USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
მესტიაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი ადასტურებს საქმეში ნარკოტიკებთან დაკავშირებით არსებულ ვერსიას
თარიღი:  909

მესტიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის, ვიქტორ სოლოვიოვის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებული - ბეჟან ჭკადუა და რევაზ პაკელიანი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ. აღნიშნულის შესახებ  დაკავებულების ადვოკატმა ლაშა ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ბეჟან ჭკადუა დუმილის უფლებით სარგებლობს, რაც შეეხება რევაზ პაკელიანს, მას გამოძიებისთვის ჩვენება მიცემული აქვს, სადაც გარკვეულ გარემოებებზე საუბრობს, თუმცა, არც ერთი დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ადვოკატის თქმით, საქმის გარშემო არაერთი კითხვაა. ხოშტარია და მისი დაცვის ქვეშ მყოფები უარყოფენ ბრალდების ფორმულირებას, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები დაზარალებულებს - ვიქტორ სოლოვიოვსა და მის მეგობარ ქალს თავს ყაჩაღობის, კერძოდ, კი, მობილური ტელეფონის წართმევის მიზნით დაესხნენ.

ადვოკატი ადასტურებს საქმეში ნარკოტიკებთან დაკავშირებით არსებულ ვერსიასაც. ხოშტარიას განმარტებით, ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, დაზარალებულები სავარაუდოდ, ნარკორეალიზატორები იყვნენ.

„ბრალი წარდგენილი აქვთ, სასამართლო დღეს, 15:30 საათზე, ზუგდიდში გაიმართება. ბრალი მკვლელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების მუხლებით წარუდგინეს, მოკლედ, მუხლები არ დარჩენილა, რაც არ წაუყენებიათ. ჭკადუა დუმილის უფლებით სარგებლობს, ბრალს არც მეორე ბრალდებული აღიარებს. [საქმესთან] კავშირი გამორიცხული არ არის, ეს დგინდება, მაგრამ ბევრი კითხვაა, მობილური ტელეფონის გამო, დღეს არავის აყაჩაღებენ, ბრალდებაშია მითითებული, თითქოს, მობილური ტელეფონის გამო მოხდა დაყაჩაღება, ბევრი მნიშვნელოვანი კითხვაა, ვფიქრობ, სასამართლოში ბევრი რამე შეიცვლება და აბსოლუტურად სხვა სურათი დადგება. რაც შეეხება ჭკადუას, დაზარალებულის - ქალბატონის ჩვენებითაც დგინდება, რომ იარაღის გასროლის მომენტში, ჭკადუა იმ ტერიტორიაზე არც იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ, მკვლელობა მოხდა.

როგორც ბრალდებულები განმარტავენ, მათ მობილურ ტელეფონებთან კავშირი საერთოდ არ ჰქონიათ, მობილური სავარაუდოდ, დაზარალებულმა, ვინც ცოცხალია, მან გააქრო და აბრალებს ბრალდებულებს, თითქოს, მათ წაართვეს, მობილურ ტელეფონში რა ინფორმაცია იმალება, ეს გაირკვევა“, - განაცხადა ხოშტარიამ.

რაც შეეხება გავრცელებულ ვერსიას, თითქოს, დაზარალებული და მოკლული ახალგაზრდა ნარკორეალიზატორები იყვნენ, შეესაბამება სიმართლეს თუ არა, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს „ვერსია საქმეში არის“.

„ჭკადუა საერთოდ არ საუბრობს, დუმილის უფლება იყენებს, მეორე ამ ვერსიაზე საუბრობს. სავარაუდოდ, ნარკოტიკების ქსელურ რეალიზაციას ეწეოდნენ“, - განაცხადა ხოშტარიამ.

კითხვაზე, ამის გამო დაიწყო თუ არა კონფლიქტი, ადვოკატი პასუხობს, რომ ბრალდებულებს კონფლიქტი არ დაუწყიათ.

„კონფლიქტი ჩვენ არ დაგვიწყიაო, თვითონ ვიქტორ სოლოვიოვმა დაიწყოო. დეტალებისგან საუბრისგან თავს შევიკავებ, პოზიციები შესათანხმებელი მაქვს. მითუმეტეს, ჭკადუა დუმილის უფლებას იყენებს“, - აცხადებს ხოშტარია.

ცნობისთვის, შემთხვევა 5 იანვარს, მესტიაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები - რევაზ პაკელიანი და ბეჟან ჭკადუა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები. პროკურატურის ცნობითვე, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა, ჯგუფურად ერთ-ერთი დაზარალებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს, ამის შემდეგ, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მეორე დაზარალებულს მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და გაიტაცეს მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით.მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებული გაუშვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.

რევაზ პაკელიანსა და ბეჟან ჭკადუას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა), 179-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), 143-ე მუხლით და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის