USD 2.7374
EUR 2.9058
RUB 2.7753
Тбилиси
მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს
дата:  187

ედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი გამეზარდაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2022 წლის 24 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყების შემდგომ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის, ფსიქოლოგის თანდასწრებით გამოიკითხა პირი, რომლის მიმართაც განხორციელდა ძალადობა; გამოთხოვილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერები; ამოღებული იქნა ერთ-ერთი დაკავებულის მობილური ტელეფონი; დაინიშნა ექსპერტიზები.

ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით დადგენილია შემდეგი:

2022 წლის 23 იანვარს, საღამოს საათებში, დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე დროის მონაკვეთში, 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი, ძმასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა მეტროსადგურ ,,ისანში“. მეტროს ესკალატორთან მყოფმა პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ არასრულწლოვანი ესკალატორით აიყვანა მეტროს ფოიეში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში. აღნიშნულ ოთახში მყოფმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში. მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვნის თანმხლები პირებიც. აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელმა, რომელიც შეესწრო მისი კოლეგის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, არ შეატყობინა აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო ორგანოს - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ძალადობის განმახორციელებელი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელი, მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ. დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება და ჩასატარებელია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მომავალში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია დაზუსტდეს საქმის გარემოებები და დანაშაულის კვალიფიკაცია.

გამოძიების დაწყებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აქტიურად ითანამშრომლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან.მოვუწოდებთ საზოგადოების თითოეულ წევრს, მათ შორის ჟურნალისტებს, ვინაიდან საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ დანაშაულს, გთხოვთ, საკითხის გაშუქებას და ამ ფაქტზე აზრის გამოთქმას, მოვეკიდოთ განსაკუთრებული სიფრთხილით“, - განაცხადა გიორგი გამეზარდაშვილმა.

аналитика
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „მლიქვნელობა, მოგების წყურვილი თუ მშვიდობა: უკრაინის შეთავაზება დონალდ ტრამპს“

ბრიტანულ გაზეთში „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „მლიქვნელობა, მოგების წყურვილი თუ მშვიდობა: უკრაინის შეთავაზება დონალდ ტრამპს“ (ავტორები - ჰენრი ფოი და მაქს სედონი)

 გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„უკრაინა ცდილობს თავისი „გამარჯვების გეგმა“ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების ფონზე როგორმე განახორციელოს და იმედოვნებს, რომ ამაში თეთრი სახლის მომავალი ბინადარის საქმიანი მიდგომები დაეხმარება.

უკრაინელი და ევროპელი ჩინოვნიკების თქმით, უკრაინის დასავლელი მოკავშირეები კიევს რჩევებს აძლევენ, თუ როგორ უფრო კარგად შეიძლება იმ წინადადების ფორმულირება, რომელიც უკრაინა-დასავლეთის თანამშრომლობის სტიმულირებას მოახდენს. როგორც ცნობილია, უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ ერთ-ერთი პუნქტი ეხება კიევის შეთავაზებას დასავლეთისადმი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის თაობაზე, რომელიც დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე, დადებითი როლის შესრულება შეუძლია. რესპუბლიკელი პრეზიდენტი ხომ ბიზნესმენია.

უკრაინელი მსხვილი მეწარმეები, მთავრობასთან ერთად, იხილავენ საკითხს, რომ დონალდ ტრამპს უფლება მისცენ ინვესტიციისათვის სასურველი სფერო ამოირჩიოს და თვითონ შეარჩიოს ის ბიზნესმენები, რომლებიც უკრაინაში ინვესტიციებს ჩადებენ.

განხილვის ერთ-ერთმა  მონაწილემ ეს იდეა გამოხატა როგორც „ყველა, მაგრამ ჩინეთის გარეშე“, რაც დონალდ ტრამპს, ალბათ, განსაკუთრებით მოეწონბა. ჩინურ ტექნოლოგიაზე დამოკიდებული უკრაინის დარგებს შესაძლებლობა ექნებათ სწრაფად გადაერთონ ამერიკულ მიმწოდებლებზე და მეტი დასავლური ინვესტიციები მიიზიდონ.

რას ნიშნავს ასეთი შეთავაზება - მლიქვნელობას, მოგების წყურვილს თუ მშვიდობის დამყარების სურვილის გამოვლენას? მართალია, არავინ იცის, თუ როგორ მოიქცევა თვითონ დონალდ ტრამპი, ან რას იზამს ვლადიმერ პუტინი, როგორ წარიმართება რუსეთ-უკრაინის ომი, რა დათმობები მოუწევს (ან არ მოუწევს) უკრაინას, მაგრამ მზადება მაინც მიმდინარეობს.

უკრაინის ვერხოვნა რადას (პარლამენტის) საგარეო საქმეტა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე მერეჟკომ დონლად ტრამპისადმი სეთავაზებას „ბრძნული ნაბიჯი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „უკრაინა დასავლეთისათვის ზედმეტი ტვირთი და მუქთამჭამელა არ იქნება“.

საქმის კურსში მყოფი პირების თქმით, უკრაინა ცდილობს დონალდ ტრამპის ბანაკის წევრთა სურვილები კიდევაც დააკმაყოფილოს და მათ მიმართ გარკვეული კომპრომისები გასწიოს. ასე მაგალითად, კიევი თანახმაა თანამდებობიდან გაათავისუფლოს თავისი ელჩი აშშ-შო ოქსანა მარქაროვა, რომელმაც ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დროს ისე მოაწყო საქმე, რომ იგი ჯო ბაიდენის მშობლიურ შტატში წაიკყვანეს და იქ არსებული სამხედრო ქარხანა აჩვენეს. დათვალიერების მომენტს მხოლოდ დემოკრატები ესწრებოდნენ - კამალა ჰარისის მომხრეები, რამაც რესპუბლიკელი კანდიდატის საარჩევნო შტაბის რისხვა გამოიწვია. ამბობენ, რომ ელჩის თანამდებობა ყოფილ მინისტრს დიმიტრი კულებას შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა.

დონალდ ტრამპი ხშირად იკვეხნის, რომ მას ახლო ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტთან, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე პოლიტიკაში, შესაძლოა ტრამპისათვის პუტინთან სიახლოვემ ცუდი როლი შეასრულოს. იგივე შეიძლება მოუვიდეს ვოლოდიმირ ზელენსკისაც.

                წყარო: https://www.ft.com/content/623c197f-6952-4229-bfbc-0a96e43d6f2d

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати