USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Tbilisi
მერცი: შეგვიძლია დახმარების გაწევა, მაგრამ ჯერ საბრძოლო მოქმედებები უნდა დასრულდეს - ირანელები აშკარად იმაზე ძლიერები აღმოჩნდნენ, ვიდრე ეგონათ
Date:  887

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს „ამცირებს“. მან გააკრიტიკა ვაშინგტონის მცდელობები, თავი დააღწიოს ომს, რომელშიც ის ყოველგვარი მკაფიო მიზნების დასახვის გარეშე ჩაება.

„ირანელები აშკარად ძალიან დახვეწილები არიან მოლაპარაკებებში, ან უფრო სწორად, ძალიან დახვეწილები არიან მოლაპარაკებების არწარმოებაში - ისინი აიძულებენ ამერიკელებს ჩავიდნენ ისლამაბადში და შემდეგ კვლავ ყოველგვარი შედეგის გარეშე წამოვიდნენ“, - განაცხადა მერცმა ცენტრალურ გერმანიაში, ქალაქ მარსბერგის ერთ-ერთ სკოლაში სტუმრობისას.

მან გააკრიტიკა ის, რასაც ამერიკული სტრატეგიის ნაკლებობა უწოდა და ერაყისა და ავღანეთის მაგალითებზე მიუთითა, როგორც გაფრთხილებაზე იმ ომებში ჩაბმის შესახებ, რომელთაც გამოსვლის სტრატეგია არ გააჩნიათ.

„ეს საქმე, რბილად რომ ვთქვათ, გაუაზრებელია“, - თქვა მერცმა. „ამ მომენტში მე ვერ ვხედავ, თუ რა სტრატეგიულ გამოსავალს ირჩევენ ახლა ამერიკელები“.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ბერლინის სურვილი, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული მსოფლიო ეკონომიკის შემდგომი დაზიანება.

გერმანია იმ კოალიციის ნაწილია, რომელსაც ბრიტანეთი და საფრანგეთი ხელმძღვანელობენ და რომელიც მიზნად ისახავს ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას მას შემდეგ, რაც მიღწეული იქნება ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა.

„ჩვენ შევთავაზეთ გერმანიიდან ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდების გაგზავნა, რათა დავეხმაროთ სრუტის ნაღმებისგან გათავისუფლებაში, რადგან ის აშკარად, სულ მცირე ნაწილობრივ მაინც, დანაღმულია“, - განაცხადა მან.

„ჩვენ შეგვიძლია დახმარების გაწევა, მაგრამ ჯერ საბრძოლო მოქმედებები უნდა დასრულდეს. ამჟამად მე ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება ამის განხორციელება უახლოეს მომავალში, რადგან ირანელები აშკარად იმაზე ძლიერები აღმოჩნდნენ, ვიდრე ეგონათ, ხოლო ამერიკელებს, როგორც ჩანს, დამაჯერებელი მოლაპარაკებების სტრატეგია არ გააჩნიათ“, - დასძინა მან.

society
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way