USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Тбилиси
მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა გაიხსნა
дата:  718

საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა გაიხსნა. ახლად აშენებული ორკილომეტრიანი მონაკვეთი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.  

დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა ახალი საავტომობილო გზის უსაფრთხოებას და ამ მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება, რომელიც 2019 წელს დავიწყეთ და რთული განსახორციელებელიც იყო მისი რელიეფიდან გამომდინარე. იყო კონკრეტული, მეწყერსაშიში ადგილები და მოგვიწია მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარება, რომ ეს მონაკვეთი პირველ რიგში, ყოფილიყო უსაფრთხო და ყველანაირად გამართული უპრობლემო გადაადგილებისათვის. ყველა ეს ზონა დამუშავებულია. პრევენციული ღონისძიებები გერმანელი და ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განხორციელდა. გარდა ამისა, მოეწყო კუნძულები, რომელიც არის გამწვანებული, თავისი განათებებით. ასევე, გზის კონკრეტულ მონაკვეთებზე ფერდების დამცავი ბადეები გაკეთდა, რომ ყველანაირად უსაფრთხო იყოს და დაცული ქვათაცვენისგან. ეს ოთხზოლიანი, ბეტონის გზა დღეიდან მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა მის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს და ყველა იმ კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ისაუბრა.

„დაგეგმილი გვაქვს მარშალ გელოვანის სრული რეაბილიტაცია, რადგან ეს გზა უმძიმეს მდგომარეობაშია. ვამუშავებთ კონკრეტულ პროექტს და უახლოეს მომავალში დავიწყებთ სამუშაოებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი საავტომობილო გზა,  112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან, პროფესიული სასწავლებლის,  „იკაროსის“ მიმდებარედ გადის და მარშალ გელოვანის გამზირს უკავშირდება.

პროექტის ფარგლებში მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. კერძოდ,  მაჭავარიანის ქუჩაზე და მარშალ გელოვანის გამზირზე, შეიცვალა მაგისტრალური წყალმომარაგების მილები და მისი ადგილმდებარეობა, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი. ასევე, საჭირო გახდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების ადგილმონაცვლეობა.

როგორც ცნობილია,  გზის მშენებლობის პროცესში, მაჭავარიანის ქუჩაზე  მეწყრული ზონა გამოვლინდა. ფერდის გამაგრებისთვის, ქართველი და გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა. გარდა ამისა, 11 ლოკაციაზე მოეწყო ფერდის დამცავი ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები, განხორციელდა ფერდების ფორმირება და დატერასება.

ტერიტორიაზე მოეწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები. ამასთანავე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. კერძოდ, მაჭავარიანის ქუჩის და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ, გზის შუა გამყოფი ზოლი, გამწვანებული კუნძულები და სარწყავი სისტემა მოეწყო; 2800 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო და დაითესა ბალახი და დაირგო 700-მდე ნერგი, ხოლო 1300 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიყარა მულჩის საფარი.

აღსანიშნავია, რომ მარშალ გელოვანის გამზირის მხარეს, ფეხით მოსიარულეებისთვის მიწისქვეშა გადასასვლელი მოეწყო, რომელიც ადაპტირდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი ლიფტით.

Тбилиси
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати