ელექტრონული კომერციის გიგანტი „ამაზონი“ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია 2019 წლის მონაცემებით. კორპორაციის წარმატება კი მისმა დამფუძნებელმა და დღემდე აღმასრულებელმა ლიდერმა, ჯეფ ბეზოსმა, შექმნა თავდაუზოგავი შრომითა და სლოგანით „იმოქმედე დაუნდობლად“. სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ, ბეზოსი მოიაზრება, როგორც ტექნოლოგიური ბიზნესის გავლენიანი ლიდერი და ის საკუთარ თავს Philosopher –in-chief ს უწოდებს .
1994 წელს, როდესაც ელექტრონული კომერცია ჯერ კიდევ „უცხო“, მაგრამ განვითარებად ბიზნესად მოიაზრებოდა, ბეზოსმა წიგნების ონლაინ მაღზია „ამაზონი“ შექმნა. ელექტრონული კომერციისა და კლიენტის გამორჩეული კმაყოფილების პიონერი, მალე „ყველაფრის მაღაზიად“ გადაიქცა და მუდმივად ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს ბაზრის კაპიტალიზაციის, შემოსავლებისა და ბრენდის ღირებულების მიხედვით.
ცხადია, ასეთი წარმატება ლიდერის ხედვისა და ღირებულებების შედეგია. ჯეფ ბეზოსის ლიდერობის სტილი ექსპერტების ხშირი კვლევის საგანია, ხშირად იწერება მის მკაცრ მმართველობით სტილზე, გამორჩეულად მაღალი შედეგების მოთხოვნაზე, კლიენტის კმაყოფილების „ამაზონისეულ“ სტილზე და სხვ.
"ამაზონის" წარმატება „ლიდერობის 14 პრინციპის“ შედეგია, რომლის ძირითადი მესიჯები შემდეგია: „მოიფიქრე და გაამარტივე“, „ იმოქმედე მიკერძოებულად“, „იყავი გაბედული“, „ არ დაეთანხმო მაგრამ დაეხმარე’ და სხვ. ბეზოსს მიაჩნია, რომ მთავარია ღირებულებების დაწესება საკუთარ თავთან, გუნდთან და შემდეგ კი მათი განუხრელად დაცვა. „კარგი ლიდერი არის ის, ვინც ხშირად არის მართალი და არა ყოველთვის“ - ამბობს ბეზოსი და დღემდე ფიქრობს, რომ თუ ლიდერის მოსაზრება ყოველთვის „აბსოლუტურად სწორია“, უნდა დაფიქრდეს საკუთარ მიდგომებზე.
გთავაზობთ "ამაზონის" მართვის ყველაზე საინტერესო მიდგომებს რომელიც დამაფიქრებელია, ბევრ კითხვასაც აჩენს, თუმცა ადასტურებს- „ამაზონი“ ციფრული კომერციის ლიდერია!
„თუ არსებობს პრობლემა, არსებობს გამოსავალიც“- ამბობს ბეზოსი. გამბედაობა და ინტერესი აუცილებელია ახალი და საუკეთესო იდეების შექმნისთვის, ეს კი "ამაზონის" კულტურისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
საინტერესოა „ცარიელი სკამის“ პრაქტიკაც აღმასრულებელი მენეჯმენტის შეხვედრებზე, სადაც ცარიელი სკამი კლიენტისაა - ცარიელია, მაგრამ კლიენტს წარმოადგენს! მენეჯმენტმა კლიენტის ინტერესები ნებისმიერ შეხვედრაზე უნდა გაითვალისწინოს და უნდა ახსოვდეს, რომ „კლიენტი ყველაზე მნიშნველოვანი პერსონაა შეხვედრებზე“
კლიენტებზე ზრუნვას ადასტურებს ბეზოსის პირადი მეილის საჯაროობაც - Jeff@amazon.com , რომელზეც ლიდერი დღემდე იღებს კლიენტებისგან მიღებულ უკუკავშირს და დაუყოვნებელი რეაგირებისთვის შესაბამის აღამსრულებლებს უგზავნის.
ბეზოსი ჭკვიანური დელეგირების „მიმდევარია“- თუ კოლეგის მოსაზრებას არ იზიარებს, დამაჯერებელი არგუმენტირების შემდეგ, იდეას დათანხმდება და შესრულებისთვის მხარდაჭერას გამოხატავს. მაგრამ აუცილებლად გააკონტროლებს შესრულების პროცესს, თუ იდეის არგუმენტები დამაჯრებელად არ ჟღერდა, მაგრამ იდეის განხორციელების საშუალება მაინც მისცა კოლეგას.
ბეზოსის ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვებია „დაუნდობელი“ და „დაუნდობლად“. როგორც ცნობილია, "ამაზონი" საკუთარ შედეგებს აანალიზებს 500 მიზანთან მიმართებაში, საიდანაც 80% კლიენტის კმაყოფილებას უკავშირდება. ამაზონმა მონაცემების დამუშავების უნიკალური გამოცდილება შექმნა - მომხმარებლის ინდივიდუალური კვლევა და შესაბამნისად, სხვა ბიზნესებისთვისაც ახალი სტანდარტი დააწესა- ინდივიდუალური მომხმარებლის ქცევის ანალიზი. მაგალითისთვის: მონაცემების დამუშავების შემდეგ, ამაზონმა დაადგინა, რომ თუ კომპანიის რომელიმე პროდუქციის გვერდი 0.1 წამით გვიან ჩაიტვირთება, მომხარებლის აქტივობა 1% ით შემცირდება. შესაბამისად, ბეზოსმა და მისმა გუნდმა კომპანიის საიტის სწრაფ და გამართულ მუშაობას კოლოსალური დრო და რესურსი დაუთმეს.
ბეზოსი მხოლოდ იმ შემთხვევაში გეგმავს შეხვედრებს, თუ ეს გარდაუვლად აუცილებელია. აუცილებელ შეხვედრებსაც თავისი წესი აქვს -„ორი პიცის წესი“, ანუ შეხვედრის მონაწილეებს ორი პიცა უნდა ეყოს, თუ არა, შეხვედრა არ შედგება! ბეზოსს მიაჩნია, რომ შეხვედრები, სადაც ბევრი მონაწილეა, არაეფექტურია.
„ორი პიცის წესის“ გარდა, შეხვედრებზე და ზოგადად კომპანიაში, აკრძალულია Power Point პრეზენტაციები. სანაცვლოდ, ბეზოსი მოითხოვს რომ შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარ იდეებზე ექვსგვერდიანი ნარატივი (ამასთანავე, აკრძალულია მოკლე ჩამონათვალიც, ე.წ bullet points) მოამზადონ, რომელსაც მონაწილეები შეხვედრის დაწყების პირველ წუთებში, სიჩუმეში წაიკითხავენ! რომ შევაჯამოთ, „ორი პიცის“ შეხვედრა გულისხმობს საჭირო ხალხის შეხვედრას კრეატიული და ანალიტიკური პროცესისთვის.
5„უცნობ პარტნიორთან“ თანამშრომლობა
„ამაზონის“ კულტურის კიდევ ერთი „თვისებაა“ ინოვაციის „უცნობ პარტნიორთან“ ერთად მართვა. რა თქმა უნდა, ეს მიდგომაც ბეზოსის მტკიცე მოსაზრებიდან შეიქმნა! ამ მიდგომის მიხედვით, მთავარია კომპანიის ლიდერებმა მოუსმინონ კლიენტს და არა კონკურენტებს. „ თუ კონკურენტებს შეისწავლი, საკუთარს და ახალს ვერაფერს შექმნი“, ამბობს ბეზოსი და „ამაზონის“ ლიდერებისგან მოითხოვს მოუსმინონ მხოლოდ „უცნობ პარტნიორს“, ანუ იფიქრონ, რა უნდა მომხმარებელს და არა რას აკეთებენ სხვები.
მიუხედავად იმისა, რომ „უცნობ პარტნიორთან“ თანამშრომლობამ ბევრი წარუმატებელი პროდუქტი შექმნა (მაგ: "ამაზონის" Fire smartphone) და კომპანიამ 170 მლნ დოლარიც იზარალა, "ამაზონის" ვებ სერვისები სწორედ ამ სტრატეგიის შედეგია!
„ამაზონის“ წარმატების ყველაზე საინტერესო „მიზეზია“ მისი ლიდერის ხედვა- ბეზოსი ელექტრონული კომერციის გიგატნს კვლავ სტარტაპად მოიაზრებს და მართავს როგორც სტარტაპს! ამ მიდგომას კი „პირველი და მეორე დღე“ დაარქვა. აი, რას ნიშნავს „პირველი და მეორე დღე“ მიდგომით მართვა-ბეზოსის აზრით, კომპანიები ქმნიან უამრავ სისტემებს ფუნქციონირებისათვის, რაც ხელს უშლის ინოვაციას და მოქნილობას. „პირველი დღე“ კი ბეზოსისთვის სტარტაპის ეტაპია, როდესაც მცირეა ხარჯი, მაგრამ მზარდ მოგებაზე მუშაობს; „მეორე დღე“ - კი წარმატებული კომპანია! თუ სხვა გიგანტ კომპანიებში ნახავთ ჰამაკებს, უფასო კვებას, ბიზნეს კლასით ფრენასა და სხვ. შეღავათებს, „ამაზონში“ მსგავსი არ არსებობს, რადგან მისი ლიდერისთვის ის კვლავ სტარტაპია, ჯერ „დღე მეორე“ არ დამდგარა!
„თუ შენი დნმ „მეორე დღეა“, ანუ სისტემები, პროცესები და სტრუქტურები, მაშინ სტარტაპის კულტურას, ინოვაციას და შექმნას ვეღარ დაუბრუნდები“ ამბობს ბეზოსი. „მეორე დღის“ მიმდევრად კი მოიაზრება Walmart, რომელიც ცდილობს კონკურენცია გაუწიოს ამაზონს და გახდეს ელექტრონული კომერციის ლიდერი.
წყარო: http://www.insource.ge/ge/node/417
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.