USD 2.7227
EUR 3.1910
RUB 3.4642
Tbilisi
მარტინ ლუთერ კინგის ოცნება, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ასრულდა
Date:  3893

ჩვენ ყველას წაგვიკითხავს წიგნები, გვინახავს ფილმები, რომლებიც სიკეთის და სულგრძელობის ბოროტებაზე გამარჯვებაზე გვიაბობენ. ამ ამბებში ყველგანაა გმირი, რომელიც კლავს გველეშაპს და ხალხს ტერორისგან ათავისუფლებს. ჩვენ   აღფრთოვანებული ვრჩებით, ეს გმირი ჩვენი შთაგონების წყაროდ იქცევა ხოლმე და ვფიქრობთ, რომ ასეთი ადამიანები მხოლოდ გამოგონილ ისტორიებში თუ შეგხვდება.

მარტინ ლუთერ კინგი სწორედ ასეთი რეალობაში განსხეულებული გმირია. მან  მოკლა გველეშაპი - მახინჯი კანონები, რომლებიც ადამიანებს აღმატებულ  და მეორეხარისხოვან  არსებებად ყოფდა. მისი ძალისხმევით  შავკანიანთა დისკრიმინაციის დასასრულის დასაწყისი დაიწყო. 

მაიკლ კინგ უმცროსი შემდგომში მარტინ ლუთერ კინგი შავკანიანების არც ისე შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მართალია, მას და მის ორ და-ძმას მშობლების წყალობით არც ისე ცუდი ბავშვობა ჰქონდათ, მაგრამ თავიანთი კანის ფერის გამო, ცხადია, თეთრკანიანი თანატოლებისგან მაინც მუდამ გამოირჩეოდნენ. მარტინი ამას ადრეული ასაკიდანვე განიცდიდა, არა მხოლოდ პირადი ინტერესის, არამედ იმ მიზეზის გამო, რომ ხალხის კატეგორიებად დაყოფა ღმერთის მიერ დაწესებულ უმთავრეს კანონს ეწინააღმდეგებოდა. მას სჯეროდა, რომ ნებისმიერი ადამიანი ღმერთის ხატად იყო გაჩენილი და არავის ჰქონდა უფლება უფლის ნებას წინ აღდგომოდა. 

მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა გამორჩეული მოსწავლე და სტუდენტი იყო. არაჩვეულებრივ კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას ფლობდა და მუდამ ძიების, ახლის შესწავლის პროცესში იყო. ბრმად არასდროს სწამდა, არასდროს იჯერებდა იმას, რასაც ეუბნებოდნენ რომ უნდა დაეჯერებინა, რელიგიაშიც კი. მიიჩნევდა, რომ სწორხაზოვნება და რადიკალურობა რელიგიის ამოსავალი წერტილი არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ თავისი ძალებით დაიწყო ყველა არსებული რელიგიის შესწავლა იმ იმედით, რომ ყველაზე ჰუმანურ და ტოლერანტულს აღმოაჩენდა. ასე გახდა 14 წლის მარტინი ბაპტისტური ეკლესიის მრევლი და შემდგომში კი პასტორი. ამ დროსვე შეიცვალა სახელი და დაირქვა მარტინ ლუთერ კინგი, მისთვის ყველაზე პატივსაცემი მარტინ ლუთერის საპატივცემულოდ.

მარტინმა მუდამ იცოდა, რომ მისი მოწოდება შავკანიანების უფლებებისთვის ბრძოლა იყო, მაგრამ 1955 წლის პირველმა  დეკემბერმა  მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ჩუმი პროტესტიდან ხმაურიან ტალღამდე. 

ქალმა, სახელად როზა პარკსმა, მონტგომერის ავტობუსში თეთრკანიანს ადგილი არ დაუთმო, რასაც შედეგად მისი  დაპატიმრება მოჰყვა.

ამ დროისათვის მარტინი უკვე შავკანიანთა უფლებათა დამცველი იყო და ამბავი პირველად მასთან მივიდა. მან ზუსტად იცოდა, რომ ეს ჭეშმარიტების მომენტი უნდა ყოფილიყო. ახლა მთელი შავკანიანთა რასა ან გადაყლაპავდა ამ უსამართლობას და ჩვეულებრივ განაგრძობდა ცხოვრებას, ან მსოფლიოს სამუდამოდ შეცვლიდა.   

"არასოდეს შეგეშინდეთ, აკეთოთ ის, რაც სამართლიანი და სწორია. საზოდოებრივი სასჯელი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჩვენს სულს ელის იმ შემთხვევაში, თუ სხვა გზას ავირჩევ; -  ასე აირჩია მარტინმა რთული, მაგრამ სწორი - ბრძოლის გზა.

როზა პარკსის მხარდასაჭერად შავკანიანებმა ბოიკოტი გამოაცხადეს.  მთავრობის წარმომადგენლებთან პირველივე შეხვედრაზე მარტინმა თავისი ხალხის პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა.

„წლების მანილზე ვიყავით უკიდეგანოდ მომთმენნი, ხანდახან ჩვენს თეთრ და-ძმებს თავსაც კი ვაჩვენებდით, რომ მათი ჩვენდამი დამოკიდებულება მოგვწონდა. მაგრამ ახლა პროტესტის გარდა სხვა გზა აღარ დაგვრჩენია, რადგან მეტი მოთმინება თითოეულ ჩვენგანს თავისუფლებას და სამართალს ართმევს.“

„ავტობუსის ბოიკოტი“ 382 დღე გაგრძელდა. თითოეულ დღეს უდიდესი ქაოსი და არეულობა მოჰქონდა. ხდებოდა თეთრების მხრიდან შავკანიანებზე თავდასხმები და პირიქით.  თავად მარტინის სახლსაც დაესხნენ თავს, მაგრამ მას სიძულვილი არასდროს დაუფლებია.   „სიბნელე ვერ დაიძლევა სიბნელით, მხოლოდ სინათლეს ძალუძს მისი ძლევა. სიძულვილი ვერ დაიძლევა სიძულვილით - ეს მხოლოდ სიყვარულს შეუძლია“ - ამბობდა იგი და სწორედ მისმა მშვიდობიანმა, სულგრელმა და ჰუმანურმა ბუნებამ შეძლო ის, რაც იქამდე არავის შეძლებია. როზა პარკსის ქმედების კანონდარღვევად შერაცხვა ხელისუფლებამ ოფიციალურად არასამართლიანად ცნო.

მაგრამ ეს ერთ პატარა ბრძოლაში გამარჯვება იყო, რომელიც წინ დიდ ომს უძღვოდა.  მარტინის ინიციატივითა და უდიდესი ძალისხმევით ჩამოყალიბდა კავშირი, რომლის მთავარი მიზანიც შავკანიანთა და თეთრკანიანთა თანასწორი უფლებებისთვის ბრძოლა უნდა ყოფილიყო. და ეს უნდა მომხდარიყო სრულიად მშვიდობიანი გზით, ყოველგვარი ძალადობის გარეშე.

მარტინი, რომელიც აღფრთოვანებული იყო მაჰათმა განდის მოღვაწეობით და მას საკუთარ იდეალად მიიჩნევდა, განდის მშობლიურ მიწაზე - ინდოეთში გაემგზავრა. მოგვიანებით იხსნებდა, რომ სწორედ იქ, იმ ადამიანებთან ურთიერთობის შედეგად, ვინც განდის პირადად იცნობდნენ,  უდიდესი ცოდნითა და შთაგონებით აღიჭურვა და სამშობლოში დაბრუნებულს სამოქმედო სტრატეგია უკვე შემუშავებული და დახვეწილი ჰქონდა.

„ჩემი აზრით, შესაძლებელია, იყო ბრძოლის მომხრე, თუმცა არ იყო სასტიკი. მე ბრძოლისუნარიანი ვარ და ბრძოლისუნარიანობა ნიშნავს მიზანდასახულობას, სიმტკიცეს, პრინციპულობას,სამართლიანობას“ – ამბობდა მარტინი და უკუაგდებდა ყველა იდეას, რომელსაც რაიმე გზით  ძალადობა შეიძლებოდა გამოეწვია.

1963 წელს მარტინ ლუთერ კინგმა ქალაქ ბირმინჰემში დემონსტრაცია დააანონსა.  აქციაზე უამრავი ადამიანი იკრიბებოდა, მაგრამ ხელისუფლებამ ძალადობრივ გზებს მიმართა და აქცია დაშალა. მარტინი და მისი მომხრეები კი არეულობის მოწყობის ბრალდებით დააპატიმრეს.  პრესის მეშვეობით ეწეოდნენ მის ანტიპიარს, აცხადებდნენ, რომ ამ კაცმა დემონსტრაციაზე განურჩევლად შეკრების მოწოდებით საფრთხეში ბავშვების სიცოცხლე ჩააგდო, რომ ამ კაცს მხოლოდ პატივმოყვარული მიზნები ჰქონდა და მთელ რასას სათავისოდ იყენებდა. ანტიპიარმა არ გაჭრა, პროტესტი ჩახშობის ნაცვლად უარესად აგორდა და მალევე შემდეგი დემონსტრაცია დაიგეგმა.  მარტინი კვლავაც ყველას მოუწოდებდა თავისი სათქმელი აქციაზე მისვლით ეთქვათ, რადგან მისი თქმით „საბოლოოდ, ჩვენი მტრების სიტყვებზე მეტად, მეგობრების დუმილი გაგვახსენდება.“

„მე მაქვს ოცნება“ - ეს სიტყვები, რომელიც დღეს ყველამ კარგად ვიცით პირველად სწორედ იმ 200 000- იან დემონსტრაციაზე გაისმა, სადაც შავკანიანების მხარდამხარ უკვე 60 000 თეთრკანიანი იდგა.

თურმე მარტინს თავიდან არ უნდოდა ასე ფამილიარულად მიემართა მოსული ხალხისათვის, მაგრამ გადააფიქრებინეს.  ჯესი ჯექსონი - მარტინის თანამებრძოლი იხსენებდა: „ ეს სიტყვები ისეთი ბუნებრივი, ისეთი მართალი და ისეთი უშუალო იყო, პირველად ჩვენთან თქვა და ჩვენთვის ყველასთვის დასამახსოვრებელი წუთი იყო, ეს ყველას უნდა გაეგონა“.

 ისინი, ვინც ამ აქციას ესწრებოდნენ, ამბობდნენ, რომ აქციაზე სადღესასწაულო განწყობა სუფევდა.  ერთსულოვნება ისეთი ხელშესახები იყო, რომ  სხვა გზა არ იყო,  ქვეყანაში რასობრივი დისკრიმინაცია უნდა დამთავრებულიყო.

 „მე მაქვს ოცნება - ყველა ადამიანი თანასწორად ირაცხებოდეს“

„ მე მაქვს ოცნება, ჩემი და თქვენი შვილები არა კანის ფერის, არამედ მათი ბუნებით განსაჯონ“

„ მე მაქვს ოცნება, ყოფილი მონების და ყოფელი მონათმფლობელების შვილები ერთ მაგიდაზე დასხდნენ და ჭიქა ღვინო გაიზიარონ“

„ მე მაქვს ოცნება დღეს უკეთესი მომავლისთვის, მიეცით უფლება თავისუფლებას“.

მსოფლიო ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობის მქონე გამოსვლამ მართლაც შეცვალა მომავალი. თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ თეთრკანიანმა მოსახლეობამ გაითავისა, რომ შავკანიანების დისკრიმანაცია არა მხოლოდ შავი რასისთვის, არამედ მათთვისაც მავნებელი იყო და ამორალურობისკენ უბიძგებდა.

1964 წელს მარტინ ლუთერ კინგმა დამსახურებული ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში და მეტი და მეტი ენთუზიაზმით აგრძელებდა დასახული მიზნებისკენ სწრაფვას.  სათითაოდ იკვლევდა შავკანიანთა უფლებების დარღვევის ყველა პრეცენდენტს, ხვდებოდა დაზარალებულებს და როგორც სამართლებრივად, ისე მორალურად მეგობარივით ედგა გვერდით.

 მარტინის სიცოცხლე, ბევრი სხვა დიადი ადამიანის მსგავსად მკვლელობით დასრულდა.

1968 წელს, მემფისში, სადაც იქაურ მღვდელთმთავართან შეხვედრაზე იყო ჩასული, სასტუმროდან გამოსულს ესროლეს.

მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობას პროტესტის დიდი ტალღა მოჰყვა, ხალხი მოითხოვდა სასწრაფოდ ეპოვათ მკვლელი. საქმის ძიებაზე დაახლოებით 2 მილიონი დაიხარჯა. საბოლოოდ დანაშაული ყოფილმა პატიმარლა ერლ ჯეიმ აღიარა, თუმცა ციხეში ჩასმის შემდეგ ცხოვრების ბოლომდე ჯეი ირწმუნებოდა, რომ მას აღიარება გამოსძალეს და სინამდვილეში უდანაშაულო იყო.  თავად მარტინის ოჯახიც დარწმუნებული იყო, რომ საქმე შეთქმულებასთან ჰქონდათ და ითხოვდნენ საქმე გამოძიებაში დაებრუნებინათ. ასეც მოიქცნენ, თუმცა ახალი ფაქტები ვერ ან არ იპოვეს.

„სიყვარული ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია, მტერი მეგობრად აქციოს.“ დღემდე იხსენებენ მის ამ სიტყვებს, როგორც ღირსეული ცხოვრების გზის მაჩვენებელს, ხოლო თავად მარტინს- ბევრი მშვიდობიანი პროტესტის სიმბოლოდ მიიჩნევს.

 

ავტორი:ელენე ხვედელიძე

  

analytics
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way