“ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე პარლამენტში შესვლის საკითხს არ განიხილავს და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯს მისი პარტია არ გადადგამს. ის ცალსახად გამორიცხავს პარლამენტში შესვლას, თუ ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. ხაზარაძის თქმით, დღეს არის შანსი, შეიქმნას სხვა სახელმწიფო. მისივე განმარტებით, ეს შანსი არა მარტო ოპოზიციის ამომრჩეველს, არამედ მთელ საქართველოს აქვს.
“მე რომ პრაგმატულად შემეხედა პარლამენტში შესვლის საკითხისთვის, ვიფიქრებდი იმაზე, რომ ჩვენ წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, ჩაშალეს ანაკლიის პროექტი და პარლამენტში შესვლით ამ პრობლემებს მოვაგვარებდით. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ სწორად, სამართლებრივად, სახელმწიფოებრივად და არ გადავდგამთ ამ ნაბიჯს,” - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე განმარტებით, პარტია "ლელო" პარლამენტში არ შევა და არ გახდება „ოცნების“ მიერ გაფუჭებული საქმეების თანამონაწილე. მამუკა ხაზარაძის თქმით, სანახევრო და შუალედური შეთანხმებები არ გამოვა, თუ სამართლიან ფუნდამენტზე უარი ითქვა.
“მე რომ პრაგმატულად შემეხედა პარლამენტში შესვლისთვის, დავივიწყებდი იმ იდეოლოგიას, შეხედულებებს და სიმართლეს, რისთვისაც მე მოვედი პოლიტიკაში, მაგრამ არა და არა, ეს არ მოხდება! ყოველთვის შემაწუხებს ფიქრი, რომ ამ შემთხვევაში ვიყავი გარიგების ნაწილი და ამას ვერ ავუხსნი ვერც ჩემს თავს და ვერც საზოგადოებას,”-აცხადებს ხაზარაძე.
“ლელოს” დამფუძნებლის თქმით, პრაგმატული იქნებოდა იმის აღიარება “ოცნების” მხრიდან, რომ მათ მოპარეს არჩევნები მოსახლეობას. ისინი რჩებიან მარტო, მარტო მთელი რიგი პრობლემების წინაშე, რომელსაც ვერ უმკლავდებიან და ვერც სამომავლოდ შეძლებენ გამკლავებას. “ამ ფონზე ცდილობს "ოცნება", თავისი გაფუჭებული საქმის თანამონაწილე გახადოს ოპოზიცია პარლამენტში შესვლით... თან ხმები მოგვპარონ, არჩევნები გაგვიყალბონ და ამ ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ - ეს არ გამოვა. მმართველმა გუნდმა შეიქმნა პრობლემები და ამაზე თავადვე უნდა აგონ პასუხი“,-განაცხადა მან.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ამ წლების განმავლობაში არცერთ მთავრობას არ უფიქრია, ან ერთ მხარეს ყოფილიყო, ან მეორე მხარეს. „ისინი შუა გზაზე იდგნენ და სახელმწიფოსთვის სასიკეთო გამოსავალს არ ეძებნდნენ. ამიტომაცაა ეს ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში. გამოსავალი კი არის მყარი ფუნდამენტის მშენებლობა. არჩევნები არის პირველი ნაბიჯი - ფუნდამენტი, რომელზეც უნდა დაშენდეს ეკონომიკა, ჯანდაცვა და ბოლოს და ბოლოს ჩვენი შვილების მომავალი. როგორ უნდა უთხრა შენს შვილებს, რომ ამ ქვეყანაში არაფერი სასიკეთო ძვრა არ მოხდება. მე არ მინდა, ჩვენი შვილები, მომავალი თაობა შევაგუოთ, რომ მათი ხმა ყოველთვის დაკარგული იქნება, და ამისთვის ჩვენ - მშობლების თაობამ არაფერი გავაკეთეთ,”- განმარტა მამუკა ხაზარაძემ.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/