USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
მამუკა მდინარაძე - მმართველი პარტია მზადაა, მოლაპარაკება შედგეს ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასთანაც კი
Date:  523

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტია მზადაა მოლაპარაკება გააგრძელოს „ოპოზიციის ყველაზე დესტრუქციულ ნაწილთანაც“. მისი თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან არსებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს ან უკვე გადადგმული ნაბიჯები, ან კომპრომისული წინადადებები და გადაწყვეტის გზები.

როგორც მდინარაძემ პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუ ოპოზიუციის მხრიდან გადაიდგმება კონსტრუქციული ნაბიჯები, მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულდება.

„პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომაზე მეორე განსახილველი საკითხი იყო ყველაზე აქტუალური საკითხი დღეს ჩვენს ქვეყანაში - მოლაპარაკებები. ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გამართულ მოსმენებზე სამ ყველაზე აქტუალურ საკითხს ძალიან კონკრეტული და მკაფიო პასუხი გაეცა. პირველი, ეს იყო ცრუ ნარატივი „ნაცმოძრაობის“, რომელიც შეეხებოდა „პოლიტპატიმარ“ ნიკა მელიას და პასუხი ამაზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან იყო, რომ მან დაარღვია კანონი. მეორე ცრუ ნარატივი, ეს იყო გაყალბებული არჩევნები და სენატშიც გაისმა ციტირება ეუთო/ოდირის ანგარიშის, სადაც საქართველოში 2020 წელს ჩატარებული არჩევნები მოხსენიებული იყო, როგორც თავისუფალ, კონკურენტულ და სამართლიან არჩევნებად. მესამე საკითხი იყო წლების გამავლობაში „ნაცმოძრაობისა“ და მათი მედიასაშუალებების მიერ თითქმის ყოველდღიურ და პერმამენტულ რეჟიმში ნალაგები ცრუ ნარატივი პროდასავლურობასთან დაკავშირებით, თითქოს ვიღაცას ეჭვი უნდა შეეპაროს ამ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ პროდასავლურობაში და მკაფიო განცხადება იყო ამასთან დაკავშირებითაც გაკეთებული, რომ 2012 წლიდან მოყოლებული არ ყოფილა არც ერთი დღე, როცა „ქართულმა ოცნებამ“ და ქართულმა სახელმწიფომ გადაუხვია ამ კურსს და ასეთი არც იქნება, პირობას ვაძლევ ყველას, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ფიქრადაც არ გაუვლია არავის, განწყობებიდან და რაც ყველაზე მთავარია, ქართული საზოგადოების მკაფიო არჩევანიდან გამომდინარე, ეს აისახა საქართველოს კონსტიტუციაშიც.

ამ ფონზე მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი მზაობაა მოლაპარაკება შედგეს ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასთანაც კი, ბუნებრივია, როგორც აქამდე იყო ისევ ისე რჩება დღის წესრიგში. ყველა საკითხზე, რაც განსახილველად დევს მოლაპარაკების მაგიდასთან, არსებობს ან უკვე გადადგმული ნაბიჯები, ან გვაქვს კომპრომისული წინადადებები და ასევე, გვაქვს საკითხის გადაწყვეტის გზები, რომელზეც იყო საუბარი, მათ შორის, მოლაპარაკებათა მაგიდასთან და მის დროს. შესაბამისად, თუ ოპოზიციის მხრიდან გადმოდგმული იქნება რაიმე სახის კონსტრუქციული ნაბიჯი, ჩვენ უკვე შევძლებთ მოლაპარაკების შედეგიანად დამთავრებას და ეს არ არის მხოლოდ პარტიების ინტერესი და პარტიების ინტერესზე არ უნდა ვსაუბრობდეთ ჩვენ. უნდა ვსაუბრობდეთ ქვეყნის ინტერესზე და ქვეყნის ინტერესია, ამ რთული გამოწვევების ფონზე ჩვენ მივაღწიოთ შეთანხმებას, რათა ერთად გავაგრძელოთ მუშაობა და არა ასე დესტრუქციულ რეჟიმში, როგორც პანდემიისგან მიყენებული ზიანის, ეკონომიკური ზიანის აღმოფხვრაზე, ასევე სხვა საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way