USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
“მაყურებლების” გავლენა ციხეებში და ადმინისტრაციის როლი – კვლევა
Date:  1553

“კრიმინალლური სუბკულტურის გავლენა პენიტენციური დაწესებულების მართვაზე” – ამ კვლევის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა საპატიმრო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის ანალიზი ჩატარდა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოს საპატიმრო დაწესებულებების უმეტესობაში სიტუაციას ძირითადად ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები განაგებენ.

დოკუმენტის ავტორებმა გამოიკვლიეს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ პრაქტიკაში აქამდე არსებული კვლევების ანალიზები. ამასთან ავტორებმა თვისობრივი მეთოდოლოგიის ფარგლებში გამოიკითხეს 51 რესპოდენტი, მათ შორის 17 ყოფილი პატიმარი, პენიტენციური სისტემის 18 ყოფილი თანამშრომელი და საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ყოფილი და მოქმედი 16 წევრი ან ამ სფეროს ექსპერტი. თუმცა აღსანიშნავია, რომ კვლევა არ მოიცავს ქალთა საპატიმროებს და ისეთ დაწესებულებებს, სადაც ყოფილი სამართალდამცავები იხდიან სასჯელს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოს საპატიმრო დაწესებულებების უმეტესობაში მოქმედებს შიდა, ე.წ “პატიმართა კოდექსი”, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც მსჯავრდებული კონკრეტული ჯგუფიდან ირიყება, ხშირ შემთხვევაში მასზე ხდება ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური და იშვიათ შემთხვევებში სექსუალური ძალადობაც.

როგორც კვლევის მხარდამჭერი ერთ-ერთი ორგანიზაციის, “ღია საზოგადოების ფონდის” წარმომადგენელმა, ქეთი ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, საპატიმროებში კრიმინალური ავტორიტეტების გაძლიერება განსაკუთრებით 2012-2013 წლებში იწყება, როდესაც სუსტდება ციხის ადმინისტრაციის როლი საპატიმრო დაწესებულებების განკარგვის საკითხში:

“2012 წლისთვის დადგინდა, რომ ციხეებში ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ხორციელდებოდა სისტემური ძალადობა პატიმრების მიმართ, ამჟამად თითქოს აღარ არის სისტემური წამება ადმინისტრაციის მხრიდან, მაგრამ მოხდა სხვა დრამატული ფაქტი – აღდგა კრიმინალური სუბკულტურა ციხეებში. ციხეების უმეტესობაში მოხდა ძალიან მკვეთრი იერარქიული დაყოფა, იმ ტიპის გავლენის ჯგუფებად, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან გვახსოვს, სადაც კრიმინალურ ელემენტებს ეძლევათ საშუალება რომ თავად გადაანაწილონ ჯგუფებში პატიმრები და მათთან ციხის ადმინისტრაცია მდუმარედ თანამშრომლობს”, – განმარტა ხუციშვილმა.

ხუციშვილის თქმით, ციხის ადმინისტრაციების წარმომადგენლები უმეტეს შემთხვევაში იერარქიის სათავეში მოქცეულ პირებს აძლევენ საშუალებას, რომ ქვემდგომებს შეუზღუდონ ჯანდაცვაზე, განათლებასა და სხვა ძირითად უფლებებზე წვდომა.

რაც შეეხება კრიმინალური სუბკულტურის გავლენების შედეგებს, კვლევაში გამოყოფილია რამდენიმე ძირითადი მიმართულება, მათ შორის:

  • მტაცებლური თვითმმართველობა განაპირობებს პატიმართა შორის ძირითადი უფლებების არათანაბარ დაცვას
  • ციხეში ახლად მიღებულ პატიმრები იძულებულები ხდებიან კრიმინალურ ლიდერებთან და მათთან დაახლოებულ პირებთან შევიდნენ ისეთ ურთიერთობაში, რომელიც შემდგომ ახლად მისულ პატიმარს ავტორიტეტებზე დამოკიდებულს ხდის
  • კრიმინალური სუბკულტურა აუარესებს ციხის გარემოსა და ატმოსფეროს

ამ ყველაფერს კი, კვლევის თანახმად, ხელს უწყობს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის საპატიმრო დაწესებულების ზომა და პატიმრების რაოდენობა, ციხის პერსონალისა და პატიმრების არაპროპორციული თანაფარდობა, ინფორმატორების ფართოდ გამოყენება, ციხეებში არასათანადო რესურსები, ბარაკული ტიპის არქიტექტურა, დაკანონებული წახალისების მექანიზმის არ არსებობა, პერსონალის კორუფცია და პატიმრებსა და თანამშრომლებს შორის უნდობლობა.

უშუალოდ საქართველოში ჩატარებული კვლევების და ინტერვიუების გაანალიზების შედეგად კი გამოიკვეთა, რომ არაფორმალურ ჯგუფებს საპატიმროებში სათავეში ე.წ “მაყურებლები”, იგივე “პალაჟენეცები” უდგანან. მათი პასუხისმგებლობაა დაწესებულებებში ე.წ “ქურდული პალაჟენიის” დამყარება და შემდეგ ამის კონტროლი. კვლევის მიხედვით, სწორედ “მაყურებლებს” აქვთ პირადი ურთიერთობები ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და გარკვეულ შემთხვევებში ადმინისტრაციის გზავნილებს მსჯავრდებულებს სწორედ ისინი აწვდიან.

კვლევაში აღნიშნულია, რომ კრიმინალური იერარქიის სათავეში ყოფნა მხოლოდ სხვებზე კონტროლის და გავლენის მომნიჭებელი არ არის, არამედ “მაყურებლები” ხშირ შემთხვევაში სარგებლობენ სხვადასხვა ქონებრივი პრივილეგიით, მათ შორის შეუძლიათ იქონიონ დიდი ტელევიზორი, რომელიც არ იყიდება დაწესებულების მაღაზიაში, ასევე ჰქონდეთ “იქს ბოქსი”, ატარონ ჯინნსის შარვალი და ა.შ, ეს ყველაფერი კი საპატიმროს ადმინისტრაციასთან არის შეთანხმებული:

“რესპონდენტთა განმარტებით, ეს ჯგუფი უფრო ახლო კონტაქტშია ადმინისტრაციასთან და შეუძლიათ თანამდებობის პირებთან შეხვედრა მათთვის ნებისმიერ სასურველ დროს. რესპონდენტებმა გაიხსენეს შემთხვევები, როდესაც კონკრეტული პატიმრების თხოვნით, ოფიციალური განცხადების გარეშე, მათ სანახავად გადასულა როგორც დირექტორის მოადგილე, ასევე მისულან სხვა თანამდებობის პირები”, – განმარტებულია კვლევაში.

კვლევის ერთ-ერთი რესპოდენტის, ყოფილი პატიმრის თქმით, ხშირ შემთხვევაში სწორედ საპატიმროების ადმინისტრაციის წარმომადგენლები ეხმარებიან კონკრეტულ პირებს “მაყურებლად” ქცევაში:

“ადმინისტრაციას აწყობს სიწყნარე რომ იყოს და რომელსაც მეტი ავტორიტეტი აქვს, უწყობენ ხელს, რომ იმან მართოს, ამისთვის რაღაც პრივილეგიებს უკეთებს. დავუშვათ, შემოიტანონ სიგარეტი, ან გახსნან პაემანი, დიდ რაოდენობაზეა სიგარეტის საუბარი, მერე გარეთ აგზავნიან, იცვლება ფულში და მთელი ამბებია”, – განმარტავს ყოფილი მსჯავრდებული.

თუმცა, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ძალაუფლება და ქონებრივი უპირატესობები არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მსჯავრდებულები შეიძლება “მაყურებლად” ქვცებისკენ მიილტვოდნენ. ამ “პოზიციის” დაკავება ხშირ შემთხვევაში შესაძლოა გამოწვეული იყოს უსაფრთხოების გარანტიის მისაღებადაც, რადგან “რაც უფრო მაღალ საფეხურზეა პატიმარი, მით უფრო მეტად აქვს დაცულობის განცდა”.

ამასთან, კვლევაში განმარტებულია, რომ გარკვეულ შემთხვევებში, საპატიმროში მოპოვებული “მაღალი იერარქია”, მსჯავრდებულებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ ციხეში არსებული უკეთესი სამედიცინო სისტემით, საჭიროზე მეტ ხანს გაჩერდნენ ციხის საავადმყოფოში ან რიგ შემთხვევებში აუცილებელი საჭიროების გარეშე დატოვონ საპატიმრო დაწესებულება და ქალაქის კლინიკაში გადავიდნენ. კვლევაში ნათქვამია, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი სწორედ ციხის ადმინისტრაციაა, რომელიც ხელს უწყობს ავტორიტეტებს ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების სრულყოფაში.

კვლევის თანახმად, იერარქიული წყობების მიხედვით, საქართველოში შედარებით ნაკლებად პრობლემური მდგომარეობაა N16 დაბალი რისკის დაწესებულებაში, სადაც არ არის “მაყურებლები” და “კაი ბიჭები”. ასევე ამ საპატიმროში ჩაგრულ ჯგუფს არ წარმოადგენენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები. ამ დაწესებულებაში ძირითადად სამეურნეო მომსახურების ჯგუფის წარმომადგენლები, ე.წ “პატიოსნები” არიან.

“კვლევის რესპონდენტების განმარტებით, დაწესებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, ის თავისუფალია სუბკულტურული გავლენებისგან და თვისებრივად განსხვავდება სხვა პენიტენციური დაწესებულებებისგან. თუმცა, რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ სუბკულტურის მიმდევართათვის მე-16 დაწესებულებაში გადასვლა არ ითვლება მისასალმებელ საქციელად და ყოფილა შემთხვევა, რომ პატიმრისთვის, რომელიც ე.წ. „კაი ბიჭის“ სტატუსზე აცხადებდა პრეტენზიას, შეუხსნებიათ, რომ თუ „კაი ბიჭი“ იყო ამ დაწესებულებაში არ უნდა გადასულიყო”, – განმარტებულია კვლევაში.

ამასთან კვლევაში საუბარია ეკონომიკურ ძალადობაზეც, კერძოდ საპატიმროებში ე.წ “საერთო” თანხის შეკრებაზე. კვლევის მიხედვით, რესპოდენტების აბსოლუტური უმრავლესობა ამობს, რომ “საერთოში” მხოლოდ ფულის შეგროვება არ ხდება და ძირითადად სიგარეტი, ჩაი, სატელეფონო ბარათები და სხვა მატერიალური ღირებულების მქონე პროდუქტები გროვდება.

ასევე “საერთოს” შეგროვება ხორციელდება პატიმრების ბარათებზეც, რომელსაც დაწესებულებაში პროდუქციის შესაძენად გამოიყენება, ასევე კომპანია “აჭარაბეთის” ანგარიშებზე თანხების დარიცხვითაც. როგორც რესპოდენტები კვლევის ავტორებს ეუბნებიან, ამ ფაქტების შესახებ ინფორმირებულია დაწესებულების ადმინისტრაცია, რომლის წარმომადგენლებიც ცდილობენ არ შეამოწმონ ის საკნები, სადაც აღნიშნული “საერთო” იანხება.

“რაც მახსოვს, იყო ასეთი რაღაცა, ერქვა “სატასაო”, რომელიც “მაყურებლის” კამერაში დევს და როგორც მახსოვს, თვეში ერთხელ 15 ლარის რაღაც უნდა შეგეძინა, ნუ, ხარკს იხდიდი, უხეშად რომ ვთქვათ, რა! მოვიდა 15 რიცხვი და ჩემი ფულიდან უნდა გამოვყო, რომ მივცე იმათ. მაგალითად, უნდა ვიყიდო სიგარეტი, უნდა ვიყიდო დასარეკი ბარათები, ტუალეტის ქაღალდი, კბილის ჯაგრისი და ასეთი რაღაცეები”,- ეუბნება კვლევის ავტორებს ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი.

აღნიშნული კვლევა ორგანიზაციების “ევროკავშირი საქართველოსთვის”, “ღია საზოგადოების ფონდი”, “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის” (RIVG) და Penal Reform International მხარდაჭერით ჩატარდა.

კვლევის უშუალო ავტორებმა: საერთასორისო მკვლევარმა, გევინ სლეიდმა, RIVG-ის წარმომადგენელებმა ტატო ქელბაქიანმა და ნატალია ცაგარელმა და სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა შემდეგი რეკომენდაციები შეიმუშავეს:

  •  ჩამოყალიბდეს კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც უნდა მოექცეს სისხლის სამართლისა და დანაშაულის პრევენციის ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში. სტრატეგიის ჩამოყალიბებისას მნიშვნელოვანია როგორც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების, ასევე შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • ერთიანი პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს უწყებათაშორის თანამშრომლობას, სადაც უწყებებს განსაზღვრული ექნებათ საკუთარი როლი და ფუნქციები. მულტიუწყებრივი თანამშრომლობა გააერთიანებს როგორც საგანმანათლებლო და სოციალური დაცვის სისტემებს, ასევე სამართალდამცავ ორგანოებსა და პენიტენიცურ სისტემას.
  • მიზანშეწონილია მთავრობამ ჩამოყალიბოს პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის მოდიფიცირების მკაფიოდ განსაზღვრული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გეგმა;
  • ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა უნდა იყოს ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის ნაწილი,სადაც მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება არასაპატიმრო სასჯელებისა და ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემის დახვეწასა და განვითარებაზე;
  • განხორცილდეს პატიმართა კლასიფიკაცია რისკების მიხედვით, სადაც გათვალისწინებული იქნებამათი სუბკულტურასთან მიკუთვნებულობა, რათა გამოირიცხოს პატიმართა ერთი ჯგუფის გავლენა სხვა ნაკლები რისკის მქონე პატიმრებზე.
  • უზრუნველყოფილი იყოს ციხის პერსონალის თანაბარი ხელმისაწვდომობა და დამოკიდებულება პატიმართა სხვადასხვა ჯგუფების მიმართ;
  • ჩამოყალიბდეს დაწესებულების ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის კომუნიკაციის მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს კრიმინალურ სუბკულტურაში არსებულ იერარქიულ დამოკიდებულებას,პატიმართა არაფორმალურ გავლენებს და შესაძლებლობას აძლევს ყველა პატიმარს განახორციელოს თვითმმართველობის ლეგიტიმური კომპონენტი მხოლოდ კანონით განსაზღვრული მიმართულებით, რაც ძირითადად მოიაზრებს საგანამანათლებლო-სარეაბილიტაციო ინიციატივებს
  • ხელისუფლებამ უზრუნველყოს პენიტენციური დაწესებულებების მომარაგება ყველა პატიმრისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური საშუალებებით, რისი მიწოდებაც კანონმდებლობის შესაბამისად მის ვალდებულებას წარმოადგენს;
  • აღმოფხვრას არაფორმალური გავლენები, რომლებიც ე.წ. ავტორიტეტებთან დაახლოებულ პირებს უქმნის დაწესებულებებში ცალკეული პრობლემების გადაჭრის უფრო ხელსაყრელ პირობებს და პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს სხვა პატიმრებთან შედარებით.
  • სამართალდამცავ ორგანოებს შორის უწყებათაშორისი თანამშრომლობის გზით, ჩამოყალიბდეს, ე.წ.„საერთოს“, როგორც კრიმინალური სუბკულტურის ერთ-ერთ მექანიზმთან ბრძოლის სტრატეგია და გადაიდგას ნაბიჯები ამ მიმართულებით;
  • დაწესებულებების ადმინისტრაციამ უზრუნველყოს პატიმართა უსაფრთხოება, რათა საერთოში მონაწილეობის მოტივაციას არ წარმოადგენდეს გავლენიანი პატიმრების ზეწოლისაგან თავის არიდება და საჭიროების შემთხვევაში ე.წ. მაყურებლების მხარდაჭერის მოპოვება
  • დეტალურად განისაზღვროს დაწესებულების პერსონალის ფუნქციონალური უფლება-მოვალეობები (განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში მოქმედებისას) განხორციელდეს პერსონალის გადამზადება და მათ მიეცეთ შესაძლებლობა, პრაქტიკაში გამოიყენონ არსებული უფლებამოსილება;
  • უზრუნველყოფილი იყოს გონივრული ბალანსი დაწესებულების პერსონალსა და თანამშრომლებს შორის;
  • გაუმჯობესდეს დაწესებულების პერსონალის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები;
  • დაწესებულების მართვა განხორციელდეს უფლებამოსილების დელეგირებისა და გუნდური მუშაობის პრინციპების დაცვით, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს თანამშრომელთა განტვირთვასა და ცალკეული კადრის გადინების შემთხვევებში ციხის მართვის მდგრადობას;
  • გადაიდგას ნაბიჯები დაწესებულების პერსონალის ხელფასების ზრდისა და სხვა სახის წახალისების მექანიზმების გაუმჯობესების მიმართულებით;
  • მიღებულ იქნას ზომები, რათა პერსონალს მუდმივად არ უხდებოდეს ზეგანაკვეთური მუშაობა, პერიოდული ზეგანაკვეთური შრომისთვის თანამშრომლებს მიეცეთ კანონით გათვალისწინებული დამატებითი ანაზღაურება. ასევე უზრუნველყოფილნი იყვნენ დასვენებისა და კუთვნილი შვებულების სრულად გამოყენების შესაძლებლობით;
  • გადაიდგას ნაბიჯები პერსონალის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით (გადაწვის ტრენინგები; თანამშრომლების ფსიქოლოგის შტატის განსაზღვრა და სხვა), რაც უკავშირდება სტრესულ სამუშაო გარემოს და მათ გადაწვას მუშაობის პროცესში.
  • ჩამოყალიბდეს პატიმართა მოტივირების სისტემა, რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას მისცემს გადადგან ნაბიჯები სუბკულტურული წესების წინააღმდეგ, ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მათ პირად უსაფრთხოებას. მნიშვნელოვანია აღნიშნული ნაბიჯის საპასუხოდ მათ გაუჩნდეთ რეალური შეღავათების მიღების პერსპექტივა.
  • გადაიდგას ნაბიჯები სისტემის დეცენტრალიზაციის მიმართულებით, რასაც თან უნდა ახლდეს პერსონალის ფუნქციების მკაფიოდ განსაზღვრა, მათი მხარდაჭერა მოვალეობის შესრულების პროცესში და ეფექტური მონიტორინგის/სუპერვიზიის სისტემა;
  • განხორციელდეს პენიტენციური სისტემის ფუნდამენტური მოდიფიცირება არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ხელისუფლებამ მკაფიოდ გამოხატოს კრიმინალური ჯგუფების გავლენების შემცირების ნება, უარი თქვას მათთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე, უწყებათაშორისი თანამშრომლობის გზითა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით ჩამოაყალიბოს კრიმინალური სუბკულტურასთან ბრძოლის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმა.
society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way