USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
მარო მაყაშვილის ჩანაწერები
дата:  4105

ლიტერატურის მუზეუმში ინახება 1921 წლის 19 თებერვალს კოჯრის მისადგომებთან რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაღუპული მარო მაყაშვილის დღიური. დღიურში 19 წლის მარო თავის თავსა და იმდროინდელ საქართველოზე დაწვრილებით მოგვითხრობს. წიგნს გარეკანზე სიმბოლურად მიმაგრებული აქვს დამოუკიდებელი საქართველოს მაშინდელი დროშის ფერებში შესრულებული გულსაბნევი. 

მარო. დღიური. საქართველო. 1918 წელი. მ.მ. ქეთო. „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“ - ამ წარწერების გვერდით მარო მაყაშვილს თავისი დღიურის გარეკანზე საქართველოს სამფერი დროშა მიუხატავს. მარო ამ დროს სულ 16 წლისაა. 1921 წლის 19 თებერვლამდე, კოჯრის ფრონტზე მისი ტრაგიკულად დაღუპვის დღემდე, მარო კიდევ ბევრ ფურცელს გაავსებს. მის ფურცლებს მკრთალად, მაგრამ მაინც ატყვია მაროს მოთხრობილი ამბები.

„რომც არ იყოს მარო მაყაშვილი კოჯორთან მოკლული თბილისში წითელი არმიის შემოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ეს დღიური მაინც საინტერესო იქნებოდა, რადგან ეს არის ახალგაზრდა ქალის დღიურები, რომელიც ძალიან კარგად აღგვიწერს, თუ რაზე ფიქრობდა დამოუკიდებელი საქართველოს ერთი მოქალაქე თავის გრძნობებზე, მაგალითად, იმაზე, თუ როგორ სურდა უცხოეთში წასულიყო, იქ ესწავლა იმისათვის, რომ უკან დაბრუნებულიყო, რომ სამშობლოსათვის რაღაც გაეკეთებინა, და როგორ მიდის ასეთი ადამიანი ფრონტზე, რადგანაც დარწმუნებულია, რომ სამშობლოსათვის ღირს თავდადება, და როგორ აღარ ბრუნდება იქიდან“, - მოგვითხრობს ლაშა ბაქრაძე.
ნაწყვეტები მარო მაყაშვილის დღიურიდან:

„ბევრს ჰგონია, რომ ბედნიერება ფულშია. მეც ეგრე მგონია, მაგრამ ამ ფულის დახარჯვა თავისზედ კი არა. ამ ფულით სხვას შეიძლება მოუტანო ბედნიერება და მაშინ თვითონაც იქნები ბედნიერი“.

„ღმერთო, რად დამბადე ქალათ. ქალი უძლური რაღაცა საგანია, კაცების აზრით, მაგრამ ეგ ტყუილია. მაგრამ მაინც მინდოდა, ვყოფილიყავი მძლავრ და ჭკვიან კაცად. კაცს უფრო ეხერხება ყველაფერი, ვიდრე ქალს. ქალს ჰპატრონობს კაცი, კაცს ღმერთი. კაცი მაღალი სულით სულ სხვა არის ამგვარ ქალზედ. მაგრამ უმეტეს ნაწილში ქალი უფრო მაღლა სდგას კაცზედ, მაგრამ ეს არა სჩანს - ის მდგომარეობის მონაა“.

„უსათუოდ საფრანგეთში უნდა წავიდე და იქ შევისწავლო სამეურნეო საქმე. ჩემი ფიქრი აი, ეგ არის. მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემ მიწა-წყალზედ... ძალიან და ძალიან პარიზში მინდა და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს?“

იქვეა ჩანახატებიც, მაროს დახატული ტანსაცმლის ესკიზები - მაგალითად, ნახატი, წარწერით „პალტო“, ანდა - „ტანისამოსი ქალის, ბერძნული ტანისამოსი, თხელი და რბილი კრემის ფერი აბრეშუმი კრეპდეშინისგან“. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც 16 წლის გოგომ შეიძლება თავის საიდუმლო დღიურში ჩაწეროს და შეინახოს.

„ეს დღე ისტორიულია ქართულ ცხოვრებაში. ამ დღეს შესრულდა ნახევარი წელიწადი, რაც საქართველოს თავისუფლება აღიარეს. მთელმა ქართველობამ თბილისისა თავი შეიყარა სასახლის წინ. აქ მოხდა „პარადი“. ყოველი ქართველი გრძნობდა თავს თავისუფლად. აღტაცების ღიმილი უკრთოდა ყოველს და თითქოს ეს ეწერათ - „ოჰ, ძლივს გვეღირსა, გვეღირსა! გვეღირსა!“. არა, ნუ ვჩქარობთ, მტერი გარშემო გვყავს და გვითვალთვალებს.

„დღე თითქოს თანაუგრძნობდა ზეიმს. დილიდან საღამომდის მზე უხვად ასაჩუქრებდა დედამიწას თავისი სხივმოსილი ისრებით. ქართველი ერი ბედნიერი იყო და ღმერთიც. მზის გარშემო რამდენიმე საათის განმავლობაში ცისარტყელა იყო“.

1921 წლის თებერვლის ტრაგედიის შემდეგ ამ თემაზე მაროს ოჯახსა და ახლობლებში მრავალი წლის განმავლობაში დუმდნენ. მაროს ფოტო დიდხანს ეკიდა მისი დედის საწოლთან, თუმცა მარო მაყაშვილის დისშვილი ელიზბარ ერისთავი იხსენებს, რომ მასზე ბევრი არაფერი იცოდნენ:

„ამ თემას ჩვენს ბავშვობაში ტაბუ ედო. მეც და ჩემმა და-ძმამაც ვიცოდით, რომ იყო ასეთი დედაჩვენის და, მარო, მაგრამ მეტი ინფორმაცია მის შესახებ არ გქვონდა. მხოლოდ მისი სურათი ეკიდა ჩვენი ბებიის საწოლთან, აი ის სურათი, მარო მაქმანებიან კაბაში“.

უფრო მეტი ელიზბარ ერისთავმა და მისმა და-ძმამ მოგვიანებით, სტუდენტობის დროს შეიტყვეს. ერთ დღესაც ერისთავების ოჯახში სტუმრად მაროს ბიძაშვილები, დები მაყაშვილები მივიდნენ. ერთ-ერთმა მაროს დღიურები მოიკითხა. ეს იყო დაახლოებით 1950-იანი წლების ბოლო. მაროს დედას, თამარს, პასუხი მზად ჰქონდა: მან დაინტერესებულ ნათესავებს უპასუხა, მაროს დღიური გრიგოლ რობაქიძემ წაიღო დასაბეჭდად, მაგრამ რადგან ის შემდეგ უცხოეთში გადაიხვეწა, არც მისი და არც დღიურის ასავალ-დასავალი აღარ ვიცითო.

„ამ დროს თურმე ეს დღიური იქვე ზარდახშაში იყო“.

იმ ზარდახშაში ჩადებულ დღიურში კი თურმე მარო ამასაც წერდა:
„მე მგონია, თუ ერთს შევიყვარებ, ეგ უკვდავია. სიკვდილამდის დამრჩება. თუ ვინმე კითხვას დამისვამს, აკი გქონდა კიდეც გრძნობა ერთხელო, რა სისულელეა, ბავშვური, უბრალოდ ცელქობა, ახლა სრულიად მოსაზრებით ვიქცევი“.

„ნუთუ ყოველი კაცი ეგეთი ეგოისტია, გაშმაგებული ცხოველი, რომელსაც არსებობა უნდა მარტო პირადი სიამოვნებისთვის და ბედნიერებისთვის? ნუთუ არ ეყოფა მას ერთი, არამედ უნდა ორი, სამი და მეტიც. სად არის სამართალი. მერე მეუბნებიან, თითქმის ყოველი მამაკაცი მაგისთანააო. არ მჯერა. მაგალითად, თუ მე მომივიდა, ჩავვარდი ისეთ მდგომარეობაში, რას ვიზამდი? თუ შემემჩნია, რომ ჩემ ქმარს აღარ ვუყვარვარ, დეე, ახდილად მითხრას, მაგრამ თუ მალავს, ქურდულად იქცევა, ორპირობას სწევს, მე მგონია, მასთან აღარ დავრჩებოდი ან რამეს უზამდი“.

ელიზბარ ერისთავმა გადმოცემით იცის, რომ მშობლები თურმე მაროს ფრონტზე არ უშვებდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ფრონტზე წამსვლელთა სიაში მაროს მეგობარი, ქეთო ჯაფარიძე ჩაწერილა. მეტს თურმე წამსვლელთა სიაში არავის წერდნენ, მაროს კი ქეთოსთვის ძალიან უთხოვია ადგილი დაეთმო. ასეც მოხდა...

მაროს ფრონტზე წასვლის საღამოზე უფრო მეტის წაკითხვა შესაძლებელია ნანა ღვინეფაძის წიგნში „შარავანდედი“, რომელიც სწორედ მარო მაყაშვილს მიეძღვნა. ამ წიგნში იმ საღამოს მაროს მეგობრის, ვავა ვაჩნაძის და, ელენე ვაჩნაძე ასე იხსენებს:

„მაროს მამამისი, ბატონი კოტე მოჰყვა. შემოღამებას ელოდნენ, ძალიან ციოდა.. დედამ რომ გაიგო მაროს გადაწყვეტილება, ახლად-ახალი, თავისი მოქსოვილი მაღალყელიანი შალის წინდები გამოუტანა, შვილივით უყვარდა მარო - იქ უფრო ეციება, აქედანვე ჩაიცვიო. ბატონი კოტე დაღონებული იყო. ბავშვი ვიყავი, მაგრამ ისიც მახსოვს, რომ სთხოვა გადაეფიქრებია“.

1927 წელს მაროს მამა, კოტე მაყაშვილი, დაწერს ქალიშვილზე: „1921 წლის თებერვალში თბილისის გარშემო ახმაურდნენ ზარბაზნები. ვერავითარმა მუდარამ, რჩევამ ვერ გაჭრა მაროზე. მე იქ უნდა ვიყვე, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი თანამემამულეთაო. 17 თებერვალს იგი ჩაეწერა წითელ ჯვარში მოწყალების დად. იმავე დღეს სანიტარულ რაზმთან ერთად წავიდა კოჯრისკენ. 19 თებერვალს საღამოს, მის გვერდით გამსკდარმა ყუმბარამ არც კი დააცალა უკანასკნელი სალამი ეთქვა სამშობლოსა და მშობელთათვის“.
ელიზბარ ერისთავი ჩვენთან საუბარში იმასაც იხსენებს, რომ მაროს მამას, მწერალთა კავშირის პირველ ხელმძღვანელს, კოტე მაყაშვილს, მაროს სიკვდილის გაგების შემდეგ ერთ ღამეში გასთეთრებია თმა. კოტე მაყაშვილი ახალგაზრდა - 52 წლისა - გარდაიცვალა. თებერვლის ამბების შემდეგ მაროს ოჯახის წევრები არაერთხელ დაიბარეს დაკითხვაზე. 1937 წელს ელიზბარ ერისთავის მამაც გადაასახლეს და დახვრიტეს. ამის შემდეგ მათ ოჯახში არათუ მაროზე საუბრები, ზოგადად ახლობლების, მეგობრებისა და ზოგიერთი ნათესავის სტუმრობამაც იკლო.

მაროს გარდაცვალების შემდეგ ორ თვეში გაჩნდა მისი და, რომელსაც მარიამი დაარქვეს, მაგრამ ნუგეშას ეძახდნენ. ის 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. სწორედ ის ინახავდა ბოლომდე მაროს შესახებ ყველა მასალას, მის ნივთებს, რომლებიც გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე გადასცა ლიტერატურის მუზეუმსა და სახელმწიფო უნივერსიტეტს. უნივერსიტეტში, მარო მაყაშვილის სახელობის კაბინეტში, დღესაც ინახება მისი კუთვნილი მაკრატელი და ჩოგბურთის ჩოგანი.

ისევ მაროს მამის, კოტე მაყაშვილის ჩანაწერიდან:

„მარო მაყაშვილი დაიბადა 1901 წლის 25 მარიამობისთვეს. მისი მშობლები არიან თამარი (ეკატერინე გაბაშვილის ასული) და კონსტანტინე მაყაშვილები. სწავლობდა ქალთა ქართულ გიმნაზიაში, რომელიც დაასრულა 1919 წელს და შემდეგ ქართულ უნივერსიტეტში შევიდა სიტყვიერების, სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტზე. ბუნებით უხვად დაჯილდოებული, ცოცხალი და გამჭრიახი მარო მასთანვე იყო მორცხვი, კდემამოსილი და გულკეთილი. ქართული ლიტერატურა ზედმიწევნით იცოდა, სწერდა მშვენიერის ქართულით და იმედს იძლეოდა, რომ ჩინებული მწერალი გამოვიდოდა მომავალში“...

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати