USD 2.6935
EUR 2.9925
RUB 2.9961
Тбилиси
მართლა უყვარდათ თუ არა ქართველები საბჭოთა კავშირში?
дата:  1601

ავტორი: ანტონ ვაჭარაძე

ისტორიკოსმა სერგეი ბონდარენკომ, 2019 წლის 27 აგვისტოს გამოაქვეყნა სტატია, „სტალინი - ფეხსაცმლის საფენი, თხა[1], ხალიუგანი“ (Сталин — стелька, козел, халюган), რომელშიც გადმოსცა დიდი ბელადის შეურაცხყოფის 5 სხვადასხვა ისტორია 1930-იან წლებში, НКВД-ის საგამოძიებო საქმეების მიხედვით.

 სტატიაში ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ ინფორმაციის მასობრივი კონტროლისა და არჩევნების ფაქტობრივი არარსებობის პირობებში, დღესდღეობით შეუძლებელია დადგენა, რეალურად უყვარდათ თუ არა სტალინი თანამოქალაქეებს: „1930-იანი წლებში, სტალინის რეალურ პოპულარობაზე ძალიან რთულია რამის თქმა. ქვეყანაში სადაც არ იყო კონკურენტული არჩევნები, თავისუფალი მედია, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა - იმისათვის, რათა მივხვდეთ რეალურ განწყობას, ერთადერთ წყაროდ რჩება მემუარები და, ასევე უფრო მეტად რეალურ წყაროებად შეგვიძლია მივიჩნიოთ НКВД-ის მოხსენებები,ასევე დაკითხვის ოქმები ხალხში არსებული შეხედულებების შესახებ. სწორედაც ოპოზიციურად განწყობილი,უკმაყოფილო ადამიანების მიმართ აღძრული საქმეები ინახავს ყველაზე მეტ საინტერესო ინფორმაციას:

 ამ წყაროებს თუ დავეყრდნობით, მითი ბელადის საყოველთაო სიყვარულის შესახებ სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ასეთი დოკუმენტების მთავარი გმირები, ძირითადად, უბრალო, დაბალი განათლების მქონდე ხალხია, რომლებიც მაღალ ფენებს არ განეკუთვნებიან და ისინი სტალინის შესახებ საოცრებებს ამბობენ: ერთი მხრივ, უამრავი დაკავებული ბელადს შეწყალების წერილებს სწერდა და დახმარებას სთხოვდა. ამავდროულად ჩვენებებში ბევრი იმუქრებოდა მოეკლათ, დაესახიჩრებინათ, გაეუპატიურებინათ იგი... ასეთი ჩვენებები უდავოა, რომ წამების და დამცირების შემდეგაა დაწერილი. თავად ასეთ საქმეებში „დანაშაულის ნაწილი“ ერთდროულად აბსურდულიცაა და გადამოწმებასაც არ ექვემდებარება. იყო თუ არა მსგავსი ტიპის მუქარა ხმამაღლა ნათქვამი? შეიძლება ისინი უბრალოდ მოწმეებმა გამოიგონეს? ასეა თუ ისე, ჩვენ საქმე გვაქვს საბოლოო შედეგთან - იდეების და გრძნობების ფიქსაცია, იმპულსური ან და წინასწარ განზრახული ქმედებები ასახავს სტალინის და მის მიღმა მდგომი მთელი „საბჭოთა ხელისუფლების“ მიმართ არსებული გრძნობების სპექტრს. ამ აზრების თუნდაც ფრაგმენტული კრებული არის იშვიათი საშუალება რათა შევიხედოთ მასობრივი პოლიტიკური ტერორის ეპოქის ქვეცნობიერში."

 ისტორიკოს ბონდარენკოს სტატიაში ჩვენთვის საყურადღებო გახდა ერთი დეტალი, რომელიც სტატიის ავტორს არ აღუნიშნავს. 1933 წლის 8 აპრილით დათარიღებული საქმე შეეხება მოქალაქე მალინინს, რომელიც დააკავეს კრემლში  შეურაცხმყოფელი შინაარსის ანონიმური წერილის გაგზავნის გამო. ის სტალინს ლანძღავდა შიმშილისა და კოლმეურნეობის სისტემის შემოღების გამო. ამავე საქმეში დევს მალინინისგან ამოღებული ბელადის ფოტო, რომელზეც სტალინს მიხატული აქვს დეტალები და მიწერილი აქვს სხვადასხვა დამამცირებელი ეპითეტი - „ბანდიტი“ (Бандит), „სულელი“ (Дурак) და „ქართველი“ (Грузин)[3]. სტატიის ავტორი ისტორიკოსისთვის ეს კონკრეტული მინაწერები კვლევის საგანი არ გამხდარა, თუმცა დოკუმენტიდან ვხედავთ, რომ ქარხნის მუშა მალინინისთვის სიტყვა „ქართველი“ სხვა შეურაცხყოფების რანგში გადიოდა.

 

 

მალინინის საგამოძიებო საქმეში დაცული ფოტო წარწერით - "ქართველი" (Грузин)
რუსეთის საისტორიო არქივში დაცული დოკუმენტი

სერგეი ბონდარენკოს სტატიაში აღწერილი ისტორიები და სასამართლოსა თუ საგამოძიებო ორგანების მიერ განხილული საქმეები ნათლად გვაჩვენებს იმდროინდელი რეჟიმის სახეს. რეჟიმის, რომლის სათავეშიც 1930-იან წლებში მესაჭედ იდგა ქართველი იოსებ სტალინი, ასევე გარდაცვალებამდე, 1935 წლამდე ერთ-ერთი გავლენიანი მინისტრი იყო სერგო ორჯონიკიძე, ხოლო კავკასიაში კიდევ ერთი ბელადის - ლავრენტი ბერიას პიროვნება იწრთობოდა და ემზადებოდა უმაღლეს ეშელენობში ადგილის დასაკავებლად. იმაზე, რომ რეჟიმი იყო უკიდურესად არასამართლიანი, თანამედროვე სამყარო თანხმდება: ერთი მხრივ, საუბრის გამო 2 და 3 წლის ვადით მოქალაქეებს უსჯიდნენ შრომა-გასწორებით ბანაკებში გადასახლებას. მეორე მხრივ, არაფრით გამორჩეული - სხვების მსგავსი დანაშაულისთვის, აშკარად მფარველობდნენ ზოგიერთ მსჯავრდებულს და მათ მოქმედებას გაუნათლებლობით ხსნიდნენ როგორც, მაგალითად, მოქალაქე სავინის შემთხვევაში[4].

 

 

 

"მტკიცებულებები", რომლებიც დაკავებულებს წარუდგინეს, რათა მათთვის დაემტკიცებინათ სტალინის შურაცხყოფა
1 - ლურსმნით დაკაწრული სტალინის ფოტო
2- სტალინის პორტრეტისგან გამოჭრილი ფეხსაცმლის საფენი

რუსეთის საისტორიო არქივში დაცული დოკუმენტი

 საბჭოთა კავშირის უზარმაზარ ტერიტორიაზე თავი მოიყარა ასობით არაერთგვაროვანმა ერმა. ამ ერების უნიფიკაციის და ერთიანი სახელმწიფოს შიგნით ინტეგრაციის მცდელობები მისი ჩამოყალიბებიდანვე მიმდინარეობდა. 1920-იან წლებში, სტალინი  ახორციელებდა ე. წ. „კორენიზაციის“ პოლიტიკას[5], რაც ნიშნავდა ლოკალური, არარუსული ეთნიკური იდენტობების მიზანმიმართულ განვითარებას. 1932-1933 წლების შემდეგ კომპარტიამ უგულებელყო ეს პოლიტიკა და მოგვიანებით მის აქტიურ მონაწილეებს რეპრესიებიც კი მოუწყო. ამის შემდეგ კორენიზაცია შეცვალა „ხალხთა შორის მეგობრობის“ პრინციპზე დამყარებულმა რუსიფიკაციის პოლიტიკამ, რაც საგანმანათლებლო პროცესზეც აისახა. ეს გულისხმობდა იმას, რომ საბჭოთა ხელისუფლება, ერთი მხრივ, ხელს უწყობდა საბჭოთა რესპუბლიკებში ტიტულარული ეროვნებების[6] ეთნონაციონალისტური სენტიმენტების გაღვივებას ეთნიკური უმცირესობების შევიწროების ხარჯზე, მეორე მხრივ კი, რუსულ ნაციონალიზმსა და კულტურას განიხილავდა როგორც სხვა დანარჩენ ეროვნებებზე ზემდგომსა და უპირატესს.[7]

 ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთი მხრივ, რუსეთი აღიქმებოდა აღმატებულად, ამავდროულად ბელადი პერიფერიული კავკასიიდან იყო და პოლიტბიუროშიც აქტიურად მიმდინარეობდა მისი თანამემამულეების და სხვა კავკასიელების დაწინაურება. როგორც ლავრენტი ბერიას შვილი, სერგო მემუარებში იხსნებს, მამამისმა სტალინს პირველმა  მიაწოდა იდეა, რომ მოსკოვში მოკავშირე რესპუბლიკის ხალხთა კულტურული დეკადები (ათდღეული) გაემართათ, რათა მათ ეჩვენებინათ რუსული კულტურის დადებითი გავლენა სხვა ერების კულტურაზე და ეროვნული ელემენტები. სერგო ბერიას გადმოცემით, სტალინმა იდეა აიტაცა და თავისად გაასაღა.[8] მხოლოდ ამ მემუარზე დაყრდნობით შეუძლებელია დავამტკიცოთ, აღნიშნული ნამდვილად ბერიას ინიციატივა იყო თუ არა, თუმცა ფაქტია, რომ  1936 წლიდან მოსკოვში პერმანენტულად ეწყობოდა კულტურის მუშაკთა დეკადები. 1937 წელს, უკრაინელებისა და ყაზახების შემდეგ, დეკადაზე ქართველებიც წარსდგნენ. კულტურული ღონისძიებების ფარგლებში ნაჩვენები იყო არა მხოლოდ ტრადიციული ქართული კულტურისა და ფოლკლორისთვის დამახასიათებელი ნომრები, არამედ წარმოდგენები ხელოვნების ისეთი „მაღალი“ დარგებიდან, როგორიც, მაგალითად, ბალეტი იყო.[9]

 

საბჭოთა კავშირის წიაღში, ზუსტად 1937 წლის დეკადის დროს წარმოიშვა და დამკვიდრდა დამოკიდებულება ქართველებისა და საქართველოს მიმართ: პირველ რიგში, ისეთი ეპითეტი, რომელიც რუსულენოვან ქვეყნებში დღემდე ასოცირდება ჩვენ ქვეყანასთან - „მზიური საქართველო“ (Солнечная Грузия). გაზეთ „პრავდასა“ და სხვა მიმომხილველი მედიუმების აზრით, სწორედ კარგი ამინდი და მზე განსაზღვრავდა ქართველი ერის ხალისიან კულტურას. დეკადის დროს უშურველად იყო გამოყენებული ეპითეტები როგორებიცაა - "დიდებული ერი და კულტურა", "ათასწლოვანი ისტორია" და ა.შ.[10] თუმცა იმდროინდელი რუსი ავტორებიც კი აღნიშნავენ, რომ 1930-იანი წლების რუსული შოვინისტური ელიტები ეროვნულ კულტურებს ძირითადად ეგზოტიკად განიხილავდნენ.[11]

 ქართველების მიმართ 1930-იან წლებში ჩამოყალიბებული ე.წ. „მზიური“ იმიჯისადმი შემდგომ დამოკიდებულებაზე ნათლად მოგვითხრობს ყოველდღიური საბჭოთა, ერთი შეხედვით უწყინარი ისტორიებიც: მაგალითად კანზასის უნივერსიტეტის პროფესორი, ერიკ სკოტი თავის სტატიაში „ფეხბურთის ოსტატურობა და საიდუმლო პოლიცია: ქართული ფეხბურთი მრავალეთნიკურ საბჭოთა იმპერიაში“ აღწერს 1970 წლის საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის ყრილობას, რომელზეც ქართველი დელეგატის, ცომაიას მიერ ქართული ფეხბურთის თავსმოხვეული ქებით ნაწყენმა ფედერაციის თავმჯდომარემ, ვალენტინ გრანატკინმა დაიყვირა: „იმიტომ, რომ თქვენ ზამთარი არ გაქვთ!“[12]. ამავე ავტორს ეკუთვნის მონოგრაფიული სახის ნაშრომი - „უცხო შინაურები: ქართული დიასპორის ევოლუცია საბჭოთა იმპერიაში“ (Familiar Strangers: The Georgian Diaspora and the Evolution of Soviet Empire), სადაც განიხილავს იმ გავლენას, რომელიც ქართული სუფრის ტრადიციამ მთელს საბჭოთა კავშირზე მოახდინა - როგორ გახდა სადღეგრძელო ტრადიციული შუააზიური კულტურის ნაწილიც და ა.შ.

 „მზიური“ საქართველოს და მისი შვილების მიმართ ცენტრის დამოკიდებულება იდილიურად არ გაგრძელებულა მას შემდეგ, რაც 1953 წელს მოკვდა სტალინი და დახვრიტეს ბერია. დაგროვილმა ფარულმა შურმა ოფიციალურ დონეზე „ამოხეთქა“ 1956 წლის თებერვალში, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XX ყრილობაზე, რომელზეც ხრუშჩოვის საიდუმლო მოხსენებაში ხაზგასმული იყო არამხოლოდ სტალინის, როგორც პერსონის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, არამედ აღნიშნული ხრუშჩოვმა მის ეთნიკური წარმომავლობასთანაც დააკავშირა[13].

ხრუშჩოვის საიდუმლო მოხსენების ნაწილები თბილისშიც გავრცელდა, რამაც გამოიწვია 1956 წლის მარტის ცნობილი მოვლენები. სტალინის სახელის დასაცავად გამართულ გამოსვლებზე კი  შეინიშნებოდა ეროვნული სენტიმენტების მომძლავრებაც და შესაბამისი ლოზუნგებიც, რაც, საბოლოო ჯამში, ძალოვანმა სტრუქტურებმა სისხლში ჩაახშეს. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის შესახებ მოწოდებები და პირველი დისიდენტური მოძრაობები საქართველოში სწორედ 1956 წლის მოვლენების შემდეგ გაჩნდა[14].

 

 1956 მარტის მოვლენების ვიზუალიზაცია

  XX ყრილობის საიდუმლო მოხსენება და 1955-1956 წლებში, 1937-1938 წლებში მასობრივი ტერორის მსხვერლპთა რეაბილიტაცია შეიძლება განვიხილოთ პოლიტბიუროს წევრების მიერ საკუთარი პირადი დანაშაულების „შელამაზების“ მცდელობადაც, ვინაიდან ხრუშჩოვიც, მალენკოვიც, მიქოიანიც და სხვებიც სტალინური ტერორის უშუალო მონაწილეები იყვნენ და ათასობითი ადამიანის რეპრესიებში მიუძღვოდათ წვლილი. შესაძლოა ისინი ფიქრობდნენ, რომ ყველაფრის სტალინსა და ბერიაზე გადაბრალება მათ ისტორიის წინაშე ამ ტვირთისგან ათავისუფლებდა.

 ქართველების აღშფოთება და ბრაზი ხრუშჩოვის საიდუმლო მოხსენების შემდეგ შეიძლება მივაწეროთ იმასაც, რომ გაცნობიერებულად, ანდაც სულაც ქვეცნობიერის დონეზე სტალინზე შეტევა მათ საქართველოზე შეტევად აღიქვეს. ასევე საყურადღებოა ხრუშჩოვის მიერ საბჭოთა რესპუბლიკების იერარქიაში საქართველოს მიზანმიმართული დაკნინება, მიუხედავად იმისა, რომ ვარაუდი, ჰქონდა თუ არა ქვეყანას განსაკუთრებული სტატუსი სტალინისა და ბერიას პირობებში დღემდე საკამათო თემად რჩება და ზოგი ისტორიკოსი თვლის რომ ჰქონდა, ზოგი კი პირიქით. აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ ისიც, რომ ხრუშჩოვს ერთი მხრივ ჰყავდა სანდო დასაყრდენი საქართველოში კომპარტიის პირველი მდივნის, მჟავანაძისა და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) თავკაცის, ალექსი ინაურის სახით. მეორე მხრივ, ის კარგად ხვდებოდა, რომ ქართველები მას სტალინზე და საქართველოზე შეტევას არასოდეს აპატიებდნენ[15].

 1956 წლის მოვლენების დასაბჭოთა რეჟიმის მხრიდან ძალის დემონსტრირების შემდეგ, დამოკიდებულება ქართველების მიმართ ნელ-ნელა დალაგდა. სხვადასხვა ზეპირი მოგონებით, ხრუშჩოვი კიდევ რამდენჯერმე დაემუქრა ქართველებს მკაცრი ზომებით და გადასახლებებითაც[16], თუმცა ამის დოკუმენტური დადასტურება არ არსებობს. ერთი მხრივ, საქართველოს ЦК-ს იმდროინდელი მდივნის, ვასილ მჟავანაძის დიპლომატიური ბუნების და ხრუშჩოვის ლიბერალური პოლიტიკის წყალობით, ქართველებმა მიიღეს საკუთარი როლი საბჭოთა თანამეგობრობაში: ეს, ძირითადად, განისაზღვრებოდა კარგი მასპინძლის, მზარეულის, მომღერლის, მოცეკვავის, თამადის ადგილებით. სხვა მოთხოვნების შემთხვევაში, იწყებოდა პრობლემები იმპერიასთან. საქართველოსა და მისი კულტურისა თუ ხალხის ეფემერული სიყვარული მხოლოდ იმ ფარგლებში რჩებოდა (და დღემდე რჩება) „სიყვარულად და პატივისცემად“, სანამ ამით რუსეთის იმპერიის „კომფორტის ზონა“ არ დაირღვეოდა და ქართველები არ გამოვიდოდნენ იმ როლიდან, რომელიც მათ იმპერიამ განუსაზღვრა. 

 ქართველებმა სხვადასხვა ფორმით ამ როლიდან გამოსვლას შეეცადნენ 1956, 1978, 1989 წლებში. ყველა ეს შემთხვევა ქვეყანას ძვირად, არეულობებად და სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ბოლო მოვლენებს თუ გავიხსენებთ: იქნება ეს ქართველთა მასობრივი დეპორტაცია სატვირთო თვითმფრინავით, 2008 წლის აგვისტოს ომი თუ 2019 წლის ე.წ. „გავრილოვის კრიზისი“ - ყველა მათგანი თავსმოხვეული როლიდან გამოსვლის თანამედროვე მცდელობების წინააღმდეგ მიმართულ სადამსჯელო მოქმედებებად შეიძლება განვიხილოთ.

 

 ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან სატვირთო თვითმფრინავით, 2006 წელი
ფოტო: netgazeti.ge

 ბუნებრივია, მხოლოდ ერთი მინაწერი, რომელზეც ვაგებთ ჩვენ ჰიპოთეზას საბჭოთა კავშირში ქართველების მიმართ ოფიციალურისგან რადიკალურად განსხვავებულ დამოკიდებულებაზე, მწირი წყაროა. თუმცა, დასაშვებია აზრი, რომ დაბალი განათლების მქონე ქარხნის მუშის, მალინინის მიერ სტალინის ფოტოზე კალმით წაწერილი „Грузин“ სხვა სალანძღავ სიტყვებთან ერთად - ეს არის რეალური განწყობა. ეს ერთი მინაწერი გვეუბნება იმაზე მეტს, ვიდრე ცენზურის მიერ ოფიციალურად კონტროლირებადი ინფორმაციის მასობრივი წყაროები. დღესდღეობით დოკუმენტების სიმწირის გამო დადგენა, ალბათ, შეუძლებელი გახდება, თუმცა უდავოა, რომ კრემლის ეშელონებში კარგად ესმოდათ მალინინისა და, ალბათ, კიდევ მრავალი ადამიანის ხმა, გულდასმით აკვირდებოდნენ საყოველთაო განწყობას. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართული კულტურის დღეები ორმა ქართველმა მაღალჩინოსანმა მოსკოვში იმისთვის მოაწყო, რომ „ქართველის“ უარყოფითი იმიჯი ცოტათი მაინც შერბილებულიყო. ჰიპოთეტურად შეგვიძლია ისიც აღვნიშნოთ, რომ რეპრესიებით, მსოფლიო ომითა და ტოტალიტარული რეჟიმით დამძიმებული მილიონობით რუსისთვის სტალინის სამშობლო - საქართველო არც თუ მთლად „მზიურ“ ასოციაციებს იწვევდა.

წყარო:https://idfi.ge/

Неизвестный Известный
რუსთავიდან ლოს-ანჯელესისკენ ლონდონის გავლით - ქართველი ქორეოგრაფის ჰოლივუდური ისტორია

მოცეკვავე და ქორეოგრაფი ლაშა მძინარაშვილი 2022 წელს "ტაურუსის" მფლობელი გახდა. საბრძოლო სცენა, რომელმაც მას კასკადიორთა მსოფლიო აკადემიის უმაღლესი ჯილდო მოუტანა, ლაშამ რეჟისორ მეთიუ ვონის ფილმ “The King’s Man-ისთვის” დადგა.

თავად ლაშას ამბავიც ფილმის სიუჟეტს ჰგავს:

– დამიკავშირდა რეჟისორი დავით ხუბუა, რომელთანაც თორმეტი წლის წინ ერთ საინტერესო პროექტზე ვმუშაობდი კასკადიორად და მითხრა, რომ ჰოლივუდში საბრძოლო სცენებისთვის ხალხური ცეკვების მცოდნე მსახიობებს ეძებდნენ. კარგად მახსოვს შენი მუშაობის სტილი და თუ შენც მოისურვებ, კასტინგზე წარგადგენო.

ისეთი ადამიანი ვარ, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ვჩერდები, ახალ-ახალ გამოწვევებს ვეძებ. ამ კონკურსშიც გამოწვევა დავინახე და, რა თქმა უნდა, ჩავერთე. მონაწილეები თხუთმეტი ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსული. ლონდონში გამოსაცდელი ვადით, ერთი კვირით მიმიწვიეს და საბოლოოდ ოთხი თვით დამტოვეს. ცნობილ მსახიობს ჯეკი ჩანს ჰყავს რამდენიმე ჯგუფი, რომლებშიც საუკეთესო მებრძოლები და კასკადიორები არიან თავმოყრილი. ეს ჯგუფები თანამშრომლობენ კინოსტუდიებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მსახიობებს შესაბამისი სცენების მომზადებაში ეხმარებიან. მე მოვხვდი ჯგუფში, რომელსაც ბრედ ალენი ხელმძღვანელობდა და პროფესიონალთა ამ გუნდთან მუშაობა კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის.

საბრძოლო სცენისთვის ლაშა მძინარაშვილმა ქართული ცეკვებიდან აღებული ილეთები გამოიყენა. ფილმის პროდიუსერმა სწორედ ამ ორიგინალურ სანახაობაზე შეაჩერა არჩევანი.

– ასეთ წარმატებაზე არც მიოცნებია. "ტაურუსზე" წარდგენა ჩემთვის უკვე წარმოუდგენლად დიდი გამარჯვება იყო. დაუჯერებელი მეჩვენებოდა, რომ მივიღებდი ჯილდოს, რომლის მფლობელებიც არიან არნოლდ შვარცენეგერი, სილვესტერ სტალონე, ჰარისონ ფორდი, კიანუ რივზი...

“ტაურუსი” 2001 წლიდან გაიცემა. დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიას ამერიკული კინოს მექა – ლოს-ანჯელესი მასპინძლობს.

ყველა კასკადიორისთვის საოცნებო ფრთოსანი ხარი ლაშას 2022 წლის 17 სექტემბერს “პარამაუნტ ფიქჩერსის” დარბაზში გადაეცა. როგორც თავად ამბობს, ემოციებისგან რამდენიმე დღე აკანკალებდა.

ქართული ცეკვა

ჰოლივუდში ხელჩართული ბრძოლის სცენები უმეტესად აზიური საბრძოლო ხელოვნების ელემენტებზეა დაფუძნებული. პოპულარულია ასევე ორთაბრძოლის ბრაზილიური სისტემა – კაპუეირა. ქართული ხალხური ცეკვის ილეთებით გამდიდრებული საბრძოლო სცენა, რომელიც, ამასთანავე, მწვანე ეკრანის, თოკებისა და ციფრული ეფექტების გარეშე გადაიღეს, ჰოლივუდისთვის აღმოჩენად იქცა. ფილმში მონაწილე მსახიობებს მეთიუ გუდს, რის ივანსს და რეიფ ფაინსს არაერთ ინტერვიუში აღუნიშნავთ, რომ ქართული ფოლკლორის ელემენტებმა ბრძოლის სცენებს ცეცხლი შემატა.

– მსოფლიო კინოში ქართული ცეკვის ელემენტები პირველად გამოჩნდა და ვამაყობ, რომ ამაში მეც შევიტანე წვლილი, – ამბობს ლაშა, – “სუხიშვილების", "ერისიონის", "რუსთავის" დამსახურებით ქართულ ცეკვას მთელ მსოფლიოში იცნობენ, თუმცა კინოს გაცილებით ფართო აუდიტორია ჰყავს და ქართული ქორეოგრაფიის ფარული რესურსის წარმოჩენის შესაძლებლობაც მეტია.

წელს კი ლაშა მძინარაშვილი თვითონვეა "ტაურუსის" ჟიურის წევრი. დაჯილდოება 11 მაისს გაიმართება:

– ამ პოზიციიდან მეტი შესაძლებლობა მაქვს, ჩემს თანამემამულეებს რეკომენდაცია გავუწიო. მჯერა, რომ არც ისე შორს არის დრო, როდესაც ქართველი კასკადიორები მსოფლიო კინოინდუსტრიაში დამსახურებულ ადგილს დავიკავებთ.

ჰოლივუდამდე

ლონდონში ვარჯიშის დროს მაგიდა გადაუყირავდა და ხერხემალი დაიზიანა. მთავარი სცენები ტკივილგამაყუჩებლების ზემოქმედების ქვეშ გადაიღო. ნებაზე მიშვებულმა ტრავმამ სრული პარალიზების საშიშროება წარმოშვა. ოპერაცია გარდაუვალი გახდა. კისრის მალებში ხელოვნური დისკები ჩაუსვეს. ურთულესი პერიოდი გამოიარა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა სცენაზე დასაბრუნებლად.

როგორც თავად ამბობს, სიზმარშიც კი ცეკვავს. ისეთ გარემოში გავიზარდე, ცეკვის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელიც იყოო, აღიარებს. მამა სიმღერისა და ცეკვის ნაციონალურ ანსამბლის, ახლანდელი "ერისიონის" წევრი გახლდათ. მათ ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ მოცეკვავეები, მომღერლები, მსახიობები. თავად ექვსი წლისამ ნუგზარ ჯიქურის ქორეოგრაფიულ ანსამბლ "თერგში" აიდგა ფეხი. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი ქორეოგრაფიის მიმართულებით და აქვს "სუხიშვილებში" ცეკვის ხუთწლიანი გამოცდილება. ამჟამად ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის – “რუსთავის” წევრია და თავისივე დაარსებულ მოზარდთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ "შუშპარს" ხელმძღვანელობს:

–  საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ექსპერიმენტულმა სიახლეებმა ქართული ქორეოგრაფია ფოლკლორის რელსებიდან გადაიყვანა, მე კი ვფიქრობ, რომ რაც არ ვითარდება, კვდება. შესაძლოა, შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ დრო ყველაფერს საცერში გაატარებს და ის, რაც დარჩება, იქნება მარგალიტი.

ქართული ცეკვა ტექნიკურადაც დაიხვეწა და განვითარდა. ადრე თუ მოცეკვავე ორ ბრუნს ასრულებდა, ახლა ერთ ჯერზე ოთხი-ხუთი ბრუნის შესრულებაც შეუძლია. ტრადიციებს არავინ გვართმევს, მაგრამ ყველა სფერო თანამედროვეობას უნდა ესადაგებოდეს.

ოჯახი

მეუღლე, გვანცა, თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნო. "სუხიშვილებში" ერთად ცეკვავდნენ. "შუშპარსაც" ერთად ხელმძღვანელობენ.

– სტუდენტობიდან დღემდე ბევრი სირთულე გადავლახეთ. შეიძლება ითქვას, რომ ერთად გავიზარდეთ. ახლა უკვე სამ შვილს ვზრდით. უფროსი გოგონები ცეკვავენ. ნაბოლარა ბიჭუნა ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა. მშობლები ბავშვების აღზრდაში გვეხმარებიან, ხელს გვიწყობენ, რომ პროფესიული განვითარებისთვის პირობები გვქონდეს. ოჯახის მხარდაჭერა რომ არა, ამის ნახევარსაც ვერ მივაღწევდი.

არ გვჭირდება ერთმანეთისთვის იმის ახსნა, რა შრომის, რა ძალისხმევის ფასად მოდის წარმატება. არ არის იოლი თვეების განმავლობაში ოჯახისგან შორს ყოფნა, მაგრამ  რაღაც კომპრომისები გარდაუვალია.

მიუხედავად ტრავმისა, წუთითაც არ ისვენებს. პანტომიმის თეატრის მსახიობებს ავარჯიშებს, თანამშრომლობს კასკადიორთა ასოციაციასთან და ვიდეორგოლებსა და ფილმებში ექსტრემალურ ილეთებს ასრულებს. თებერვალში კი ტოკიოში იყო მიწვეული, სადაც სუმოს ქართველი ფალავნის, ტოჩინოშინის, კარიერის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე საკონცერტო პროგრამით წარდგა.

თამარ ციბალაშვილი

ჟურნალი "ავერსი"

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати