USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
მეგობრების წერილი - ევროკავშირის წარმომადგენლობა, საერთაშორისო ორგანიზაციები და საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავენ
Date:  826

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საერთაშორისო ორგანიზაციები და საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები საქართველოს მთავრობასა და ხალხს ღია წერილით მიმართავენ.

წერილში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა აქვეყნებს, ავტორები აცხადებენ, რომ პარტნიორებთან ერთად, ჯგუფურად საქართველოს სწრაფი მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს განიხილავენ.

როგორც წერილშია აღნიშნული, საქართველო, როგორც ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც ტურიზმზე, ვაჭრობასა და საზღვარგარეთიდან შემოსულ ფინანსურ გზავნილებზეა დამოკიდებული, განსაკურთებული რისკის ქვეშ დგას ამ პანდემიის გამო.

მათივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება, საჯარო და კერძო სექტორი და ქართველი ხალხი პანდემიას ძალზე მედეგად და თანამშრომლობაზე დამყარებული მიდგომით დახვდნენ.

"COVID-19-ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ უბიძგებს. მოსალოდნელია, რომ მისი გავლენა მსოფლიო ფინანსურ კრიზისზე უარესი იქნება, ხოლო ეკონომიკური ზარალი ყველა ქვეყანაში გაიზრდება. საქართველო, როგორც ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც ტურიზმზე, ვაჭრობაზე და საზღვარგარეთიდან შემოსულ ფინანსურ გზავნილებზეა დამოკიდებული, განსაკურთებული რისკის ქვეშ დგას ამ პანდემიის გამო.

საქართველოს ხელისუფლება, საჯარო და კერძო სექტორი და ქართველი ხალხი პანდემიას ძალზე მედეგად და თანამშრომლობაზე დამყარებული მიდგომით დახვდნენ. ვირუსის გავრცელებისთანავე განხორციელებულმა სწრაფმა და გადამწყვეტმა ქმედებამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად და დამსახურებულად დაიმსახურა საერთაშორისო შექება. დაიწყო დახმარების სქემების შემუშავება ბიზნესებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და მიმდინარეობს მათი მხარდაჭერის გეგმების შემუშავება. ფისკალური რესურსების გონივრულმა გამოყენებამ და ბოლო წლების განმავლობაში რეზერვების დაგროვებამ საქართველოს ეკონომიკა უკეთესად მოამზადა კრიზისის ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად. წარმატებით გატარებული სტრუქტურული რეფორმების შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია კრიზისზე მტკიცე რეაგირება, ქვეყნის მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენების გარეშე.

მიუხედავად ამისა, ამ კრიზისის უპრეცედენტო ხასიათის გათვალისწინებით, საჭირო იქნება დიდი მოცულობის ინვესტიციები და ფინანსური დახმარება ჯანდაცვის სექტორის სათანადოდ აღჭურვისთვის მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად. არავინ უნდა გამოგვრჩეს; საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ. უნდა გაგრძელდეს ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, მოხდეს გარღვევის შემცირება ქვეყნის ფინანსებში და ქვეყანა ეკონომიკური მედეგობის აღდგენისთვის უნდა მოემზადოს.

ამ პანდემიის დაძლევისთვის საჭიროა ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის სფეროებში კოორდინირებული რეაგირება. ჩვენ, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა – რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) საშუალებით, საფრანგეთის რესპუბლიკა – განვითარების სააგენტოს (AFD) საშუალებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი ერთად ვმუშაობთ, რომ ვუზრუნველყოთ საქართველოს სწრაფი მხარდაჭერა და ამჟამად, განვიხილავთ ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ამ უპრეცედენტო კრიზისზე. განვითარების სფეროში მოღვაწე ბევრი სხვა პარტნიორი ასევე ამზადებს დახმარების პაკეტებს საქართველოს ხალხისთვის.

როგორც საქართველოს გერბზე არსებული წარწერა სამართლიანად ამბობს, ახლა ნამდვილად ”ძალა ერთობაშია”, - ნათქვამია ღია წერილში.

წერილს ხელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ შეკირი, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში სებასტიან მოლინუსი, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში შეინ როზენტალი და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საინვესტიციო ოპერაციების დეპარტამენტი - რეგიონი II, გენერალური დირექტორი სიუპი ტერავანინტორნი აწერენ.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way