USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
მერის განცხადებები დღევანდელ თბილისის მთავრობის სხდომაზე
Date:  324

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია იწყება, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, განახლებას, სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას, გადაადგილების გამარტივებასა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. სარეაბილიტაციო არეალი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს.

„პროექტის ფარგლებში, ამორტიზებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემები სრულად განახლდება. ჩვენ ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაკის პარკამდე უკვე განვახორციელეთ და დარჩენილი მონაკვეთი სწორედ ამ პროექტის ფარგლებში განახლდება. შეიცვლება წყალმომარაგების, გაზმომარაგების, სანიაღვრე და წყალარინების ქსელები, ხოლო საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, როგორც ვიზუალურ გარემოს, ისე სისტემების მდგრადობასა და უსაფრთხოებას. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ქუჩებზე მოეწყობა ტროტუარები, უსაფრთხოების კუნძულები და ზებრა გადასასვლელები; გზის სავალ ნაწილს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და დაიგება ასფალტის საფარი; განახლდება გარე განათების სისტემა და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გზის იმ მონაკვეთის გაფართოება, რომელიც ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და წყნეთის გზატკეცილის N6-მდე გრძელდება. აღნიშნული გზის სავალ ნაწილს კიდევ ერთი სამოძრაო ზოლი დაემატება, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის ნაკადების გამტარუნარიანობის ზრდას, შეამცირებს საცობებს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების კომფორტს. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ასევე, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა, რაზეც დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ გლდანის რაიონის გამგეობამ სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.

მისი თქმით, პროექტის პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდება. კომპანია „ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების ქსელს შეცვლის, შესაბამისი კომპანიები კი საჰაერო ელექტროსადენებს მიწისქვეშა კაბელ-არხებში განათავსებენ.

„აღნიშნული სამუშაოების შემდეგ, რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურას სრულად მოაწესრიგებს. გარდა ამისა, ტერიტორიაზე შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები; გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა საავტობუსო ზოლი, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები და მოეწყობა საპარკინგე სივრცეები. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც და სრულად რეაბილიტირდება ამავე ქუჩაზე არსებული სკვერები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე არსებულ ნარჩენების გადამტვირთ სადგურზე ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მტკვრის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერის განმარტებით, პროექტის მიზანია, დედაქალაქს ჰქონდეს გარემოსთვის უსაფრთხო, მოდერნიზებული და ლოგისტიკურად უფრო გამტარი გადამტვირთი სადგური.

„პირველ რიგში, ტერიტორიაზე განხორციელდა მტკვრის ნაპირსამაგრი სამუშაოები, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა კი აქტიურ ფაზაშია. კერძოდ, ეწყობა ცილინდრული ტიპის დანადგარები საპრესი მოწყობილობით, რაც საგრძნობლად დააჩქარებს და ოპტიმალურს გახდის ნარჩენების გადატვირთვის პროცესს, გაზრდის ნარჩენების გადაზიდვის ეფექტიანობას და მოაწესრიგებს იქ არსებულ ინფრასტრუქტურას. ასევე, თანამშრომლებისთვის შენდება საოფისე შენობა, ეწყობა მოდერნიზებული სამრეცხაო და სპეცტექნიკისთვის განკუთვნილი პარკინგი“, - განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) გაფორმებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება, სამუშაოებისთვის კი,   დაახლოებით, 5.5 მლნ ევრო დაიხარჯება.

საუბრის დასასრულს, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ დავით კვინიკაძემ ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობა დატოვა და მუშაობას რეგიონული განვითარების სამინისტროში განაგრძობს.

კახა კალაძემ დავით კვინიკაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„დათო არის ღირსეული და პროფესიონალი ადამიანი. იგი 2015 წლიდან შემოუერთდა ჩვენს გუნდს, ვაკის გამგეობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, რაიონის გამგებლის თანამდებობას კი 2021 წლიდან იკავებდა. ბევრი კარგი პროექტი აქვს ჩვენთან ერთად განხორციელებული. დარწმუნებული ვარ, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მიიღო, მომავალ საქმიანობაში გამოადგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way