USD 2.6989
EUR 3.1083
RUB 3.3612
თბილისი
მანანა თანდაშვილი- ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი, კავკასიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
თარიღი:  5042
გერმანიაში 1999 წელს ჩამოვედი, როგორც ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის სტიპენდიატი. 90-იანი წლებისთვის ჩემი სამეცნიერო მოღვაწეობა წარმატებულ კარიერად ითვლებოდა: დაცული მქონდა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, ენათმეცნიერების ინსტიტუტში ვხელმძღვანელობდი კომპიუტერული ლინგვისტიკის ლაბორატორიას და მქონდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამეცნიერო ინტერესები: ქართველური ენების ელექტრონული რესურსების შექმნა და ქართული ენის კომპიუტერული დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება მათი ჰუმანიტარულ კვლევებში დანერგვის მიზნით. იმ დროისათვის ცნება დიგიტალური ჰუმანიტარია უცხო იყო საქართველოში. შესაბამისად, ის ამოცანები, რომლის განხორციელების აუცილებლობა ჩემთვის ჰუმანიტარიის და კერძოდ, ქართველოლოგიის განვითარების გარდაუვალ პროცესად მიმაჩნდა, „არამეცნიერულად“ ითვლებოდა. პროფესიული ზრდისა და დასახული მიზნების განსახორციელებლად გადავწყვიტე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მეცადა ბედი და ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდში შევიტანე პროექტი. სტიპენდია მივიღე და 1999 წლის 31 ოქტომბერს ჩემ ოჯახთან ერთად ჩამოვედი გერმანიაში, ფრანკფურტის უნივერსიტეტში, სადაც ჰუმბოლდტის სტიპენდიის დასრულების შემდეგ სამუშაოდ დავრჩი და გერმანელი ქართველოლოგის პროფ. იოსტ გიპერტის მხარდაჭერითა და თანადგომით ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში ახალი მიმართულება - კავკასიოლოგია შევიტანე.
 
ქართველური ენების გაციფრებისა და ენის ტექნოლოგიების განვითარების ოცნება უეცრად ფართომასშტაბიან რეალობად იქცა: პროფ. იოსტ გიპერტთან ერთად 15 საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი განვახორციელე, რომელშიც 500-ზე მეტმა ქართველმა მეცნიერმა და სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა და რომლის საერთო ღირებულება 2,5 მილიონ ევროს შეადგენდა. აღნიშნულმა პროექტებმა უაღრესად დიდი როლი შეასრულა ქართველოლოგიის მოდერნიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით: ა) ფრანკფურტის უნივერსიტეტში ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოყალიბდა ქართველოლოგიის ერთ-ერთი უძლიერესი ცენტრი ევროპის მასშტაბითა, ბ) შეიქმნა ქართული ენის დიგიტალური კვლევისა და ტექნოლოგიზირების უმნიშვნელოვანესი რესურსი „ქართული ენის ეროვნული კორპუსი“, რომელიც დღეისათვის 202 მილიონ სიტყვაფორმას აერთიანებს (კორპუსი ასევე აღჭურვილია მორფოლოგიური და სინტაქსური ანალიზატორით) და 3) საფუძველი ჩაეყარა ახალი სამეცნიერო მიმართულების დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარებას, რომელიც სისტემატურად იყენებს ქართველური ენების გაციფრებულ რესურსებს და კვლევის დიგიტალურ მეთოდებს ჰუმანიტარიასა და კულტუროლოგიაში კვლევების საწარმოებლად.
 
დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარება ციფრული რესურსებისა და კვლევის დიგიტალური მეთოდების განვითარების გარდა ქართველოლოგიის ახალი, დიგიტალური თაობის შექმნასაც მოითხოვდა. ამიტომ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დიგიტალური ქართველოლოგიის დანერგვის მიზნით 2012 წლიდან ყოველწლიურად ვატარებ სეზონურ სკოლებს დიგიტალურ ჰუმანიტარიაში. 2014 წელს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაკვეთით დავამუშავე მაინორი პროგრამა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში, რომელმაც 2015 წელს გაიარა აკრედიტაცია და საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამაში დიგიტალური ჰუმანიტარიის დანერგვის პირველ მცდელობას წარმოადგენდა. მაინორი პროგრამის სტუდენტებისა და დიგიტალურ ჰუმანიტარიაში ბათუმის საზაფხულო სკოლის მონაწილეებისათვის ქართულ ენაზე მოვამზადე და გამოვეცი სახელმძღვანელოები: ქართული ენის კორპუსლინგვისტური პარადიგმა, ქართული ენის ფუნქციური გრამატიკა, ზმნის სემანტიკური ანალიზი ქართულში, რეფერენციულობა ქართულში, ენისა და კულტურის დოკუმენტირების თანამედროვე მეთოდები და ინსტრუმენტები, რამაც საშუალება მისცა ფილოლოგთა ახალგაზრდა თაობას გასცნობოდნენ კვლევის თანამედროვე პერსპექტივებსა და პრობლემატიკას და დაუფლებოდნენ ენის დოკუმენტირების თანამედროვე ინსტრუმენტებს (FLEX, ELAN). სულ ახლახანს, ჩემს ქალიშვილთან, მარიამ ყამარაულთან ერთად დავასრულე მუშაობა ახალ წიგნზე „შესავალი დიგიტალურ ქართველოლოგიაში“, რომელიც უახლოეს ხანში გამოქვეყნდება. 2016 წელს ჩემს გერმანელ კოლეგებთან - იოსტ გიპერტთან და დიანა ფორკერთან ერთად განვახორციელე საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის საპილოტო ვერსია „დიგიტალური ჰუმანიტარია“ თსუ-სა და ბათუმის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ამ პროექტის ფარგლებში ბათუმის უნივერსიტეტში ჩემი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით გაიხსნა „დიგიტალური ჰუმანიტარიის ცენტრი“, რომელმაც უნიკალური ღია რესურსი - „ლინგვოკულტუროლოგიური დიგიტალური არქივი“ (რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით) შექმნა - თანამედროვე ტექნოლოგიებით დამუშავებული პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი დიგიტალური არქივი საქართველოში.
 
ამჟამად ვმუშაობ პროექტზე Rustaveli goes digital, რომელიც ითვალისწინებს „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების სრულმასშტაბიან დიგიტალიზაციას - პოემის 55 ენაზე შესრულებული თარგმანების პარალელური კორპუსის შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს თარგმანმცოდნეობის, როგორც თარგმანის პროცესის კვლევის, დიგიტალიზაციას და თარგმანის სტრატეგიების კვლევის ტექნოლოგიზაციას. პროექტის განხორციელების მიზნით წლების განმავლობაში ვაგროვებდი და თავი მოვუყარე პოემის თარგმანების სრულმასშტაბიან კოლექციას, რომლის ბაზაზეც 2019 წელს ფრანკფურტის უნივერსიტეტში დავაარსე რუსთაველის კაბინეტი, რომელიც ერთადერთი კვლევითი ცენტრია რუსთველოლოგიაში საქართველოს ფარგლებს გარეთ. „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების პარალელური კორპუსი ქართველოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის უნიკალური შანსია, ვინაიდან იგი ინტეგრაციული კვლევების დანერგვის საშუალებას იძლევა.
 
სამეცნიერო მოღვაწეობის გარდა რამდენიმე სოციალურ-კულტურული პროექტის განხორციელებაც შევძელი: 2005 წელს ფრანკფურტში დავაარსე საკვირაო სკოლა ქართველი ბავშვებისათვის, 2008 წელს კი წამოვიწყე ლიტერატურული პროექტი, რომელიც სულ მალე გადაიქცა ფრანკფურტის ქართული ლიტერატურის სალონად „ევტერპე“, რომლის დაარსებასა და განვითარებაში აქტიურად იყვნენ ჩართული ჩემი შვილებიც, როგორც მთარგმნელები. ლიტერატურული სალონი წლების განმავლობაში მასპინძლობდა ქართველ ავტორებს, აწყობდა პოდიუმ-დისკუსიებს ქართული ლიტერატურის საკითხებზე, გერმანულად გამოსცემდა ქართველი მწერლების წიგნებს. 10 წლის განმავლობაში 140-ზე მეტი ლიტერატურული საღამო მაქვს ჩატარებული, მათ შორის წიგნის ბაზრობებზე ლაიფციგსა და ფრანკფურტში. 2018 წელს, როდესაც საქართველო სტუმარი სტატუსით წარსდგა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, გერმანულად გამოცემული წიგნებიდან 21 წიგნი ქართული ლიტერატურის სალონის „ევტერპეს“ მიერ იყო თარგმნილი.
 
ყველა ის დიგიტალური რესურსი და ტექნოლოგიები, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარებას, ერთობლივი სამეცნიერო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან დიგიტალური ქართველოლოგია, დიგიტალური ჰუმანიტარიის მსგავსად, სინერგეტიკული დარგია და ინოვაციური ცოდნისა და გამოცდილების გაერთიანების შედეგად იქმნება. მთავარი და არსებითი ამ პროცესში სწორედ ეპოქის შესაბამისი ამოცანების განსაზღვრა, განხორციელების გზებისა და მეთოდების კონცეპტუალიზაცია და მისი რეალიზაცია გახლდათ, რის შედეგადაც შეიქმნა ქართულ-გერმანული სამეცნიერო ურთიერთობის უწყვეტი ჯაჭვი, რათა ქართველოლოგიას კვლევის ახალი მეთოდებითა და რესურსებით შეებიჯებინა 21-ე საუკუნეში.
 
მსოფლიო
რესპუბლიკელი კონგრესმენი ტიმ ბურჩეტი: თუ ოდესმე გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება

რესპუბლიკელი კონგრესმენის ტიმ ბურჩეტის თქმით, ვაშინგტონის მიერ ოდესმე თუ გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება. ამის შესახებ New York Post წერს.

„უბრალოდ ამას ვიტყვი - თუ ისინი გაასაჯაროებდნენ იმას, რაც მე ვნახე, თქვენ ღამე ვერ დაიძინებდით, ამაზე ფიქრში იქნებოდით“, - თქვა ბურჩეტმა Newsmax-ის წამყვანთან, რობ ფინერტთან საუბარში.

ბურჩეტმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საიდუმლო ფედერალური მასალების დეკლასიფიკაციის სამუშაო ჯგუფის წევრია - გაიხსენა, რომ ორი კვირის წინ მიიღო ინფორმაცია „ერთ საკითხზე“, რომელიც არამიწიერ სიცოცხლეს ეხებოდა და რომლის გასაჯაროებაც „დედამიწას თავდაყირა დააყენებდა“ და ქვეყანას „შოკში ჩააგდებდა“.

„ხალხი პასუხებს მოითხოვდა“, - განაცხადა ბურჩეტმა, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა.

გადაცემაში წამყვანმა ყოფილი კონგრესმენის, მეტ გეცის ვიდეო აჩვენა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ იცოდა ადამიანი-უცხოპლანეტელების ჰიბრიდული პროგრამების შესახებ.

ბურჩეტმა ამ განცხადებაზე პირდაპირი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

„მე ისევ კონგრესის წევრი ვარ, ამიტომ ვერ შევძლებ მეტის თქმას იმაზე, რაც მეტმა თქვა“, - აღნიშნა ბურჩეტმა.

„მოიცა, მართლა?“ - ოდნავ დაეჭვებით უპასუხა ფინერტიმ.

„100%-ით სერიოზულად ვამბობ“, - უპასუხა ბურჩეტმა

კონგრესმენმა ტიმ ბურჩეტმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს „ინფორმაციის სრულ გამჟღავნებას“ მიუხედავად იმისა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სიმართლეს საზოგადოებაზე.

„ხალხს აქვს უფლება იცოდეს, ეს თქვენი გადახდილი გადასახადებია. მოდი, ყველაფერი გამოვიტანოთ სააშკარაოზე“, - თქვა მან.

ბურჩეტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ სენსიტიურ საკითხებზე პასუხისმგებელი ადამიანები თავად პრობლემის გულში არიან.

„როდესაც ვარ დახურულ შეხვედრაზე და ვსვამ კითხვას პრეზიდენტის პოზიციებზე ამ თემებთან დაკავშირებით და რომელიღაც ამპარტავანი მეუბნება, რომ პრეზიდენტიც კი მხოლოდ იმაზეა ინფორმირებული, რაც საჭიროა იცოდეს - ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რაც რეალურად ხდება“, - აღნიშნა ბურჩეტმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის