულებები.

სასამსახურო ხელშეკრულების დადების ნებაყოფლობითობაზე კანონს მითითება არ აქვს, რაც მიანიშნებს იმაზე რომ ყველა შპს-ს და სს-ს აქვს გასაფორმებელი ასეთი სასამსახურო ხელშეკრულება. თუმცა, მისი არ გაფორმებისთვის კანონი სანქციას არ ითვალისწინებს.

სასამსახურო ხელშეკრულებაში გაიწერება ხელმძღვანელი პირის უფლება-მოვალეობები, ანაზღაურების წესი და სხვა. ეს ხელშეკრულება არ წარმოადგენს შრომით ხელშეკრულებას და მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ნორმები.

თუ სასამსახურო ხელშეკრულებაში არ არის მოცემული ინფორმაცია ხელმძღვანელი პირის საქმიანობის ანაზღაურების შესახებ, ივარაუდება, რომ იგი თავის საქმიანობას უსასყიდლოდ ახორციელებს. ხელმძღვანელი პირის თანამდებობიდან გათავისუფლება ავტომატურად იწვევს სამეწარმეო საზოგადოების მიერ მასთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულების მოშლას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

რეორგანიზაცია

ახალი კანონი დეტალურად აწესრიგებს საწარმოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს როგორიცაა, რეორგანიზაციის სახეები, პროცედურები, კრედიტორთა დაკმაყოფილება, პარტნიორის მიერ წილის გამოსყიდვა.

სამეწარმეო საზოგადოების არსებობის შეწყვეტა

ახალ კანონში მოცემულია სამეწარმეო საზოგადოების არსებობის შეწყვეტის პროცესი, რომელიც სამი სტადიისგან შედგება:

საზოგადოების დაშლა

საზოგადოების დაშლის საფუძველი შეიძლება იყოს პარტნიორთა გადაწყვეტილება; პარტნიორთა სავალდებულო რაოდენობასთან დაკავშირებით კანონის დადგენილი მოთხოვნების დარღვევა; იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; პარტნიორის განცხადების/სარჩელის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; წესდებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

სიახლეს წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოების დაშლა სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტნიორის განცხადების/სარჩელის საფუძველზე. ამისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობა, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთვევაში უნდა შეფასდეს. მნიშვნელოვან საფუძვლად მიიჩნევა თუ ერთ-ერთმა პარტნიორმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დაარღვია კანონით ან წესდებით მისთვის დაკისრებული არსებითი მოვალეობა, ან თუ პარტნიორი მოვალეობას ვეღარ ასრულებს და შეუძლებელი ხდება სამეწარმეო საზოგადოების მიზნის მიღწევა.

ამავე დროს, გასათვალისწინებელია სხვა პარტნიორების ინტერესიც საზოგადოების არსებობის გაგრძელების თაობაზე. პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე დაშლილმა სამეწარმეო საზოგადოებამ შეიძლება გააგრძელოს არსებობა, თუ ამას გადაწყვეტს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით და სამეწარმეო საზოგადოების ქონების პარტნიორთა შორის განაწილება არ დაწყებულა.

საზოგადოების ლიკვიდაცია

საზოგადოების დაშლის შემდგომ იწყება ლიკვიდაციის პროცესი და ინიშნება შესაბამისი ლიკვიდატორი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. ლიკვიდაციის პროცესში საზოგადოებას უნარჩუნდება იურიდიული პირის სტატუსი, მაგრამ თავის საფირმო სახელწოდებას აუცილებლად უნდა დაურთოს დამატება „ლიკვიდაციის პროცესში“.

კანონის მოთხოვნაა, რომ ლიკვიდატორებმა მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე ან თავიანთ ვებგვერდზე გამოაქვეყნონ განცხადება და დაუყოვნებლივ შეატყობინონ კრედიტორებს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ და მოიწვიონ ისინი თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საზოგადოება თავის ქონებას ანაწილებს პარტნიორებზე წილების პროპორციულად. ამისთვის დაწესებულია კონკრეტული ვადა იმისდა მიხედვით თუ რა საფუძვლით ხდება საზოგადოების დაშლა.

რეგისტრაციის გაუქმება

საზოგადოების ქონების სრულად განაწილების შემდეგ ლიკვიდაციის პროცესი სრულდება. ლიკვიდატორებმა მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიმართონ ლიკვიდაციის რეგისტრაციის მოთხოვნით, რის საფუძველზეც მარეგისტრირებელი ორგანო გააუქმებს სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციას.

ახალი კანონით გათვალისწინებულია შემთხვევა, როდესაც საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ გაირკვევა, რომ საზოგადოებას დარჩა გარკვეული ქონება ან საჭიროა დამატებითი სალიკვიდაციო მოქმედებების განხორციელება, ასეთ დროს სასამართლო ნიშნავს იგივე ან ახალ ლიკვიდატორს, რომ ეს პროცესი საბოლოოდ დასრულდეს.

შეცილება, გასაჩივრების უფლებამოსილება და ვადები

კანონში ცალკე თავი ეთმობა ხანდაზმულობას და შეცილებას, გასაჩივრების უფლებამოსილებასა და ვადებს. სიახლეა შეცილების უფლება, რომლის ზოგად ვადად 6 თვე განისაზღვრა. ნორმა განსაზღვრავს პირთა წრეს, რომლებსაც საერთო კრების გადაწყვეტილების, სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს/ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების შეცილების უფლება აქვთ. სარჩელი შეცილების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს 1 თვის ვადაში (არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღების დღიდან 6 თვისა), ხოლო თუ საერთო კრება კანონის ან წესდების მოთხოვნათა უხეში დარღვევით იქნა მოწვეული ან ჩატარებული − გადაწყვეტილების მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა.

კანონი იმპერატიულად ადგენს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს)

შპს-ის წილების სახეები

ახალი მეწარმეთა შესახებ კანონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს შპს-ში კაპიტალის მოზიდვის გამარტივება, რაც ნებადართული წილების დასაშვებობასა და წილების განსხვავებული კლასების გამოშვების შესაძლებლობაში გამოიხატება.

ახალი კანონის მიხედვით, კაპიტალის სტრუქტურა უფრო მოქნილია და ის სააქციო საზოგადოების კაპიტალის ძირითად ნიშან-თვისებებს იზიარებს. აღნიშნული სიახლე ინვესტორებს გაუადვილებს საზოგადოების დაფინანსებას, კომპანიაში წილის სანაცვლოდ.

კანონი ითვალისწინებს შპს-ის კაპიტალის დაყოფას განთავსებულ, გამოშვებულ და ნებადართულ წილებად. Ამით შპს-ს დაემატა სააქციო საზოგადოების მსგავსი მექანიზმი.

განთავსებული წილი - წილი განთავსებულად მიიჩნევა, თუ ის გასცა შპს-მ სხვა პირზე გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ, მიუხედავად იმისა, მიღებული აქვს თუ არა ამ საზოგადოებას ეს საზღაური. განთავსებული წილი უნდა განვასხვავოთ განთავსებული კაპიტალისგან, რომლის მთავარი ფუნქცია დაფუძნებისას საზოგადოების საწყისი კაპიტალის ფორმირებაა (ე.წ: საწესდებო კაპიტალი (statutory capital, legal capital, charter capital, subscribed capital) და მხოლოდ სააქციო საზოგადოების შემთხვევაშია სავალდებულო.

გამოშვებული წილი - წილები, რომელთა განთავსების შესახებ გადაწყვეტილებაც პარტნიორთა გადაწყვეტილებით ან წესდებით განსაზღვრულმა ორგანომ მიიღო ან პარტნიორებმა მიიღეს. გამოშვებული წილები რეესტრში აღირიცხება და განთავსებამდე უფლებებსა და მოვალეობებს არ წარმოშობს. წილების განთავსებას ახორციელებს შპს-ის ხელმძღვანელი.

ნებადართული წილი - წილი, რომელიც პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად შესაძლოა მომავალში იქნეს გამოშვებული და განთავსებული. ნებადართული წილის ოდენობა, კლასი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში შესაბამისი წილი, აგრეთვე მისი ნომინალური ღირებულება (თუ ასეთი ღირებულება დადგენილია) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებაში უნდა აისახოს.

ახალი მეწარმეთა შესახებ კანონის თანახმად წილები შეიძლება იყოს ნომინალური ღირებულების ან ასეთის არმქონე. თუ შპს-ს აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების მქონე წილები, განთავსებული კაპიტალის ოდენობა უნდა შეადგენდეს ნომინალური ღირებულების მქონე წილების ჯამს.

თუ შპს-ს განთავსებული აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების არმქონე წილები, განთავსებული კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით. განთავსებული კაპიტალი აუცილებლად ეროვნულ ვალუტაში უნდა იყოს გამოსახული.

წესდებით შესაძლოა წილები დაიყოს კლასებად. წილები, რომლებიც იდენტურ უფლებებსა და ვალდებულებებს წარმოშობს, წილების ერთ კლასში გაერთიანდებიან, შესაბამისად ერთი კლასის ყველა წილის ნომინალური ღირებულება ერთი და იგივე უნდა იყოს.

შპს-ის მიერ გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის პარტნიორების უფლების გამოყენება გაიზარდა 10-დან 14 დღემდე.

დივიდენდის განაწილება

კანონმდებელმა დააწესა ახალი შეზღუდვა დივიდენდის განაწილებაზე: დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება დაუშვებელია, თუ დიდია ალბათობა, რომ ამის შედეგად შპს მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ვადამოსული ვალდებულებების ჩვეულებრივი ან/და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში შესრულებას. ასევე დაუშვებელია დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება, თუ ამის შედეგად შპს-ს აქტივები ვეღარ დაფარავს ვალდებულებებსა და განთავსებული კაპიტალის ოდენობას.

საკუთარი წილის შეძენა შპს-ის მიერ

ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ კანონმა პირდაპირ დაუშვა საკუთარი წილის შეძენა შპს-ის მიერ, რომლის მისაღები შენატანი სრულად არის განხორციელებული.

დაუშვებელია შპს-ის მიერ საკუთარ კაპიტალში იმ წილის სრულად შეძენა, რომელიც იძლევა შეუზღუდავ ხმის უფლებას ან შპს-ის ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისას მისი ქონების მიღების უფლებას. თუკი შპს მაინც განახორციელებს ამ მოქმედებას საკუთარ კაპიტალში შეძენილი წილი უნდა გაიყიდოს ან გაუქმდეს იმ კალენდარული წლის დასრულებამდე, რომელშიც ის იქნა შეძენილი.

განთავსებული კაპიტალი

მნიშვნელოვანია რომ შპს-ის მინიმალური განთავსებული კაპიტალის დაწესების ვალდებულება კვლავ არ გვხვდება. კომპანიის შპს-ს სახით დაფუძნება შესაძლებელია განთავსებული კაპიტალის გარეშე, თუმცა ეს წესი არ ზღუდავს საზოგადოებას, დააწესოს მინიმალური საწესდებო კაპიტალი.

ახალი კანონი ასევე ადგენს პარტნიორის გასვლის/გარიხცვის წინაპირობებსა და პროცედურებს.

საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლა

ისევე როგორც წინა კოდექსში - პარტნიორს შეუნარჩუნდა უფლება გავიდეს საზოგადოებიდან, თუმცა დაკონკრეტდა დამატებითი შემთხვევები როდესაც მას ასევე შეუძლია გავიდეს საზოგადოებიდან. კერძოდ, მას შეუძლია გავიდეს საზოგადოებიდან, თუ მის ინტერესებს ადგება მნიშვნელოვანი ზიანი სხვა პარტნიორების ან ხელმძღვანელის ქმედებების გამო ან არსებობს შემდეგი საფუძვლები:

ა) მნიშვნელოვნად შეიცვალა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის საგანი;

ბ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას დივიდენდი ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გაუნაწილებია, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას იძლეოდა;

გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ მიიღო წილების რომელიმე კლასთან დაკავშირებული უფლების ცვლილებას შესახებ გადაწყვეტილება;

დ) სხვა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება დამატებითი შენატანის განხორციელების ვალდებულების შესახებ, რომელიც მასზეც ვრცელდება.

შპს-დან გასვლის მსურველი პარტნიორის წილის ღირებულება უნდა დადგინდეს მხარეთა შეთანხმებით, შეუთანხმებლობის შემთხვევაში ინიშნება აუდიტორი.

საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა

მნიშვნელოვანი საფუძველის არსებობის შემთხვევაში, პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ შპს-ს სარჩელის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით.

მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, როდესაც პარტნიორის ქმედება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს შპს-ის ინტერესებს ან მისი პარტნიორად დარჩენა საზიანოა შპს-ის შემდგომი საქმიანობისთვის, თუ პარტნიორი შპს-მ წერილობით უშედეგოდ გააფრთხილა შპს-ის ინტერესების დამაზიანებელი ქმედების შეწყვეტისა და შესაძლო გარიცხვის შესახებ.

საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე შესაძლოა პარტნიორს შეუჩერდეს ხმის მიცემის უფლება ან სხვა არაქონებრივი უფლებები. პარტნიორი გარიცხულად მიიჩნევა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

საზოგადოებიდან გასული ან გარიცხული პარტნიორის ქონებრივი უფლებები დაცულია საწარმოს ვალდებულებით, წილის სანაცვლოდ მას გადაუხადოს პარტნიორს სამართლიანი კომპენსაცია.

სიახლეს წარმოადგენს ტექნიკური საშუალების გამოყენებით საერთო კრებაში ხმის მიცემა. მიცემული ხმა მხოლოდ მაშინ იქნება გათვალისწინებული, თუ შესაძლებელია ხმის უფლების გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირისა და შესაბამისი წილების სარწმუნო იდენტიფიცირება. ნების ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოვლენისას აუცილებელია, იგი დადასტურდეს ნოტარიუსის მიერ ან ელექტრონული ხელმოწერით.

სააქციო საზოგადოება

მართვის სისტემა

ახალი კანონით განისაზღვრა სს-ის მართვის მონისტური და დუალისტური სისტემა. დუალისტურია მართვის სისტემა, როდესაც სააქციო საზოგადოებას, საერთო კრებისა და ხელმძღვანელი ორგანოს გარდა, ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო. მონისტურია მართვის სისტემა, როდესაც სს-ს არ ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო. მართვის სისტემის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას და აღინიშნება წესდებაში.

სს-ის კაპიტალში შენატანი

ახალი მეწარმეთა კანონით, სს-ის რეგისტრაციის ან კაპიტალის გაზრდის მომენტისთვის აქციონერმა ფულადი შენატანი უნდა განახორციელოს შესაბამისი გამოშვებული აქციის ნომინალური ღირებულების სულ მცირე 25%-ის ოდენობით, ხოლო ნომინალური ღირებულების არარსებობის შემთხვევაში − 100,000 ლარის სულ მცირე 25 პროცენტის ოდენობით. სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა საზოგადოების რეგისტრაციის მომენტისთვის უნდა შეადგენდეს სულ მცირე 100,000 ლარს.

შენატანის წესი და ვადა განისაზღვრება კანონით და სს-ის წესდებით, მაგრამ მისი დაფუძნებისას ან კაპიტალის გაზრდისას აქციონერმა შენატანი უნდა განახორციელოს სს-ის რეგისტრაციის ან მისი კაპიტალის გაზრდის მომენტიდან 5 წლის ვადაში. სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა არ შეიძლება იყოს სააქციო საზოგადოებაში არაფულადი შენატანის განხორციელების საგანი, თუმცა სხვა სახის არაფულადი შენატანის განხორციელება დასაშვებია მაგ: უძრავი ქონების.

თუკი აქციონერმა დაარღვია ფულადი შენატანის განხორციელების ვადა, ვადამოსულ განუხორციელებელ ფულად შენატანს ერიცხება წლიური პროცენტი; საზოგადოების მიერ, დამატებით შეიძლება განხორციელდეს აღნიშნული ვადის დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. აქციონერის მიერ ფულადი შენატანის განხორციელების ვადის დარღვევისას სს-ის ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია დაიწყოს აქციის ჩამორთმევის პროცესი, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენებამდე, სავალდებულოა დამატებითი ვადის დანიშვნა. დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი, ხელმძღვანელი ორგანოს მიერ გაგზავნილი შეტყობინებით აქციონერი სს-ის სასარგებლოდ კარგავს აქციას, განხორციელებულ შენატანს და მასთან დაკავშირებულ უფლებებს.

მნიშვნელოვანი გარიგება

ახალ კანონში გაჩნდა მნიშვნელოვანი გარიგების ცნება. მნიშვნელოვანი გარიგება არის გარიგება, ან ერთი მიზნისთვის განკუთვნილი რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული გარიგება, რომელიც/რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული სს-ის ქონების (სააქციო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების) 25%-ის ან მეტის შეძენასთან, გასხვისებასთან ან უფლებრივად დატვირთვასთან.

კანონით მოწესრიგებულია მნიშვნელოვანი გარიგების დადების წესი. კერძოდ, მონისტური სისტემის დროს საჭიროა არააღმასრულებელი ხელმძღვანელი პირის ან საერთო კრების თანხმობა, ხოლო დუალისტური მმართველობის პირობებში - სამეთვალყურეო საბჭოს ან საერთო კრების თანხმობა.

ახალი კანონის თანახმად, ხელმძღვანელი პირი, სს-ის მართვის სისტემის მიხედვით, ვალდებულია შეატყობინოს შესაბამის ორგანოს ყველა ისეთი დადებული ან დასადები გარიგების შესახებ, რომლის მიმართაც ის დაინტერესებული პირია, აგრეთვე მიუთითოს თავისი დაინტერესების ხასიათი. ნორმაში ასევე ჩამოთვლილია ხელმძღვანელი პირის დაინტერესებულ პირად მიჩნევის კრიტერიუმები.

დივიდენდის განაწილება სს-ის მიერ

სს-ის მიერ დივიდენდის განაწილებაზე, ისევე როგორც შპს-ს დივიდენდის განაწილების შემთხვევაში დაწესდა ახალი შეზღუდვები. კერძოდ დაუშვებელია დივიდენდის განაწილება სს-ის მიერ, თუ:

დივიდენდის განაწილებამდე ან დივიდენდის განაწილების შედეგად სააქციო საზოგადოების ბოლო ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნული წმინდა აქტივის ოდენობა იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე განთავსებული კაპიტალის ოდენობა და კანონით ან წესდებით გათვალისწინებული იმ რეზერვების ოდენობა, რომელთა აქციონერებზე განაწილება დაუშვებელია;

გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობა აღემატება ბოლო ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნულ, ხოლო შუალედური დივიდენდის შემთხვევაში − ბოლო ფინანსური ანგარიშგების შედგენის შემდეგ მიღებულ, სააქციო საზოგადოების წმინდა მოგებისთვის წინა წლების გაუნაწილებელი მოგებისა და თავისუფალი რეზერვებიდან გამოთავისუფლებული სახსრების დამატებით და წინა წლების დაუფარავი ზარალისა და კანონით ან წესდებით დადგენილ რეზერვებში გადასარიცხი თანხების გამოკლებით მიღებულ ოდენობაზე;

დივიდენდის გადახდის დღისთვის ან დივიდენდის გადახდის შედეგად სააქციო საზოგადოება გადახდისუუნარო გახდება ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დადგება.

დივიდენდის გადახდის (მათ შორის, დივიდენდის მოცულობისა და თითოეული სახის აქციაზე დივიდენდის გაცემის ფორმის) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება. დივიდენდი გადახდილი უნდა იქნეს ფულით, თუ დივიდენდის გადახდის შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილებით დივიდენდის სხვა ქონებით გაცემა დადგენილი არ არის.

აღსანიშნავი დამატებითი ცვლილებები

ახალი კანონით, სიახლეა უცხო ქვეყნის ინდივიდუალური მეწარმის ფილიალის რეგისტრაციის შესაძლებლობაც. აღნიშნული პირდაპირ არ წერია კანონში, თუმცა აღინიშნება კანონის განმარტებით ბარათში, და გამომდინარეობს სავარაუდოდ იქიდან რომ კანონი უშვებს ნებისმიერი მეწარმის ფილიალის რეგისტრაციას საქართველოში, ხოლო მეწარმედ მიიჩნევა ფიზიკური პირიც, რომელსაც აქვს საწარმო.

არსებული წესდების შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება

მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს უკვე რეგისტრირებული საწარმოების ვალდებულება, სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში მოიყვანოს ამავე კანონის მოთხოვნებთან მისი ძალაში შესვლიდან 2 წლის ვადაში.

დასკვნა
ახალმა კანონმა ბევრი დამატებითი ვალდებულების გარდა (სს-ს მინიმალური საწესდებო კაპიტალის დაწესება, საქმიანი წერილებში და ვებ გვერდებზე სავალდებულო ინფორმაციის განთავსება, საფირმო სახელწოდებების შეზღუდვები და აშ) დააწესა ბევრი ისეთი უფლება როგორიც აქამდე არ არსებობდა (უცხოური ინდ. Მეწარმის ფილიალის დაარსება, შპს-ის მიერ განსხვავებული ტიპის წილების გამოშვება და საკუთარი წილებისვე შეძენა, სპეციალური პორტალის გამოყენებით ოფიციალური მიმოწერის არსებობა რეესტრთან და სხვა).

Გარდა ამისა, ახალმა კანონმა ბევრი ისეთი საკითხი დაარეგულირა, რომელიც აქამდე ბუნდოვანი იყო და ზოგჯერ ინტერპრეტაციის საშუალების ზედმეტად ფართო ჩარჩოს გვთავაზობდა. Მართალია, გარკვეული სიახლეები ჯერ-ჯერობით გაუგებარია როგორ იმპლემენტაციას ჰპოვებს პრაქტიკაში, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში დავინახავთ დადებით დინამიკას. შეჯამებისას ვთვლით რომ წინა კანონში არსებული ბევრი ბუნდოვანება აღმოფხვრილია და საკორპორაცია ურთიერთობების მეტი ფორმალიზაცია დადებით გავლენას იქონიებს ბიზნესზე და მომხმარებლებზე.

мир
კანადის პრემიერის მარკ კარნის ისტორიული გამოსვლა დავოსში
,, სასიამოვნოც არის და ვალდებულებაც — თქვენთან ყოფნა ამ გარდამტეხ მომენტში, როგორც კანადისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.
დღეს ვისაუბრებ მსოფლიო წესრიგის რღვევაზე, „ლამაზი ისტორიის“ დასრულებაზე და იმ მკაცრი რეალობის დასაწყისზე, სადაც გეოპოლიტიკა აღარ ექვემდებარება არანაირ შეზღუდვას.
მაგრამ ამავე დროს გეუბნებით: სხვა ქვეყნები — განსაკუთრებით საშუალო ძალის სახელმწიფოები, როგორიცაა კანადა — უძლურნი არ არიან. მათ აქვთ უნარი, შექმნან ახალი წესრიგი, რომელიც გააცოცხლებს ჩვენს ღირებულებებს: ადამიანის უფლებების პატივისცემას, მდგრად განვითარებას, სოლიდარობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობას.
ნაკლებად ძლიერთა ძალა იწყება სიმართლით.
ყოველდღე გვახსენებენ, რომ ვცხოვრობთ დიდი ძალების დაპირისპირების ეპოქაში. რომ წესებზე დაფუძნებული წესრიგი ქრება. რომ ძლიერები აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ, ხოლო სუსტები იტანენ იმას, რაც უწევთ.
დიდეს ეს აფორიზმი თითქოს გარდაუვალობადაა წარმოდგენილი — საერთაშორისო ურთიერთობების ბუნებრივი ლოგიკა, რომელიც კვლავ იჩენს თავს. და ამ ლოგიკის წინაშე ქვეყნებს ხშირად უჩნდებათ ცდუნება „შეუერთდნენ დინებას“: მოერგონ, თავი აარიდონ პრობლემებს, იფიქრონ, რომ მორჩილება უსაფრთხოებას მოუტანთ.
არ მოუტანს.
მაშ, რა არჩევანი გვაქვს?
1978 წელს ჩეხმა დისიდენტმა ვაცლავ ჰაველმა დაწერა ესსე სახელწოდებით „უძლურთა ძალა“. მან მარტივი კითხვა დასვა: როგორ ახერხებდა კომუნისტური სისტემა არსებობას?
მისი პასუხი იწყებოდა ბოსტნეულის გამყიდველით. ყოველ დილით ის მაღაზიის ვიტრინაში აკრავს პლაკატს: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ მას არ სჯერა ამის. არავის სჯერა. მაგრამ მაინც აკრავს — პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მორჩილების საჩვენებლად, „რათა საქმე მშვიდად წავიდეს“. და რადგან ყველა ქუჩაზე ყველა მაღაზია იგივეს აკეთებს, სისტემა გრძელდება.
არა მხოლოდ ძალადობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ადამიანები მონაწილეობენ რიტუალებში, რომლებიც თავადაც იციან, რომ სიცრუეა.
ჰაველმა ამას უწოდა „ცხოვრება სიცრუეში“. სისტემის ძალა მოდის არა მისი სიმართლისგან, არამედ ყველას მზადყოფნისგან, მოიქცეს ისე, თითქოს ის მართალია. და მისი მყიფეობაც აქედან მოდის: როგორც კი ერთი ადამიანი შეწყვეტს ამ თამაშს — როგორც კი ბოსტნეულის გამყიდველი ჩამოხსნის პლაკატს — ილუზია იწყებს ბზარვას.
დროა კომპანიებმა და ქვეყნებმა ჩამოხსნან თავიანთი პლაკატები.
ათწლეულების განმავლობაში ქვეყნები, როგორიცაა კანადა, სარგებლობდნენ იმით, რასაც წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ვუწოდებდით. ჩვენ შევედით მის ინსტიტუტებში, ვაქებდით მის პრინციპებს და ვიღებდით სარგებელს მისი პროგნოზირებადობისგან. მისი დაცვის ქვეშ შეგვეძლო ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოება.
ვიცოდით, რომ ეს ისტორია ნაწილობრივ მცდარი იყო. რომ ძლიერები საჭიროებისამებრ თავს ითავისუფლებდნენ წესებისგან. რომ სავაჭრო წესები ასიმეტრიულად სრულდებოდა. და რომ საერთაშორისო სამართალი სხვადასხვა სიმკაცრით ვრცელდებოდა — იმის მიხედვით, ვინ იყო ბრალდებული ან მსხვერპლი.
ეს ფიქცია სასარგებლო იყო, და განსაკუთრებით ამერიკული ჰეგემონია უზრუნველყოფდა საზოგადოებრივ სიკეთეებს: ღია საზღვაო გზებს, სტაბილურ ფინანსურ სისტემას, კოლექტიურ უსაფრთხოებას და დავების გადაწყვეტის ჩარჩოებს.
ამიტომაც დავკიდეთ პლაკატი. ჩავერთეთ რიტუალებში. და უმეტესად თავი ავარიდეთ რიტორიკასა და რეალობას შორის არსებული უფსკრულის გამოძახილს.
ეს შეთანხმება აღარ მუშაობს.
პირდაპირ ვიტყვი: ჩვენ ვცხოვრობთ რღვევის და არა გარდამავალი ეტაპის ეპოქაში.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ფინანსურმა, ჯანდაცვის, ენერგეტიკულმა და გეოპოლიტიკურმა კრიზისებმა გამოავლინა უკიდურესი გლობალური ინტეგრაციის რისკები.
ახლახან კი დიდმა ძალებმა ინტეგრაცია იარაღად აქციეს: ტარიფები — ბერკეტად, ფინანსური ინფრასტრუქტურა — ზეწოლის საშუალებად, მიწოდების ჯაჭვები — სისუსტედ, რომელსაც ექსპლუატაციას უკეთებენ.
შეუძლებელია „იცხოვრო სიცრუეში“ ურთიერთსასარგებლო ინტეგრაციის შესახებ, როდესაც ინტეგრაცია შენი დაქვემდებარების წყაროდ იქცევა.
მრავალმხრივი ინსტიტუტები, რომელზეც საშუალო ძალები ეყრდნობოდნენ — WTO, გაერო, COP — მნიშვნელოვნად დასუსტებულია.
შედეგად, ბევრი ქვეყანა ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდის: საჭიროა მეტი სტრატეგიული ავტონომია — ენერგიაში, საკვებში, კრიტიკულ მინერალებში, ფინანსებში და მიწოდების ჯაჭვებში.
ეს იმპულსი გასაგებია. ქვეყანას, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი თავის გამოკვება, ენერგიით უზრუნველყოფა ან დაცვა, არჩევანი თითქმის არ აქვს. როცა წესები აღარ გიცავს, თავად უნდა დაიცვა თავი.
მაგრამ ნათლად დავინახოთ, სად მივყავართ ამას: ციხე-სიმაგრეების სამყარო უფრო ღარიბი, უფრო მყიფე და ნაკლებად მდგრადი იქნება.
და კიდევ ერთი სიმართლე არსებობს: თუ დიდი ძალები საბოლოოდ უარს იტყვიან წესებისა და ღირებულებების თუნდაც ფორმალურ შენარჩუნებაზე და დაუბრკოლებლად მიჰყვებიან ძალასა და ინტერესებს, „ტრანზაქციონალიზმის“ სარგებელი სულ უფრო რთული გასამეორებელი გახდება. ჰეგემონები ვერ შეძლებენ უსასრულოდურთიერთობების მონეტიზაციას.
მოკავშირეები დაიწყებენ დივერსიფიკაციას, გაურკვევლობისგან დაზღვევას, არჩევანის გაზრდას. ეს აღადგენს სუვერენიტეტს — სუვერენიტეტს, რომელიც ადრე წესებზე იყო დაფუძნებული, ხოლო ახლა უფრო მეტად უნარზე იქნება დამყარებული, გაუძლოს ზეწოლას.
როგორც ვთქვი, ეს კლასიკური რისკმენეჯმენტი ფასიანი სიამოვნებაა, მაგრამ სტრატეგიული ავტონომიის, სუვერენიტეტის ეს ფასი შეიძლება გაზიარებული იყოს. კოლექტიური ინვესტიციები მდგრადობაში იაფია, ვიდრე ყველასთვის საკუთარი ციხის აშენება. საერთო სტანდარტები ამცირებს ფრაგმენტაციას. ურთიერთშემავსებლობა დადებითი ჯამია.
საშუალო ძალებისთვის, როგორიცაა კანადა, კითხვა არ არის — მოვერგოთ თუ არა ახალ რეალობას. უნდა მოვერგოთ. კითხვა ის არის: მოვერგებით მხოლოდ კედლების ამაღლებით, თუ შევძლებთ უფრო ამბიციურს?
კანადა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოფხიზლების ზარს მოუსმინა და საფუძვლიანად შეცვალა სტრატეგიული პოზიცია.
კანადელებმა იციან, რომ ძველი, კომფორტული დაშვება — თითქოს გეოგრაფია და ალიანსები ავტომატურად გვაძლევდა კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას — აღარ არის მართებული.
ჩვენი ახალი მიდგომა ეფუძნება იმას, რასაც ალექსანდერ სტუბი „ღირებულებებზე დაფუძნებულ რეალიზმს“ უწოდებს — სხვაგვარად რომ ვთქვათ, გვინდა ვიყოთ პრინციპულიც და პრაგმატულიც.
პრინციპულები — ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ ერთგულებაში: სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ძალის გამოყენების აკრძალვა გაეროს ქარტიის ფარგლებს გარეთ, ადამიანის უფლებების პატივისცემა.
პრაგმატულები — იმ რეალობის აღიარებაში, რომ პროგრესი ხშირად ეტაპობრივია, ინტერესები განსხვავდება და ყველა პარტნიორი ჩვენს ღირებულებებს არ იზიარებს. ჩვენ ფართოდ და სტრატეგიულად ვურთიერთობთ, გახელილი თვალებით. ვმოქმედებთ სამყაროში ისეთად, როგორიც არის — და არ ველოდებით ისეთ სამყაროს, როგორიც გვინდა რომ იყოს.
კანადა აკალიბრებს ურთიერთობებს ისე, რომ მათი სიღრმე ასახავდეს ჩვენს ღირებულებებს. ჩვენ ვანიჭებთ პრიორიტეტს ფართო ჩართულობას, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი გავლენა — მსოფლიო წესრიგის რისკებისა და მომავალი ფსონების გათვალისწინებით.
ჩვენ აღარ ვეყრდნობით მხოლოდ ჩვენი ღირებულებების ძალას — არამედ ჩვენი ძალის ღირებულებასაც.
ჩვენ ვაშენებთ ამ ძალას შინ.
ჩემი მთავრობის მოსვლის შემდეგ შევამცირეთ გადასახადები შემოსავლებზე, კაპიტალურ მოგებაზე და ბიზნესინვესტიციებზე; მოვხსენით ყველა ფედერალური ბარიერი შიდაპროვინციულ ვაჭრობაში; დაჩქარებული წესით ვახორციელებთ ტრილიონი დოლარის ინვესტიციებს ენერგეტიკაში, ხელოვნურ ინტელექტში, კრიტიკულ მინერალებში, ახალ სავაჭრო დერეფნებსა და სხვა სფეროებში.
2030 წლამდე ვაორმაგებთ თავდაცვის ხარჯებს და ამას ვაკეთებთ ისე, რომ გავაძლიეროთ შიდა ინდუსტრიები.
ჩვენ სწრაფად ვახდენთ დივერსიფიკაციას საერთაშორისო ასპარეზზე. გავაფორმეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ევროკავშირთან, მათ შორის შევუერთდით SAFE-ს — ევროპის თავდაცვის შესყიდვების სისტემას.
ბოლო ექვს თვეში ოთხ კონტინენტზე თორმეტი სხვა სავაჭრო და უსაფრთხოების შეთანხმება გავაფორმეთ.
ბოლო დღეებში კი ახალი სტრატეგიული პარტნიორობები დავამყარეთ ჩინეთთან და ყატართან.
ვაწარმოებთ თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებებს ინდოეთთან, ASEAN-თან, ტაილანდთან, ფილიპინებთან, მერკოსურთან.
გლობალური პრობლემების გადასაჭრელად ვიყენებთ „ცვლად გეომეტრიას“ — სხვადასხვა საკითხზე სხვადასხვა კოალიციებს, ღირებულებებსა და ინტერესებზე დაყრდნობით.
უკრაინასთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ მსურველთა კოალიციის ბირთვული წევრი და ერთ-ერთი უდიდესი ერთ სულ მოსახლეზე დამცველი და უსაფრთხოების მხარდამჭერი.
არქტიკის სუვერენიტეტზე ჩვენ მტკიცედ ვდგავართ გრენლანდიასა და დანიასთან ერთად და სრულად ვუჭერთ მხარს გრენლანდიის უნიკალურ უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ჩვენი ერთგულება მეხუთე მუხლის მიმართ ურყევია.
ჩვენ ვმუშაობთ ნატოს მოკავშირეებთან (მათ შორის სკანდინავიურ-ბალტიურ ქვეყნებთან ), რათა კიდევ უფრო გავამაგროთ ალიანსის ჩრდილოეთი და დასავლეთი ფლანგები — მათ შორის უპრეცედენტო ინვესტიციებით ზეჰორიზონტულ რადარებში, წყალქვეშა ნავებში, ავიაციაში და ადგილზე განლაგებულ ძალებში. კანადა მკაცრად ეწინააღმდეგება გრენლანდიასთან დაკავშირებულ ტარიფებს და მოითხოვს მიზნობრივ მოლაპარაკებებს არქტიკის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საერთო მიზნების მისაღწევად.
პლურილატერალურ ვაჭრობაში ჩვენ ვუჭერთ მხარს ძალისხმევას, შეიქმნას ხიდი ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობასა და ევროკავშირს შორის — ახალი სავაჭრო ბლოკი 1.5 მილიარდი ადამიანისთვის.
კრიტიკულ მინერალებზე ვქმნით მყიდველთა კლუბებს G7-ის ფარგლებში, რათა მსოფლიო გათავისუფლდეს კონცენტრირებული მიწოდებისგან.
ხელოვნურ ინტელექტში ვთანამშრომლობთ თანამოაზრე დემოკრატიებთან, რათა საბოლოოდ არ დაგვჭირდეს არჩევანი ჰეგემონებსა და ჰიპერსკეილერებს შორის.
ეს არ არის გულუბრყვილო მულტილატერალიზმი. არც დასუსტებულ ინსტიტუტებზე დაყრდნობა. ეს არის მოქმედი კოალიციების აშენება — საკითხიდან საკითხამდე — პარტნიორებთან, ვისთანაც საკმარისი საერთო გვაქვს ერთობლივი მოქმედებისთვის. ზოგ შემთხვევაში ეს იქნება ქვეყნების დიდი უმრავლესობა.
და ეს არის ვაჭრობის, ინვესტიციისა და კულტურის მჭიდრო ქსელის შექმნა, რომელზეც მომავალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებში დავეყრდნობით.
საშუალო ძალებმა ერთად უნდა იმოქმედონ, რადგან თუ მაგიდასთან არ ხარ, მენიუში ხარ.
დიდ ძალებს შეუძლიათ მარტო თამაში — მათ აქვთ ბაზრის ზომა, სამხედრო შესაძლებლობები და ბერკეტები პირობების დასაწესებლად. საშუალო ძალებს — არა.
და როცა ჰეგემონთან მხოლოდ ორმხრივად ვლაპარაკობთ, სუსტ პოზიციაში ვიმყოფებით, ვიღებთ იმას, რასაც გვთავაზობენ. ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ იქნება უფრო დამყოლი.
ეს არ არის სუვერენიტეტი. ეს არის სუვერენიტეტის თამაში დაქვემდებარების მიღებით.
დიდ ძალათა კონკურენციის სამყაროში შუაში მყოფ ქვეყნებს არჩევანი აქვთ: ერთმანეთს შეეჯიბრონ კეთილგანწყობისთვის, თუ გაერთიანდნენ და შექმნან მესამე გზა — გავლენიანი გზა.
მყარ ძალაზე ზრდამ არ უნდა დაგვაბრმავოს იმ ფაქტის მიმართ, რომ ლეგიტიმურობის, მთლიანობისა და წესების ძალა კვლავ ძლიერი დარჩება — თუ ერთად ავამოქმედებთ.
და აქ ვუბრუნდები ჰაველს.
რას ნიშნავს საშუალო ძალებისთვის „ცხოვრება სიმართლეში“?
ეს ნიშნავს რეალობის სახელის დარქმევას. შეწყვიტეთ „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის“ მოხმობა ისე, თითქოს ის კვლავ მუშაობს ისე, როგორც აღწერილია. უწოდეთ სისტემას ის, რაც არის: დიდი ძალების მზარდი კონკურენციის პერიოდი, სადაც ყველაზე ძლიერები ეკონომიკურ ინტეგრაციას ზეწოლის იარაღად იყენებენ.
ეს ნიშნავს თანმიმდევრულ მოქმედებას. ერთნაირი სტანდარტების გამოყენებას მოკავშირეებსა და მეტოქეებზე. როცა საშუალო ძალები აკრიტიკებენ ეკონომიკურ ზეწოლას ერთი მხრიდან და დუმილს ინარჩუნებენ მეორეზე — ისინი კვლავ ტოვებენ პლაკატს ფანჯარაში.
ეს ნიშნავს იმის აშენებას, რისიც გვჯერა. ძველი წესრიგის დაბრუნების მოლოდინის ნაცვლად — ისეთი ინსტიტუტებისა და შეთანხმებების შექმნას, რომლებიც რეალურად მუშაობს.
და ეს ნიშნავს ზეწოლის ბერკეტების შემცირებას. ძლიერი შიდა ეკონომიკის აშენება ყოველთვის უნდა იყოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. საერთაშორისო დივერსიფიკაცია არა მხოლოდ ეკონომიკური წინდახედულობაა — ეს არის გულწრფელი საგარეო პოლიტიკის მატერიალური საფუძველი. ქვეყნები იმსახურებენ პრინციპულ პოზიციებს მაშინ, როცა ამცირებენ საკუთარ მოწყვლადობას შურისძიების მიმართ.
კანადას აქვს ის, რაც მსოფლიოს სჭირდება. ჩვენ ენერგეტიკული ზესახელმწიფო ვართ. გვაქვს კრიტიკული მინერალების უზარმაზარი მარაგი. გვყავს მსოფლიოში ყველაზე განათლებული მოსახლეობა. ჩვენი საპენსიო ფონდები მსოფლიოში ყველაზე მსხვილი და დახვეწილია. გვაქვს კაპიტალი, ტალანტი და მთავრობა, რომელსაც აქვს უზარმაზარი ფისკალური შესაძლებლობები გადამწყვეტი მოქმედებისთვის.
და გვაქვს ღირებულებები, რომელთა მიმართ სხვები ისწრაფვიან.
კანადა არის პლურალისტური საზოგადოება, რომელიც მუშაობს. ჩვენი საჯარო სივრცე ხმაურიანი, მრავალფეროვანი და თავისუფალია. კანადელები კვლავ ერთგულნი არიან მდგრადობის.
ჩვენ ვართ სტაბილური, სანდო პარტნიორი — სამყაროში, რომელიც ასეთად აღარ არის — პარტნიორი, რომელიც ურთიერთობებს აშენებს და აფასებს გრძელვადიან პერსპექტივაში.
კანადას აქვს კიდევ რაღაც: გააზრება იმისა, რაც ხდება, და გადაწყვეტილება, იმოქმედოს შესაბამისად.
ჩვენ გვესმის, რომ ეს რღვევა უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე ადაპტაციას. ის მოითხოვს გულწრფელობას სამყაროს მიმართ — ისეთად, როგორიც არის.
ჩვენ ვიღებთ პლაკატს ფანჯრიდან.
ძველი წესრიგი აღარ დაბრუნდება. არ უნდა ვიგლოვოთ იგი. ნოსტალგია არ არის სტრატეგია.
მაგრამ ბზარიდან შეგვიძლია ავაშენოთ რაღაც უკეთესი, ძლიერი და უფრო სამართლიანი.
ეს არის საშუალო ძალების ამოცანა — მათ აქვთ ყველაზე მეტი დასაკარგი ციხე-სიმაგრეების სამყაროში და ყველაზე მეტი მოსაპოვებელი ნამდვილი თანამშრომლობის სამყაროში.
ძლიერებს აქვთ თავიანთი ძალა. მაგრამ ჩვენც გვაქვს რაღაც — უნარი, შევწყვიტოთ მოჩვენება, დავარქვათ სახელი რეალობას, გავაძლიეროთ საკუთარი თავი შინ და ვიმოქმედოთ ერთად.
ეს არის კანადის გზა. ჩვენ მას ღიად და თავდაჯერებულად ვირჩევთ.
და ეს არის გზა, რომელიც ღიაა ნებისმიერი ქვეყნისთვის, ვინც მზად არის, მას ჩვენთან ერთად დაადგეს.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати