USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
თბილისი
მასშტაბური საერთაშორისო აფიორა, რომელმაც საქართველოს ასეულობით მოქალაქე დააზარალა
თარიღი:  775

რამდენიმე თვეა საქართველოს მოქალაქეები, ძირითადად ქალები, ათასობით აშშ დოლარს ვესტერნ იუნიონის საშუალებით ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქებში, ამერიკის მოქალაქეების სახელზე გზავნიან.

ირკვევა, რომ სოციალურ ქსელში ქართველ ქალბატონებს უცნობი, ამერიკის სამხედრო ბაზაზე მომუშავე ექიმის სახელით ეცნობა, შედის ნდობაში და სულ მალე სთხოვს პირველ ჯერზე 1500 აშშ დოლარს.

სქემა და ტექსტი ყველა დაზარალებულთან ერთმანეთის მსგავსია : " ქიმი" ყვება, რომ 5 წელია სამხედრო ბაზაზე მუშაობს, არ ყოფილა ამ ხნის მანძილზე შვებულებაში და შვებულების თანხა მილიონი, ზოგ შემთხვევაში კი მილიონ ნახევარი აშშ დოლარი მის ანგარიშზეა დაგროვილი, თუმცა ამ თანხის გამოყენებას ვერ ახერხებს, რადგან არ აქვს სამხედრო ბაზის დატოვების უფლება. სამხედრო ბაზის დატოვების შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემენ, თუ მისი საცოლე ( ამ შემთხვევაში დაზარალებული ქართველი ქალბატონი) მიმართავს თხოვნით ცენტრალურ ოფისს და გადარიცხავს მითითებულ მისამართზე 1500 აშშ დოლარს. როგორც კი "ამერიკელი ექიმის" " ქართველი საცოლე" ამ თანხას რიცხავს, მოსდის შეტყობინება, რომ შვებულების სერთიფიკატის მისაღებად 1900 აშშ დოლარია საჭირო.

ბევრი ამ ეტაპზე უკვე ხვდება , რომ მოატყუეს და "თამაში" სრულდება. თუმცა რამდენიმე ათეულ შემთხვევაში ქართველი ქალბატონები დარჩენილ 400 დოლარსაც იხდიან. ამის შემდეგ აღმოჩნდება, რომ სამხედრო ბაზიდან წამოსასვლელად კერძო თვითმფრინავის დაქირავებაა საჭირო და ეს თანხა 5000 აშშ დოლარს შეადგენს...

ამ თანხის ჩარიცხვის შემდეგ, თაღლითი ამბობს, რომ წამოვიდა ბაზიდან, აღარ დაბრუნდება, დაარღვია კონტრაქტი , ამის გამო შეექმნა ფინანსური პრობლემები და კიდევ სჭირდება თანხა. დაუჯერებელია ,მაგრამ ფაქტია ,რომ თაღლითურ სქემაში უამრავი ქალბატონი გაება. ყველა ფაქტს აქვს საერთო ან მსგავსი შინაარსი : ამერიკელ ექიმი მსხვერპლს უყვება, რომ გაიზარდა ობლად, ჰყავს შვილი, მეუღლეს გაშორდა , ან გარდაეცვალა, შვილი სწავლობს კერძო სკოლაში და წლებია არ უნახავს. სტატიას თან ახლავს ერთ ერთი დაზარალებულის მიწერ - მოწერა თაღლითთან და ფოტოები.

ავტორი : ესმა ხიდაშელი

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის