USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
მამუკა გიორგაძე, ბესიკ ბოგველი - დავით გარეჯის კომპლექსის კუთვნილებას, სადაოდ ჩვენ თვითონ ვხდით
თარიღი:  3171

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, საქართველო-აზარბაიჯანის შორის სადაო საკითხის გადაწყვეტას ჯერ-ჯერობით პერსპექტივა არ უჩანს. ამ საკითხის გადასაჭრელად, სპეციალურად შექმნილი სახელმწიფო კომისიის მუშაობის შედეგებიც უცნობია საზოგადოებისთვის.

ამასობაში კი პერიოდულად მძაფრდება სიტუაცია დავით გარეჯის ირგვლივ და სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს თავისი მკაფიო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გთავაზობთ სახალხო პარტიის პოზიციას  და ავღნიშნავთ, რომ წერილში გამოთქმული მოსაზრებები ნამდვილად უნდ იმსახურებდეს საზოგადოების და სახელმწიფოს ყურადღებას.

"გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დაცვა ქართული სახელმწიფო ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და ემოციური საკითხია. თავის დროზე ეროვნული მოძრაობის ძალისხმევით მიღწეულ იქნა საბჭოთა სამხედრო პოლიგონის გაუქმება, რითაც გარეჯის განადგურება თავიდან იქნა აცილებული, ხოლო საქართველოს ეკლესიის ღვაწლით სამონასტრო ცხოვრების აღმავლობამ იქაურობა წალკოტად აქცა.

ქართულმა საზოგადოებამ ჩათვალა, რომ გარეჯისთვის საფრთხე მოხსნილია.

თუმცა, ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებების ანტისახელმწიფოებრივი „უმოქმედობისა“ და დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის გამო საკამათო გახდა გარეჯის ისტორიული წარმომავლობა და მისი ნაწილის ტერიტორიული კუთვნილება.

ქართული საზოგადოებისთვის შეშფოთების საფუძველს ამძაფრებს მის ზურგს უკან მხარეებს შორის მიმდინარე დისკუსიის არასაჯაროობა. ასევე, არ ჩანს ქვეყნებს შორის პრობლემების განხილვის კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობის ფორმატში გადაყვანის მცდელობა, რაც ნოყიერ ნიადაგს ქმნის სერიოზული პროვოკაციებისთვის.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის პრინციპების, მთლიანად კომპლექსის თუ მისი რომელიმე შემადგენელი ნაწილის ისტორიულ-კულტურული კუთვნილების, მისი მიმდებარე ტერიტორიების განვითარების და სხვა საკითხების სახელმწიფოებრივად გააზრებული და მკაფიოდ გაცხადებული პოზიციის არქონის პირობებში შეუძლებელი ხდება პრობლემებზე ჯეროვანი რეაგირება.

აზერბაიჯანულმა მხარემ კი დიდი რესურსი მიმართა საკუთარი პოლიტიკური პოზიციის რელიგიურ-კულტურულ და სამეცნიერო კუთხით გასამყარებლად: აზერბაიჯანის ნაციონალურმა აკადემიამ და ისტორიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ ფართო კამპანია დაიწყო იმის სამტკიცებლად, რომ გარეჯის მონასტერი განეკუთვნება ალბანურ კულტურულ ძეგლს და განთავსებულია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

2003 წელს ოფიციალურმა ბაქომ აზერბაიჯანის შუაგულში მდებარე პატარა ქრისტიანულ სოფელ ნიჟში, სადაც ძველი ალბანელების შთამომავლები ცხოვრობენ, ალბანეთის ეკლესია დააფუძნა (შეადარეთ ჩვენი ხელისუფლებების დამოკიდებულებას საქართველოს ეკლესიის მიმართ!).

2007 წელს პრეზიდენტ ალიევის ბრძანებით, დავით გარეჯის (აზერბაიჯანულად ქეშიშდაგი/ქეშიკჩიდაგი) სახელმწიფო ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალად გამოცხადა. პარალელურად, აზერბაიჯანულმა ხელისუფლებამ დაიწყო გარეჯის მიმართულებით თავისი საზოგადოების გააქტიურება, მონასტრების გარშემო ტერიტორიების ათვისება, სასაზღვრო ძალების გაზრდა და ა.შ.

საქართველოში საპირისპირო მოცემულობაა - იქმნება განცდა იმისა, რომ ხელისუფლებას არ ანაღვლებს გარეჯის ბედი, ხოლო მისგან მიტოვებული ეკლესია და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად ცდილობს დაიცვას ქვეყნის ინტერესები. მათი აქტიურობა შედეგს ვერ აღწევს, ბუნებრივია, ვერც მიაღწევს, იმიტომ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების გარეშე საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია.

მარტო ხმამაღალი ყვირილი - “დავით გარეჯი ჩვენია” ან პერიოდულად მისი მიმართულებით მსვლელობა საქმეს არ ყოფნის, კონკრეტული ქმედებებია საჭირო.

გარეჯის დაცვის სურვილი საქმით უნდა დავამტკიცოთ!

რადგანაც საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს თავის მოვალეობას, საზოგადოების ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული საქართველოს ხელისუფლების იძულებისკენ დაიცვას სახელმწიფოებრივი ინტერესები. პოლიტიკური მდგენელის გარდა (რომელზეც აქ არ ვსაუბრობთ) ამ ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მთავარი მოედანი ისტორიაა.

ამ მიმართულებით კი პრობლემათა საფუძველი ჯავახიშვილის ჯანაშიას, ბერძენიშვილის, ინგოროყვას და სხვა მეცნიერთა ისტორიულ ნაშრომებში ასახული დადასტურებული ფაქტების საკამათოდ გამოცხადებაა.

პრობლემა კრემლის მიერ შეთითხნულ ისტორიაშია❗

იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღემდე მოქმედებაშია მოსკოვიდან მოსული დირექტივა, რომლის საფუძველზე საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს 1953 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმით აიკრძალა ჯავახიშვილის მე-5 ტომი და სხვა ნაშრომები.

არასასურველი ისტორიკოსები სამუშაოდან გათავისუფლდნენ. დაწესდა კონტროლი ისტორიკოსებზე, მათ აიძულებდნენ საქართველოს ისტორია განეხილათ ლენინურ-ინტერნაციონალური ხედვით.

საქ. კპ ცკ-ის 1954 წლის 16 ივნისის N21 საიდუმლო პროტოკოლით დაიწყო ახალი ზეწოლა. დადგენილებაში პირდაპირ წერია: „ყურადღება მიექცეს საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციას, ქართველი ხალხის წარმოშობის ხანვადობის და გარემოების სადავო საკითხებს, საქართველოს სახელმწიფოს გენეზისს (ჩასახვა და შემდგომ განვითარება)“.

პირდაპირი მოთხოვნა იყო ყველაფერი შეეთანხმებინათ საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიასთან.

საქმეში ჩართეს პარტიული ნომენკლატური ისტორიკოსები. მათ დაავალეს საქართველოს ისტორიის გადაწერა და პირადი გამორჩენის სანაცვლოდ „დაამტკიცებინეს“, რომ „ჰერები ქართველთა მეზობლად მოსახლე ერთ-ერთი ალბანური ტომია, რომელმაც თანდათან, იბერიის პოლიტიკურ-კულტურული გავლენის შედეგად განიცადა ქართიზაცია“, დაიწერა, რაც მანამდე არ დაწერილა, რომ სავარაუდოდ, გარეჯი აზერბაიჯანული მიწაა, აზერბაიჯანელი ხალხი არის ძველი ალბანური მოსახელობის შთამომავალი, წმ. ასურელი მამები მონოფიზიტები იყვნენ და რომ თბილისი ალბანური ქალაქია და ა.შ.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ დამოუკიდებელ საქართველოშიც გრძელდება კრემლის მიერ გადაკეთებული საქართველოს ისტორიის მოხმარება.

ამჯერად ამ „წარმატებულ ისტორიკოსთა“ გვარებისა და გამოცემების დასახელებისგან თავს ვიკავებთ, მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ სამწუხაროდ, მსგავსი ნაშრომები დღესაც დიდი ტირაჟით იბეჭდება და რაც შემაშფოთებელია - დიდი პიარით.

სწორედ ასეთ „შეკვეთილ“ ისტორიას იყენებენ საფუძვლად და ასე გადაკეთებულ ისტორიაზე გვესაუბრებიან აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები და ჩვენგანვე მიწოდებულ „საჩუქარს“ წარმატებით იყენებენ მათი ისტორიკოსები, რომელთაც ამბიციები თანდათან ეზრდება.

სწორედ ასეთ გადაკეთებულ ისტორიაზე აპელირებს რუსეთი საქართველოს სხვა რეგიონებშიც❗

ვისი ბრალია?! რა თქმა უნდა ჩვენი!

ვერ „მოვიცალეთ“ ისტორიისთვის მაშინ, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ მაქსიმალურად იყენებენ ფალსიფიცირებულ ისტორიას როგორც გარეჯის კომპლექსზე დავისას, ასევე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გასამართლებლად.

ამდენად, სანამ გარეჯში კიდევ წამოვეგებით პროვოკაციებს იქნებ ახლა მაინც ვიფიქროთ, რომ ციხე შიგნიდანაა გატეხილი და ისტორიაში დავას, სამწუხაროდ ვაგებთ. ორი სხვადასხვა ისტორიის პირობებში გარეჯის (ვერც სხვა) პრობლემები ვერ გადაწყდება. ჯერ ისტორიაში გვაქვს პოზიციები დასაბრუნებელი.

ჩვენ მოუწოდებთ ხელისუფლებას, მეცნიერებათა აკადემიას, ისტორიკოსებს, პოლიტიკურ ძალებს, ყველას ვისაც გული შეგტკივათ გარეჯზე აქტიურად ჩაერთოთ ამ საკითხების მოგვარებააში.

ისტორია ერის მეხსიერებაა. ამნეზირებული და მეხსიერებადაკარგულ ხალხი კი ვერ შექმნის ვერაფერს ღირსეულს.

„სახალხო პარტია“ მიიჩნევს, რომ ჯავახიშვილის, ჯანაშიას, ბერძენიშვილის, ინგოროყვას ისტორია უნდა დაბრუნდეს. საქართველოს ისტორია უნდა განთავისუფლდეს კრემლის ჩარევის შედეგად დაწერილი დებულებებისგან და განხორციელდეს ობიექტური ისტორიის მსოფლიო მასშტაბით ტირაჟირება❗

„სახალხო პარტია“ მოუწოდებს ხელისუფლებას შეიქმნას საქართველოს რეალური ისტორიის დამდგენი სახელმწიფო კომისია საქართველოს ეკლესიისა და შესაბამისი დარგების მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების შემადგენლობით. განსაკუთრებით საშურია პროვოცირების მაღალი რისკის ქვეშ არსებული საკითხებში ჩამოყალიბება.

„სახალხო პარტია“ მიმართავს პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას - ერთობლივი ძალისხმევით ვაიძულოთ ხელისუფლება სახელმწიფოებრივად სასიცოცხლო აუცილებელი ნაბიჯების გადადგმისკენ.

ამუკა გიორგაძე

ბესიკ ბოგველი

4.06.2020. "

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.