ვინც უკრაინის ომის დასრულებას ელოდებოდით, მინდა, გითხრათ, რომ არათუ მალე არ დასრულდება ეს ომი, არამედ გაცილებით დიდი ესკალაციისკენ მიდის საქმე და ამის ნიშნები აშკარაა.
დიდ ესკალაციაში იგულისხმება უშუალოდ ნატოზე დამუქრება და ბირთვული შანტაჟი. მოსალოდნელი ბირთვული შანტაჟის პასუხია პოლონეთის პრეზიდენტის, ნავროცკის გუშინდელი განცხადება, რომ საფრანგეთმა ატომური შეიარაღება პოლონეთში განათავსოს. სხვათაშორის, რამდენიმე დღის წინ, პოლონეთში იმყოფებოდა ფრანგული რაფალები, რომელსაც ატომის ტარება შეუძლია.
ზოგადად, ომის დაწყებიდანვე ცხადია, რომ უკრაინაზე დიდი რამ წყდება რუსეთისთვის ამ ომში. შესაბამისად, მხოლოდ უკრაინისთვის არ დაწყებულა ეს ომი. რუსეთისთვის ეს თვითგადარჩენის ომია. ამ ომის მერე, რუსეთი ან იმპერიულ ძალას აღიდგენს, ან არადა რეგიონულ ძალად დარჩება, რა დროსაც დაკარგავს უკრაინას, ბელარუსს, კავკასიასა და შუა აზიას.
იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის ომი არის ომი აშშ-ს დომინაციისა და კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, რუსეთი ეცდება ნატოსთან ესკალაციას. ამ ესკალაციის ნიშნებია პოლონეთზე დრონებით თავდასხმა და გუშინ, ესტონეთში, ტალინამდე რუსული ავიაგამანადგურებლების ფრენა. ტესტავს რუსეთი უკვე ესკალაციის ამ მიმართულებას.
რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რაც უკრაინაში ხდება, რუსეთი ვერ დაიწყებს კონვენციურ ომს პოლონეთის წინააღმდეგ. პოლონეთში შეიძლება მაქსიმუმ უკრაინისნკენ მიმავალი მომარაგების ხაზები დაიბომბოს ხოლმე დრონებით ან რაკეტებით. უშუალოდ კონვენციურ კონფლიქტს პოლონეთთან ვერ დაიწყებენ რუსები, რადგან ფიზიკურად არ აქვთ ამის რესურსი და ძალა.
აი, სუვალკის კორიდორისკენ, რომელიც ბელარუსსა და კალინინგრადის ოლქს აკავშირებს, დიდი ალბათობით გაიწევენ რუსები, ოღონდ ლიეტუვას მხრიდან და არა პოლონეთის მხრიდან.
ლიეტუვა რელიეფის მხრივაც მოწყვლადია და კონვენციური სამხედრო ძალების კუთხითაც. ლიეტუვის მხრიდან რომ გაიწევენ რუსები, ეს ევროეპელბმაც იციან და ამიტომაც დადგა მანდ 5 000 კაციანი გერმანული ბრიგადა. ელოდებიან მანდ ევროპელები ესკალაციას. ოღონდ ეს ბრიგადა სრულად 2027 წელს ამოქმედდება.
სავარადაუდოა, რომ მომდევნო წელს, ლიეტუვაზე, ლატვიასა და ესტონეთზე რუსეთის მხრიდან გაიზრდება სამხედრო ზეწოლა. ამის მიზანი არა ნატოსთან ომის მოგება, არამედ ნატოს დაშლა იქნება ნატოსთან ომის გარეშე. ნუ, შეიძლება ამ ესკალაციისთვის ინახავდეს რუსეთი მობილიზაციის "კოზირს". თუ ჩინეთი და კორეა მიაწვდიან ამუნიციიას, შეიძლება ვიხილოთ რუსეთის დიდი მობილიზაციაც. ამუნიციის, არტილერიისა და ჯავშანტექნიკის გარეშე ამას ნაკლები ეფექტი ექნება.
ამდენად, სავარადაუდოდ, უკრაინის ომის ესკალაციის შემდეგ ეტაპზე, თუ რუსები კალინინგრადზე სახმელეთო კავშირს ეცდებიან, ლიეტუვას დაემუქრებიან კონვენციური ძალებით და ნატოსა და ევროკავშირისგან მომდინარე პოტენციურ საპასუხო კონვენციურ დარტყმას დააზღვევენ ბირთვული შანტაჟით. მეტიც, რუსები შესაშინებლად მცირე ბირთვულ აფეთქებასაც არ მოერიდებიან, სადმე ღია ზღვაში. ეს სცენარი არაერთხელ ღიად ითქვა რუსების მხრიდანაც და დასავლელების მხრიდანაც.
აი, ამის მერე, კაცმა არ იცის, ამერიკის ბირთვული გარანტიების გარეშე, თუ ამერიკამ არ დააზღვია ბირთვული ფაქტორი, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის დაცვას თუ გაბედავენ ევროპელები. იმის თქმა მინდა, რომ რუსები პოლონეთზე კი არ გაიწევენ, არამედ ბალტიისპირეთზე და ღია ბირთვულ შანტაზე წავლენ, რათა ნატო დაშალონ ნატოსთან ომის გარეშე.
თუ ბირთვული შანტაჟის ქვეშ, რუსეთმა ბალტიისპირეთზე გაიწია და ეს შერჩა, დაშლილი იქნება ნატოც და ევროკავშირიც. იმის თქმა მინდა, რომ ამერიკელების გარეშე, კაცმა არ იცის, ბრატანელები და ფრანგები თუ გარისკავენ რუსეთთან ბირთვულ ესკალაციაში აყოლას. განა, ღირს ეს ესტონეთისა და ლიეტუვისთვის? აი, ესაა კითხვა, რომელზე პასუხიც გამოაჩენს, იარსებებს თუ არა ნატო და ევროკავშირი მომავალში ამ ფორმით.
რაც ზემოთ წერია, რუსეთი ამას ვერ გაბედავს ჩინეთის გარეშე. თუ ჩინეთის ზურგი ექნებათ, ამას გაბედავენ. ფაქტია, აქამდე ომიც ჩინეთის ზურგით და მასთან შეთანხმებით დაიწყეს (2022 წლის ოლიმპიადის დროს ამხანაგი სისა და პუტინის შეხვედრა) და მაგის შემდეგაც, შესაძლო ზავი ჩინელების ზურგით ჩაშალეს რუსებმა.
თუმცა, ზემოთ, რაც მიწერია ბირთვულ ესკალაციაზე, ეგ შეიძლება ჩინეთსაც არ აწყობდეს ცალსახად. ატომის გასროლამ შეიძლება მსოფლიო ეკონომიკაზე და ვაჭრობაზე დომინოს ეფექტი იქონიოს და ყველაფერი ჩამოშალოს, რაც არც ჩინეთს უნდა და ვერც აშშ დაუშვებს. გარდა ამისა, საქმე ისაა, რომ გამარჯვებული (არც ბოლომდე დამარცხებული) რუსეთი არც ჩინეთს უნდა. აი, ატომის გამოყენებით კი რუსეთი უკრაინასაც დაითრევდა და საბჭოთა კავშირსაც აღადგენდა. საკითხავია, ამას ჩინეთი დაუშვებს თუ არა. ჩინეთს სატელიტად გამობმული რუსეთი უნდა და არა ახალი საბჭოთა კავშირი.
თუმცა, ჩინეთთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი სცენარი. თუ ჩინელები დაინახავენ, რომ ძლიერი რუსეთის გარეშე ამერიკასთან რბოლას აგებენ, შეიძლება კიც აყვნენ რუსებს ამ ავანტურაში. ან მეორე მხრივ წავიდნენ და რუსები აყირავენონ. ამ ომში დიდი ძალები საბანს საკუთარ მხარესაც ექაჩებიან. ნუ, ჩინეთიც და აშშ-ც ამ ომს პროქსი ომად აღიქვამენ. შესაბამისად, რუსეთს კაი მოზრდილი ჩანგალი აქვს ჩარჭობილი ორივეს მხრიდან.
აი, თუ ჩინელებმა თავზე ხელი აიღეს და რუსების ეს ავანტურა დააზღვიეს, ტაივანშიც დაცხება. ევროპაში რუსეთის პოტენციური ბირთვული შანტაჟის ფონზე, ჩინელებმა შეიძლება ტაივანზე შეტევა სცადონ. რა თქმა უნდა, ტაივანზე შეტევა არა მხოლოდ ტაივანისთვის, არამედ წყნარ ოკეანეში აშშ-ს დომინაციის დასასრულისთვის მოხდება. თუ აშშ ტაივანს დათმობს, წყნარ ოკეანეში ის მეორე ძალად იქცევა და პოზიციებს დათმობს. ჩინეთი კი ახალი მსოფლიო ძალა გახდება და რაც აქამდე გვინახავს და ახლა ვხედავთ, ყველაფერი ისტორიის ფურცლებზე დარჩება მხოლოდ.
ამის გათვალისწინებით, საკითხავია, ტაივანს შეელევა თუ არა აშშ. ტაივანის დათმობა მანდ ნიშნავს, რომ სამხრეთ კორეაც, იაპონიაც და ფილიპინებიც (ფილიპინებთა ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი აქვს აშშ-ს) დაუცველია და აშშ წყნარი ოკეანიდან გადის. არადა, ბოლო 200 წელია, აშშ წყნარ ოკეანეს, როგორც საკუთარ ტბას ისე აღიქვამს. ესპანეთთან ომის შემდეგ აშშ თავს წყნარი ოკეანის მფლობელად აღიქვამს. თუ ტაივანი დაიკარგება, საფრთხე შეექმნება მთელ იმ კუნძულებზე აგებულ უსაფრთხოების შრეებს, რომლითაც ჩინეთი მაინც ხმელეთზე გამოკეტილ სახმელეთო იმპერიად რჩება.
ჰოდა, კიდევ უფრო დიდი პოსტი რომ აღარ გამოვიდეს, აშშ-ს გადაწყვეტია, ის მსოფლიო ძალად დარჩება თუ რუსებსაც და ჩინელებსაც ღირსეულ, ოღონდ საკუთარ ადგილს მიუჩენს.
თუ აშშ ტაივანს ან ბალტიისპირეთს დათმობს, დაკარგავს ყველაფერს, მათ შორის ოკეანეებს, მოგებიან სავაჭრო კონრაქტებს და დოლარსაც კი, რომელიც მსოფლიო ვალუტაა.
P.s. ისტორია გვიჩვენებს, რომ ანგლო-საქსები დიდ ომებს არ აგებენ და სრუტეებს, ზღვებსა და ოკეანეებს არ დათმობენ.