USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
მარიკა დარჩია: ჩემთვის თბილისი ყველაფერია, სხვა ქალაქში, ალბათ, ვერასდროს ვიცხოვრებდი
Date:  854

პიარტექნოლოგი  მარიკა დარჩია  თბილისის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატია, მრავალი წელია თბილისთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობს და მათ შორისაა, ვინც  თბილისის “მეისტორიეთა” ისტორიები  კარგად იცის.  თავადაც საინტერესო  ბიოგრაფია და “შრომის წიგნაკი”  აქვს - მის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში პიარის დაფუძნება  და მისი განვითარება, საგამომცემლო პროექტები და  პოპულარული გადაცემები, სადაც მან წამყვანის ამპლუა მოირგო.  

 მარიკა დარჩია: ჩემთვის თბილისი ყველაფერია, სხვა ქალაქში, ალბათ,  ვერასდროს ვიცხოვრებდი. აქ ყველაფერი მეხმარება, რომ  თავი კარგად ვიგრძნო, აქ მყავს მეგობრები.  ვერაზე, დღევანდელ შანიძის ქუჩაზე გავიზარდე, სადაც ცხოვრობდნენ ბებია და ბაბუა. იმის გამო, რომ ჩემი მშობლები  7 წელი ესტონეთში მუშაობდნენ ექიმებად,  მე ბებია  და  ბაბუა მზრდიდნენ. ბუნებრივი, თითქოს არაფრით იყო  განსაკუთრებული, აკაკი შანიძეს რომ  ჩავუვლიდი გვერდით, რომელიც ჩვენთან ახლოს ცხოვრობდა. დეიდაჩემი თეატრმცოდნე იყო, მეჩვენებოდა, რომ თეატრში ვცხოვრობდი.

ოჯახებით ვმეგობრობდით გიგა ლორთქიფანიძესთან, ოთარ მეღვინეთუხუცესთან. იმ დროს ქალაქში არ იყო ბევრი მანქანა, ქუჩაში  ფეხით დავდიოდით, არ არსებობდა საფრთხის განცდა, პირიქით, თავს ყველგან დაცულად ვგრძნობდით.  თბილისი იყო თბილი და კეთილი ქალაქი.  ეზოში გვყავდა სომეხი, ებრაელი, ქურთი მეზობლები, ბავშვობიდან მახსოვს ქურთების საოცარი ქორწილები.  არასდროს იკეტებოდა  ჩვენი სახლის კარებები. ჩვენი სახლის აივანზე აკაციები შემოდიოდა, ვიჯექით საათობით იმ აივანზე, ბაბუა მიყვებოდა ძველ ამბებს. ის გადასახლებული იყო 14 წელი, თუმცა გადასახლების ამბებს არასდროს  იხსენებდა.  ბებია  ძლიერი ქალი იყო, მთელ ოჯახს უძღვებოდა. ქართველ ქალს ყველა დროში საოცარი გამძლეობა ჰქონდა. ის, რომ დღეს ჩვენ ქართულად ვსაუბრობთ, შემონახული გვაქვს ხალხური გადმოცემები, ზეპირსიტყვიერება, ეს   ქალების დამსახურებაა. ჩვენ ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს,  მუდმივად   ომები  და ქუდზე კაცის გასვლა გვიწევდა.  ამ დროს ოჯახის ტვირთს იღებდა ქართველი ქალი. მამაკაცები იყვნენ ომში, ქალები ზრდიდნენ შვილებს, ასწავლიდნენ მათ. ბებია  მასწავლიდა კერვას, ქსოვას, ქარგვას.  ტვინი როდესაც დაგეღლება, ხელი უნდა ამუშავო, ხელმა გაგახაროსო - მეუბნებოდა.  მაქმანების სწავლაზე  რომ გადავიდა,  ვკითხე:  კარგი რა ბებია, რაში უნდა დამჭირდეს კერვა და ქსოვა- მეთქი. როდესაც მიჭირდა მე ამან გადამარჩინაო - მითხრა ბებიამ.  მართალი გითხრათ, მეც გამომადგა ეს ყველაფერი. ჰალსტუხებისგან არაჩვეულებრივი გადასაფარებლები მაქვს შექმნილი მაშინ, როდესაც გამიჭირდა.  როდესაც  ჩემი მეუღლე მოჰყვა სააკაშვილის  რეპრესიების პირველ ტალღაში და დააკავეს, მე ოთხი წლის განმავლობაში დღე ვმუშაობდი, ღამე კი  ვკერავდი. ქალაქში ახლობლებში ვეძებდი ძველ ჰალსტუხებს, ვშლიდი და მათგან საოცარ გადასაფარებელებს ვკერავდი.

 - საზოგადოებისთვის ცნობილი ხართ როგორც ჟურნალისტი, პიარტექნოლოგი, თუმცა პროფესიით  ბიოლოგი ხართ. როგორ მოხვდით ბიოლოგიიდან ჟურნალისტიკაში და პიარში?

-  ჩემს ახალგაზრდობაში  სამედიცინოზე ჩაბარება ძალიან პოპულარული იყო, მით უმეტეს როცა იყავი ექიმების ოჯახიდან, მაგრამ  მე ზუსტად ვიცოდი, რომ ექიმობა არ მინდოდა. ჩემი მშობლები  ფიქრობდნენ,  რადგან ექიმობაზე უარს ვამბობდი, ფილოლოგი გავხდებოდი.  ადრეული ასაკიდან მიყვარდა წერა, კითხვა, თარგმნა, მაგრამ ეს იყო ის, რაც მიყვარდა და არ ვიცოდი, ამ მიმართულებით რა უნდა მესწავლა.  ჩემი მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩავაბარე  ბიოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ  ასპირანტურაში და  მივდიოდი იმ გზით, რომელსაც გადიან  ნორმალური, წარმატებული მოსწავლეები. უკვე დისერტაციაზე ვმუშაობდი, როდესაც გაზეთში ვნახე განცხადება, რომ იქმნებოდა  “მწვანეთა მოძრაობა”. იქიდან გამომდინარე, რომ ეკოლოგია და გარემოს დაცვა  ძალიან საინტერესო თემები იყო ჩემთვის, მივედი  შეხვედრაზე.  “რუსთაველის საზოგადოებასთან” შეიქმნა პატარა ჯგუფი - “მწვანეთა მოძრაობა”, რომლის წევრებიც ვიყავით  მე, ზურაბ ჟვანია, ნიკა ონიანი, გია ბარამიძე, ნაირა გელაშვილი, გივი თუმანიშვილი. თავიდან ოფისიც კი არ გვქონდა, ჩვენი სახლების ტელეფონები იყო  მითითებული საინფორმაციო ფურცელში,  შესაბამისად, სახლებში გვირეკავდნენ: სადღაც ხე იჭრება, ან ტერიტორიის დანაგვიანება ხდებაო.  უშტაიდის ბაღში მდებარე ბიბლიოთეკაში გამოგვიყვეს ერთი ოთახი, რომელიც ვაქციეთ ოფისად და იქიდან დავიწყეთ აქტიური მუშაობა. ეს იყო 90 -იანი წლების დასაწყისი. როდესაც მივმართავდით უცხოურ ორგანიზაციებს, გაოცებულები იყვნენ,  ახალშექმნილ, დამოუკიდებელ ქვეყანას გარემოს დამცველები გყავთო?!  გამოჩნდა ბევრი გზა - გავერთიანდით საერთაშორისო ორგანიზაციებში, ვაკეთებდით სხვადასხვა ღონისძიებებს,  გვეპატიჟებოდნენ კონფერენციებზე. ამ აქტივობების მიუხედავად, ვფიქრობდით,  რომ  საზოგადოებისთვის უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიგვეწოდებინა. მივედი  რადიოში, სადაც იყო  ერთადერთი პირდაპირი ეთერი “პიკის საათი”. შევთავაზე გამეკეთებინა რუბრიკა  “ბუნება მბრძანებელია”, რომელიც ეთერში კვირაში ერთხელ გავიდოდა, სადაც ვისაუბრებდით გარემოს დაცვაზე, ეკოლოგიაზე და ა.შ. ეს იყო  ჩემი პირველი გადაკვეთა ჟურნალისტიკასთან.

- “მწვანეთა მოძრაობის” ბევრი წევრი მოგვიანებით ჩართული აღმოჩნდა  ქართულ პოლიტიკაში ზურაბ ჟვანიასთან ერთად, თქვენ რატომ არ იყავით მათ შორის? 

- მე აქტიურად ვიყავი ჩართული არასამთავრობო სექტორის მიმართულებით. ვთვლიდი, რომ სამოქალაქო საზოგადოებას, იმისთვის, რომ პოლიტიკურად წელში გამართულები ვყოფილიყავით, სჭირდებოდა  მომზადება და განვითარება. როდესაც შეიქმნა “მწვანეთა პარტია”, მე დავრჩი არასამთავრობო სექტორში.  ამ ყველაფერს  წინ უძღოდა ერთი ასეთი ისტორია, რამაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ბრიუსელში  ერთ-ერთ საერთაშორისო ფორუმზე მქონდა მოხსენება საქართველოს მწვანეთა მოძრაობის საქმიანობის შესახებ. მოვყევი ჩვენი გეგმების და მიზნების შესახებ, თუ როგორ  უნდა მოგვეხდინა ამ თემის პოპულარიზაცია. მოხსენების ბოლოს, ერთ-ერთმა დამსწრემ ჩემი გამოსვლა შეაქო და შეაფასა, თქვენ არაჩვეულებრივად აკეთებთ ფაბლიქ რილეიშენსო. წარმოდგენა არ მქონდა რა მითხრა, მეორემ ეს ტერმინი შეამოკლა და მშვენიერი პიარი გაქვთო, ბრძანა. 90 -იანი წლები იყო, საქართველოში არავინ არ ვიცოდით პიარი რა იყო. ვიკითხე, რაზე მესაუბრებით-მეთქი?  ჩემს შეკითხვაზე კარგად იხალისეს და გაერთნენ, ამხელა პიარს აკეთებთ და არ იცით, ეს რა არისო?   გავარკვიე, რომ ეს იყო საგანი, რომელიც დიდი ხანია არსებობს, იქვე შემიძინეს წიგნებიდა შემომთავაზეს, რომ თუ სურვილი მქონდა, შემეძლო ამ საგნის შესწავლა  ბრიტანეთში, სადაც გავიარე საკმაოდ კარგი კურსი.  როგორც კი ჩამოვედი საქართველოში ჩამოვაყალიბე ცენტრი “თბილისის  ფაბლიქ რილეიშენის ინსტიტუტი”და დავიწყე პიარის პიარი იქ, სადაც არავის   ჰქონდა წარმოდგენა რა იყო ფაბლიქ რილეიშენი, თავიდან  ზოგიერთს ფაბრიკაც კი  ეგონა.  (იცინის) უმაღლეს სასწავლებლებში დავდიოდი და ვიძახდი, ეს იქნება პროფესია და იქნებ რამე გავაკეთოთ ამ მიმართულებით მეთქი, ჩამომქონდა ლიტერატურა, ვთარგმნიდი. სხვათაშორის პირველი ვინც გამომეხმაურა იყო ტექნიკური უნივერსიტეტი, სადაც ახალი შექმნილი იყო ჰუმანიტარული ფაკულტეტი. ამ ფაკულტეტზე დავიწყე ლექციების წაკითხვა სახელმწიფო მოხელეებთან.  შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება შექმნილიყო ცალკე სპეციალობა, რაც ტექნიკურ უნივერიტეტში  დღემდე არსებობს.  წელს ფაბლიქ რილეიშენს  საქართველოში არსებობის  30 წელი უსრულდება, ვაპირებთ ავღნიშნოთ ეს თარიღი. უამრავი სტუდენტი მყავს, რომელთაც მერე ახალი თაობები გაზარდეს უკვე დამოუკიდებლად შექმნილ სკოლებსა და ინსტიტუტებში, რაც ძალიან მახარებს.

ბოლო ორ ათწლეულში  ჩვენთან ეს მიმართულება ძალიან განვითარდა. როგორი იყო მისი განვითარების ეტაპები:  სტანდარტული  თუ რაიმე  განსხვავებული სპეციფიკით? დღეს  ჩვენთან ისეთ დონეზეა შავი პიარი, მით უმეტეს, პოლიტიკაში, სავარაუდოდ  ფაბლიქ რილეიშენის განვითარების ყველა კანონს “ვარღვევთ”? 

- ის, რაც არის შავ, ჩრდილოვან პიარად ითვლება, დამახასითებელია ჩვენი ტიპის  ქვეყნებისთვის, რომელიც  ემბრიონული მდგომარებიდან, ეტაპების გავლის გარეშე  უცებ გადადის ზრდასრულ ეტაპზე. მე ლონდონში გამაფრთხილეს, რომ  პოლიტიკური ზეწოლები და სწრაფი ცვლილებები მოიტანს ბევ მანკიერ მხარეს საზოგადოებასთან ურთიერთობებშიო  და ეს თავიდანვე მქონდა გაცნობიერებული.  ბევრ, ახალი დემოკრატიის ჩასახულ   ქვეყნებში დაზიანდა თვით ამ ტერმინის  - ფაბლიქ რილეიშენის განსაზღვრება. იმდენად რამდენადაც ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ბევრ რამეს  სწავლობს, შეცდომები ამ მხრივაც  რა თქმა უნდა გვექნება. სოციალურმა ქსელმა საერთოდ ააფეთქა ეს თემა, სიტყვის, ქმედებების თავისუფლება  ჩვენთან სხვანაირად არის გაგებული. მაგრამ  ეს გზა უნდა გავიაროთ,  ვისწავლოთ  ურთიერთობის სწორი  ფორმები,   ამას ალბათ კანონიც დაარეგულირებს, როგორც ბევრ წარმატებულ ქვეყანაშია. დღეს ჩვენთანაც შეგიძლია წახვიდე სასამართლოში და დაიცვა შენი რეპუტაცია, მაგრამ აქ მთავრდება ყველაფერი, დარწმუნებული ვარ  მომავალი თაობები ამ შეცდომებს გამოასწორებენ, როგორც კანონმდებლობის თვალსაზრისით, ასევე პრაქტიკაში.  

- თქვენ ორი  მოწვევის  თბილისის საკრებულოს წევრი ხართ, თუმცა  დიდი პოლიტისკენ მაინც არ წახვედით. არ გქონდათ ინტერესი   პოლიტიკური პროცესების  მიმართ? 

- მიმაჩნია, რომ თვითმმართველობა ყველაზე დიდი პოლიტიკა და  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია. ეს არის არეალი, რომელიც  ყველაზე ახლოსაა ადამიანებთან, მათ ცხოვრებასთან. ეს ყველაზე დიდი პოლიტიკა მგონია. როდესაც შენი ქვეყნისთვის აკეთებ იმას, რაც შეგიძლია, ამაზე მნიშვნელოვანი რა შეიძლება იყოს?  საკრებულოს წევრს  გაწევს გადაწყვეტილებების  მძიმე ტვირთი, ეს ძალიან რთულია.  ფიქრობ, რომ ისე განვითარდეს შენი ქალაქი, როგორც წარმოგიდგენია, სადღაც რაღაც არ უნდა აშენდეს, რადგან  არ უხდება ქალაქს და ა.შ.   მე პირადად ბევრი წინააღმდეგობა მქონია საკუთარ თავთან, სამაგიეროდ, რაც ჩემს ხელში იყო და შემეძლო გამეკეთებინა, იმას არ ვაკლებდი არაფერს. მე დღესაც ვარ საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი კულტურა -განათლების საკითხებში, ეს მაინც უფრო ის კუთხეა, რომელიც მე მომწონს. 

თბილისს ჰყავდა ბევრი მოამაგე მოღვაწე -  უნიკალური  მერები, თვითთმმართველობის ხელმძღვანელები. თითქმის ყველასთან მქონდა გარკვეული შეხება. კარგად ვიცნობდი ირაკლი ანდრიაძეს, კარგი ურთიერთობა მქონდა  ნიკო ლეკიშვილთან, დღემდე ვმეგობრობ რუსიკო თიკანაძესთან, რომელიც თბილისის ყოფილი მერის ოთარ ლითანიშვილის მეუღლეა. გაზრდილი ვარ ვანო ზოდელავას გვერდით, ვაკეში ჩვენი ბებია -ბაბუა ერთ ეზოში ცხოვრობდნენ, ვანოს ველოსიპედზე მაქვს ნასწავლი ველოსიპედის ტარება (იცინის) 

ამ ქალაქს ყავდა კარგი და ისე რა პატრონებიც, თუმცა მე მათ შემფასებლად ვერ გამოვდგები. ძალიან მეამაყება, რომ ჩემი საკრებულოში ყოფნის პერიოდს უკავშირდება ბევრი საინტერესო პროექტი. მათ შორისაა  “თბილისის ისტორიები საკრებულოდან.” ჩვენ  ყოველი თვის  პირველ შაბათს  ვაწყობდით  უნიკალურ შეხვედრებს, სადაც ხდებოდა თემატური  ისტორიების  თხრობა  ისტორიკოსების, ეთნოლოგების, კულტუროლოგების, ქალაქის გამწვანების სპეციალისტების  და სხვა პროფესიების ადამიანებისგან. ეს იყო უნიკალური შეხვედრები, გამოფენების თანხლებით. მახსოვს  პირველი სტუმარი იყო თბილისის მეისტორიე, თამაზ გერსამია, უნიკალური ადამიანი, რომელიც არის პირველი ძველი თბილისის ალბომის ავტორი. ჩვენ გვქონდა  საინტერესო საუბრები იტალიელი არქიტექტორების კავშირზე თბილისთან, ასევე ძალიან საინტერესოა გერმანელების კვალი, რაც შემორჩენილია  ჩუღურეთის რაიონში. გვქონდა შეხვედრა თამილა ცაგარეიშვილთან, რომელმაც მოამზადა  თემა ”მტკვარი, როგორც თბილისის მეისტორიე”, ასევე  გვქონდა საუბრები თბილისის ძველი ბაღების ისტორიაზე, ქალების როლზე თბილისის ცხოვრებაში, მათ შორის იყვნენ   თბილისის საკრებულოში  არჩეული პირველი ქალები, რომლებიც თბილისის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდნენ. ჩვენ ერთ-ერთი პირველები  ვიყავით, ვისაც არჩეული გვყავდა ქალები როგორც პარლამენტში, ასევე თვითმმართველობაში, მათ შორის  იყვნენ სომეხი და აზერბაიჯანული წარმოშობის ქალები, რომელთაც დიდი კვალი დატოვეს თბილისის ისტორიაში.  

ძალიან მეამაყება პროექტი “ 60 +”, რომელიც გაკეთდა  გაეროს მოსახლეობის ფონდთან და თბილისის ბიბლიოთეკებთან ერთად.  ჩვენ  გვაქვს ჯგუფები, სადაც 100 ზე მეტი ადამიანია გაერთიანებული. ეს არის ხატვის, ვარჯიშის,სიმღერის -  მუსიკის საათები. ვაწყობთ საანგარიშო გამოფენებს, კონცერტებს. ამ ჯგუფებში გაერთიანებულ ადამიანებს  აქვთ შესაძლებლობა დაამყარონ ახალი სოციალური ურთიერთობები, გაიცნონ ადამიანები. ასეთი პროექტები ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს, ჩვენი პროექტი მუნიციპალურია.  ჩვენს ჯგუფებში  ყველაზე ხანდაზმული 87 წლის ადამიანია. თავიდან, როდესაც ეს პროექტი დავიწყეთ, ცოტა სკეპტიკურად გვიყურებდნენ: ეს  თბილისია, ვინ ივლის ასეთ ჯგუფებშიო, მაგრამ ჩვენი პროექტი ისეთი მოთხოვნადი გახდა, უკვე  ჯგუფების გაზრდას ვაპირებთ,რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის  ხანდაზმულობა  იყოს სასიამოვნო და ჯანსაღი.  

 -  თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი უკავშირდება წიგნებს, საგამომცემლო საქმიანობას. 

-  ეს მართლაც  იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. როდესაც მედია პალიტრაში  დავიწყე მუშაობა კრეატიულ დირექტორად,  არ მქონდა საგამომცემლო საქმიანობის გამოცდილება, ამიტომ   ცოტა ფრთხილად ვიყავი. მაშინ იწყებდა  სიცოცხლეს მედია პალიტრის ბევრი პროექტი. არ მომერიდება იმის თქმა, რომ  ბევრი ამ  პროექტის  სულისჩამდგმელი ვარ,  მათ შორისაა “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ”.  ახლა ვმუშაობთ პროექტზე  “15 წიგნი 15 წლის შემდეგ,” რომელიც  თავიდანვე იყო დაგეგმილი. მიხარია, რომ დღემდე  ასევე  ძალიან მოთხოვნადია  “მაკლიტერატურა”, რომელიც  ჩვენ დავიწყეთ.  2017 წელს, როდესაც   ისევ გაჩნდა იდეა, დავბრუნებულიყავი საკრებულოში, მე დავტოვე  მედია -სახლი პალიტრა, რომელიც  დარჩა ჩემს  ცხოვრებაში, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. 

 - ყველაზე მეტად რა გენატრებათ წარსულიდან?

- მე არ ვარ წარსულს ძალიან  მოჭიდებული ადამიანი, რა თქმა უნდა  მენატრებიან მშობლები, ადამიანები ძველი დროიდან, მენატრება ძველი თბილისი - თბილი და კეთილი. მაშინ თბილისში ბევრი კოლორიტული ადამიანი ცხოვრობდა. მაგალითად,   ჩემს ეზოში, პირველ სართულზე  ცხოვრობდა  გიორგი. როდესაც გურამ რჩეულიშვილი  წავიკითხე, რომელიც  იყო ჩვენი ახლობელი ოჯახის წევრი, მე წლები  გურამის მამასთან ბატონ მიშასთან ვმუშაობდი, აღმოვაჩინე, რომ  ტანც გევორქას დუქანი, რომელიც იყო მელიქიშვილზე, ჩემს მეზობელ გიორგის ეკუთვნოდა. უბანში რემონტებს აკეთებდა ერთი კაცი - იაკობა, რომელიც  სულ კიბით დადიოდა. უბანში ყველას ის უკეთებდა რემონტს. ბაბუა ძალიან მეგობრობდა იაკობთან, მან იცოდა, რომელ სახლში როგორი ბიბლიოთეკა იყო. ერთხელ ქუჩაში შემხვდა, მოვიკითხე და მითხრა: კაცო, რემონტს ვაკეთებ ერთ ოჯახში და  იცი, გოეთეს როგორი გამოცემები აქვთო? მერე, როდესაც “ცისფერი მთები” გამოვიდა, მივხვდი, რომ სწორედ  იაკობის პროტიტიპი იყო ფილმის ერთ-ერთი  გმირი.

- ცხოვრება ბევრი გზებისგან შედგებაო, ამბობთ, რომ შეიძლებოდეს  თავიდან დაწყება, რომელ გზას  გაივლიდით?

- ყველა ჩემს გზას გავივლიდი თავიდან ბოლომდე. ადამიანი გამოცდილებას იღებს  ყველა მომენტისგან, სირთულისგან.  ერთადერთი, რასაც ამ გზაზე შევცვლიდი, ალბათ, მეტი შვილები მეყოლებოდა. ამაზე ძალიან მწყდება გული.   დედა ადრეულ ასაკში გავხდი,  მაშინ არ იყო ამდენი დამხმარე, მე თვითონ ვზრდილი შვილებს, მეხმარებოდა დედა, დედამთილი, ბებია, მეზობლები. აი  ეს იყო თბილისი.  შვილებს მეზობლებს ისე ვუტოვებდი, თამამად, თავისუფლად, იოტისოდენა შიში არ მქონდა. ოჯახი ჩემთვის  ყოველთვის იყო ყველაზე მთავარი. სულ ვიცი ჩემი შვილების,  შვილიშვილების ამბავი, მათთვის მაქვს წიგნები, წერილები, რომელსაც მათ ვწერ. უფროს შვილიშვილებს ხშირად ვერ ვხედავ,  ყველა დაკავებულია, უცხოეთში სწავლობენ, თუმცა მაინც  ვიცი მათი ამბები.  იმ  შვილიშვილებს, რომლებიც თბილისში არიან, ხშირად ვნახულობ,  მათ უყვართ ჩემი გაკეთებული რაღაც -რაღაცეები, ერთადაც დავდივართ, როდესაც  შეგვიძლია. მათთან ურთიერთობა ჩემთვის  საინტერესო პროცესია. 

რომ შემეძლოს თავიდან რაიმეს დაიწყება, ვისწავლიდი  უცხო ენებს. ახლა ამ ასაკშიც  ვსწავლობ ფრანგულს, რაც ძალიან მომწონს. თავისუფალ დროს ვკითხულობ, ბევრს დავდივარ ფეხით, ვცურავ. ეს არის ჩემი ჰობი.  მაქვს უნიკალური პატარა სახლების კოლექცია. მე ძალიან მიყვარს ქალაქები, პირველად  ედინბურგში აღმოვაჩინე სახლების პატარა მოდელები და იქიდან დაიწყო ჩემი კოლექცია სხვადასხვა ქალაქების დამახასიათებელი პატარა სახლებით.  

- თქვენი კოლექციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გამოცდილი მოგზაური ხართ.

- ასე ვერ ვიტყვი, არ ვარ დიდი მოგზაური. ამ სახლებიდან  ზოგი ჩემი ნაყიდია, ზოგი მეგობრების ჩამოტანილი.  ადრე ძირითადად ვმოგზაურობდი საქმიანი ვიზიტებით, როდესაც  სამსახურებრივ  შეხვედრებზე, კონფერენციებზე  მიწევდა წასვლა. ჩემი შვილი ცხოვრობს ჟენევაში, იქ არის გათხოვილი, შესაბამისად, ჟენევაშიც  ხშირად ჩავდიოდი, თუმცა ბოლო დროს აღარ დავდივარ ასე ხშირად. უფრო საქართველოში  მოგზურობა შემიყვარდა. წელს სამჯერ ვიყავი გურიაში, როგორც გურულს, ამ კუთხის მიმართ განსაკუთრებული ემოციები მაქვს. მომწონს საქართველოს კუთხეებში ტურები - მიყვარს წასვლა კახეთში, თელავი ჩემთვის  გამორჩეული ქალაქია, მიყვარს  ქუთაისიც. 

ეს ჩემი სამშობლოა. ჩემი მთავარი სიყვარული.   

თამუნა ნიჟარაძე

world
«Bloomberg» (აშშ): „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“

„როგორც ჩანს, წლევანდელი ზამთარი, შარშანდელ თბილთან შედარებით, ამჯერად უფრო ცივი იქნება. უკვე ისე აცივდა, რომ ევროპის გაზსაცავები სწრაფად ცარიელდება“, - ნათქვამია ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ბლუმბერგის“ (Bloomberg) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“ (ავტორები - ანა შირიაევსკა და პრისცილა აზევედო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან ევროპაში უჩვეულოდ თბილი ზამთარი იყო და რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად, გაზსაცავებში ჩატვირთული საწვავი ევროპელებმა გაზაფხულამდე იმყოფინეს, პლის გამონახეს დამატებითი ალტერნატიული წყაროებიც... მაგრამ ახლა, როცა პროგნოზით თანდათანობით აცივდება, გაზის ფასები უკვე მატულობს და უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენითაც ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს, ექსპერტების თქმით, ენერგეტიკული კრიზისის წინამძღვრები აშკარად ისევ იქმნება. არადა, ევროპა ჯერაც ვერ გამოსულა მთლიანად ორი წლის წინანდელი შოკისაგან, როცა ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი „ცას სწვდებოდა“.

რა თქმა უნდა, გაზის წლევანდელი ფასები 2022 წლის რეკორდულ ფასებზე მცირეა, მაგრამ მატება მაინც საგრძნობია, ანუ მოსახლეობის კეთილდრეობა მცირდება, ცხოვრების დონე ეცემა და მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობა უარესდება.

ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში გაზსაცავები მაშველი რგოლის როლს ასრულებენ, მაგრამ ნოემბრის სიცივეების გამო მოსახლეობაში გაზზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ქარის ელექტროსადგურები ძირითადად უქმად დგანან, რადგან ქარის სიჩქარე დაბალია. შესაბამისად, მატულობს გაძვირებული გაზის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ბუნებრივია, ელექტროდენის ფასს ზრდის.

დღეისათვის რუსული გაზით - უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მეშვეობით -  ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი. უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული სტრანზიტოს შეთანხმების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება. კიევი აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გაახლებს. უნგრეთსა და სლოვაკეთს ენერგეტიკული უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება.

ცივი ზამთრის გამო ცუდ დღეში ჩავარდება გერმანიაც. 2022 წელს ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზი თავისი გაზსაცავებისათვის მსოფლიო ბაზარზე რეკორდული ფასებით ეყიდა, თუმცა ამჟამად სხვა სიტუაციაა. გაზზე მაღალი ფასების გამო ბევრი ქარხანა წარმოებას ამცირებს ან სულაც ჩერდება. გამოდის, რომ მესამე წელია ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ენერგონედლეულის უკმარისობის გამო, ზეწოლას განიცდის.  გერმანიაში კი თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნიშნავს, რომ კრიზისის ვირუსი სხვა ქვეყნებსაც გადაედება.  თებერვალში დაგეგმილი ბუნდესტაგის არჩევნები შეიძლება მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩატარდეს.

ცივ ზამთარში ენერგიის დეფიციტი ძნელი გადასატანია, ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისადმი მოწოდებები ხარჯვის შემცირება-დაზოგვაზე საქმეს არ შველის: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროპელებს ამ ზამთარს ბედი აღარ გაუღიმებთ და ამიტომ იძულებულნი იქნებიან მეტი ძვირადღირებული თხევადი გაზის იმპორტი მოახდინონ, პარალელურად კი აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნონ, რაც ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-11-23/europe-is-already-facing-its-next-energy-crisis?srnd=phx-politics

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way