აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციაა, რომ ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს და დასრულდეს მოლაპარაკებებით, მაგრამ ნებისმიერი მოლაპარაკება ორივე მხარიდან დათმობებს გულისხმობს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.
კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნის ლიდერია ყველაზე დიდი დაბრკოლება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რუბიომ უპასუხა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის და რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს საკუთარი შიდა ინტერესები აქვთ.
„წარმოიდგინე, რომ უკრაინელი ხარ, რუსებმა ამდენი ტანჯვა მოგაყენეს და ახლა მათ უფლებას მისცემთ თქვენი მიწები დაიტოვონ? ვგულისხმობ, რომ უკრაინაში ხალხი განაწყენდება ამის გამო და ეს გასაგებია“, - აღნიშნა რუბიომ.
ამასთან, მისი თქმით, ამ ომში ორივე მხარე მძიმე ფასს იხდის და როგორც უკრაინა ასევე რუსეთი დაინტერესებულები არიან ომის დასრულებით.
"ეს ომი არ დასრულდება ერთ-ერთი მხარის მიერ მაქსიმალისტური მიზნების მიღწევით და ბევრი სამუშაო იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობ, მხოლოდ შეერთებულ შტატებს პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით შეუძლია ეს შესაძლებელი. ადვილი არ იქნება და ამას გარკვეული დრო დასჭირდება. მაგრამ ვიცი, რომ მას (ტრამპი) მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამას მიაღწიოს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/