USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
მერია ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორს $2.8 მლნ-ს გადასცემს
თარიღი:  484

„ვაკის პარკში“ ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორ კომპანია "ტიფლის დეველოპმენტს" თბილისის მერია ტერიტორიის სანაცვლოდ 2.8 მლნ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ინვესტორი კომპანია ტერიტორიის სანაცვლოდ 2-ჯერ მეტ თანხას ითხოვდა.

„ვაკის პარკში წლების წინ გაცემული იყო სამშენებლო ნებართვა 2013 წელს მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობის შესახებ. რეკრეაციულ სივრცეში ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება კატეგორიულად მიუღებელია.

დღეს მონაცვლეობა უკვე განხორციელებულია, პირველად შემოთავაზებული საკომპენსაციო თანხის ოდენობა 5.7 მლნ დოლარი იყო. ასე აფასებდა აღნიშნულ კომპანია თავის პროექტს და ტერიტორიას და მთელი ამ წლების განმავლობაში ამაზე მიმდინარეობდა დავა და მოლაპარაკებები.

თბილისის მერია ამ ნაკვეთის საკომპენსაციოდ კომპანიას 2.8 მლნ დოლარს გადასცემს, დაახლოებით 3 მლნ დოლარით ნაკლები ვიდრე კომპანია ითხოვდა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს სივრცე მუნიციპალიტეტს და თბილისელებს დაუბრუნდა“, - განაცხადა მერმა.

კახა კალაძემ თავის მოადგილე ანდრია ბასილაიას ვაკის პარკის ამ კონკრეტული ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით პროექტის შემუშავება დაავალა.

„მინდა დავავალო ჩემს მოადგილე ანდრია ბასილაიას - როგორც ვიცი გარკვეული სამუშაოები ნაწარმოებია, მიწის მასაა მოჭრილი და ღობეც არის, თუ არ ვცდები. დაიწყეთ ამის მოწესრიგება, გააკეთეთ პროექტი და საზოგადოებას ვაჩვენოთ რას გავაკეთებთ და რა სახით დაუბრუნდება ეს ტერიტორია ვაკის პარკს“, - მიმართა კალაძემ თავის მოადგილეს.

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის