USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
მე-19 საუკუნის თბილისი - “პრინც არფა‘ს მოგონებები”
дата:  3203

მირზა რეზა ხანი, ირანელი პოლიტიკოსი, პუბლიცისტი და მეცნიერია, რომლის ერთ-ერთ ცნობილ ნაწარმოებში “პრინც არფა‘ს მოგონებები” დაწვრილებით არის მონათხრობი მე-19 საუკუნის საქართველოს და თბილისის შესახებ. გთავაზობთ საყურადღებო ამონარიდებს, თბილისის შესახებ, ამ ნაწარმოებიდან.

მინი დოსიე: მირზა რეზა ხანი, დაიბადა თავრიზში 1853 წელს (ზოგი მონაცემით - 1846 წელს). დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლა განაგრძო ჯერ სტამბოლში და მერე თბილისში. აქ მას ირანის გენერალური კონსული მირზა მაჰმუდ ხანი მფარველობდა და ჯერ კიდევ სწავლის დასრულებამდე, 1878 წელს საკონსულოში დააწყებინა მუშაობა. მოკლე ხანში ის კონსულის პირველი თანაშემწე გახდა. მირზა რეზა ხანი მონაწილეობდა რუსეთ-ირანის საზღვრის სადემარკაციო კომისიის მუშაობაში. 1886 წელს ის გადაიყვანეს პეტერბურგში, სადაც ირანის საელჩოს თარჯიმნად მუშაობდა.

1889 წელს თბილისში დაბრუნდა და 1894 წლამდე გენერალური კონსული იყო. 1895 წელს მირზა რეზა ხანი რუსეთში ირანის ელჩად დაინიშნა. პარალელურად სხვადასხვა დროს ეკავა უფლისწულ მოზაფარ ად-დინ მირზას მთავარი ადიუტანტის თანაშემწის, პირველი სართიფის (ბრიგადის გენერალი) და ამირ თუმანის (დივიზიის მეთაური) თანამდებობები.

1899 წელს ხელმძღვანელობდა ირანის დელეგაციას ჰააგის სამშვიდობო კონფერენციაზე. 1901-1910 წლებში იყო ირანის სრულუფლებიანი ელჩი ოსმალეთში. 1910-1912 წლებში მონაკოში (მონტეკარლოში) ცხოვრობდა, შემდეგ ირანში დაბრუნდა და გახდა ჯერ იუსტიციის, შემდეგ სახალხო განათლების მინისტრი.

 1921-1926 წლებში მირზა რეზა ხანი იყო ირანის წარმომადგენელი ერთა ლიგაში. სიცოცხლის ბოლო პერიოდში ხანგამოშვებით მონაკოში ცხოვრობდა. 1933 წელს იგი წარადგინეს ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში. გარდაიცვალა 1937 წელს თეირანში.

 გარდა დიპლომატიური და სამხედრო სამსახურისა, მნიშვნელოვანია მირზა რეზა ხანის სამწერლობო მოღვაწეობაც: მის კალამს ეკუთვნის მემუარული თხზულება “პრინც არფა‘ს მოგონებები”, ასევე ლექსების სამი კრებული და სამეცნიერო ტრაქტატი, რომელშიც ის არაბულ სპარსული დამწერლობის რეფორმის საკუთარ გეგმას გადმოსცემს. მირზა რეზა ხანი სამჯერ იყო დაქორწინებული. მეორე ცოლი ინგლისელი ლიუდმილა (ლილი) ჯერვისი მან თბილისში გაიცნო. თბილისშივე დაიბადა მისი ვაჟი ჰასანი. მესამე ცოლს ელზა მარია სესილია ლინდსბერგს, ფინელი მევიოლინეს ქალიშვილს, ის სკანდინავიაში გემით მოგზაურობის დროს შეხვდა. ელზა მარიამ, რომელმაც გათხოვების შემდეგ ისლამი მიიღო და დოულათ ხანუმი დაირქვა, მირზა რეზას ვაჟი ებრაჰიმი და ქალიშვილი ფატიმა გაუჩინა.

მირზა რეზა ხანის გატაცებას სახლების მშენებლობა წარმოადგენდა. საქართველოში მისი თაოსნობით აშენდა სასტუმრო “ფირუზე” და სააგარაკე სახლი “დანეშაბადი” ბორჯომში, ასევე “ალმასის სასახლე” თბილისში, გუდოვიჩის (ახლანდელი ჭონქაძის) ქუჩაზე. 1910 წელს მან მონტე-კარლოში ააგო ექსტრავაგანტური არქიტექტურის სამსართულიანი სახლი “დანეშგაჰი”, რომელსაც მოგვიანებით “ვილა ისფაჰანი” ეწოდა და ახლა “ირანის მუზეუმის” სახელით არის ცნობილი. სახლის პირველ სართულზე მოწყობილ “მშვიდობის გალერეაში” სხვადასხვა ქვეყნის ანტიკვარული ნივთები და უიშვიათესი წიგნები იყო თავმოყრილი. მირზა რეზა ხანის თეირანის სახლში კი 1950-იანი წლებიდან ირანის კულტურის სამინისტროს საგამოფენო დარბაზი იყო გახსნილი.

 ბორჯომის "ფირუზა"

 

“პრინც არფა‘ს მოგონებები”

 

თბილისი

თბილისი მეხუთე [კლიმატური] რეგიონის ნაწილი და საქართველოს დედაქალაქია. გადმოცემით, ის ანუშირვანის აგებულია. ომაიანი მმართველების ბრძანებით, ესჰაყ იბნ ესმაილმა აქ ციხე და გალავანი ააგო.

ქალაქში სახლები ფიჭვის ხით იყო გადახურული. როცა მუთავაქილმა ბუღა ესჰაყთან საომრად გააგზავნა, ესჰაყმა მას წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ბუღამ ცეცხლის მტყორცნელებს უბრძანა, ქალაქი ცეცხლისთვის მიეცათ. ქალაქის დიდი ნაწილი დაიწვა და უამრავი ხალხი დაიღუპა. ზოგი კი თვლის, რომ თბილისი რუმელი ალექსანდრეს (ე.ი. ალექსანდრე მაკედონელის) აგებულია, რაზეც ნიზამის “ესქანდერ-ნამეშიც” არის მინიშნება:

“ასე უთხრა ვაჟს მოხუცმა დეჰყანმა, რომ თბილისი მან [ესქანდერმა] ააშენა.”

საქართველო ყოველთვის დამოუკიდებელი ქვეყანა იყო და მას საკუთარი მეფეები და მთავრები ჰყავდა. ზოგჯერ ისინი ირანის მმართველების ვასალები ხდებოდნენ და როცა მათ არ ემორჩილებოდნენ, ძლევამოსილი შაჰი ქვეყანას თავს ესხმოდა და სჯიდა. ასე, 988 (1580) წელს ემირ თემურ გურაქანის ლაშქარი თბილისს თავს დაესხა (სინამდვილეში თემურ ლენგი თბილისს 1386 წელს შემოესია, რაც ჰიჯრით 788 და არა 988 წელია. თემურის წოდება “გურაქანი” მომდინარეობს თურქულ-მონღოლური გüრეგენ-იდან, რაც ნიშნავს “ყაენის სიძეს” და უნდა მიანიშნებდეს თემურის ნათესაურ კავშირზე (ცოლის მხრიდან) ჩინგიზ ყაენთან (A Shi‘ite Pilgrimage to Mecca 1885-86..., 77, note 87).,)  ააოხრა და ეკლესიები დაანგრია.

 ასევე, ღვთისმოშიშმა აღა მაჰმად შაჰ ყაჯარმაც 1210 (1795) წელს ერეკლე ხან გორჯის მმართველობის დროს ქალაქი ძალით აიღო, ქართველების ტაძრები დაანგრია, ხელფეხშეკრული მღვდლები მტკვარში გადაყარა და ბევრი ხალხი ამოხოცა. ადრე ქალაქი და მისი ციხე-სიმაგრე სამხრეთი მთის კალთაზე იყო შეფენილი და ნარიყალად წოდებული ციხე ამ მთის წვერზე იდგა. ამ მთიდან ბევრი წყარო გადმოდის და ზოგიერთ მათგანში ცხელი წყალია. სულთნებმა მათზე აბანოსთვის გუმბათები ააშენეს. ახლანდელი თბილისი ხეობის გასწვრივ არის გადაჭიმული და მაინცდამაინც ფართო არ არის. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მას მთები აკრავს. სამხრეთი მთა უფრო მაღალი და პირქუშია.

 ძველად აქ ნარიყალა და საქართველოს მეფეთა რეზიდენცია იყო და კოშკისა და გალავნის ნაშთები ჯერ კიდევ მოჩანს. დღესაც დასახლებული უბნებისა და ბაზრების უმრავლესობა სამხრეთით არის განლაგებული. ჩრდილოეთი მხარე კი ევროპელების უბანია და მასში უფრო სუფთა და ფართო ქუჩები და შენობებია. მეფისნაცვლის სასახლე, არსენალის შენობა, ხუროთა სახელოსნოები და საავადმყოფოები ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს. სახლები ძირითადად მთის წვერზე და კალთებზეა შეფენილი.

 მტკვარი

მდინარე მტკვარი თბილისს შუაზე კვეთს. მის ორსავე მხარეს რამდენიმე დიდი შენობაა, რომლებშიც მდინარის წყალი [საქაჩი] მანქანებით შედის. ადრე მტკვარზე ხის ხიდი იყო გადებული, რომელიც პრინც ვორონცოვის დროს რკინის ხიდით შეცვალეს. ხიდის გვერდით ვორონცოვის ბრინჯაოს ქანდაკება დგას. ქანდაკების გარშემო შვიდი გადაბრუნებული ქვემეხია განლაგებული. აქ მდინარე ორ განშტოებად იყოფა. პირველზე [ხიდის] ერთი მალია გადაყვანილი, მეორეზე კი - ექვსი. ამ განშტოებებს შორის [კუნძულზე] სახლები და დუქნებია აშენებული. მტკვრის სათავისა და კალაპოტის შესახებ ძველ წიგნებში წერია, რომ ის საქართველოს მთების წყაროებიდან იღებს სათავეს, გაივლის ხაზართა ქვეყანას, აფხაზეთის ვილაიეთს, თბილისს, ჰერეთს, შამქორის რაიონს და დაბა სალიანს ჩაუვლის.

გზად მას პატარა მდინარეები უერთდებიან. ბოლოს, სოფელ ბარდაასთან მტკვარი მდინარე არაქსს უერთდება და კასპიის ზღვაში ჩაედინება. მო‘თამად ად-დოულე ფარჰად მირზას თვალსაზრისი მისმა აღმატებულება მო‘თამად ად-დოულე ფარჰად მირზამ თბილისის გუბერნატორის ორლოვსკის წიგნზე დაყრდნობით თავის “მოგზაურობის წიგნში” გააკეთა ჩანაწერი, რომელიც მოკლედ ასე შეიძლება გადმოიცეს: [მტკვარი] სათავეს იღებს ოსმალური სომხეთის ტერიტორიაზე, მუთელჯანის სახელით ცნობილი მაღალი მთის წყაროებიდან, რომელთაგან ყველაზე დიდი მარჯან-სუ და ბუნჯუყ-ბუნღარია. მას შემდეგ, რაც ოსმალეთის მიწაზე 90 ვერსს გაივლის, ის რუსეთის ტერიტორიაზე გადადის და აწყურის, ბორჯომისა და ქართლის ხეობებს ჩაუვლის. ბორჯომის მამული მეფისნაცვლის სააგარაკო ადგილია. ოსმალეთის საზღვრიდან ბორჯომამდე მტკვარი 95 ვერსს გადის, ბორჯომიდან თბილისამდე - 200 ვერსს და მერე განჯის გავლით სალიანში ჩაედინება.

სათავიდან სალიანამდე მტკვრის შენაკადებია: ახალქალაქის რაიონში - ახალქალაქისწყალი, ახალციხეში - ფოცხოვისწყალი, აწყურსა და ქართლს შორის - ლიახვი, ლეხურა, ქსანი და არაგვი, თბილისის შემოგარენში - თრიალეთი, სუმასი20, ალგეთი და ხრამი, განჯის რაიონში - გერანჩაი, ყანეყი, თერთერი და ხაჩინჩაი. და, ბოლოს, ბაქოს რაიონში სოფელ ჯავადთან მდინარე არაქსიც მტკვარს უერთდება და ორივე ერთად კასპიის ზღვაში ჩაედინება.

ძველი ავტორები მტკვრის განსაკუთრებული თვისებების შესახებ წერდნენ, რომ მის წყალს გამაჯანსაღებელი ძალა აქვს და მასში მოხვედრილი ადამიანები და ცხოველები დიდხანს ცოცხლობენ. ამბობენ, რომ ერთხელ მტკვრიდან ამოიყვანეს წყალწაღებული, რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავდა. გონზე მოსულმა გარშემომყოფებს უამბო, რომ 6 დღის წინ აღმა 5 დღის სავალზე წყალში ჩავარდა, მაგრამ გადარჩა. მსმენელებმა მას თანაუგრძნეს და საჭმელი მოუტანეს. ამასობაში კედელი, რომლის ქვეშაც ეს კაცი იჯდა, ჩამოინგრა და ის კედლის ქვეშ დაიღუპა. პასუხისმგებლობა [ამ ამბის სიმართლეზე] თავად მის მთქმელზეა.

 მირზა რეზა ხანი

თბილისის მისადგომებთან მტკვარზე კაშხალია აგებული, რომელიც ყარაიაზის სახელით არის ცნობილი. მისი საშუალებით მტკვრის წყალი ქალაქის მიმდებარე ნათესებსა და სოფლებს მიეწოდება. ქალაქის შემოგარენში არის მეორე კაშხალიც, რომლის წყალი თბილისის სამხრეთით მდებარე სახლებზე და ბაღებზე გადის. ამიტომ ქალაქის ეს მხარე აყვავებულია და აქ კარგი სახლები, ბაღები და თეატრებია აშენებული. ამ უბანს მოჯთაჰედის ქუჩას ეძახიან, რადგან აყა მირ ფათაჰ თავრიზელს აქ დიდი სახლი და ბაღი ჰქონდა. მერე რუსეთის ხელისუფლებამ მას ქონება ჩამოართვა, ერთი ნაწილი დაყო და ისე გაყიდა, მეორე ნაწილზე კი სახელწიფო ბაღი გააშენა. ქალაქის ზოგიერთ უბანში ბაღებისა და ბოსტნების მოსარწყავად მტკვარზე წყალსაქაჩებია დაყენებული. მათზე თიხის ქოთნებია დამაგრებული და ცხენების, ვირებისა და ძროხების საშუალებით იქიდან დიდი რაოდენობით წყალი ამოაქვთ. ნათესების მოსარწყავად წყალს ამ მეთოდით იღებენ ბაღდადში ტიგროსისა და ევფრატის ნაპირებზე და ასევე ქერმანსა და ფარსშიც. წყალი და კლიმატი ერთი სიტყვით, თბილისის წყალი სასარგებლო და გემრიელია. აქაური კლიმატი ცვალებადია და უფრო სიცივისკენ იხრება.

ახლაც კი, შუა ზაფხულში, როცა კიტრი და ჟოლო უკვე მოწეულია, ძალიან ცივა. ქალაქსა და მის შემოგარენში დიდი რაოდენობით ხე, ყვავილნარი და ბაღია და სახლების უმეტესობაშიც ბევრი ხე და ყვავილია.

(აყა მირ ფათაჰი იყო თავრიზის მოჯთაჰედი. 1828 წლის რუსეთ-ირანის მეორე ომის დროს ის დაეხმარა რუსებს თავრიზის დამორჩილებაში, რის შემდეგაც თბილისში გადმოსახლდა და რუსეთის ხელისუფლებისგან საჩუქრად მიიღო მიწის დიდი ნაკვეთი მტკვრის მარცხენა ნაპირზე, იმდროინდელი ქალაქის გარეთ. ნაბოძებ მიწაზე აყა მირ ფათაჰმა გააშენა ბაღი, რომელიც 1853 წელს ხაზინის საკუთრებაში გადავიდა და საზოგადოებრივი გახდა. მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში ეს ბაღი თბილისელთა საყვარელი დასასვენებელი და გასართობი ადგილი იყო. ის დღესაც არსებობს და ხალხში ცნობილია „მუშტაიდის“ (დამახინჯებული მოჯთაჰედი) სახელწოდებით.)

თბილისის მოსავალი

თბილისში დიდი რაოდენობით ქლიავი, მსხალი, ყურძენი, თხილი, ფსტა, კომში, ვაშლი, ატამი, ლეღვი, ჟოლო, კიტრი და საზამთრო მოდის. ისინი იაფი, მაგრამ უხარისხოა. თბილისისა და მისი შემოგარენის ძირითადი მოსავალი თამბაქო, სიმინდი და ხორბალია. ხალხის საკვები ხალხის ძირითადი საკვები პური, სიმინდი და ხორცია. ქართული ხორბალი ირანული ხორბალივით გემრიელი არ არის. ბრინჯი რაშთიდან შემოაქვთ, მაგრამ ძალიან ძვირია და იშვიათად ხმარობენ. მეტწილად ღორის ხორცს ჭამენ და რძეს სვამენ. შორეულ სოფლებში ცხვრის ფარის მსგავსი შინაური ღორის კოლტები ჰყავთ, რომლისგანაც დიდ მოგებას იღებენ.

მოსახლეობა და რელიგია

თბილისის მოსახლეობა 30000 კომლამდეა, რაც დაახლოებით 120000 კაცია. ქალაქში 4500-მდე დუქანი და შვიდი-რვა სავაჭრო ქარვასლაა. აქაური ხალხი ძალიან ლამაზია. ქალაქის მოსახლეობის ერთი ნაწილი ადგილობრივი ქართველები და სომხებია, მეორე - რუსები და უცხოელი ქრისტიანები, მესამე კი - მუსლიმები (ნახევარი შიიტები და ნახევარი სუნიტები). მუსლიმები აქ ქრისტიანების მსგავსად ცხოვრობენ, მათ არ გაურბიან, ქრისტიანების საკვებს და მათ მიერ დაკლულ საქონელს ჭამენ და ყველა სახის დამათრობელ სასმელს სვამენ.

ეკლესიები

ამ ქალაქში დაახლოებით 100 ეკლესიაა, რომელთაგან სამი-ოთხი გამორჩეულად სათაყვანებელი და დიდია. ყოველ წელს განსაზღვრულ დღეებში, როცა ქრისტიანული დღესასწაულებია, აქ მთელი მოსახლეობა იკრიბება, კარვებს შლის და მხიარულობს. ამ ეკლესიებს შორის ხიზრის სახელობის ეკლესიაც არის, რომელიც მოსახლეობის რწმენით, წინასწარმეტყველ ხიზრის, ალაჰმა განუსვენოს, სამყოფელია.

(ხიზრი (ალ-ხადირი) ისლამამდელი მითოლოგიური პერსონაჟია, რომელიც ინტეგრირდა მუსლიმურ წარმოდგენათა სისტემაში. კომენტატორთა უმეტესობა მას ყურანში ნახსენებ “უსახელო მონად” (18:59-81) მიიჩნევს. ხალხურ წარმოდგენებში იგი ხშირად იდენტიფიცირდება ძველი აღთქმის სხვადასხვა პერსონაჟებთან, განსაკუთრებით ელია წინასწარმეტყველთან და წმ. გიორგისთან და მათ რეინკარნაციადაც განიხილება (ამ საკითხთან დაკავშირებით იხ. F.W. Halsuck, Christianity and Islam under the Sultans, Oxford, 1929, vol. 1, 320, 324; A. Augustinovich, El Khader and the Prophet Elijah, Jerusalem, 1972). აქედან გამომდინარე, საფიქრელია, რომ ფარაჰანი “ხიზრის სახელობის ეკლესიაში” გულისხმობს წმ. გიორგის ერთ-ერთ ეკლესიას. 1885 წელს, როცა მოგზაური თბილისში ჩამოვიდა, ქალაქში წმ. გიორგის სახელობის რამდენიმე ეკლესია იყო: ქართული - კალოუბნისა და კარისა, სომხური - კლდისუბნისა, ციხის დიდი საყდარი და ძორაბაში. )

ქალაქის ცენტრში, სამხრეთი მთის წვერზე ერთი ეკლესია დგას. ამბობენ, რომ აქ შეიხ სანაანის საფლავია . ქართველებს შეიხ სანაანის ძალიან სწამთ და მათთვის ეს თაყვანისცემის ადგილია. წელიწადში ერთხელ თბილისისა და მისი შემოგარენის მოსახლეობა აქ ჯგუფ-ჯგუფად სწორედ შეიხ სანაანის საფლავის მოსალოცად მოდის . ( ლეგენდა შეიხ სანაანზე, რომელმაც რუმელი ქრისტიანი ქალის სიყვარულით უარყო ისლამი და გაქრისტიანდა, ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთში. ჩამოყალიბდა ამ ამბის საქართველოსთან დაკავშირებული ლოკალური ვერსიაც, რომელშიც შეცვლილია არა მარტო გეოგრაფიული არეალი (მოქმედება რუმიდან საქართველოშია გადმოტანილი), არამედ ამბის ბოლოც: თუ სპარსულ ვერსიაში შეიხ სანაანი ისლამს დაუბრუნდა, თბილისურ ვერსიაში იგი ქრისტიანად დარჩა, მეტიც, დიდი სასულიერო მოღვაწე მამა დავით გარეჯელი გახდა და იგი მამადავითის ეკლესიის ეზოშია დაკრძალული )

 მეჩეთები

თბილისში ოცამდე დიდი და პატარა მეჩეთია. ერთი დიდი მეჩეთი სუნიტებს ეკუთვნის, მეორე კი - შიიტებს. ამბობენ, რომ ეს უკანასკნელი შაჰ აბას პირველმა ააგო და დააწესა ვაკუფურ ქონებად, რომლის წლიური შემოსავალი 10 000 მანეთია. რუსეთის ხელისუფლება სუნიტ და შიიტ სწავლულთა რეკომენდაციით თითოეული მიმდინარეობისთვის ნიშნავს ერთ შეიხ ალ-ესლამს, რომლის გადაწვეტილებასაც ამ მიმდინარეობის ყველა წარმომადგენელი ემორჩილება.

შეიხ ალ-ესლამი, თავის მხრივ, კავკასიის ყველა ქალაქში მოსამართლედ თავის ერთგულ მოლას აგზავნის. შეიხ ალ-ესლამს ბევრი მიმდევარი და მსახური ჰყავს, მათ შორის ფარაში, ფარაშბაში, გადასახადების ამკრები, მამასახლისი და სხვა. მის ხელშია სხვადასხვა სახის შემოწირულობებიც, რომლის შემოსავალი რელიგიურ საჭიროებებსა და გაჭირვებულ ხალხს ხმარდება. შეთანხმების მიხედვით, შეიხ ალ-ესლამი კავკასიური წარმოშობის რუსეთის მოქალაქე უნდა იყოს.

უცხო ქვეყნების ქვეშევრდომები თბილისში

თბილისსა და მის შემოგარენში ირანის ოთხი ათასამდე მოქალაქე ცხოვრობს. აქედან 100 ვაჭარია, დანარჩენი კი ხელოსნები და გლეხები არიან, თუმცა დიდად ავტორიტეტულ ვაჭარს აქ ვერ ნახავ. ირანის, ოსმალეთისა და ინგლისის მთავრობებს თბილისში კონსულები და გენერალური კონსულები ჰყავთ.

ირანის კონსული გახლავთ განსვენებული მირზა ებრაჰიმ ხანის ვაჟი მირზა მოჰამად ალი ხან მო‘ინ ალვეზარა, რომელიც ძალიან გაწონასწორებული და მშვიდი კაცია. ის წლების განმავლობაში ბომბეიში ცხოვრობდა, ამიტომ ჰინდი და ინგლისური ენები კარგად იცის, სასიამოვნო მოსაუბრე და კარგი კალიგრაფია. ირანის მთავრობა მას უხდის 6000 მანეთს, რაც 2000 ირანული თუმნის ეკვივალენტია. გარდა ამისა, მას სხვა შემოსავლებიც აქვს. მაგალითად, როცა წელს ირანის ქვეშევრდომი თოჯარბაში მოჰამად ხანი გარდაიცვალა, მისი სოფლიდან 3000 თუმანი კონსულმა აიღო. ირანის მოქალაქეთა სასამართლო მის ხელშია და კავკასიის რეგიონის მოხელეები მის საქმეებში არ ერევიან. სატრანზიტო ვიზას აქ იშვიათად იღებენ, მაგრამ თავისი ქვეშევრდომების საცხოვრებელ ვიზებს კონსული თავად გასცემს. ირანის საკონსულო ძალიან ლამაზი შენობაა. ის ამაღლებულ ადგილზე დგას და მთელ ქალაქს გადაჰყურებს.

ვაჭრობა

ამ ქალაქის ვაჭრობას ჯერჯერობით რუსეთი და მოსკოვი აკონტროლებს, რადგან საქონელი, ძირითადად, იქიდან შემოდის. ადრე სატრანზიტო გზა ღია იყო და ევროპის ქვეყნებიდან ირანის ვილაიეთებსა და რუმში ტვირთი თბილისის გავლით მიდიოდა. ახლა ეს გზა დაკეტილია და ვაჭრების მოგებამაც იკლო. თუმცა თბილისში არის სხვა სახის ვაჭრობაც, მაგალითად, აბრეშუმი და სხვა საქონელი რაშთიდან და ხორასნიდან შემოაქვთ. ადგილობრივები მეტწილად აწარმოებენ თამბაქოს, რომლის სხვადასხვა სახეობა მოჰყავთ და საზღვარგარეთ აგზავნიან. ქალაქის შემოგარენში ბევრი ცხვარია, რომელთა ბეწვისაგან კარგ შალს ამზადებენ. შალის წარმოება თბილისში ფართოდ არის გავრცელებული და დიდ მოგებას იძლევა. თბილისში ორი-სამი აბრეშუმის საფეიქრო და საქსოვი საწარმო და პატარა სამჭედლოა, რომელშიც დანებსა და მაკრატლებს ამზადებენ.

საავადმყოფო

ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში სახელმწიფო საავადმყოფო დგას. ამ დიდ, სუფთა და კეთილმოწყობილ შენობაში 300 ავადმყოფი ეტევა. მუსლიმები და ქრისტიანები, როგორც კაცები, ისე ქალები, აქ ერთად მკურნალობენ და მათ ქალი და კაცი მოსამსახურეები მზრუნველად უვლიან.

მუზეუმი

მეფისნაცვლის სასახლისა და ბაღის გვერდით ერთი შენობაა, რომელსაც მუზეუმს ეძახიან. მუზეუმის დარბაზებში სხვადასხვა სახის ექსპონატებია გამოფენილი: პირველ დარბაზში - ძველი და ახალი ქვეყნების ნივთები. მეორეში - ცოცხალი ფრინველები და ცხოველების ფიტულები, მათ შორის სხვადასხვა ჯიშის ჩიტები, ღამურები, დელფინი, აქლემი, ვირი, ორბი და სხვა. მესამეში - დიდი და პატარა მკვდარი ცხოველები, მათ შორის ვეფხვი, ლეოპარდი, ინდური კამეჩი, ტახი და სხვა, რომელთაც ცხიმს უსვამენ და ისე ინახავენ, რომ ცოცხალისგან ვერ განასხვავებ. მეოთხეში - მინერალური ქვები, ხის ჯოხები, ლამაზფოთლებიანი ხეები და ყვავილები. ყველა, ვინც მუზეუმის დასათვალიერებლად მოდის, ფულს იხდის და ისე შედის.

ცხელი წყლის წყაროები

ქალაქის სამხრეთი მთიდან გადმოდის შვიდი ცხელი წყარო, რომელთა ძირშიც გოგირდის შემაწუხებელი სუნი დგას. მათზე აბანოებია აშენებული და შიგ ცხელი წყალი ამ წყაროებიდან შედის. გოგირდის სუნის გასანეიტრალებლად აბანოში წყლის ფილტრაციის სისტემა აყენია. ეს ბუნებრივი ცხელი წყალი თმას არბილებს, მაგრამ ხშირად ჯანმრთელობას ვნებს და სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.

თეატრები

ქალაქში ორი თეატრია, რომელთაგან ერთს ქართულს, ხოლო მეორეს რუსულს ეძახიან. სულ ახლახანს კიდევ ერთი “ქალაქის თეატრი” გაიხსნა. სამი წელია, რაც მას აშენებენ და აწყობენ, მაგრამ ბოლომდე დასრულებული ჯერ კიდევ არ არის. ის ძალიან დიდი და შთამბეჭდავი იქნება. გასართობი ადგილები ქალაქის ერთ-ერთი გასართობი ადგილი ბულვარი და მისი მიმდებარე ბაღია  (იგულისხმება ალექსანდრეს (ახლანდელი 9 აპრილის) ბაღი.,) სადაც უბრალო ხალხი სეირნობს. ბაღს რკინის მოაჯირი არტყია და მის ორსავე მხარეს რკინის სკამებია ჩამწკრივებული. ბაღის შუაგულში დიდი აუზია, რომელშიც წყალი მდინარე მტკვრიდან შედის და მჩქეფარე შადრევნებად იფრქვევა. ბაღს სამი ტერასა აქვს. ბოლო ტერასაზე დგას პატარა შენობა, რომელშიც სიგარეტებს, ჩაისა და ყავას ამზადებენ.

კიდევ ერთი გასართობი ადგილი კლუბის შენობაა. მისი ერთი დარბაზი სამხედროების შეკრების ადგილია, მეორე - ვაჭრების, მესამე კი - ხელოსნებისა და წვრილი ვაჭრების. კლუბში საღამოობით იკრიბებიან. აქ მუსიკა გაუჩერებლად უკრავს და ლამაზი მომღერალი ქალები მღერიან და ცეკვავენ. ამ დაწესებულების ნებისმიერი წევრი რასაც უნდა, იმას აკეთებს: ზოგი უსმენს, ზოგი გაზეთსა და წიგნს კითხულობს, ზოგიერთები კი მშვიდად საუბრობენ და თავიანთ საქმეებზე მსჯელობენ. თითოეულ დარბაზში გულმოდგინე მსახურები მსურველებს გარკვეულ საფასურად საჭმელსა და სასმელს უმზადებენ. კლუბის ყველა წევრს ხელში წლიური [აბონემენტი] და ბილეთი უჭირავს. დიდგვაროვნების (ძირითადად, სამხედროების) წლიური გადასახადი 20 მანეთია, ვაჭრების - 16 მანეთი, ხოლო ხელოსნებისა და წვრილი ვაჭრების - 12 მანეთი.

კვირაში ერთხელ კლუბის ნებისმიერ წევრს შეუძლია აქ თავისი მანდილოსანი მოიყვანოს. ქალები და კაცები აქ ერთად ჭამენ, სვამენ, სეირნობენ და მხიარულობენ. ქალი, რომელიც კლუბის წევრს ახლავს, უსაქციელო და ფუქსავატი არ უნდა იყოს. თითოეულ დარბაზში მუდმივი კლიენტების განსაზღვრული რაოდენობაა. გარდა ამისა, არიან დროებითი, ჩაუწერელი წევრებიც. ისინი მუდმივ წევრებზე მეტ გადასახადს იხდიან მანამდე, სანამ რომელიმე მუდმივი წევრი არ მოკვდება ან კლუბს არ დატოვებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიხდიან ჩვეულებრივ გადასახადს. თუ ვინმეს უნდა, რომ კლუბის დროებითი წევრი გახდეს, ძველმა, მუდმივმა წევრმა მისი პატიოსნებისა და წესიერების გარანტია უნდა მისცეს. ამის შემდეგ სპეციალურ ჟურნალში ფიქსირდება, რომ მავანი ამა და ამ დროს ამა და ამ დარბაზის წევრი გახდა. ის იღებს ბილეთს და თავდებთან ერთად შედის კლუბში. არისტოკრატებმა ღამეში სამი მანეთი უნდა გადაიხადონ, ვაჭრებმა - ორი, ხოლო ხელოსნებმა და წვრილმა ვაჭრებმა - ერთი მანეთი. როცა დროებით წევრს თან ქალი ახლავს, ის დაწესებული თანხის ორმაგს იხდის.

წელიწადში სამი საღამო კლუბი ყველასთვის ღიაა და ნებისმიერ მსურველს ყოველგვარი გარანტიის გარეშე შეუძლია აქ დროის გასატარებლად მივიდეს. ამ სამ ღამეში შეგროვებული თანხა, კლუბის დანახარჯების გამოკლებით, ღარიბ-ღატაკებს ურიგდება. ეს შენობა და კლუბი მასონთა ლოჟის პრინციპზეა მოწყობილი და მის ხარჯებსა და შემოსავალს ამხანაგობა განაგებს. რამდენიმე კაცი სახელმწიფოს ნებართვით კომპანიას ქმნის. ისინი ქირაობენ შენობას და იძენენ საჭირო ინვენტარს. ამხანაგობის ხარჯები და მოგება მკაცრად განისაზღვრება და ჟურნალებში აღინუსხება. მოგებას კომპანიონები ხარჯების აღწერის შემდეგ ინაწილებენ. კლუბის მომსახურე პერსონალი როგორც ქალები, ისე კაცები არიან და ისინი თვიურ ხელფასს იღებენ.

თბილისის გაზეთები

 ამ ქალაქში სამი სტამბაა, რომლებიც თურქულენოვან გაზეთებს ბეჭდავს. ერთს “კავკასიის სინათლე” ჰქვია, მეორეს - “თარჯიმანი ბახჩისარაიში” და მესამეს - ”ქაშქული”. არც ერთი მათგანი საინტერესო არ არის. სამივე თურქულია.

ამ რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები

კაზაკები

ამ რეგიონში რამდენიმე ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, რომელთაგან ერთ-ერთი კაზაკებია. მათ ბავშვობიდან ჯირითობასა და მშვილდოსნობაში წვრთნიან, ამიტომ ძალიან ძლიერები და ვაჟკაცურები არიან. ძირითადად, სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობენ, თუმცა, იშვიათად, სოფლის მეურნეობასაც მისდევენ. კაზაკები სახელმწიფოს გადასახადს არ უხდიან და მათი ბეგარა ცხენოსანთა რაზმში სამსახურით შემოიფარგლება. კაზაკებს თავიანთი ცხენები და იარაღი აქვთ, სამხედრო აღჭურვილობასა და თოფის წამალს კი ხელისუფლება აძლევს. ექსპედიციების დროს მათ საგზალსაც ურიგებენ. კაზაკი კაცებისა და ქალების ტანსაცმელი თურქების ჩაცმულობას ჰგავს.

ჩეჩნები

შემდეგი ჯგუფი ჩეჩნებია. ისინი მაღლები, ვაჟკაცურები, გრძელთმიანები და ყვითელსახიანები არიან. მონღოლთა ამ შთამომავლებმა საცხოვრებლად ეს რეგიონი აირჩიეს და აქ დასახლდნენ. აღმსარებლობით ისინი შაფიიტები არიან. მათი სამოსი თურქებისას ჰგავს. ჩეჩნები არასოდეს სამხედროები და სახელმწიფო მოხელეები არ ხდებიან. როგორც კაზაკები, ისე ჩეჩნები ცეკვასა და სიმღერაში არიან დახელოვნებული.

ჩერქეზები  

ეს ხალხი თეთრსახიანი და შავთმიანია. ისინი სუნიტები არიან. ჩაცმულობით თურქებს ჰგვანან. უცნაური წეს-ჩვეულებები აქვთ და დიდი რელიგიურობით არ გამოირჩევიან.

ლეზგები

ლეზგებიც მაღალი და ვაჟკაცური იერის მქონე ხალხია. მათ უმრავლესობას დიდი ძალაუფლება, სიმდიდრე და მამულები აქვს. ადრე ლეზგებს ქართველები მონებად და მხევლებად ჰყავდათ. როგორც ქალების, ისე კაცების სამოსი ქამარჩინია და ძველ ირანულ სამოსს ჰგავს.

ქართველები

ქართველები ქრისტიანობის ერთ-ერთ მიმართულებას განეკუთვნებიან. მათი სამოსი ევროპული და ძველი ირანული ტანსაცმლის ნაზავს წარმოადგენს. ისინი ძალიან ლამაზები არიან და წითელი ლოყები და შავი თმა აქვთ. დროს, ძირითად, სიამოვნებასა და უზრუნველ ცხოვრებაში ატარებენ.

სომხები

სომხები ქართველებისგან განსხვავებული მიმართულების ქრისტიანები არიან. მათი უმრავლესობა დაბალი, შეუხედავი და უსუფთაოა. ნაწილი მიწათმოქმედებას მისდევს, ნაწილი კი - ხელოსანი და წვრილი ვაჭარია. სომხები ძალიან მორწმუნეები არიან და რელიგიურ კანონებს მკაცრად იცავენ. ისინი წელიწადში რამდენჯერმე მარხულობენ და მარხვის დღეებში არც მუშაობენ და არც ერთობიან. მათი დიდი მარხვა შვიდ კვირას გრძელდება. თუმცა ახლა სომხებს შორისაც გაჩნდნენ ურწმუნოები, რომლებიც ამ წეს-ჩვეულებებს არ იცავენ. უცნაურია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართველებიცა და სომხებიც ქრისტიანები არიან, ისინი ერთმანეთზე არ ქორწინდებიან.

მალაკნები

მალაკნები, ძირითადად, სუსტი აღნაგობის, ქერა და წითელლოყება ხალხია. ქრისტიანობის ერთ-ერთი მიმართულების მიმდევრები არიან, მაგრამ მღვდელი არა ჰყავთ. ტრადიციულად, ისინი თემის უხუცესთა და ბრძენთაგან სამ-ოთხ სასულიერო პირს და მამასახლისს ირჩევენ და ყველა საქმეს მათი მითითებით აკეთებენ. მალაკნები ეკლესიებში იესოსა და მარიამის ხატებს არ კიდებენ და ყველა მიმართულებით ლოცულობენ. მათში აკრძალულია ღორის ხორცი, არაყი, ღვინო, თამბაქო, თუთუნი, სიგარეტი, ყველი, ხახვი და უფარფლო თევზი. მალაკნების მარხვა სამ-ოთხ დღე-ღამეს გრძელდება. თავიანთ მიცვალებულებს ისინი განბანვის რიტუალს უტარებენ, სუდარაში ახვევენ და ლოცვებს უკითხავენ. ზოგიერთ მათგანს წინდაცვეთა დასაშვებად მიაჩნია და ისლამის კანონებს იცავს.

თურქები

ამ ჯგუფის ერთი ნაწილი მონღოლური წარმომავლობისაა, მეორე კი - აზერბაიჯანის ვილაიეთში მცხოვრები ხალხის შთამომავალია. თურქები მსუქანი, ჩაფსკვნილი და წითელლოყება ხალხია. მათი ტანსაცმელი ირანელების სამოსს ჰგავს. მრწამსით ისინი შიიტები არიან.

ჯარის აღწერა

თბილისი კავკასიის დედაქალაქი და მთავარმართებლის რეზიდენციაა, ამიტომ აქ ათ-თორმეტ ათასიანი რუსული არმიის გარნიზონი დგას, რომ საჭიროების შემთხვევაში კავკასიის ნებისმიერ წერტილში წავიდეს. რუსი ჯარისკაცი, როგორც დიდგვაროვანი, ისე მდაბიო, ოცდაერთი წლის ასაკში ჯარში მიდის და ხუთი წლის განმავლობაში ყაზარმაში წვრთნებს გადის. მერე ის ხუთ წელს ლაშქრობაში ატარებს და იქიდან 32 წლის ასაკში ბრუნდება. ამით მისი სამხედრო სამსახური თავდება. კავკასიისა და ყარაბაღის მოსახლეობა ამ მოვალეობისგან თავისუფალია, თუმცა ამბობენ, რომ წელს მათი განთავისუფლების ბოლო წელია.

სახელმწიფო ჯაშუშები

რუსეთის სახელმწიფოს სანაქებო წეს-ჩვეულებათაგან ერთ-ერთი გამორჩეული არის ქალაქებსა და რეგიონებში ფარული ჯაშუშების დანიშვნა. ცოტაა ისეთი უბანი, ქუჩა, სასტუმრო ან ყავახანა, რომელშიც ინფორმატორი არ იმალებოდეს. როგორც წესი, ყველაზე უმნიშვნელო პუნქტშიც კი ხელისუფლებას საკუთარი ჯაშუში ჰყავს და ამიტომ ის სახელმწიფოს ნებისმიერი წერტილის შესახებ ფლობს ინფორმაციას. დიდი სულთნებიც ქვეყნის მართვაში ამ წესს აქტიურად იყენებდნენ. მაგალითად, არდაშირ ბაბაკანმა მის სამეფოში რაც კი ხდებოდა, მეორე დილით უკვე იცოდა. მას ჯაშუშები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ ჰყავდა.

ბოზორჯმიჰრის სიტყვებით, მონარქს თორმეტი დასაყრდენი აქვს: პირველი, ხორციელი სურვილების მოთოკვა და ვნებისა და ავხორცობისგან თავის შეკავება; მეორე, სიმართლის თქმა და აღთქმისა და პირობის ერთგულება; მესამე, ბრძენ ხალხთან თათბირი; მეოთხე, ბრძენთა და წარჩინებულ პირთა პატივისცემა მათი გონებისა და წვდომის უნარის შესაბამისად; მეხუთე, გადასახადთა ამკრებებისა და მოსამართლეების შემოწმება, პატიოსნების დაჯილდოვება და უწესოთა დასჯა; მეექვსე, პატიმრების საქმეთა კონტროლი, დამნაშავეების დასჯა და უდანაშაულოების განთავისუფლება; მეშვიდე, მიმოსვლის გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; მერვე, ომისთვის მაღალხარისხოვანი იარაღის შეგროვება; მეცხრე, ქვეშევრდომების კეთილგონიერების გამოჩენა; მეათე, წინაპრების, ახლობლებისა და ნათესავების პატივისცემა; მეთერთმეტე, ვეზირების, მრჩევლების, სახელმწიფო მოხელეებისა და სამხედროების დამსახურების მიხედვით უზრუნველყოფა; მეთორმეტე, ჯაშუშების დანიშვნა ყველა ვილაიეთში, რათა მოვლენებმა სწრაფად და ფარულად მიაღწიონ მმართველამდე. ბაჰმან იბნ ესფანდიარიც ყველას, ვისაც სადმე აგზავნიდა, თან საიდუმლო ინფორმატორს აყოლებდა. თუ ის კარგად შეასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, მეფე მას დიდ პრივილეგიებს ანიჭებდა და თუ არა - აგდებდა.

 

аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати