USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Tbilisi
მამუკა გიორგაძე: პოლიტიკური მიზნით რელიგიური, ეკლესიური ფაქტორის გამოყენება დამღუპველია
Date:  475

წინასაარჩევნო პერიპეტიებში მყოფ ქვეყანას, სახელისუფლებო გუნდისგან ორი მნიშვნელოვანი გზავნილი  დაეწია. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების და ოსებისთვის ბოდიშის მოხდის იდეებს ქართულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა, უფრო მეტად ნეგატიური განწყობები მოჰყვა.

რატომ გახდა საჭირო ამ თემების წინა პლანზე  წამოწევა და რა საფრთხის შემცველია ისინი  ჩვენი  ქვეყნისთვის  -  ამ შეკითხვებით  ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელს  მამუკა გიორგაძეს გავესაუბრეთ, რომელიც ქართული პოლიტიკის კულისებსაც  კარგად იცნობს და ასევე კარგად  იცის ქართული ეკლესიის ისტორია, რომელიც 1977 წლიდან მის თვალწინ ვითარდებოდა. 

- ბატონო მამუკა,  ცოტა ხნის წინ  ხელისუფლების მიერ  გაჟღერებულ   იდეას  ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების  შესაძლებლობის შესახებ,  საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.  მყისიერად გაკეთდა განცხადება საპატრიარქოს მხიდან, ამ საკითხზე მათი  ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ.  თქვენ კარგად იცნობთ ქართული ეკლესიის ისტორიას,   რა საფრთხეების შემცველია ეს იდეა ქართული სახელმწიფოებრიობისა  და ჩვენი ეკლესიისთვის  და რატომ აღმოჩნდა მისი გაჟღერება  აქტუალური ხელისუფლებისთვის?  

 - მრავალი წელია ცნობილია საზოგადოების და ეკლესიის  პოზიცია ქრისტიანობის  სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ. ეკლესიის პოზიცია არის მკაფიო, ცალსახა. ის ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს, 90 -იანი წლების დასაწყისში,  იმიტომ რომ  იმ პერიოდშიც, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროსაც იყო  ამ მიმართულებით წასვლის მცდელობები.  უფრო მეტად ამ იდეას იზიარებდნენ  ეკლესიასთან ასოცირების მსურველი ადამიანები. მორწმუნე მრევლის ძირითადმა  ნაწილმა კარგად იცოდა და იცის, რა საფრთხეებია ამ იდეის ქვეშ და რამდენად შესაძლოა  გახდეს ეს საფრთხეები ერთის მხრივ  ეკლესიის დამორჩილების  და  მეორე მხრივ - ეკლესიის გახლეჩის საგანი.  ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ისიც, რომ  ქრისტიანობის  სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება 21-ე საუკუნეში, სამართლებრივ გაურკვევლობებთან არის დაკავშირებული. მსოფლიოში არსებობს ორი ასეთი მიმართულება.   ერთია,  მოდელი, როდესაც ეკლესიის ხელმძღვანელი არის მეფე,  როგორც არის ბრიტანეთში. იქ ანგლიკანური ეკლესია ავტომატურად  არის  გამოცხადებული სახელმწიფო რელიგიად, რადგან  კონსტიტუციის მიხედვით, მეფე არის ეკლესიის ხელმძღვანელი,  ისე როგორც ნიდერლანდებში  და სხვა მონარქისტულ ქვეყნებში.  ყველგან წინა პლანზეა წამოწეული დომინანტი რელიგია, სახელმწიფოს მეთაური არის ამ ეკლესიის წარმომადგენელი იმ ქვეყნებში,  სადაც ეს  გაწერილია  კონსტიტუციაში. მეორე ვარიანტია  ბერძნული მოდელი, როდესაც სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულია მართლმადიდებლური სამყაროს  ერთ-ერთი ეკლესია,  რომელიც არის დომინანტი.  ამან განაპირობა ის, რომ მრევლის გარკვეული ნაწილი გაემიჯნა ამ ეკლესიას და საბერძნეთში არის  შვიდი, შესაძლოა მეტი ეკლესიაც. მსგავსმა პრობლემებმა და ეკლესიის საქმეებში ხელოვნურმა ჩარევამ განაპირობა ის, რაც ხდება უკრაინის მრევლში, როდესაც ხელოვნურად დაიწყო ეკლესიების ჩამოყალიბება და დღეს უკრაინაში თითქმის 4 მართლმადიდებლური  ეკლესიაა. 

პოლიტიკური მიზნით რელიგიური და ეკლესიური ფაქტორის გამოყენება არ შეიძლება. ეკლესიის შიდა საქმეებში  ჩარევა აკრძალულია კონსტიტუციით. დეტალებს არ ჩავუღრმავდები, მაგრამ ამ პროცესს შესაძლოა ბევრი უარყოფითი შედეგი  მოჰყვეს. მისი უწმინდესობის პოზიცია ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ეს პოზიცია მან თავიდანვე განაცხადა  და მას მიჰყვება საქართველოს ეკლესია და მრევლის ძირითადი ნაწილი.

- ბრძანეთ, რომ ამგვარი იდეის რეალიზების საფრთხეები არსებობდა  80-90-იან წლებშიც, კონკრეტულად რას გულისხმობთ? 

- ეს იყო პერიოდი, როდესაც ეკლესიაში მოვიდა დიდი რაოდენობით მრევლი და ეკლესიები გაივსო ხალხით.  რელიგიური ეიფორიის  გამო, გარკვეულწილად მივიღეთ   ის შედეგი, რომ ამ ადამიანების  დიდი  ნაწილი  თვლიდა, რომ  ქრისტიანობა უნდა გამოცხადებულიყო  სახელმწიფო რელიგიად.  ეს იყო გაუცნობიერებელი გავლენა, რადგან  გარკვეულწილად იყო  ეკლესიური განათლების დეფიციტიც, მაგრამ მაშინ ძირითადად  გულწრფელი და გულუბრყვილო მიდგომები იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით. როგორც კი მრევლს აუხსნეს, რა საფრთხეებს შეიცავდა ეს  იდეა  და რომ  არ არსებობდა  მისი აუცილებლობა, ეს თემა შეჩერდა. როდესაც  საქართველომ გააფორმა  კონკორდატი თავის ეკლესიასთან,  მივიღეთ  ქართული მოდელი, რომელიც თავის დროზე საქართველოში დაამკვიდრა ვახტანგ გორგასალმა, დავით აღმაშენებელმა, თამარმა. ეს არის სახელმწიფოს და ეკლესიის თანამშრომლობის ერთიანი მოდელი, სინერგია, ორი დამოუკიდებელი სუბიექტის თანამშრომლობა ერთმანეთთან,  რომელიც გრიგოლ ხანძთელის და მოგვიანებით  გიორგი მთაწმინდელის  ფორმულა: „ერთნებობით  და თანადგომით  ქვეყნის მართვა“  გახდა. საქართველოს ეკლესიაში ჩამოყალიბდა ეს იდეა, ქართული სახელმწიფოებრიობის  მოდელი,  რომელსაც გიორგი მთაწმინდელმა მისცა  სამართლებრივი, პოლიტიკური შეფასება  ფორმულით - ერთნებობით  და თანადგომით. ეს  არა   არც ბიზანტიურ-რუსული მოდელი, რომელიც  ეკლესიის დაქვემდებარებას ითვალისწინებს და არც  ეკლესიის მხრიდან სახელმწიფო ცხოვრებაში ზედმეტად განდგომის მოდელი,  ისე როგორც  არის სხვადასხვა ქვეყნებში. თუ  თავიდან ამ მოდელზე  შეხება  ჩვენთან  იყო ადამიანების გულუბრყვილო სურვილი, შემდგომ პერიოდში დაიწყო  ამ თემების წინ წამოწევა  გაუცნობიერებელი  მრევლის საარჩევნო ხმებისთვის.

"1977 წლიდან ვარ ეკლესიაში ვარ და ყველაფერმა ჩემ თვალწინ გაიარა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, დამოუკიდებელ საქართველოში ვერ ვნახე ხელისუფლება, რომელსაც ჰქონდა სურვილი, ჯანსაღი პარტნიორობისა  ეკლესიის მიმართ. ყველა ხელისუფლება ცდილობდა  ეკლესიის დაქვემდებარებას, ახალი მოდელის შემუშავებას თავისი პიარისთვის."

-რატომ  ვერ იცავს ეკლესიას  2002 წელს გაფორმებული კონკორდატი, რომელიც  სამართლებრივად  უნდა არეგულირებდეს  ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობას?  

-  1977 წლიდან ვარ ეკლესიაში ვარ და ყველაფერმა ჩემ თვალწინ გაიარა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, დამოუკიდებელ საქართველოში ვერ ვნახე ხელისუფლება, რომელსაც ჰქონდა სურვილი, ჯანსაღი პარტნიორობისა  ეკლესიის მიმართ. ყველა ხელისუფლება ცდილობდა  ეკლესიის დაქვემდებარებას, ახალი მოდელის შემუშავებას თავისი პიარისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლებების უმეტესი ნაწილი, ან ათეისტი იყო, ან დოგმატური გადახვევები ჰქონდა ქრისტიანული ეკლესიის სწავლებისაგან. დოგმებთან დაკავშირებით   პრობლემა იყო გამსახურდიას შემთხვევაში, რაც  მაშინ სერიოზული დისკუსიის საგანი გახდა.  შევარდნაძე მაინც  ათეისტი იყო, მაგრამ გრძნობდა რა, რომ  პატრიარქთან ურთიერთობა მას დადებით იმიჯს უქმნიდა,  ინარჩუნებდა ამ ურთიერთობებს.  სააკაშვილი პირდაპირ ებრძოდა ეკლესიას. ახლაც არის  მსგავსი მცდელობა, დაიმორჩილონ   ეკლესია და მისი მეშვეობით მართონ მრევლი, ეს სწორედ ის მოდელია, რაც გადაიღო რუსეთმა ბიზანტიისგან და რის გამოც არის ამ  მდგომარეობაში დღეს რუსეთის ეკლესია. რუსეთის პატრიარქი მხარს უჭერს მისი მრევლის  ერთი ნაწილის მიერ  მრევლის  მეორე ნაწილის,  უკრაინის განადგურებას.  რა დონემდეა დაყვანილი რუსეთის ეკლესია, რომ პატრიარქი, რომლისთვისაც მოსკოველი თუ კიეველი მრევლი ერთნაირი უნდა იყოს, ერთს უჭერს მხარს და მეორე, ასევე  მისი მრევლის განადგურებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას.   სწორედ ამ მოდელის წყალობით რუსეთის ეკლესიამ საუკუნეების განმავლობაში დაკარგა თავისი სახე. ამას გულისტკივილით ვამბობ, თუმცა  რუსულ ეკლესიას ჰყავს წმინდა მამები. მათი  ერთი ნაწილი  ამხელდა რუსეთის ეკლესიის ქმედებებს და მანკიერებებს, მათ შორის იყო წმინდა სერაფიმ საროველი,  რომელიც აფრთხილებდა ხელისუფლებას, დაანებეთ თავი  ქრისტიანულ ხალხთან იარაღით  შესვლას და მათ დამორჩილებასო.

საქართველოში ამ მოდელის გადმოტანა ძალიან საფრთხილო და საშიშია. სიწმინდეების საარჩევნო მიზნით გამოყენება არ არის ჯანსაღი  და მიუთითებს, რომ ამისი გამკეთებელი სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებთან  კავშირში არ არის.

563735_463747333687753_2070214315_n

2002 წლამდე ეკლესია თავის მდგომარეობას  ფაქტობრივად მისი უწმინდესობის  დამსახურებით  და მრევლის თანადგომით   ინარჩუნებდა. ეს მდგომარეობა აისახა დოკუმენტში, კონსტიტუციურ შეთანხმებაში და განმტკიცდა 2002 წელს,  კონკორდატით.  ერთია, რომ  სამართლებრივად გაფორმდა ეს  და მეორე, მნიშვნელოვანი - პრაქტიკულად  როგორ ხორციელდება ის.   ხელისუფლება, რომელიც უნდა იყოს ეკლესიის პარტნიორი უარს ამბობს ამაზე და ცდილობს, დაიმორჩილოს ეკლესია. ხელისუფლებების მხრიდან ჩანს, რომ ისინი ცდილობენ გვერდი აუარონ სამართლებრივ დოკუმენტს და  საკითხი გადაიტანონ არა ინსტიტუტებს შორის კავშირზე, არამედ სახელმწიფოს მხრიდან ურთიერთობებზე   ეკლესიის კერძო პირებთან, ესენი იქნებიან  სასულიერო პირები თუ მრევლი -  ურთიერთობა   ეკლესიასთან, არა  როგორც ინსტიტუციასთან, არამედ კონკრეტულ პიროვნებებთან, ამა თუ იმ ეპისკოპოსთან, მღვდელთან, მრევლთან.  ვიღაცეები ცდილობენ პიროვნული კონტაქტებით და  პატივისცემით, ერთის მხრივ დაიკმაყოფილონ თავიანთი სულიერი მდგომარეობა,  განცდა, რომ  ვაკეთებ კარგ საქმეს,  მეორეს მხრივ მოახდინონ ზემოქმედება ეკლესიის წარმომადგენელებზე, რომ ისინი იყვნენ ლოიარულები ამა თუ იმ ხელისუფლების მიმართ.

- რაც დღეს  განსაკუთრებით ჩანს. ეკლესიის მაღალი იერარქები  ისეთი დოზით ერევიან პოლიტიკაში, ლამის  პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.  

 - ეკლესიასთან პარტნიორობა არ   გადის ეკლესიის წევრებთან პიროვნულ ურთიერთობებზე. ყველა ხელისუფლებას ჰყავდა და ჰყავს  თავისი პრიორიტეტული და პრივილეგირებული  სასულიერო პირები, რომლებიც შემდგომ ცდილობენ ზემოქმედება მოახდინონ ეკლესიის გადაწყვეტილებებზე,   მაგრამ მისი უწმინდესობის მტკიცე ხასიათი, სახელმწიფოებრივი აზროვნების მაღალი უნარი და პიროვნული ავტორიტეტი  ჯერჯერობით იცავს არა მარტო ეკლესიას, არამედ სრულიად საქართველოს.

თავის დროზე, როდესაც  საქართველოში საარჩევნო  პროცესები დაიწყო, ზოგიერთმა აქტიურმა სასულიერო პირმა  გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ეკლესიიდან პოლიტიკაში გადაინაცვლეს. პოლიტიკური პარტიის  წევრები არ გახდნენ, მაგრამ მღვდლები გადანაწილდნენ სხვადასხვა ბანაკში. იყვნენ პოლიტიკური პარტიების  სიებში. მისმა უწმინდესობამ, ყველაფერი გააკეთა,  რომ  პროცესი მეტად არ განვითარებულიყო  და შეეჩერებინა. საქართველოს ეკლესია იყო არაპოლიტიკური,  სახელმწიფოებრივ ორიენტაციაზე მიმართული   ინსტიტუცია, შესაბამისად, სასულიერო პირები ღიად არ ღებულობდნენ მონაწილეობას პროცესებში. სახელმწიფოს და ეკლესიას შორის  კავშირის  თემა ბევრ საინტერესო დეტალს მოიცავს.   მისი უწმინდესობის აღსაყდრებიდან დაწყებული, ეკლესია მუდმივად იყო სამოქალაქო ცხოვრების ლიდერი,   მისი სულიერი წინამძღოლი, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესში. ის ამზადებდა ჯანსაღ, პატრიოტულად  განწყობილ, ქართული სახელმწიფოებრივად მოაზროვნე  ადამიანებს, იმისთვის, რომ ისინი  შემდგომ დამოუკიდებლად ყოფილიყვნენ ჩართული პოლიტიკაში და სამოქალაქო პროცესებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.  მისი უწმინდესობის ქადაგებები,  ეპოსტოლეები, ქმედებები ყოველთვის იყო  სამოქალაქო საზოგადოებრივი ეროვნული ცნობიერების განვითარებისკენ მიმართული.  ფუნქციონირებდა ზუსტად ის მოდელი, რომელიც არის ქართული - ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, მაგრამ  - ერთმანეთთან შეკავშირებული.  ერთია, რომ   მე,  როგორც მრევლი, ვემორჩილები  ეკლესიას რელიგიურ საკითხებში, მაგრამ როგორც მოქალაქე, ვარ რა სახელმწიფოს შვილი, ჩემი შეხედულებებით განვსაზღვრავ ჩემს მოქმედებებს, მაგრამ  ბოლო წლებში ამანაც  ფორმა იცვალა. ეკლესიაში,  რა თქმა უნდა  არის შეხედულებათა განსხვავებები,  ხელისუფლების მცდელობა,  ხმამაღლა გაეჟღერებინა ეს იდეა, მიუთითებს იმაზე, რომ ვიღაცას მოეჩვენა ხელისუფლებაში, ან იფიქრა, რომ ახლა  დადგა ამ იდეის კიდევ ერთხელ  გაჟღერების დრო. მსგავსი   შემთხვევები ადრეც იყო. წლების წინ მისმა უწმინდესობამ დააყენა საკითხი, მოდი ვიფიქროთ მონარქიაზეო.  რა მოჰყვა ამას?!  ერთმა პოლიტიკური  პარტიის ლიდერმა, თუ მე  გავხდები პრეზიდენტი, რეფერენდუმს ჩავატარებო, მეორემ  ეს  სასწრაფოდ გასაკეთებელია და ახლავე მივიღოთ კანონიო. არ ვიცი დაემთხვა ამ  თემას, თუ რა მოხდა, ზოგიერთებმა გამოიყენეს   ბატონიშვილების ქორწილის თემა.  ყველაფერი გადაიტანეს ჭრილში, თუ  ვინ იქნებოდა მეფე, ვინ დედოფალი და  როგორ მოეხდინათ ამ იდეის მონოპოლიზება. ზოგიერთი უფრო შორს წავიდა: ბატონყმობა ბრუნდება,  ახლა თავადაზნაურობა გვარჩენინე და ხარკი გვახდევნეო. არა და პატრიარქმა მხოლოდ ის  თქვა, ამ თემაზე ვიფიქროთ და  ვიმსჯელოთო. საბოლოო  ჯამში მოკლეს ეს იდეა, ისე, როგორც სხვა მსგავსი იდეები, რომლებიც ასეთი არაჯანსაღი, არასწორი ინტერპრეტაციით იყო  მიწოდებული ქართველი ხალხისთვის.  

 - ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მსურველები აპელირებენ ეკლესიის სტატუსის გაძლიერების არგუმენტზე.

 - აქვს ეკლესიას ეს სტატუსი,მთავარია ურთიერთობის პრაქტიკა გავაძლიეროთ. აღვასრულოთ კონკორდატი და  გამოვიყენოთ ეკლესიის ავტორიტეტი და ფართო ჩართულობა ისეთ საკითხებში, როგორიცაა განათლების, დანაშაულის პრევენციის,  ნარკომანიის, ეკოლოგიის და ა.შ. ამ პრობლემებს სახელმწიფო ეკლესიასთან ერთად  ხომ უფრო წარმატებულად გადაჭრის.  სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში ეკლესიის  ფართო ჩართულობას უნდა შევუწყოთ ხელი. დღეს ეს  ყველაფერი ინდივიდების, ორგანიზაციების  ხელმძღვანელების დონეზეა დასული და არა საკანონმდებლო დონეზე.  როდესაც ვსაუბრობთ ჯანსაღ სამოქალაქო საზოგადოებაზე,  ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე და  როგორც ვიცი, გასულ წელს საბავშვო ბაღებში  აიკრძალა ხატების კუთხე, ეს  ხომ დიდი შეუსაბამობაა.  ერთის მხრიც ქრისტიანობას სახელმწიფო რელიგიად ვაცხადებთ და მეორე მხრივ, დაწესებულებაში საკუთარი რისკის ფასად ინდივიდების გადასაწყვეტია დატოვონ ოფისში ხატები თუ წმინდანთა სურათები, თუ - არა.

 - დღეს  საზოგადოება პოლიტიკური პროცესების  გავლენით უკიდურესად პოლარიზებულია, ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც ამ პირობებში  პოლარიზაციის შემცირება შეუძლია, არის ეკლესია, რომელიც ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს, პირიქით, ხშირად ახალისებს კიდეც   მრევლს  პოლიტიკური პერიპეტიებისკენ.  

- სწორედ ეს არის საზოგადოებაში არსებული დაპირისპირებების ასახვა, რაც თავისთავად აზიანებს ეკლესიის ავტორიტეტს. იმის მიუხედავად, რომ  მისი უწმინდესობის მთელი მოღვაწეობა მიმართულია იქითკენ, ეკლესიამ ითამაშოს შემაკავშირებელის როლი, დღეს არსებული ტენდენციები უნდა  შეჩერდეს და ეკლესიამ მიიღოს ის სახე, რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა. ნუ შეეცდებიან პოლიტიკური პროცესების გადმოტანას ეკლესიის შიგნით. ეკლესია, როგორც სასწავლო დაწესებულებები, უნდა იყოს  აზროვნების,  ფიქრის, დისკუსიის  ადგილი და არა  -  პოლიტიკური ასპარეზი. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ  ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ  მრევლი არ არის ეკლესიის გაგრძელება, მრევლი არის ეკლესიის შემადგენელი, მაგრამ დამოუკიდებელი სამოქალაქო  სუბიექტი. ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნება და განმტკიცება დღეს ყველას მიზანი უნდა იყოს.    

"საუბარის გადატანა იმ სივრცეში, რომ ჩვენ თურმე რამე გვაქვს  გასაყოფი  აფხაზთან ან ოსთან, არის დამცირება მთელი იმ პროცესის, რასაც დეოკუპაცია  ჰქვია.  ბოდიშის მოხდა და ენის მოჩლექით საუბარი არის აღიარება იმ პროცესის, რომელიც საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს ერთიანობას."

- კიდევ ერთი ხმაურიანი თემა, რაც წინაასარჩევნოდ ქართულ საზოგადოებას მმართველი გუნდისგან წამოეწია არის ბოდიში, რომელიც, მათი თქმით ეკუთვნით ჩვენგან ოსებს. თქვენ როგორ აფასებთ ამ  განცხადებას, რომელიც ასევე სახიფათოდ შეიძლება გვექცეს?  

- ეს არ არის ახალი განცხადება. ეს გზა ფაქტობრივად ყველა ხელისუფლებამ გაიარა. ამგვარ  განცხადებას თავის დროზე აკეთებდნენ ედუარდ  შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი. უნდა გავაცნობიეროთ, რომ  ძმობა და მეგობრობა არ გამოდის სანამ ჩვენ შორის დგას რუსი.  ჩვენ ბევრჯერ გავიარეთ დათმობების გზა, კიდევ რა უნდა დავთმოთ?ვიღაცეებს  რატომღაც  მიაჩნიათ, რომ შესაძლებელია ქართველი ერის, ქართველი მებრძოლების დამცირების ფასად რაიმეს მიღწევა. არა!  ეს შეუძლებელია. ჩვენ არ გვაქვს  საქმე  ოსთან და აფხაზთან,  ჩვენ საქმე გვაქვს ოკუპანტთან, ოკუპანტი არის რუსი, რომელსაც  დამონებული ჰყავს აფხაზიც და ოსიც.   ჩვენი ამოცანაა მათ შევთავაზოთ დეოკუპაცია, განთავისუფლება იმ წნეხისგან, რომელშიც ისინი იმყოფებიან. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველოს გარდა მათი მფარველი, მშველელი, პარტნიორი, მეგობარი  არ არსებობს.  საუბარის გადატანა იმ სივრცეში, რომ ჩვენ თურმე რამე გვაქვს  გასაყოფი  აფხაზთან ან ოსთან, არის დამცირება მთელი იმ პროცესის, რასაც დეოკუპაცია  ჰქვია. ბოდიშის მოხდა და ენის მოჩლექით საუბარი არის აღიარება იმ პროცესის, რომელიც საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს ერთიანობას.  ჩვენ ეს პროცესი ბევრჯერ გავიარეთ. სხვათაშორის, ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრი პავლე გრაჩოვი  ჩამოვიდა საქართველოში და ღიად განაცხადა, რომ  თუ გვინდა მშვიდობა, აფხაზეთთან და ოსეთთან უნდა გვქონდეს კონფედერაცია ან ფედერაცია რუსეთის გარანტიების ქვეშ. ამაზე საუბარი  იყო ჯერ კიდევ მაშინ, სანამ  იგივე აფხაზეთში დაიწყებოდა საბრძოლო  მოქმედებები. გუმისთასთან ბრძოლები მიდიოდა, როცა სოჩაში  გრაჩოვი  ქართველებს ამ თემაზე ელაპარაკებოდა. ეს იყო პრიმაკოვის ცნობილი გეგმა. რაც ვერ გააკეთეს რუსებმა თავისი სახელით, ეუთოს წარმომადგენელს  დიტერ ბოდენს ათქმევინეს და ამას დაარქვეს „ბოდენის გეგმა“, ვითომ ეუთო გვთავაზობდა იგივე მოდელს. ამდენი ხნის განმავლობაში ბრძოლა იმაზეა, შეინარჩუნებს თუ არა საქართველო შესაძლებლობას  აღიდგინოს  ტერიტორიული მთლიანობა.      

- დღევანდელი ხელისუფლება კიდევ უფრო ღრმად წავიდა ამ თემაში, დაიწყო საუბარი ტერიტორიული მოწყობის მოდელზე, რის გამოყენებასც  ცდილობს საარჩევნო კამპანიაში. 

- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ თანამედროვეობაში არ არის  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა, მომავალ თაობებს მაინც დავუტოვოთ ის. როცა მოხდა 1924 წლის აჯანყება, აჯანყებულთა თითქმის 95% მა იცოდა, რომ შეიძლებოდა მარცხით დასრულებულიყო ყველაფერი, მაგრამ როგორც შალვა ამირეჯიბი წერს, ეს იმიტომ გავაკეთეთ,  რომ ჩვენს შვილებს ჰქონოდათ არგუმენტი, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუა ოკუპაციასო. ის ხალხი იმიტომ დაიღუპა, რომ შვილებისთვის მიეცათ შესაძლებლობა, რაც შემდეგ  ჩემმა თაობამ გამოიყენა და დღეს  ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა გვაქვს.  ჩვენ  რას გვთავაზობენ? გვთავაზობენ, რომ მოდი არ გვინდა ომი და ჩვენი სახლის ერთი ოთახი, რომელიც დაპყრობილი აქვთ, მათ  გადავუფორმოთო. რაც საკუთარი ნებით არ დაგვითმია, იმის დაბრუნება შესაძლებელია. ჩვენ არ ვვარგვივართ? ჩვენი შვილები ივარგებენ. იქედან გამომდინარე, რომ თავის დროზე  ჯერ  ჟორდანიას მთავრობის, შემდეგ ბოლშევიკების ხელით  დავთმეთ  ისტორიული ქართული ტერიტორიები, დღეს აღარ გვაქვს უფლება ხმა ამოვიღოთ იმის გამო, რომ  არ არსებობს  ამისი საშუალება სამართლებრივად. დღეს სწორედ ამ გზას გვთავაზობენ -  ფედერაცია ნიშნავს ავტომატურად სუბიექტის აღიარებას, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მორიგი კონფლიქტის დროს,  იქნება უარესი. ამისი ნათელი მაგალითია ის, რაც ხდება ისრაელთან მიმართებაში. მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას,  თითქოს მშვიდობის დამყარებისთვის, მაგრამ დღეს მაინც ხოცავს ებრაელებს პალესტინელი ტერორისტი.    როდესაც მეზობლად  გყავს პირსისხლიანი  ალიგატორი, მხედველობაში მაქვს რუსეთი,  არ გვარდება  ასე  მარტივად ეს საკითხები.  სჯობს,  ჩვენ გავუძლოთ შემოტევებს, ვიდრე მერე ჩვენი შვილები გავწიროთ გარდუვალი მარცხისთვის.   როდესაც ვსაუბრობთ ასეთ თემებზე, ამას სერიოზული დაფიქრება სჭირდება. ეს  თემები არ უნდა იყოს  გამოყენებული ხელისუფლებისთვის ბრძოლაში, საუბარი უნდა გვქონდეს ისტორიულ მასშტაბიან სახელმწიფო ინტერესებზე, ამიტომაც  ამგვარი საკითხების მოგვარება სხვა გზით  უნდა ვცადოთ, სხვა მიმართულებით უნდა წავიდეთ.   

უბედურება ის არის, რომ სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლებები მთავარ აქცენტს აკეთებენ  ძალაუფლების  შენარჩუნებაზე  და სიღრმისეულად ვერ აანალიზებენ წარსულ შეცდომებს, და არა მარტო ხელისუფლებები, მთლიანად პოლიტიკური კლასი. პოლიტიკოსები მხოლოდ მიმდინარე საკითხებით არიან დაკავებულები. სამწუხაროდ, ყოველდღიურ პრობლემებში ჩაძირული საზოგადოება  ვერ უძლებს ემოციურ ფონს და  პოლიტიკურ ბანაკებად  ნაწილდება ზიზღის მიხედვით. ვისაც აქვს ზიზღი  ნაციონალური მოძრაობის მიმართ, რაც არ უნდა ცუდი გააკეთოს ოცნებამ, მაინც მის მხარეზეა და პირიქით.   ადამიანების ის ჯგუფი, ვისაც შეუძლია გამოხატოს ჯანსაღი აზრი, სამწუხაროდ თავის თავში ვერ პოულობს ძალას, წარდგეს ერთიან ორგანიზაციად, აერთიან ძალად, რომ დაანახონ საზოგადოებას, არსებობს ჯანსაღი აზრიც. ემოციაში ჩაძირულები  არიან დეზორგანიზებულები,  „შუას გაკრეფის“ პოლიტიკამ გაამართლა. ორივე მხარე დაინტერესებულია, შუაში არ იყოს არავინ და ერთმანეთს ედავებიან იმაზე, რაც თვითონ აქვთ გაკეთებული, შესაბამისად, მეორე მხარეს  ეძლევა მორალური უფლება იმისათვის, რომ პასუხი არ აგოს არაფერზე.  ეს არის პრობლემა,  რომლის მოგვარებას სიღრმისეული ანალიზი სჭირდება. რთული დასაჯერებელია, ვინმე შეგნებულად აკეთებდეს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს. არც მინდა დავიჯერო, რომ ქართველი ამაზე გააზრებულად მიდის, მაგრამ სამწუხარო რეალობაა და  ფაქტებიც მეტყველებს, რომ ასეთი  გაუაზრებელი მოქმედებების შედეგები არის ძალიან მძიმე. ამისი მაგალითებია აფხაზეთის და 2008 წლის აგვისტოს  ომი. 2008 წელს ბიჭებმა ომი მოიგეს, მაგრამ წააგეს პოლიტიკოსებმა. აფხაზეთში ბიჭებმა ომი მოიგეს, მაგრამ  წააგეს სამხედრო ხელმძღვანელობამ  და პოლიტიკოსებმა. რატომ დაეცა 2 ოქტომბერს გაგრა, ამ საკითხზე  კომისიის შექმნისთვის დაგვჭირდა რამდენიმე თვე. სანამ კომისიამ მუშაობა დაიწყო სოხუმიც დაეცა. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი უბედურება, ყველამ ყველაფერი ვიცით.  არა სიღრმისეულად, ზედაპირულად  განვიხილავთ ყველაფერს. ჩვენმა  მოწინააღმდეგემ, რუსეთმა იცის, რომ ფრონტალური შეტევა საქართველოზე, შედეგს არ მოუტანს. ქართველი  ვინც არ უნდა იყოს, მაინც დადგება თავისი ქვეყნის დასაცავად, მაგრამ მცირე მუხტებით აფეთქებები და ყოველდღე თითო აგურის გამოცლა სახელმწიფოებრივი გოდოლიდან,  რაც ქართველს უმნიშვნელოდ ეჩვენება და ამაზე  თავს არ იწუხებს, რუსისთვის მიზნის მიღწევის გზაა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოკუპანტი 30 წლის განმავლობაში, ნელ-ნელა ჩვენივე ხელით გვანგრევინებს ჩვენი წინაპრების მიერ რუდუნებით შექმნილ ქვეყანას, თუმცა  საქართველოს ისეთი მყარი გენეტიკა და ძლიერი ფესვი აქვს, ისეთი სერიოზული ფუნდამენტია ჩადებული ჩვენს სახელმწიფოში, ასე მარტივად ჩვენ ვერავინ დაგვამონებს. მთავარია ჩვენ  ვიყოთ ფრთხილად და გამოვფხიზლდეთ. წარსულის შეცდომებმა უნდა დაგვანახოს რომ ზოგიერთი გზა არ არის მისაღები და ჩვენს  ქვეყანას შედეგს არ მოუტანს.     

თამუნა ნიჟარაძე      

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way