USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
მეტროსადგური „ვარკეთილი“ რეკონსტრუქციის სამუშაოების გამო ორი თვით იხურება
Date:  1438

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეკონსტრუქციის სამუშაოები  მიმდინარე წლის 9 თებერვალს დაიწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“ განახორციელებს, ხოლო პროექტის ღირებულება 13,4 მლნ ლარს შეადგენს.

„ვიწყებთ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციას. აქ თბილისის წინა მთავრობის პერიოდში, გარკვეული სამუშაოები განხორციელდა, თუმცა, გვახსოვს რა სავალალო შედეგი მოჰყვა - ჭერის ჩამონგრევა. მას შემდეგ მეტროსადგურის მოწესრიგება ვერ მოხერხდა. იყო ბევრი პრობლემა კომპანიებთან, პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით. ვიღებთ კრიტიკას, რომ ამდენი წელი მუნიციპალიტეტმა სადგურის რეაბილიტაცია ვერ დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“ შეასრულებს, რომელიც ასევე, მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 13,4 მლნ ლარს, რომელიც სადგურის ინტერიერისა და შიდა ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს. მათ შორის, განხორციელდება არსებული აზბესტის ჭერის დემონტაჟი და ახალი ჭერის მოწყობა თანამედროვე მასალებით. კომპანია სამუშაოებს დაიწყებს 9 თებერვალს, რაც განხორციელდება ყველა დადგენილი ნორმითა და სტანდარტით. სამუშაოს შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და მომავალი წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში მეტროსადგური ეტაპობრივად დაიკეტება. ვარკეთილის მიმართულებით კი ავტობუსების რაოდენობა დაემატება, რომ მგზავრებმა კომფორტულად გადაადგილება შეძლონ.

„გარდა ამისა, შემუშავდა სამუშაოთა წარმოების პროექტი, რადგანაც მეტრო განსაკუთრებული ობიექტია. „ვარკეთილის“ დაბლა ბაქანზე და დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის უსაფრთხო დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოებისთვის მეტროსადგური დაიკეტება, დაახლოებით, ორი თვით. დაახლოებით, ეს იქნება ივნისი-აგვისტოს შუალედში. მეტროსადგურის დაკეტვის პერიოდში ვეცდებით, ვარკეთილის მიმართულებით დავამატოთ სათანადო რაოდენობის ავტობუსები, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way