USD 2.8138
EUR 2.9292
RUB 2.5838
Tbilisi
მარიკა ბაღდავაძე - მარო მაყაშვილის ღირსეული "მემკვიდრე"
Date:  7223

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 57 წლის ასაკში გარდაიცვალა  ცნობილი დისიდენტი, "სახალხო პარტიის" მთავარი კომიტეტის წევრი მარიამ (მარიკა ) ბაღდავაძე.   80 იანი წლების  ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული სახე და ლიდერი მარიკა ბაღდავაძე  დისდენტურ მოძრაობაში ახალგაზრდა,17 წლის ასაკში  ჩაერთო.  რთულ გზას -  დაპატიმრებებს, რეპრესიებს ისე გაუძლო არ დაუწუწუნია, პირიქით,სამშობლოს სიყვარულის და ერთგულების, რეჟიმთან ბრძოლის, შეუპოვრობის და გაუტეხლობის მაგალითს აძლევდა სხვებს.

მარიკა ბაღდავაძე იყო ორგანიზატორი  გახმაურებული აქციების,  რომელმაც გადატეხა რეჟიმი, თუმცა თავად, იმის მიუხედავად, რომ  მუდამ პერიპეტიების ცენტრში იყო, არ უყვარდა ავანსცენაზე  ყოფნა.  მან უარი თქვა თანამდებობზე  და პოლიტიკურ კარიერაზე დამოუკიდებელ საქართველოშიც  და დარჩა როგორც ადამიანის უფლებების დამცველი. შეუფასებელია მარიკა ბაღდავაძის როლი ომბუდსმენის ინსტიტუტის დაფუძნებასა და განვითარებაში.

ემოციურია მისი, როგორც ქალის პირადი ცხოვრების  და სიყვარულის ისტორიაც  -  ეს არის ისტორია ოთხი ვაჟის დედის და მოსიყვარულე მეუღლის..  ოთხი ათეული წლის წინ დადებული ფიცის და ადამიანის, რომელიც  მის გვერდით იყო უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ყველაზე მძიმე და რთულ წლებში და  წუთებში..        

მამუკა გიორგაძე ( "სახალხო პარტიის" დამფუძნებელი) 

 მარიკა ბაღდავაძის ცხოვრება და მის ღვაწლი  საქართველოს ისტორიაში  დარჩება როგორც ისტორია  ადამიანისა, რომელმაც ჩვენი თაობის დისიდენტებს შორის ყველაზე მეტი დარტყმა მიიღო. უშიშროების იზოლატორში  დისიდენტებს ფიზიკურად არავინ აწამებდა,  ჩვენ მხოლოდ  ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ ვიყავით, თუ ვინმეს მეტად "დამუშავება" ხდებოდა  საჭირო, ის გადაყავდათ ორთაჭალის ციხეში. მარიკა ბაღდავაძე იყო მათ შორის, ვინც  ყველაზე ხშირად ხვდებოდა  ორთაჭალის ციხეში და  ძალიან ბევრი წვალება გამოიარა. მარიკას ორგანიზაციული  ნიჭი და კონტაქტები განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა, სწორედ ამიტომაც, ხშირად იყო  უშიშროების სამსახურების "სამიზნე". მე, როგორც მისი მეგობარი და თანამებრძოლი ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მან არა მარტო გაუძლო ამ ყველაფერს, ერთი საყვედური არ დასცდენია არასდროს. ერთხელ არ დაუწუწუნია, პირიქით, ლოგინად ჩავარდნილიც კი  ჩვენ გვაძლევდა იმედს და გვამხნევებდა.

 - როგორ გადაიკვეთა თქვენი გზები?

- სტუდენტობის  პერიოდში, ვისაც ოდნავ მაინც აღელვებდა ქვეყნის ბედი, ყველა ერთმანეთს ვიცნობდით, ზოგს  ვიცნობდით შორიდან, ზოგს უფრო ახლოს. ჩვენ  ვესწრებოდით აკაკი ბაქრაძის ლექციებს, სხვადასხვა შეხვედრებს, დისკუსიებს. ასე გადავიკვეთეთ მე და მარიკა. ჩვენ ვეძებდით სიმართლეს, ჩვენს საკეთებელ საქმეს, ამ ძებნამ მიგვიყვანა ერთმანეთამდე სიონის საპატრიარქო  ტაძარში, სადაც თავს იყრიდა ყველა დისიდენტი.  ნელ-ნელა  დავმეგობრდით, საერთო საქმეებმა, აქციებმა, დაჭერებმა უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს, რაც მერე ნათელმირონობაში გადაიზარდა. მე  ვარ მარიკას და მისი მეუღლის ავთოს მეჯვარე და ბავშვის ნათლია.  მარიკა ადამიანების და საქმის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ის იყო ძალიან პრინციპული და ობიექტური საქმეში, მომთხოვნი როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ.  ისეთ მაღალ სტანდარტს გვიწესებდა გარშემომყოფებს, თამასას დაბლა ვერ დაწევდი, მის ტემპს უნდა აყოლოდი, რაც არც ისე მარტივი იყო. მარიკა ქმნიდა ისეთ სამუშაო განწყობას, რომ ჩვენ მეტად მოტივირებულები ვყოფილიყავით,  ბიჭებს ხანდახან მოგვინდებოდა ხოლმე გვერდით გახედვა,ლუდის, ღვინისკენ გაგვექეოდა ხელი, მარიკას მუდმივი ფორმაში ყოფნა, მორალურად  რთულ მდგომარეობაში გვაყენებდა(იცინის) ის იყო ძლიერი პიროვნება, საინტერესო ადამიანი. საოცარი იყო  მისი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. მარიკა ჩნდებოდა პირველი მათ გვერდით, ვისაც კი პრობლემა ჰქონდა, ის გვერდით ედგა  ყველას ნებისმიერ  გასაჭირში. მან უფრო მეტი გაუკეთა ყველას, ვისაც მე ვიცნობ,  ვიდრე  დანარჩენებმა მარიკას, შესაბამისად ისე მოხდა, რომ ჩვენ მეგობრებს, ყველას, მისი ადამიანური "ვალი"  დაგვრჩა.

- ასეთი ლიდერული თვისებების მიუხედავად,  დისიდენტურ მოძრაობასთან  დაახლოვებული  წრის გარდა, თითქმის  სულ კადრს მიღმა  რჩებოდა ფართო საზოგადოებისთვის.  რა იყო ამისი მიზეზი?

-მაშინ, როდესაც მარიკას დაორგანიზებულ  და მოწყობილ მიტინგებზე და მანიფესტაციებზე, სხვები სიტყვით გამოდიოდნენ და ერთმანეთს  ეცილებოდნენ ორატორობაში, მარიკა გვერდით რჩებოდა. 1988 წლის ცნობილი  ნოემბრის შიმშილობის აქცია, რომელმაც გადატეხა ვითარება, ჩვენი - ჩემი და მარიკას ორგანიზებული იყო. მარიკა ჩართული იყო ყველა დეტალის  მოგვარებაში.  იმ ხალხმა, ვისაც უნდა სცნობოდა მარიკა, ყველამ იცოდა მისი წვლილი, მათ შორის პოლიციამ  და უშიშროებამ.  მარიკა  უფრო საქმის ადამიანი იყო, ვიდრე გამოსვლებით ცნობილი. ამას გარდა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ გარკვეული ადამიანების სახელები და გვარები მიჩქმალული ყოფილიყო. იმ პერიოდში, თუ აუცილებლობა არ იყო,  ფოტოებსაც კი არ  ვიღებდით, რომ  ზედმეტი კვალი არ დაგვეტოვებინა.კონსპირაცია მოითხოვდა  ასეთ სიფრთხილეს.  შემდეგ, როდესაც დამოუკიდებელ საქართველოში საჯარო პოლიტიკა გააქტიურდა, მარიკამ თავის თავზე აიღო უდიდესი ფუნქცია. ის იყო ადამიანის უფლებების ერთ-ერთი პირველი დამცველი, უდიდესი როლი ითამაშა ომბუდსმენის ინსტიტუტის დაფუძნებაში და განვითარებაში.  სამწუხაროდ, დამოუკიდებელ საქართველოში, ისეთი დამსახურების ადამიანებსაც კი, როგორიც იყო მარიკა, თუ ისინი  სახელისუფლებო თუ ახალგამოჩეკილი პარტიის ლაქიები არ იყვნენ, არ მიეცათ რეალიზაციის საშუალება.  სახალხო დამცველის აპარატში, სადაც  მარიკა 2004 წლამდე მუშაობდა,   სტუქტურული ცვლილებები მოხდა, რომ  მარიკა არ მიეშვათ იქამდე, სადამდეც უნდა მისულიყო.  მარიკას სახლიდან გაჰქონდა ნივთები და  პატიმრებთან მიჰქონდა, ისე აღელვებდა მათი ბედი.  ქალი, რომელიც უნდა ყოფილიყო მარო მაყაშვილის "მემკვიდრე"  დამოუკიდებელ საქართველოში და იყო კიდეც, უსამართლოდ  გაანთავისუფლეს სამსახურიდან სააკაშვილის რეჟიმის დროს  და სამსახურიდან გამოუშვა სოზარ სუბარმა, რომელიც არის ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. მარიკამ ეს  ძალიან მძიმედ გადაიტანა, გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მარიკა ამას არ იმსახურებდა.  ის 15 წელი ლოგინად იყო  ჩავარდნილი, არც ერთ 26 მაისს არ გახსენებია ის არც ერთ ხელისუფლებას.  ხომ შეიძლებოდა ერთი თაიგული მიეტანათ, დაეფასებინათ  და მიელოცათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქალისთვის, რომელმაც ამ დღისთვის ბევრი რამ გააკეთა, ხშირად საკუთარი  ჯანმრთელობის თუ სიცოცხლის რისკის ფასად.              

- მარიკა  ქალ დისიდენტებს შორის იყო იშვიათი გამონაკლისი, რომელმაც როგორც ქალმაც  შეძლო ჰქონოდა პირადი ცხოვრება  - ჰყოლოდა  ოჯახი, მეუღლე, ოთხი შვილი.   

-მისი მეუღლის, ავთო ანთიძის შესახებ ერთს გეტყვით, რაც არის პასუხი ყველაფერზე  - 15 წლის განმავლობაში მოუარო ლოგინად ჩაწოლილ მეუღლეს, ეს მხოლოდ დიდი ადამიანობის, სიყვარულის, თანადგომის დამსახურებაა, რომლის წყაროც იყო თავად მარიკა. იმის მიუხედავად, რომ მარიკა  გარეთ იყო ლიდერი და ძალიან აქტიური  ადამიანი,  სახლში ხდებოდა ჩვეულებრივი მეუღლე და დედა. ოჯახურ გარემოში  არაფრით  ჩამოუვარდებოდა  ჩვენი მეგობრების მეუღლეებს, რომელთაც ჩვეულებრივი ცხოვრება  ჰქონდათ -  არც აქციებს აწყობდნენ და არც პროკლამაციებს ავრცელებდნენ. მარიკასთვის ბედნიერება  იყო ზრუნვა ქმარზე და შვილებზე.  მაშინ  დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაში იყო მარგარეტ ტეტჩერი, რომელსაც ეკუთვნოდა ფრაზა: ქალისთვის ოჯახი ცენტრია და არა საზღვარი,  ასე იყო მარიკა. იმდენად დიდი შესაძლებლობები ჰქონდა, რომ სახელმწიფო საქმეებსაც აგვარებდა და  ერთი წამით არ დავიწყებია, რომ ოჯახი იყო ცენტრი: აღზარდა ოთხი ჩინებული ვაჟკაცი და ღირსეული მეუღლეობა გაუწია ქმარს. იმ ასაკში, როდესაც მარიკამ დისიდენტური მოძრაობა დაიწყო,  ყველა ახალგაზრდა გოგონას აქვს კეკლუცობის, თავის მოწონების პერიოდები, და როცა 18 წლის გოგო იძულებული ხარ ოსტატურად დამალო წინა ღამეს  პროკლამაციების ბეჭდვისგან დასვრილი ხელები, რომ უშიშროებაში  არ "დაიწვა", ეს  ხომ ბევრ რამეზე მეტყველებს, თუმცა მარიკამ შეძლო და  როგორც ქალიც, თავისი არაჩვეულებრივი ოჯახით, ძალიან ბედნიერი იყო.   

 ნანა კაკაბაძე: (მარიკა ბაღდავაძის მეგობარი)

მარიკა  გამაცნო  დეიდამისმა ქალბატონმა ზეინაბმა, რომელსაც ხშირად  ვხვდებოდი უნივერსიტეტში,  აკაკი ბაქრაძის ლექციებზე.  ჩვენი შეხვედრა ზეინაბ დეიდას სურვილი იყო.  მარიკა  მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო.  სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მარიკა თამრიკო ჩხეიძეს გავაცანი, ჩვენთან ერთად იყო მარინა  კოშკაძე.  ჩვენ ოთხი ვიყავით  დისიდენტების ყველაზე ახალგაზრდა ჯგუფი პოსტ საბჭოთა სივრცეში. იმის მიუხედავად, რომ მარიკა ჩვენში ყველაზე პატარა იყო ასაკით, თავისი   ერთგული ხასიათით   სრულ ნდობას იმსახურებდა,  ნდობა  ჩვენს საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. დისიდენტური მოძრაობა იმდენად რთული იყო ბევრი  ვერ უძლებდა იმ  წნეხებს  რაც არსებობდა, მეც, თამრიკოსაც ბევრი  გულისტკენა და იმედგაცრუება გვქონდა ნანახი თანამოაზრებისგან.   მარიკა იმ დროს  გამოჩნდა  ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც ჩვენ ვიყავით მარტონი, მე მაშინვე ვიგრძენი, რომ  ის იყო საიმედო ადამიანი.ჩვენ, განსხვავებული ხასიათების მიუხედავად,  ერთმანეთს ვავსებდით.  თამრიკო იყო ფლაგმანი,   თუმცა ფუნქციები ყველას ერთნაირად გვქონდა გადანაწილებული. მარიკას სახლში, ზეინაბ დეიდასთან  ვმალავდით ყველაფერს, თუ კი რამ გვქონდა დასამალი,  იქ მივიტანეთ  საბეჭდი მანქანა, რადგან ეს სახლი იყო ყველაზე უსაფრთხო ადგილი ჩვენთვის. ამ სახლთან იყო დაკავშირებული ბევრი ჩვენი თავგადასავალი.  მარიკას შიმშილობა, როდესაც მამამისი დააპატიმრეს ბრალდებით, თუმცა რეალურად ის დაკავებული იყო, რომ მარიკაზე მოეხდინათ ზეწოლა. 

-რა თვისებებით იყო  გამორჩეული მარიკა ბაღდავაძე?

- მარიკა იყო ძალიან პრინციპული.  ჩვენ ერთად ბევრი რამ გადავიტანეთ და ერთი წამით არ მინახავს მარიკა სუსტი და გატეხილი. ჩვენ ვაგროვებდით პეტიციებს იმ ანტიქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც ჰქონდა ხელისუფლებას აფხაზეთთან მიმართებით. ამ საკითხების განსახილველად  გადაწყდა, რომ უნივერსიტეტში  მოსულიყო ედუარდ შევარდნაძე, რაც იყო ჩვენი ვიწრო ჯგუფის აქტიურობის შედეგი. როდესაც ჩვენ უნივერსიტეტში მივედით, დარბაზთან, რომელიც კომკავშირელებით იყო სავსე,  მისასვლელი გადაკეტილი დაგვხვდა, რომ  ჩვენ ვისაც გვქონდა პროტესტი, დარბაზში არ მოვხვედრილიყავით. ჩვენ მაინც შევძელით დარბაზში მოხვედრა, მარიკამ  საოცარი სიტყვით მიმართა ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც იძულებული გახდა  ჩაეშალა ეს შეხვედრა. მარიკამ მკვახედ, პირდაპირ უთხრა თავისი სათქმელი ედუარდ შევარდნაძეს, რომ მას  არ სურდა მოესმინა სიმართლე, რაც იყო  ჩვენი პროტესტის საფუძველი.    

მე და მარიკა ერთად ბევრჯერ დაგვაკავეს. პირველი ნასამართლეობის დროს პატიმრობას მხოლოდ იმიტომ გადავრჩით, რომ მარიკა არ იყო სრულწლოვანი, მეორად  თითქმის ორი წელი გავატარეთ საპატიმროში. ერთ დღეს დაგვაკავეს და ერთ დღეს გაგვანთავისუფლეს.  როდესაც ბრეჟნევი ჩამოდიოდა საქართველოში გეორგიევსკის ტრაქტატის ზარ-ზეიმით აღსანიშნავად,  ჩვენ  დაგვაკავეს პროკლამაციებით და პლაკატებით.  მოგვიტაცეს და წაგვიყვანეს რამდენიმე დღე თელავში.  ჩვენ არც ვიცოდით სად მივყავდით, გვეგონა, ციხეში გადავყავდით.  ჩაგვიყვანეს თელავში,  ჩვენ გამო  უცხოელი ტურისტებისგან დაცალეს სასტუმრო "კახეთი" და სამივე იქ მოგვათავსეს უშიშროების ტანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ.   

- როგორც ვიცი, თქვენს ერთ-ერთ დაპატიმრებას დაემთხვა "თვითფრინავის ბიჭების" ისტორია  და მარიკა ბაღდავაძის საკანში მოხვდა თინა ფეტვიაშვილი, როგორ იხსენებდა მარიკა ამ დღეებს?

- მარიკასთვის და ჩვენთვისაც ეს ძალიან მძიმე ისტორია იყო. მაშინ ჩვენ სამივე ორთაჭალის ციხეში, მესამე სართულზე ქალთა კორპუსში ვიყავით, მაგრამ როგორც კი გაგვასამართლეს და მოგვისაჯეს  სასჯელი, როგორც  საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევვებს, მაშინვე ცალკ-ცალკე გადაგვიყვანეს უშიშროების იზოლატორში. ჩვენი ორთაჭალის ციხეში ყოფნის პერიოდს დაემთხვა "თვითმფრინავის ბიჭების"  დაკავება. მათ შორის ბევრი ჩვენი მეგობარი იყო, ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა  სოსო წერეთელთან.  ჩვენ თანამოაზრეები ვიყავით, როგორც შემდეგ ჩვენი საერთო  მეგობრებისგან გავიგე, ის ძალიან ღელავდა ჩვენი დაკავების გამო და ძალიან მალე მოხდა კიდეც ეს ამბავი. მათ   თავისი პროტესტი თვითმფრინავის გატაცებაში გამოხატეს.  როდესაც ბიჭები ციხეში მოიყვანეს,  ციხის მთავარმა ექიმმა, რომელმაც იცოდა, რომ სოსოსთან ახლოს ვიყავი, გამანდო, რომ ბიჭები  უნდა შემოეყვანათ.  ვთხოვე, იქნებ სოსო მაინც  მაჩვენოთ -მეთქი.  იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა პერიოდი იყო, ციხის თანამშრომლებს  ჰქონდათ გარკვეული სოლიდარობა  და სიმპატია  როგორც ჩვენ მიმართ, ასევე იმ საქმის მიმართ, რასაც ჩვენ ვაკეთებდით. ციხის მთავარმა ექიმმა გამიყვანა კორიდორში, რამდენიმე წამით დავინახე როგორ ამოჰყავდათ დაჭრილი სოსო,  ბინტით   ჰქონდა გადახვეული ყელი, სულ სისხლიანი იყო. ამან ჩემზე ძალიან მძიმედ იმოქმედა, ექიმმა პირზე ხელი მიმაფარა და ისე შემიყვანა სამედიცინო ოთახში, რომ ჩემი არაადამიანური ტირილი არავის გაეგონა.  მოგვიანებით, მარიკასგან შევიტყვეთ, როგორ შეიყვანეს მასთან საკანში თინიკო ფეტვიაშვილი, რომელიც ორსულად იყო. ეს ისტორია წასაკითხადააც რთულია და მოსასმენადაც, მარიკა გვიყვებოდა, როგორ გაეღვიძა გვიან ღამით და დაინახა  თინიკო, რომელიც სულ სისხლიანი იყო. მას აბორტი  ნარკოზის ქვეშ გაუკეთეს. როდესაც ასეთი ტრაგედიის თვითმხილველი  ხდები საპატიმროში, უმძიმესი და დამთრგუნველი ემოციები გიჩნდება. მარიკა  იმ ღამეს  ვერ ივიწყებდა.  მოგვიანებით, თვითონაც მძიმედ გადაიტანა, როდესაც მილიციასთან დაპირისპირების გამო მოეშალა მუცელი.  იმ დროს  მას უკვე ჰყავდა ორი შვილი, ჰქონდა კარგი ოჯახი.  ყველას,   ვინც ვიყავით ჩართული დისიდენტურ მოძრაობაში, ქვეცნობიერადაც და რეალურ ცხოვრებაშიც, თითქოს  უარი გვქონდა ნათქვამი პირად ცხოვრებაზე.  ეს თემა დახურული გვქონდა. როდესაც წირავ საკუთარ თავს ეს სხვაა, მაგრამ როდესაც  გაქვს ოჯახი, რისკის ქვეშ დააყენო  ოჯახი, შვილი,  ეს ძალიან რთულია. მარიკას ისტორია განსხვავებული აღმოჩნდა.  როდესაც შევიტყვეთ, რომ მარიკა ავთოს მიყვებოდა ცოლად,  ყველა გაოგნებულები დავრჩით. ავთო არ იყო ჩვენი ახლო გარემოცვის წევრი, მაგრამ ის ჩართული იყო  იმ დროს მიმდინარე ამბებში,  მარიკა დარწმუნებული იყო, რომ მეუღლე  მას ხელს არ შეუშლიდა საქმიანობაში, რაც  მართლაც ასე მოხდა.   ავთოს სახით ჩვენ დიდი ძალა შემოგვემატა.მე ვარ  მათი მეჯვარე  და პირველი შვილის ნათლია. ავთომ ისეთი ერთგული  მეუღლეობა გაუწია მარიკას, როგორც ოჯახში, ასევე საქმეში, ასეთ მეორე ისტორიას ვერ გაიგებთ. მე ბედნიერი ვარ, რომ ისინი ერთმანეთს შეხვდნენ.

თამარ  ჩხეიძე (  ყოფილი დისიდენტი)

მარიკა 17-18 წლის ასაკში გავიცანი. ის ჩვენს ჯგუფში ასაკით ყველაზე პატარა იყო.შეურიგებელი და კატეგორიული, პრინციპული იყო   დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ის  საქმიანობა, რომელსაც ვეწეოდით იპყრობდა კგბ-ს დიდ ძალისხმევას, შესაბამისად, დაგვდევდნენ, გვაკავებდნენ. ეს რთული იყო, თუმცა ზოგჯერ ამას კომიკური ხასიათიც კი ჰქონდა. ახალგაზრდები ვიყავით, მარიკას საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა, ვემალებოდით  ხოლმე მეთვალყურეებს, სახალისო ხრიკებს ვუწყობდით. როგორც მეგობრები, ერთად კარგად  ვგრძნობდით თავს.  მარიკა ძალიან აქტიური ადამიანი იყო. ნანა კაკაბაძე  თავისი მოხერხებული და კომუნიკაბელური ხასიათით შოულობდა ხოლმე საჭირო ტიპოგრაფიულ საღებავს და სპეციალურ ქაღალდს, მე და მარიკა  ვამრავლებდით პროკლამაციებს კუსტარულად ჩვენ მიერ  შემუშავებული წესით.

-რა იყო ყველაზე რთული ქალისთვის, რომელიც დისისდენტურ მოძრაობაში იყო ჩართული?

-მაშინ ამ საქმიანობაში ცოტა ადამიანი ბედავდა  ჩართვას, ვერ ვიტყვი, რომ ქალს და მამაკაცს შორის გარჩევა იყო.  დისკრიმინაცია არ მიგრძვნია, თუმცა ქალებისთვის იყო პრობლემები, მით უფრო თავიდან, რადგან ამისი გადატანა იყო ერთგვარი  შოკი ჩვენი ოჯახებისთვის. სხვა მხრივ პრობლმები არ გვქონდა. ჩვენ მიმართ ფიზიკური ძალადობა არ იყო, ეს იყო დიდი ფსქიოლოგიური სტრესი, დაპატიმრება, "კაპეზე" საშინელი პირობებით. ისე მოხდა, რომ იმ ბიჭებისგან განსხვავებით, რომლებიც იყვენენ ჩვენთან ერთად, ზურაბ ცინცაძე, ირაკლი წერეთელი, გია ჭანტურია, ჩვენ გადავურჩით გადასახალებას რუსეთში, ხელმოწერები შეაგროვეს საზოგადოებაში, რომ არ გავეშვით შორეულ გადასახლებაში, თუმცაღა ჩვენი წაყვანაც უკვე გადაწყვეტილი იყო.

- როგორი იყო მარიკა ბაღდავაძის  როლი დისიდენტური მოძრაობის გაძლიერებაში?

 - მან დიდი როლი შეასრულა  იმ წლებში გამართულ ყველა აქციაში. ადამიანის უფლებები, ეროვნული დამოუკიდებლობა, ძეგლების დაცვა, ეკოლოგიური პრობლემები -  მარიკა იყო ამ პროცესების  განუყრელი ნაწილი  და ერთ-ერთი მთავარი მონაწილე.   ჩემი აზრით, ის  ძალიან თავმდაბალი ადამიანიც  იყო. დამოუკიდებელ საქართველოში  ჩვენ უკვე აღარ გვქონდა მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა,  ყველა სხვადასხვა მიმართულებით წავედით, თუმცა საერთო წარსულის გამო, რომელიც იყო ძალიან ძლიერი, ჩვენ  მეგობრებად დავრჩით.   მარიკა აქტიურად მუშაობდა ადამიანის უფლებების მხრივ, მონაწილეობდა  სხვადასხვა გამოსვლებში, მაგალითად,  დავით გარეჯის დაცვისთვის გამართულ მიტინგში.  სანამ ფიზიკურად შეეძლო პროცესებს არ ჩამოშორებია.სამწუხაროდ, ადრეულ ასაკში დაავადდა საკმაოდ იშვიათი  დაავადებით, ალბათ, იმ მძიმე წლების გამოც დაემართა, რაც მან  გაიარა ახალგაზრდობაში.     

ავთო ანთიძე (მარიკა ბაღდავაძის მეუღლე, ეროვნული მოძრაობის მონაწილე)

მე და მარიკამ ერთმანეთი გავიცანით 1978 წელს,   დედა ენის დაცვის  ცნობილი აქციის დღეებში. მაშინ ორივე სკოლის მოსწავლეები ვიყავით, მე მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობდი, მარიკა -  53-ე  სკოლაში. ერთმანეთს დავუახლოვდით კაკო ბაქრაძის ლექციებზე, რომლებსაც   ეროვნულ მოძრაობაში ჩართული უამრავი ადამიანი  ესწრებოდა. ერთმანეთს ვხვდებოდით  წლები, დაჭერიდან დაჭერამდე,  როგორც თანამებრძოლები და თანამოაზრეები. ერთხანს, თითქმის ერთ  წელზე მეტი  მარიკა, ნანა კაკაბაძე და თამრიკო ჩხეიძე სოფელ უდაბნოში გადაასახლეს. 

იქ არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის ბაზა იყო, იმ ბაზაზე ცხოვრობდნენ იძულებით, თან მუშაობდნენ, ოფიციალურად მეცნიერ თანამშრომლებად ითვლებოდნენ. თბილისში ჩამოსვლის უფლება აკრძალული ჰქონდათ. მეგობრები  ჩავდიოდით ხოლმე მოსანახულებლად.  იმ დროს უდაბნოს კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო ლევან თედიაშვილი, ცნობილი  სპორტსმენი, მოჭიდავე.  უდაბნო  საგარეჯოს რაიკომს ეკუთვნოდა, რაიკომის მდივანი იყო მედიკო მეზვრიშვილი,რომელმაც  გოგონები ლევანს ჩააბარა მოსავლელად და დაავალა, ამ გოგოებს პატივი ეციო.  ლევანმა, როგორც ჭეშმარიტმა  კახელმა  და კარგმა  მოქეიფემ, პატივისცემა, პირველ რიგში  კარგი  სუფრით  გადაწყვიტა.  ამ ამბავს  ჩვენც შევესაწარით.  ლევანი   კახური ხელგაშლილობით და  კარგი  პურმარილით მივიდა გოგოებთან, მარიკამ და თამრიკომ ერთი ამბავი  დააწიეს.  ნანას გარდა არც ერთი ხორცს არ ეკარებოდნენ, წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა, კაცმა ჩათვალა, გოჭებით გავუმასპინძლდებიო და ამის გამო  სერიოზულ  კონფლიქტში მოხვდა. მე, მამუკა გიორგაძემ  და გია ჭანტურიამ რომ დავინახეთ, როგორი " მომარაგება" ჰქონდათ გოგონებს, მოვუხშირეთ სიარულს  უდაბნოში და ლევანის გაშლილ სუფრასთან ჩვენც  მოვილხენდით ხოლმე (იცინის) 

უდაბნოში მათი ცხოვრება არ იყო იოლი. ერთხელ კგბ-მ  გოგონებისთვის ნემსების გაკეთება გადაწყვიტა. აუხსნეს, რომ ეს იყო სპეციალური  და აუცილებელი  აცრები. ამაზე დიდი ამბავი ატყდა. მარიკას, ნანას და თამრიკოს  უარის შემდეგ კგბ-მ  ძალით წაიყვანეს საავადმყოფოში.  ბოლო მომენტში, არ ვიცი როგორ, რეზო ჩხეიძეს დაუკავშირდნენ, ატეხა  რეზომ ამბავი, საქმეში მედიკო მეზვრიშვილიც ჩაერთო, ეს რას ნიშნავსო და  ასე  გადარჩნენ გოგონები გაურკვეველ აცრებს. იმ პერიოდში ეს ამბავი ძალიან გახმაურდა. მე ხშირად ჩავდიოდი უდაბნოში, მერე ნელ ნელა მივხვდით  მეც და მარიკაც, რომ მხოლოდ მეგობართან არ ჩავდიოდი და ერთმანეთის მიმართ ორივეს სხვა ემოციები გვქონდა.  

-  დისიდენტი გოგონას ცოლად მოყვანა იოლი გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო იმ დროში, ერთია, როდესაც მეგობარს მიყვები "ბრძოლის ველზე" და მეტად სახიფათო და საპასუხისმგებლო.  როდესაც მეგობარი შენი მეუღლეა.  

- ამაზე ღრმად არასდროს მიფიქრია. ჩვენ ვცხოვრობდით იმ ცხოვრებით და მიზნით, რაც გვქონდა დასახული, სხვისი აზრი არ გვაინტერესებდა.  რა თქმა უნდა იყო ბევრი სირთულე, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობდით.  მაშინ, როდესაც ერთმანეთს ცხოვრება დავუკავშირეთ არც ერთმა არ ვიცოდით, საბჭოთა კავშირი ასე მალე თუ დაიშლებოდა, ამიტომაც ჩვენ უფრო ხანგრძლივი ბრძოლისთვის  ვიყავით  მზად. ეს განსაზღვრული გვქონდა.  ჩვენ 1986 წელს დავქორწინდით. პატარა  ქორწილი გვქონდა, ახლო მეგობრების წრეში. უშიშროება, სახლში ვერ მოგვადგებოდა, მაგრამ გარეთ, რა თქმა უნდა დაგვყვებოდნენ. ჩვენ 1988 წლამდე გვდევნიდნენ.  უმაღლესშიც კი  ძლივს ჩავაბარე, საბუთებს არ იღებდენენ. თავდაპირველად გამრიცხეს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტიდან, სადაც იმის გამო ჩავაბარე, რომ ჯარში არ წავსულიყავი. დაჭერების გამო  ინსტიტუტიდან გამრიცხეს. ექიმობა მინდოდა და გადავწყვიტე სამედიცინოზე შემეტანა საბუთები.

ნაძალადევში ვცხოვრობდი,სახლთან  კგბ ზედამხედველობდა,  მეზობლების სახლების გავლით ჩუმად გავიპარე და ისე შევიტანე საბუთები, გამოცდებზეც ასე ჩუმად  დავდიოდი. მარიკამაც ასე ხრიკებით შეძლო ჩაბარება ფილოლოგიურზე, თუმცა მერე ისტორიის ფაკულეტეტი დაამთავრა.       

- შვილების დაბადებამ, ოჯახმა არ შეცვალა მარიკას  ჩართულობა  მძიმე და რთულ საქმეში?

- არა, აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა. მარიკა სახლში იყო დედა, მეუღლე. საოცარი კულინარი იყო. არ ვიცი, სად და როდის მოასწრო სწავლა,  ისეთ საჭმელს  გააკეთებდა, ვერ ვიჯერებდი ხოლმე რომ სამზარეულოში პრაქტიკა არ ჰქონდა. ყოველ ხარებას ჩვენთან იშლებოდა სუფრა მეგობრებისთვის, სპეციალურად ვყიდულობდით ძვირადღირებულ თევზს, რადგან იმ დღეს თევზით ხსნილი იყო, მარიკა ხუმრობდა ხოლმე, სარეცხის ქვაბით ვაკეთებ ასატრინის ბუღლამასო.   

-მის გამო ალბათ ბევრ რთულ სიტუაციაში მოხვედრილხართ, არასდროს გითქვავთ ცოლისთვის, ეს სახიფათოა, უნდა შეჩერდე?!   

-მარიკა მესამე ბავშვზე იყო ორსულად, როცა ერთ-ერთი მიტინგის დროს მილიციასთან  შეტაკებისას მუცელი მოეშლა. ეს იყო საშინელი დღე ჩვენს ცხოვრებაში. 9 აპრილის მიტინგების დროს  ორსულად იყო, ტელევიზიასთან ვიყავით შეკრებილი. ვთხოვე, იმ აქციაზე არ მოსულიყო.  ერთადერთი  შემთხვევა იყო, როდესაც მას ხმამღლა ვუთხარი, წადი სახლში, გაერიდე აქაურობას-მეთქი. მეზობელ გოგოსთან ერთად იყო, ის მარიკას სახლში წამყვანი იყო? ლუიზა შაკიაშვილმა გადაიყვანა მოპირდაპირე მხარეს, თურმე გზის გადაღმა იყო გაჩერებული და იქიდან აკვირდებოდა პროცესებს.  

ისეთი ხასიათი ჰქონდა, ღირსების საკითხებში კომპრომისზე არ წავიდოდა, უკან არ დაიხევდა, ბრძოლაში შეუვალი იყო. პირად მაგალითს აძლევდა ყველას. პერიპეტიებში, წინა რიგებში მორაგბეები იყვნენ ხოლმე ჩვენთან ერთად. ერთხელ ჩემი მეგობარი რაგბისტი  გიზო  მონიავა მიყვებოდა, ერთ-ერთ მიტინგზე, იმდენი მილიციელი წამოვიდა, შეგვეშინდა და უკან დახევა გადავწყვიტეთ, უცებ მარიკამ დაიძახა, ფეხი არ მოიცვალოთო, ისეთი შემართული იყო, უკან რა დაგვახევინებდა, კორდონი გავარღვიეთო.  

მარიკას შეეძლო ჰქონოდა თანამდებობა  ნებისმიერ მთავრობაში, მაგრამ ამისი სურვილი არასდროს ჰქონია. ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც თავს უხერხულად თვლიდა მარიკას გამო, რადგან მისი ნათესავების მეგობარი იყო, შემორიგების მიზნით, მარიკას რამდენჯერმე  შემოუთვალა  რომ  გარკვეულ პოზიციებზე ემუშავა, ეტყობა, სიტუაციის  გამოსწორება უნდოდა, მაგრამ მარიკას არაფრის გაგონება არ სურდა. შემდეგ მუშაობა დაიწყო დათო სალარიძესთან, ომბუდსმენის აპარატში. ადამიანის უფლებები მისი სტიქია იყო, ხმალამაღებული იბრძოდა ადამიანების  დასაცავად. მერე დაიწყო მისი ავადმყოფობის წლები. ყველაფერი ვცადეთ  მისი მდგომარეობის გამოსასწორებლად, მაგრამ არაფერმა უშველა.   

-ბოლო 15 წელი გვერდიდან არ მოცილებულხართ მეუღლეს, რომელიც მძიმე დაავადებით იყო ავად.

- რადგან  მე პროფესიით ექიმი ვარ, უფრო გამიადვილდა მარიკას მოვლა. გავხდი ექსპერტი იმ დაავადებაში, რაც ჰქონდა მარიკას. ბოლო 15 წელი მარიკა პარალიზებული იყო,  როგორც ექიმმა იოლად ავითვისე სანიტრის, ექთნის, თავისთავად ექიმის საქმე და ყველა  საჭიროება, რაც ამ დაავადების დროს არის აუცილებელი პაციენტებისთვის.  ჩვენ ოთხი არაჩვეულებრივი ბიჭი გვყავს.  ამითი ძალიან ბედნიერი ვარ. მარიკა ხუმრობდა ხოლმე, ხუთი გურულის მოთვინიერებისთვის მეკუთვნის მედალი, მეც არ ვრჩებოდი "ვალში", ვაკელი მეგონე და ვანელი აღმოჩნდი მეთქი, ასე ვიყავით -  ხუმრობით ვარკვევდით  ვაკელობის და ვანელობის საზღვარს (იცინის)

ჩვენ ოთხი ათეული წელი გავატარეთ ერთად. მე და მარიკა ვასრულებდით მიცემულ ფიცს. სულ ვეუბნები ხოლმე ახალდაქორწინებულ ახალგაზრდებს. როდესაც აძლევთ აღმატებულ ფიცს ღმერთს, უფალს საკურთხეველთან, ყველაზე წმინდა ადგილთან, ეს ფიცი აუცილებლად უნდა შეასრულოთ. ეს ფიცი შემთხვევითი არასდროს არაა, და თუ დადებ, უნდა დაიცვა - ესაა  ქორწინების საიდუმლო, გვერდით ყოფნა განსაცდელსა და ლხინში,  ბედნიერებაში თუ უბედურებაში. ცოლი და ქმარი უნდა იყვნენ ერთმანეთის გვერდით უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

მე და მარიკა  ვცდილობდით ამ პრინციპით გვეცხოვრა და არ დაგვერღვია ფიცი, დადებული ოთხი ათეული წლის წინ.  

თამუნა ნიჟარაძე            

Unknown Known
როგორ გახდა გვანჯი მანია თბილისობის დღესასწაულის იდეის ავტორი და რატომ მიანიჭეს მას საპატიო თბილისელის წოდება 48 წლის შემდეგ

დამსახურებული ჟურნალისტი, ეკოლოგი, მოგზაური, მხარეთმცოდნე, კარტოგრაფი,  საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშეწყობის კავშირის „გიორგის“ დამუძნებელი და თავმჯდომარე, ფაზისის აკადემიის გამგეობის და გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი, ქეთევან დედოფლის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე - ეს  85 წლის გვანჯი მანიას  პროფესიული ტიტულების არასრული ჩამონათვალია და მკაფიოდ ასახავს იმ ადამიანის ცხოვრებას, რომელიც მრავალმხრივი ინტერესებით იყო გამორჩეული. 1998 წელს გვანჯი მანია ღირსების ორდენით დააჯილდოვეს, ცოტა ხნის წინ კი თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს, რასაც მისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს -  სწორედ  გვანჯი მანიას  ეკუთვნის თბილისობის დღესასწაულის დაწესების იდეა, რაც მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ისე „მიითვისა“, რომ  მისი სახელი და გვარი არასდროს არსად გამოჩენილა. ბატონი გვანჯი ბევრი საინტერესო იდეის და ინიციატივის ავტორია, რასაც ის  ჩვენთან ინტერვიუშიც   იხსენებს.

- ბატონო გვანჯი, მოგვიანებით  გილოცავთ თბილისის საპატიო მოქალაქედ არჩევას. უცნაურია, რომ ადამიანს, ვინც იყავით თბილისობის დღესასწაულის დაარსების იდეის ავტორი, აქამდე არ გქონდათ ეს წოდება.    

 - ძალიან გამიხარდა, რომ ამდენი წლის შემდეგ მაინც გავახსენდი ადამიანებს თბილისობის, როგორც დიდი სახალხო დღესასწაულის იდეის ავტორი და თბილისის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი, რადგან უკვე 48 წელი გავიდა მას შემდეგ,  რაც პირველი თბილისობა გაიმართა. მაშინდელმა ხელისუფლებამ, პარტიამ, მთავრობამ მიიწერა თბილისობის დღესასწაული, არ უნდა გამოჩენილიყო კონკრეტული ადამიანის, პირადად ჩემი ვინაობა, ვისი თაოსნობითაც დაიწყო თბილისობის ისტორია. წლებთან ერთად თითქოს დავიწყებას მიეცა ეს ამბავი, თუმცა მაშინაც ბევრმა იცოდა, რომ თბილისობის დღის დაწესების იდეის ავტორი მე გახლდით.   

1976 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „თბილისში“ გამოვაქვეყნე  პუბლიკაცია სათაურით „დაწესდეს ახალი დღესასწაული“,  სადაც მიმოვიხილე თბილისის წარსული და აწმყო, ყოფა, ტრადიციები. გამოვთქვი ჩემი აზრი, რომ  1958 წლის  შემდეგ, როდესაც გაიმართა თბილისის დაარსების   1500 წლისთვის საზეიმო ღონისძიებები, მსგავსი დღესასწაული არ გამართულა და ხომ არ დაველოდებით 2058 წელს, როცა ავღნიშნავთ  თბილისის დაარსების 1600 წელიწადს?! იქნებ დავაწესოთ თბილისობის დღესასწაული, რომელიც გაიმართება ყოველი წლის ოქტომბერში, ხოხობზე ნადირობის ჟამს. ეს დღესასწაული გამოავლენდა შემოქმედებით ნიჭს და ფანტაზიებს, გააერთიანებდა თბილისელებს და თბილისის ყველა გულშემატკივარს. ამ წერილს  საზოგადოებაში მოჰყვა დიდი გამოხმაურება და  დისკუსია, ყველა მიესალმა ამ  წინადადებას, რომელიც ძალიან მისაღები იყო თბილისელებისთვის.

ყველა მხარს უჭერდა ამ საერთო სახალხო ზეიმის დაარსების წინადადებას. სამი წლის შემდეგ ჩემი იდეა - პროექტი წარმატებით  განახორციელა მაშინდელმა ხელისუფლებამ, საქალაქო საბჭომ,  პირველი დღესასწაული გაიმართა 1979 წელს. მაშინ  ცეკას მდივანი იყო ედუარდ შევარდნაძე, საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე - თენგიზ მენთეშაშვილი, გამოყვეს მხატვრები, რეჟისორები. პირველი თბილისობის რეჟისორად არჩეული იყო  ლერი პაქსაშვილი. პირველი თბილისობის საპატიო მოქალაქეები გახდნენ ლადო გუდიაშვილი, კონსტანტინე ილურიძე, აკაკი შანიძე და შუშანა ჩიქოვანი. მას შემდეგ ამდენი დრო გავიდა და თბილისობა იმ წლების გარდა, როდესაც  თბილისში იყო  არეულობა, დაპირისპირება და ომი, ყოველ წელს იმართება და თბილისელებისთვის საყვარელი დღესასწაულია. მე თბილისში არ დავბადებულვარ, ჯვარში ვარ დაბადებული და გაზრდილი. კარგი ოჯახი გვქონდა. მამაჩემი მეტივე იყო, დედა მეაბრეშუმე და სახალხო მკურნალი. თბილისში მაშინ ჩამოვედი, როდესაც 21 წლის ასაკში უნივერსიტეტში  ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მთელი ცხოვრებით თბილისთან ვარ დაკავშირებული, თუმცა ღა მშობლიურ მხარესთან და ჯვართან კავშირი არასდროს გამიწყვეტია.    

- ძალიან საინტერესო ცხოვრება გაიარეთ,  მრავალფეროვანია თქვენი ბიოგრაფია. თავად, როგორ ფიქრობთ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში?  

- ეს იმას ჰგავს, ადამიანს ჰკითხო, რომელი შვილი მეტად გიყვარსო. მე მიყვარდა ყველა საქმე, რომელსაც ვაკეთებდი. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დავინტერესდი მშობლიური კუთხის შესწავლით. სათავგადასავლო მოგზაურობა პატარა ასაკიდან დავიწყე, როდესაც შევქმენი ჯგუფი და მოვიარე მაგანას და ინწრას ხეობა. წლების შემდეგ ორგანიზება გავუკეთე ბევრ ექსპედიციას: 1962 წელს  თბილისის რკალს, 1963 წელს ექსპედიციას იალბუზის გარშემო, იყო ასეთი ექსპედიცია რუსთაველის კვალდაკვალ, რომელიც 1966 წელს განხორციელდა აჭარაში, სამცხე - ჯავახეთში. 24 წლის ვიყავი, სამ მეგობართან ერთად ველოსიპედით დავფარეთ რვაათასკილომეტრიანი დისტანცია საბჭოთა კავშირის რვა რესპუბლიკაში. ველოსიპედები უნივერსიტეტმა გვიყიდა, სტიპენდიებიც წინასწარ მოგვცეს. გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგხვდა, მაგრამ ამ მოგზაურობამ დიდი გამოცდილება და ცოდნა მომცა, რაც მერე ძალიან გამომადგა. 

gvanji_mania-066 გვანჯი მანია და ტიმ სევრერინი 1984 წელი 

მქონდა აქტიური ჟურნალისტური ცხოვრება. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ პარალელურად ვსწავლობდი ეკოლოგიას, სოციოლოგიას, ხელოვნებას.  წლები ვიმუშავე საქინფორმში, გაზეთებში „კომუნისტი“, „ახალგაზრდა ივერიელი“, მიღებული მაქვს ჟურნალისტური პრემიები. ძალიან მაინტერესებდა ბუნება, ადამიანები, კავკასიის ხალხთა ცხოვრება, კულტურა, ისტორია. ვმუშაობდი საქართველოს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტში, სამეცნიერო - ტექნიკური ინფორმაციის განყოფილებისა და ბუნების დაცვის საზოგადოების ეკოლოგიური განათლების განყოფილების უფროსად. მოგვიანებით  ჩემი ინიციატივით მოხდა  „ ბუნების ქომაგის“ საპატიო  წოდების დაწესება,  რომელსაც გადავცემდით ბუნების დამცველებს.

ახალგაზრდობიდან აქტიური და  შეუპოვარი ხასიათი მქონდა, ალბათ ამიტომაც  ჯერ კიდევ სტუდენტობისას, როგორც არასაიმედო პერსონა, უშიშროებას აღრიცხვაზე ვყავდი აყვანილი. არ ვერიდებოდი საზოგადოებაში იმის მხილებას და კრიტიკას, რაც მაწუხებდა და არასწორად მიმაჩნდა. ბევრ რამეში მიშლიდნენ ხელს, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვაკეთებდი ჩემს საქმეს.  საბჭოთა  რეჟიმის  პირობებში, როდესაც ხელისუფლება გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის აღნიშვნისთვის ემზადებოდა, მოვაწყვეთ სამდინარო -საზღვაო ექსპედიცია „ ოქროს საწმისი“, რომელიც უპრეცედენტო ამბავი აღმოჩნდა. ავაგეთ ძველკოლხური ნიმუშის ხომალდი, რომელსაც ვუწოდეთ „ოქროს საწმისი“. ვიმოგზაურეთ ისტორიულ კოლხეთში, ექსპედიციის მესამე წელს გერმანიაში იმართებოდა ოლიმპიური თამაშები, გვინდოდა დუნაის გავლით  ქართული დროშით შევსულიყავით მიუნხენში, მაგრამ უფლება არ მოგვცეს უშიშროების სამსახურებმა. ვიცოდი, რომ არგონავტების მარშუტის გამეორება და  კოლხური კულტურის პოპულარიზაცია საბჭოთა ხელისუფლებას დიდად არ მოეწონებოდა, ამიტომ ისე შევფუთეთ, თითქოს  ექსპედიცია გასაბჭოების 50 წლისთავს ეძღვნებოდა. ასეთივე თამამი განაცხადი იყო, საცხენოსნო ექსპედიცია, რომელიც მოვაწყვეთ  კასპის რაიონში, დიდგორის ბრძოლის ადგილებში. რუსეთის მიერ დიდგორის თემაზე საუბარი აკრძალული იყო, რუსების დახმარების გარეშე, როგორ გაიმარჯვეთო, ჩვენ  კი დიდგორის ბრძოლის ადგილებში მოვაწყვეთ ექსპედიცია, რომელშიც 16 ცხენოსანი მონაწილეობდა. ეს საკითხი წამოჭრა ლევან გოთუამ, რომელმაც მიგვანიშნა ამის შესახებ ლიტერატურულ გაზეთში. მე ეს ლაშქრობა მივუძღვენი მის ხსოვნას, დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძის და თევდორე მღვდლის მოღვაწეობას. 

 - თქვენი ხელშეწყობით საქართველოში დამყარებული არაერთი რეკორდი მოხვდა გინესების რეკორდების  წიგნში, როგორ  დაუკავშირდით  გინესების რეკორდებს?

 - გინესების რეკორდების საქმესთან  დამაკავშირა ჯუმბერ ლეჟავამ, რომელთანაც როგორც ჟურნალისტს მქონდა ურთიერთობა იმ პერიოდიდან,  როდესაც  ვმუშაობდი საქინფორმის რედაქციაში. ჯუმბერ ლეჟავა არის ერთ-ერთი პირველი ქართველი, ვინც დაიმკვიდრა ადგილი გინესის რეკორდების წიგნში. მან ჯერ დაამყარა რეკორდი ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში, შემდეგ კი - 3333 დღის განმავლობაში იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით. გადალახა აზიის, ავსტრალია - ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპის და აფრიკის ქვეყნები, ორჯერ ეწვია ანტარქტიდას.

გინესის რეკორდების წიგნში პიროვნებები ავტომატურადაც ხვდებიან. მაგალითად, წიგნში მაია ჩიბურდანიძე შეტანილია, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ქალთა შორის. მე გინესების რეკორდების  წიგნის მიმართ ინტერესი მქონდა, როგორც ჟურნალისტს, მაგრამ მოგვიანებით, 1993 წელს როდესაც დავაარსე მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი „გიორგი,“ უკვე  აქტიურად ჩავერთე საგინესო მოძრაობაში. ჩემი დახმარებით და ხელშეწყობით  საქართველოდან ბევრი რეკორდი აისახა გინესის რეკორდების წიგნში, მაგრამ არის რეკორდები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ აისახა.

ჩემი ინიციატივა იყო, იუნესკოსა და მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტში ქართული ცურვის სამი სახეობის მოხვედრა. ესაა ფეხური ცურვა, ხელფეხშეკრული ცურვა და მენჩურუა. ფეხური ცურვა  ძველ კოლხეთში ოდითგან იყო ცნობილი. მენჩურუა წყალში ორთაბრძოლის ხალხური  სახეობაა. რაც შეეხება ხელფეხშეკრულ ცურვას, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჰენრი კუპრაშვილის მარათონს, როდესაც მან ხელფეხშეკრულმა გადაცურა 12 კილომეტრიანი დისტანცია, დარდანელის სრუტე. სამწუხაროდ ის ვერ მოხვდა გინესის რეკორდებში, სიცოცხლისათვის დიდი რისკის გამო.  

მე ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა. გული იმაზე მწყდება, რომ ჩაკეტილ ქვეყანაში ვცხოვრობდით და არსად არ გვიშვებდნენ, კი ბატონო, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები პრობლემა არ იყო, მაგრამ საზღვრებს გარეთ ვერ გახვიდოდი. მინდოდა რამდენიმე ექსპედიციის მოწყობა და  საქართელოსთვის  თავდადებული, დამსახურებული ადამიანების ისტორიების წარმოჩენა, რაფიელ დანიბეგაშვილის, სულხან საბა ორბელიანის მოგზაურობების, ასევე  ქართული თემატიკის საკითხების მოძიება, მაგრამ არ გამიშვეს. მაშინ უცხოეთში მხოლოდ იმ ხალხს უშვებდნენ, ვისაც უშიშროების კომიტეტისგან ჰქონდა ამისი უფლება, ან მათთან იყვნენ შეთანხმებულები, როგორც ჩანს, ისინი კომპრომისზე მიდიოდნენ. ჰყავდათ მათ „რჩეულები,“  მე მათ რიცხვში არ ვიყავი. უარი მითხრეს რუმინეთში, ბულგარეთში გასვლაზე, ჩაკეტილი ვიყავი. საბჭოთა უშიშროებას ჩემი ნდობა არ ჰქონდა, ამას ყველა ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი.  ჩემი ჯიუტი ხასიათით ვცდილობდი ხოლმე ჩაკეტილი წრის გარღვევას, რასაც ზოგჯერ  ვახერხებდი, ზოგჯერ - არ გამომდიოდა. 

თამუნა ნიჟარაძე

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way