გარანტიას ვაძლევ ამ ისტერიის ავტორებს, რომ საჯარო მოხელეებიც იქნებიან იქ [შეკრებაზე] და სხვა მოქალაქეებიც, ორჯერ და სამჯერ მეტი. ჩვენი და პირადად ჩემი დავალებაა ჩვენი პარტიული დანაყოფების მიმართ, რომ თუ ვინემს წამოსვლა უნდა აქციაზე, უზრუნველყონ მათი ორგანიზებულად წამოსვლა თბილისში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 29 აპრილის შეკრებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას.
უგულავამ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული შეკრების შესახებ განაცხადა - „ვნახოთ როგორ მიატოვებენ უსინდისო მასწავლებლები ბაღებსა და სკოლებში მოსწავლეებს“.
„29 აპრილის შეკრებამ სრული ისტერია გამოიწვია ფსევდო ლიბერალებში, „ნაცმოძრაობაში“, რადიკალურ ოპოზიციაში. ხდება მათი [„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების] პირდაპირი შეურაცხყოფა და გაშავება. ახლა დასდევენ საჯარო მოხელე იქნება, თუ არა. ხალხო, საჯარო მოხელე ერთ პოსტს რომ დადებს, ხელისუფლების საწინააღმდეგოს, ერთი, ორი ვინმე რომ გამოჩნდება სოციალურ ქსელებში, ან აქციაზე, მთელი კამპანია აქვთ ხოლმე აგებული, საჯარო მოხელე პროტესტს უცხადებსო. ვერ წარმოუდგენიათ, რომ საჯარო მოხელეს შეუძლია პროტესტიც გამოუცხადოს ხელისუფლებას და მხარიც დაუჭიროს. ესენი ადამიანები არ არიან?! გარანტიას ვაძლევ ამ ისტერიის ავტორებს, რომ საჯარო მოხელეებიც იქნებიან იქ [შეკრებაზე] და სხვა მოქალაქეებიც, ორჯერ და სამჯერ მეტი. დიახ, პარტიული დავალებაა, რომ პარტიის წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები იქნებიან, თუ არ იქნებიან, ორგანიზება მოხდეს.
ჩვენი და პირადად ჩემი დავალებაა ჩვენი პარტიული დანაყოფების მიმართ, რომ თუ ვინმეს წამოსვლა უნდა აქციაზე, უზრუნველყონ მათი ორგანიზებულად წამოსვლა თბილისში. მიზანი არის, რომ დავანახოთ ვინ უჭერს სწორ, ეროვნულ პოლიტიკას - გამჭვირვალობას, რეალურ დემოკრატიას, რეალურ ევროპელობას მხარს და რას უკრძალავენ ან საჯარო მოხელეებს, ან მასწავლებლებს?! თუ ვინმეს უნდა იმ დღეს მაგალითად რაიონიდან წამოსვლა, დაწერს შვებულებას და წამოვა. თუ არ უნდა, ტელეკამერების მეშვეობით მივმართავ - ერთი ადამიანის დარწმუნებაც არ სცადონ ჩვენმა პარტიულმა აქტივმა, რომ წამოიყვანონ ვისაც ამის სურვილი არ აქვს. ახლა იმ ხალხის გაშავებას ყველამ თავი დაანებეთ და კეთილი ინებეთ, პატივი ეცით საჯარო მოხელესაც, იმ ადამიანსაც, ვინც საჯარო მოხელე არ არის. ყველა კატეგორიის ადამიანი იქნება - ახალგაზრდაც, ხანში შესულიც, შუახნისაც და ეს იქნება სრული ფიასკო იმ ნარატივისა, თითქოს ხალხს რაღაც უნდა და უპირისპირდებიან აქციითო. ეროვნულ ინტერესებს ვერც რუსულს დაარქმევს ვინმე, ვერც ჰომოფობიას და ის ხალხი, საჯარო მოხელეებიც, პედაგოგებიც, ახალგაზრდებიც, სტუდენტებიც, პენსიონერიც, მხარს დაუჭერს ეროვნულ პოლიტიკას - მამულს, ენას და სარწმუნოებას. ეს იქნება ქართველი ხალხის მკაფიო გზავნილი“, - აღნიშნა მდინარაძემ.
„ქართული ოცნება“ მხარდამჭერების თხოვნით 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ჩაატარებს. „ერთად ვუთხრათ არა - შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!“ - ვკითხულობთ მმართველი გუნდის ერთობლივ განცხადებაში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საკითხის ირგვლივ ოპოზიციის მიერ გამოხატული აჟიოტაჟი მორიგი დასტურია იმისა, რომ მათთვის ქართულ ეროვნულ ღირებულებებზე მდგარი საზოგადოება შიშისმომგვრელია.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/