USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
მესხური ვაზის გადარჩენისთვის – მეგობრების წამოწყებული მეურნეობა სამცხეში
თარიღი:  522

მესხური ვაზის გადარჩენა-გამრავლების მიზნით, სამცხეში ორმა მეგობარმა ერთგვარად სარისკო მეურნეობა დაიწყო. მათ ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა, 1100 მეტრ სიმაღლეზე ვენახი გააშენეს. აქვთ ძირითადად ძველი მესხური ჯიშები.

კახაბერ თელიაშვილმა და ზურაბ კოსტანაშვილმა ძველი მესხური ჯიშები ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალესთან ახლოს, 2021 წლის ივნისში დარგეს. მას მერე ყოველდღიურად „შვილივით უვლიან“ და რეკომენდაციებსა და რჩევებს გამოცდილი მევენახე-მეღვინეებისგან იღებენ.

ვაზის ძველი მესხური ჯიშების გაშენების იდეა კახაბერ თელიაშვილს წლების წინათ გაუჩნდა. მაშინ მეგობრებთან ერთად ახალციხის სოფელ ზიკილიაში მოყვარულ მევენახესთან იყოფებოდა. დარგის სხვა სპეციალისტების დახმარებით, ახლა უკვე საკუთარი ვენახი აქვს: „დაახლოებით 7-8 წლის წინათ, მე და ჩემი მეგობრები ზიკილიაში, ემზარ გაჩეჩილაძესთან ვიყავით, მაშინაც მაინტერესებდა ვაზის ამბავი და თვითონაც ისეთი კაცია, რომ კიდევ უფრო მეტად დაგვაინტერესა. მერე ნელა-ნელა დავიწყეთ ამ დარგის შესწავლა. ჩვენი კუთხის, მესხეთის მევენახეობა-მეღვინეობს შესახებ ინფორმაცია დაკარგულია, ან ძალზე მწირია, ამიტომ ძალიან დაგვეხმარნენ გიორგი ნათენაძე და კახაბერ ასპანიძე-ფანასკერტელი, მათთან ვნახეთ გაშენებული მესხური ჯიშები და ჩვენც ძალიან მოგვინდა ვენახის გაშენება, – ამბობს კახაბერ თელიაშვილი.

მისივე თქმით, ნაკვეთი ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა, 1100 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, თუმცა საქართველოში ყოფილა შემთხვევები, როცა ვაზი ზღვის დონიდან 1600 მეტრზეც გაუშენებიათ: „საფრთხილოა, რომ ვიდრე მცენარე ჩამოყალიბდება და ყინვას გაუძლებს, ზამთარმა არ დააზიანოს. ყველაზე მეტად გაზაფხულის წაყინვების გვეშინია. ეს ჩვენთან აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში იცის“.

ჯიშები

ამ ეტაპზე ვაზი მცირე ფართობზე, 3600 კვადრატულ მეტრზე აქვთ გაშენებული, თუმცა ფიქრობენ, რომ ნაკვეთი 2 ჰექტრამდე გაზარდონ. ივნისში დარგული „მწვანე  ნერგის“ უმრავლესობამ გაიხარა და ეს დამწყები მევენახეებისთვის სასიხარულოა: „ზოგადად, ნერგების 80%-მა რომ გაიხაროს კარგ შედეგად ითვლება და ჩვენ თითქმის 99% გავახარეთ. თუმცა ძალიან შრომატევადი საქმეა და მეტ ცოდნას მოითხოვს. ბევრი დეტალია, რომელიც არ უნდა გამოგეპაროს“.

დამწყები მევენახეების მიზანი მესხური ჯიშების გადარჩენა და გამრავლებაა, ამიტომ შეეცადნენ საცდელად და დასაკვირვებლად მესხური ჯიშები აეღოთ და რეგიონისთვის ის სახეობები დაებრუნებინათ, რომელთა წარმოშობაც მესხეთს უკავშირდება.

„გვაქვს ორი ჯიში, რომლებზეც სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ძველი მესხურია: „ხიხვი“ და „დანახარული“. როცა მეღვინე გიორგი ნათენაძემ  მესხეთში მესხური „ხიხვი“დააბრუნა, ვაზს ძალიან მოეწონა აქაური პირობები და კარგად დამწიფდა. რაც შეეხება „დანახარულს“, მისი წარმოშობის ადგილად ქართლი ითვლებოდა. ქართლში მას საგვიანო და მცირემოსავლიან ყურძნად მიიჩნევენ, თუმცა გიორგი ნათენაძემ მირჩია, რომ დანახარული მეცადა. მითხრა, რომ მესხურ საადრეო ჯიშებზე ადრე მწიფდება და ძალიან მოსწონს ჩვენი კლიმატი. ამიტომ ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ აქედან წაღებული ჯიშებია“, – ამბობს კახაბერ თელიაშვილი.

„ხიხვისა“ და „დანახარულის“ გარდა, მეურნეობაში აქვთ: „მესხური მწვანე“ და „თამარის ვაზი“; მესხური მკაცრი პირობების გათვალისწინებით, საცდელად დარგეს „ჩიტისთვალა მესხური“ და „ცხენისძუძუ მესხური“. დასაკვირვებლად გააშენეს რამდენიმე არამესხური ჯიშიც:  „ბუდეშური-საფერავი“,  „გურული მწვანე“ და „ჩინური“.

რატომ „დაიკარგა“ მესხური ვაზი

ის ფაქტი, რომ მესხური ვაზის ჯიშები გადაშენების პირას დადგა და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ძირძველი ჯიშები ჰიბრიდულმა კლონებმა ჩაანაცვლა, კახაბერ თელიაშვილს ერთგვარ პროტესტს უჩენდა. ამბობს, რომ ისტორიულად, ვაზი მესხეთისთვის მშობლიური კულტურა იყო, თუმცა საბჭოთა კავშირის პერიოდში, ნაკლებმოსავლიანი ჯიშები განადგურდა:

„საბჭოთა კავშირის დროს, ჩვენში ვაზის ჯიშების ძალიან დიდი ნაწილი განადგურდა და არა მხოლოდ მესხური. რომელიც ჩათვალეს, რომ უხვმოსავლიანი ჯიში არ იყო, არამედ ყველა გაანადგურეს. მაგალითად, „რქაწითელს“ შეუძლია თავი გაიგიჟოს და 1 ჰექტარზე 20 ტონა მოიყვანო. რომელიც მცირემოსავლიანი ჯიში იყო, დაიჩაგრა. არადა, ბევრი „მარგალიტი“ გვაქვს და ჯერ კიდევ პოულობენ ძველ ჯიშებს. ზოგჯერ თურქეთსაც აბრალებენ ხოლმე, რომ ისინი ჩეხდნენ ვაზსო, სინამდვილეში, ისინი ღვინოს თუ არ აყენებდნენ, ჩამიჩის და შარბათისთვის ხომ მაინც სჭირდებოდათ ყურძენი და ყურძნის ტბილი“, – ამბობს კახაბერ თელიაშვილი.

მისივე თქმით, ახლა მესხეთში უმეტესობა ჰიბრიდული ჯიშია გავრცელებული, რომელთა მოვლაც უფრო მარტივია, თუმცა ალბათ ძალიან ცოტამ იცის, რომ ასეთი სახეობის ყურძნისგან დაყენებული ღვინო მავნებელია.

„ჩვენთან გავრცელებული ვაზის, ალბათ, 98% ჰიბრიდული ჯიშებია. ისინი გამოყვანილია ხელოვნურად, რომ ადვილი იყოს მოვლა, მაგრამ მისგან ღვინის დაყენება კატეგორიულად არ შეიძლება. იმიტომ, რომ ალკოჰოლური დუღილის პროცესში, ყალიბდება მეთილის სპირტი, რომელიც მერე ღვიძლში ილექება და აზიანებს მას. სხვა ქვეყნებში, თუ არ ვცდები, აკრძალულიც არის ასეთი ღვინის მოხმარება. ერთ-ერთი ასეთი ჯიშია მაგალითად, „ადესა“, რომელიც ძალიან უყვართ გურიაში და ახლა მათ, რომ უთხრა მომწამვლელიაო, არ დაიჯერებენ.“

ჰიბრიდულისგან განსხვავებით, მესხური ჯიშის ყურძენი რეგიონის პირობებს კარგად ეგუება, დროულად მწიფდება და კარგი შაქრიანობაც აქვს. იგი ყველა იმ პროცესის გავლას ასწრებს, რომელიც ყურძენს სჭირდება, რომ ხარისხიანი ღვინო დადგეს.

მესხური ვაზის ჯიშებიდან დაწურული ღვინო

დამწყები მეღვინე ამბობს, რომ მესხური ვაზისგან მაღალხარისხიანი ღვინო დგება და მაგალითად მოჰყავს „თამარის ვაზი“, რომელიც გადაშენების პირას იყო.

„ნიალას მთასთან, ალპური ზონაში „თამარის ვაზს“ გიორგი ნათენაძემ მიაგნო.  ველურად ხარობდა  და თავსაც მშვენივრად გრძნობდა. აჭრა, ჩამოიტანა და სპეციალისტებს აჩვენა,  მათ გამოიკვლიეს, აღმოჩნდა რომ ეს ჰიბრიდული კი არა, კულტურული ჯიში იყო, ოღონდ ვერ დადგინდა რომელი, ამიტომ დაარქვეს „თამარის ვაზი“.  მერე გიორგი ნათენაძემ ეს ვაზი გაამრავლა, მოაშენა და ღვინო დააყენა, რომელმაც 2019 წელს იტალიაში გამოფენაზე პირველი ადგილი აიღო.

წარმოიდგინეთ, როგორი „მარგალიტია“ და იკარგებოდა ნიალაში. ცუდი შეგრძნება მეუფლება ხოლმე, როცა ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს ჯიში დაკარგულიყო, არადა ბევრი ასეთი ჯიში გვაქვს დაკარგული“.

დამწყები მეღვინე ამბობს, რომ მესხური ღვინოები უფრო მსუბუქი ხასიათისაა და მეტად იმერულ ღვინოებს ჩამოჰგავს, ვიდრე ქართლის ან კახეთისას.

სამომავლო გეგმები

ამ ეტაპზე, კახაბერ თელიაშვილი და ზურაბ კოსტანაშვილი რჩევებს უკვე გამოცდილი მევენახე-მეღვინეებისგან იღებენ. გადანაწილებულ საქმესაც მათი უშუალო მონაწილეობით და კონსულტაციებით ასრულებენ. დამწყები მეღვინეები სხვებსაც ურჩევენ, რომ ძირძველი კულტურის გამრავლებაში წვლილი შეიტანონ.

თაკო  ფეიქრიშვილი

https://agrokavkaz.ge/

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.