USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
მამუკა მდინარაძე - “კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა
Date:  832

მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული კონსტიტუციური სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს “კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვის საფუძველი წელსვე, თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

უფრო კონკრეტულად, მდინარაძემ განმარტა, რომ დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადა ერთი თვით გააგრძელონ, შესაბამისად, დადგება რეალობა, როდესაც “კოლექტიურ ნაცმოძრაობას", კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

მდინარაძის თქმით, არავის მისცემენ იმის თქმის საშუალებას, რომ “ქართულმა ოცნებამ” “კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვა თვითმმართველობის არჩევნებამდე დააჩქარა.

“როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პერიოდში გამოიკვეთა უამრავი ისეთი არგუმენტი, რომელთა მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომისიის მანდატი გაფართოებულიყო და დღეის მდგომარეობით ის მოიცავს არა მხოლოდ 2003-2012 წლების, არამედ მთლიან პერიოდს, დღევანდელ დღემდე. შესაბამისად, შესასწავლი ობიექტებისა და საკითხების ნუსხაც გაცილებით ვრცელია, ასევე, კომისიის სახელზე ყოველდღიურად შემოდის საქართველოს პარლამენტში ასობით განცხადება, სადაც მოთხრობილია “ნაცმოძრაობისა” და მისი სატელიტი პარტიების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი შემზარავი ისტორიები. დამეთანხმებით, ყველა მათგანის საგამოძიებო კომისიაზე გამოტანა და დეტალურად შესწავლა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა, კომისია ცდილობს, მაქსიმალურ დატვირთვით იმუშაოს და მოასწროს რაც შეიძლება მეტი.

წინა კვირას საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ქალბატონმა თეა წულუკიანმა დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ საჭიროა კომისიის საქმიანობის სამთვიანი ვადა გახანგრძლივდეს - მინიმუმ ერთი თვით. საპარლამენტო უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა ამ თემაზე და გადავწყვიტეთ, რომ სამომავლოდ კომისიის ამ მოთხოვნას დავეთანხმოთ და მისი საქმიანობის ვადა ერთი თვით გავაგრძელოთ. ამ შემთხვევაში დღის წესრიგში შემოდის სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მოგეხსენებათ, რომ კომისიის მუშაობის მხოლოდ სამთვიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის შესაბამისი წესის დაცვით მოსწრება, თუმცა თუ ჩვენ ვადას ერთი თვით გავახანგრძლივებთ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროცესის ამ ვადაში დასრულება ფიზიკურად შეუძლებელია, შესაბამისად, მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც “კოლექტიურ ნაცმოძრაობას, კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

მიუხედავად ამისა, ჩვენ კომისიის ვადის გაგრძელებაზე უარს არ ვიტყვით, რადგან ჩვენი გუნდისათვის არც ერთი და არც მეორე შემთხვევა პრობლემას არ წარმოადგენს. როგორც იტყვიან ხოლმე, ზოგი ჭირი მარგებელიაო. შეიძლება, ასეც იყოს ამ შემთხვევაში. მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს არჩევნებში საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული კონსტიტუციური სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს “კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვის საფუძველი წელსვე თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში.

ამას გარდა, არავის მივცემთ უფლებას, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ამ საკითხის სპეკულირებისა და ამის საშუალებას არავის მივცემთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” “კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვა იჩქარა სწორედ თვითმმართველობის არჩევნებამდე და რადგან კომისიის მუშაობის ვადის გაგრძელება გახდა აუცილებელი, მოქმედებათა ფორსირებას ნამდვილად არ შევეცდებით”, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე ელის, რომ ოპოზიციურ პარტიებს „პატრონები და დამფინანსებლები დაავალებენ“ და „მოუწევთ მონაწილეობა მათთვის ბოლო არჩევნებში”.

ასევე, მისი თქმით, ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ დაანახებს „ქართული ოცნება“ ყველას, რამდენად უშედეგოა საქართველოში გარე ძალების მიერ ხელისუფლების აგენტურით ჩანაცვლების ნებისმიერი მცდელობა.

„საზოგადოება კარგად ხედავს და იხსენებს რამდენად ამაზრზენი დანაშაულის ავტორებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ჯერ კიდევ იწოდებიან პოლიტიკოსებად. დღევანდელი დღეც იყო იმისი უტყუარი დადასტურება, რამდენად ბინძურად იქცევა სხვა ქვეყნებიდან თუ უცხო ძალების მიერ მართული ე.წ. პოლიტიკოსი, როდესაც მას დამოუკიდებლად მოქმედების ელემენტარული უფლებაც კი არ აქვს და ვნახეთ თავისივე ტყუილებში ახლართული, "ნაცმოძრაობისთვის" გადამდგარი გუნდისა და ქვეყნის მოღალატე. ასე რომ, დარწმუნებული ვართ საგამოძიებო კომისია კიდევ ბევრ ისეთ ამბავს გამოააშკარავებს, რომელიც მეტად და უფრო ცხადად გაშიფრავს აგენტურული პარტიებისა და პოლიტიკოსების მოქმედებებს და ჩვენ ყველანი ერთად კომისიის მუშაობის შედეგებს დაპირებულ ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ. რაც შეეხება, კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ თავიანთი პატრონები და დამფინანსებლები დაავალებენ ამ ჩვენი განცხადების შემდეგ და მოუწევთ მონაწილეობა მათთვის ბოლო არჩევნებში, სადაც კიდევ ერთხელ დავანახებთ ყველას, რამდენად უშედეგოა დამოუკიდებელ და თავმოყვარე საქართველოში გარე ძალების მიერ ხელისუფლების აგენტურით ჩანაცვლების ნებისმიერი მცდელობა“, - განაცხადა მდინარაძემ.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way