USD 2.6047
EUR 2.9576
RUB 3.1039
Тбилиси
მამუკა გიორგაძე - შაჰ-აბასმა გაითვალისწინა ქართველი ბერების თხოვნა და ზიარებამდე არ დახოცა ისინი
дата:  3548

წინასააღდგომო დღეებში თანდათან გამძაფრდა პოლემიკა საზოგადოებაში - უნდა ჩატარდეს თუ არა სააღდგომო ლიტურგია, უნდა დაესწროს თუ არა მას მრევლი, სახიფათოა თუ არა ერთი კოვზით ზიარება და ა.შ. არ მთავრდება თავდასხმა და პირდაპირი შეურაცყოფა იმ ადამიანებზე ვინც აპირებს, მიუხედავდ ყველაფრისა წავიდეს და დაესწროს სააღდგომო ლიტურგიას ეკლესიაში. ბევრი მორწმუნე დადგა არჩევანის წინაშე, რა არის ქრისტიანის მოვალეობა კორონავირუსის პანდემიის ფონზე - იზრუნოს სხვა ადამიანზე, ანუ ბიბლიურად რომ ვთქვათ, იზრუნოს მოყვასზე, თუ მხოლოდ საკუთარი სულის გადარჩენისთვის გარისკოს ეკლესიაში წასვლა და ზიარება?! უნდა დაირღვეს თუ არა კომენდანტის საათი აღდგომის ღამეს? 

მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ უამრავ პუბლიკაციებს თუ ინტერვიუებს შორის, უდავოდ საინტერესოა „სახალხო პარტიის“ ლიდერს მამუკა გიორგაძეს  მოსაზრებაც ამ საკითხზე, რომელიც მან სააგენტო For.ge-თან საუბრისას გამოთქვა. უცვლელად გთავაზობთ ამ საუბრის ჩანაწერს.

"შესაძლოა, მორწმუნე ადამიანს უნდოდეს კიდეც თვითშეწირვა, მაგრამ სხვას არ უნდა გადასდოს ვირუსი და, უნებურად, ქრისტიანი ადამიანი არ უნდა გადაიქცეს მოყვასის მტრად. ზოგიერთი სასულიერო პირი თვლის, რომ დღევანდელი ვითარება 9 აპრილის ღამეს უტოლდება და საფრთხე ახლოსაა. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა შევხვდეთ აღდგომის ღამეს?

- ჩვენ ამოვდივართ საქართველოს კონსტიტუციიდან და მასზე დაყრდნობით ვიღებთ გადაწყვეტილებას. კონსტიტუციაში ცალსახად გვაქვს რწმენის თავისუფლება. შესაბამისად, ყველა ვითარებაში მორწმუნე შეზღუდული არ არის, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მთავრობის, პრეზიდენტის, პარლამენტის მიერ მიღებულ დეკრეტში არაფერია ნათქვამი ამ მუხლის შეჩერებაზე. სხვა მუხლები შეჩერებულია, მათ შორის, შეჩერებულია გადაადგილების თავისუფლება, პირადი ქონების თავისუფლება და სხვა, მაგრამ აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეჩერებული. ეს იმას ნიშნავს, რომ მორწმუნე საზოგადოებას დღეს კანონით აქვს უფლება, ილოცოს ეკლესიაში და ეს რეგულაცია მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის შიდა განსასაზღვრელია. ამიტომ აჟიოტაჟი, ფსიქოზი, სიძულვილის ენა ამაზრზენია. მაშინ მივმართოთ მთავრობას, კეთილი ინებოს, შეაჩეროს მთლიანად კონსტიტუციის მუშაობა და, აქედან გამომდინარე, მერე ექნებათ კანონის ძალით რაღაცის მოთხოვნის უფლება. დღეს ამის უფლება არ აქვთ. ჯერ ერთი, სამი კაცის შეკრებაზე რომ ლაპარაკობენ, საინტერესოა, ეს სამი კაცი რომელ ტერიტორიაზე, რომელ ლოკაციაზე შეიძლება შეიკრიბოს? ჩემს ოჯახში 12 ადამიანი ვცხოვრობთ, ამით ვარღვევ კანონს? მაშინ, მოვიდნენ, დამაჯარიმონ, ან რატომ უნდა დამაჯარიმონ? ეს ხომ გაუგებარია.

თქვენი აზრით, საგანგებო მდგომარეობა არ ნიშნავს, ეკლესიებშიც შეიზღუდოს რიტუალების ჩატარება?

- არ ნიშნავს ამას. აქ ჩანს ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მზაკვრობა. კანონმდებლობა ისეთია, რომ ქოთანს საითაც გინდა, იქით მიაბამ ყურს. ანტიეკლესიური ძალები, რომლებიც აქამდე გაჩუმებულები იყვნენ, გამოვიდნენ და ლანძღავენ პატრიარქს და ეკლესიას. თუ ასეთი საფრთხე იცის ხელისუფლებამ და პაატა იმნაძემ, კეთილი ინებონ და ხელისუფლებას მოსთხოვონ, აღმსარებლობის თავისუფლების მუხლი შეაჩეროს და საერთოდ გააჩერონ ქვეყანა. გააჩერონ ის დაწესებულებებიც, სადაც ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ვხედავთ.

არის მოსაზრება, რომ ხელისუფლება ვერ უბედავს მხცოვან პატრიარქს ეკლესიებში შეზღუდვების დაწესებას, რადგან აქ არჩევნების ინტერესია.

- რას ვერ უბედავენ? ლანძღვა-გინებას ხომ უბედავენ მავანნი ჩვენს ეკლესიას? ხელისუფლებამ დატოვა ეს საგინებელი ფანჯარა ღია. ვის დაუტოვა ეს საგინებელი ფანჯარა? დღეს რომ ლაპარაკობს პაატა იმნაძე კუბოებზე, როგორ, აქამდე ტესტირება გაკეთებული იყო და პრობლემა არ იყო? აღდგომაზე გახდა პრობლემა? მადლობა ექიმებს მათი პროფესიონალური მოვალეობის შესრულებისთვის, მაგრამ ჩვენ ხომ არ დაგვიწყია კითხვები ჯანმრთელობის სამინისტროსთან მიმართებით, ჩვენ ხომ არ გვიკითხავს, რა მოხდა ნიღბებთან დაკავშირებით, რატომ არ ჩამოვიდა ტესტები? მორწმუნე მრევლი ამას გაგებით მოეკიდა, ვიცით, რომ უჭირს სახელმწიფოს, ობიექტური პრობლემებია.

რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით კითხვები თუნდაც იმიტომ ჩნდება, რომ მსოფლიოში უამრავი სასულიერო პირი კორონავირუსით დაავადდა.

- დავანებოთ მსოფლიოს თავი, ჩვენს თავზე ვილაპარაკოთ. ჩვენმა ეკლესიამ შეასრულა ტექნიკური ხასიათის ყველა მოთხოვნა-დისტანცირება, დეზინფექცია, პირბადეების გაკეთება, სიტკბოების ერთჯერადი ჭიქებით მიღება. ანუ რისი შეცვლაც შეიძლებოდა, შეცვალა, მაგრამ არის ეკლესიისთვის შეუცვლელი ზიარების წესი და მღვდელმსახურება. რატომ აქვთ ათეისტებს სიძულვილის ენა, რომ გამოდიან და აყენებენ შეურაცხყოფას ბარძიმს, კოვზს, სიწმინდეებს? ეს ჯანსაღი ლიბერალური პროცესია? ეკლესიის ფუნქცია წირვა-ლოცვა და უფლის მადლის მოპოვებაა. ეკლესიამ ეს დაადასტურა საქართველოს ისტორიის განმავლობაში, სწორედ ამ მადლის მოპოვებით ეკლესია სახელმწიფო ინტერესებს იცავდა. ეკლესიური მადლი განაპირობებდა იმას, რასაც ჩვენი სახელმწიფოსთვის წარმატება მოჰქონდა. არ ხდება ასე, ბატონებო, რომ შევწყვიტოთ ღვთის დიდება ორი საათით.

რას იტყვით იმ მოსაზრების შესახებ, რომ სანთლებით ხელში აივნებიდან მიულოცოს ხალხმა აღდგომის დღესასწაული ერთმანეთს იმისთვის, რომ დაინფიცირებას ავცდეთ?

- საყვარელო ადამიანებო, 6 ათასი ბერი ერთ დღეს აღდგომა ღამეს რომ არ გაქცეულა, ერთი-ორის გამოკლებით და მერე ის გაქცეულებიც დაბრუნდნენ, ეს არაფერს ნიშნავს? ირანის ჯარი რომ დაადგათ თავზე, წირვა არ შეწყვეტილა დავით გარეჯის მონასტერში. დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა დავით გარეჯია, დავით გარეჯს დღესაც ბერები იცავენ და რას ვეუბნებით დღევანდელ ბერებს, სამღვდელოებას, არ ჩაატარონ წირვა? სხვათა შორის, შაჰ-აბასმა გაითვალისწინა ქართველი ბერების თხოვნა და ზიარებამდე არ დახოცა, ზიარების შემდეგ კი დახოცა და რა გახდა ასეთი ეს პანდემია, ზიარება არ აცალონ ხალხს?!

სასულიერო პირებს არავინ უკრძალავს სააღდგომო რიტუალის ჩატარებას, ბერებმაც შეიძლება ერთმანეთს გადასდონ ვირუსი და, თუ ცუდი რამ მოხდება, ეს ბერებისთვის ქრისტესთან შეხვედრა იქნება, მაგრამ, თუ არის პასუხი იმ კითხვაზე, რატომ უნდა გადასდონ მორწმუნეებმა ეს ვირუსი სხვა ადამიანებს, მათ შორის, მოხუცებს, იმუნიტეტდაქვეითებულებს?

- ეს უკვე სხვა თემაა. ჩვენ აპრიორი უნდა შევთანხმდეთ იმაში და ყველამ გააცნობიეროს, რომ ეკლესია წირვა-ლოცვას ვერ შეწყვეტს და ეკლესია იმიტომ ლოცულობს, რომ უფალმა საქართველო დაიფაროს კორონავირუსისგანაც და სხვა პრობლემისგანაც. ანუ სასულიერო პირები ამას აკეთებენ და თვითშეწირვაზე მიდიან. ჩვენ რომ ვუყურებთ ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებას, უფლის მადლი აქ უფრო მეტია, ვიდრე სხვადასხვა ხელისუფლების შრომის შედეგი. ახლა ვისაუბროთ, როგორ შეიძლება აღვნიშნოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ისე, რომ მინიმუმამდე დავიცვათ სიფრთხილე. აქ საჭიროა ხელისუფლების აქტიურობა, აქ არის საჭირო შეთანხმებაზე წასვლა და არა ის, რომ ფსიქოზს შეუწყონ ხელი. ამ ექიმებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ასევე, არასამთავრობოებმა ფსიქოზს არ უნდა შეუწყონ ხელი. ცალკე საკითხავია კიდევ, ფსიქოზი უფრო დიდი დაავადებაა თუ ვირუსი. ამ ფსიქოზის შედეგები ცოტა ხანში დაგვიდგება.

როგორ ფიქრობთ, აღდგომის ღამეს ხელისუფლებამ ღამის 12-დან 3 საათამდე უნდა მისცეს მრევლს ეკლესიაში მისვლის უფლება?

- ეს ელემენტარული ტექნიკური საკითხია. სამებაში სააღდგომო წირვა ცოტა დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ სხვა ეკლესიებში ყველგან 2-3 საათზე დასრულდება წირვა. აქედან გამომდინარე, ღამის 3 საათიდან 6 საათამდე ეკლესიის ეზოებში შეკრებილმა მრევლმა რა უნდა გააკეთოს? ჯინაზე დავუდგეთ ჩვენს მრევლს? პატივმოყვარეობამ გვძლიოს და, როგორც ეგვიპტის ფარაონები ეწინააღმდეგებოდნენ ეგვიპტეში ებრაელებს მსხვერპლთშეწირვის უფლებას, ისე მოვიქცეთ? ეს სწორედ მისტიური თემაა და როგორ დაამთავრეს ფარაონებმა, ჩვენ ხომ ვიცით? როგორ დაამთავრეს ეკლესიასთან მებრძოლმა ხალხმა, ესეც ხომ ვიცით? ამიტომ ზიარების შემდგომ მრევლს მიეცეს საშუალება, ცალ-ცაკლე წავიდნენ სახლებში, თორემ, თუ მრევლი ეკლესიაში ისევ დარჩა, მაშინ დამატებითი 3 საათის განმავლობაში ეს მრევლი ერთმანეთს მიულოცავს აღდგომას, ვიღაც ერთ ჭიქა ღვინოს დალევს, ვიღაც პასქას გაჭრის და ეს უფრო პრობლემური იქნება. ამით დაკმაყოფილდება ხელისუფლების პატივმოყვარეობა, რომელიც 3 საათი კიდევ გაამწარებს ადამიანებს, მაგრამ ეს ხომ შედეგს არ მოიტანს? თვითონ ეკლესია მაქსიმუმს აკეთებს, რომ რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანები არ მივიდნენ ტაძრებში, ხალხმრავლობა არ იყოს. ხომ შეიძლება, ამ პერიოდის განმავლობაში დავურიგოთ თითოეულ ეკლესიას, როგორც თვითონ ტაძრის, ასევე, ეზოს შესაბამისი საშვები, რამდენი ადამიანი შეიძლება დისტანციაზე იყოს და სასულიერო პირებმა თვითონ დაარეგულირონ ეს საკითხი. მე თუ ჩემი მოძღვარი მეტყვის, მამუკა, შენზე უფრო მეტად მრევლის სხვა წევრს სჭირდება დღეს აღდგომაზე ყოფნა, მე მაქვს 20 საშვი და შენ შეიკავე თავი, ან სხვა ტაძარში წადიო, მე დავემორჩილები ჩემი მოძღვრის გადაწყვეტილებას. არის ეკლესიები, სადაც ერთი მღვდელი მსახურობს, მაგრამ არის ეკლესიები, სადაც რამდენიმე მღვდელი მსახურობს, ხომ შეიძლება, მრევლის ნაწილი ღამის წირვაზე მივიდეს, ნაწილი დღის წირვაზე, ანუ ხალხის კონცენტრაცია შევამციროთ ერთ ტერიტორიაზე. გამოსავალი შეიძლება მოვიფიქროთ იმისთვის, რომ საფრთხე მინიმუმამდე დავიყვანოთ. ამის მაგივრად ფსიქოზი და აჟიოტაჟია ატეხილი, რისი გამოყენებაც უნდათ იმისთვის, რომ ეკლესია თურმე უპასუხისმგებლოა და პოლიტიკოსები და პარტიები არიან თურმე პასუხისმგებლიანები.

მორწმუნე ადამიანებს აქვთ განცდა, რომ ზიარება განმაკურნებელია, მაგრამ რა ვუყოთ იმ მრევლს, რომელიც ეზიარება, თვითონ გადარჩება, მაგრამ მივა სახლში და მიიტანს ვირუსს?

- როდესაც ადამიანი იღებს ზიარებას საკურნებლად და საცხოვნებლად, მას ამის სწამს და 2-ათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევები, დაავადება გადადებულიყოს. თეორიულად დასაშვებია, ყოფილა ისტორიაში, რომ ვიღაცას რაღაც საშუალება ხელოვნურად, შეგნებულად გამოეყენებინოს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ბუნებრივი გზით არ მომხდარა დაავადების გადადება. მაგალითად, არის მოსაზრება, რომ დავით კურაპალატი ზუსტად ასე მოიწამლა, დიდ ხუთშაბათს სასიკვდილო წამალი შეურიეს, შეასვეს და დაახრჩვეს, მაგრამ მასთან ერთად სხვა არ მოწამლულა. ანუ ეს მოწამლვა უშუალოდ საერთო ბარძიმიდან და საერთო კოვზიდან არ მომხდარა, რადგან სხვები არ დასნეულებულან. ჰიგიენაზე ყურადღების გამახვილება კი დაახლოებით იგივეა, მაცხოვრის მოწაფეებს ბრალს რომ სდებდნენ, თქვენ ხელდაუბანლად ჭამთო. ეს სახარებისეული ეპიზოდია, არაფერი ახალი არ ხდება, ყველაფერი გავლილია. ეს ყველაფერი მოგვარებადია, როდესაც არის ჯანსაღი განწყობა, როდესაც გვინდა, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ.

ნდობის ფაქტორი რომ იყოს, ელემენტარულად, დავემორჩილები ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მაგრამ, როდესაც ვხედავ, რომ ამის მიღმა კიდევ ქვეტექსტებია, აქ დგება პრობლემა. ხელისუფლება ვალდებულია, მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის არჩევანი არ გააკეთოს და ყველას ხელისუფლება იყოს. ხელისუფლების მაღალი პასუხისმგებლობა სწორედ ამას ნიშნავს, შენ შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს, მაგრამ შენ ხარ ხელისუფლება და გევალება, მრევლზეც იზრუნო. ამიტომ, მოდით, ამ ზრუნვის ფორმებზე ვისაუბროთ.

რაც შეეხება 9 აპრილის საფრთხესთან კორონავირუსის შედარებას, აქ ერთი უზუსტობაა, პაატა იმნაძის მოწოდება და მისი უწმინდესობის მოწოდება უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან. 9 აპრილის ბრძოლამ შედეგი მოიტანა. შესაბამისად, დღეს ჩვენი ამოცანაა და, საერთოდ, ქართველების ამოცანა მუდმივად იყო, ხვალინდელი დღე გამხდარიყო უკეთესი. ვინმემ ამიხსნას, მარაბდაში რატომ წავიდნენ საბრძოლველად ქართველები? ან სხვა ბრძოლებში რატომ მივიღეთ მონაწილეობა? ან ასი ათასი მოწამე რატომ შეეწირა ერთ დღეს სარწმუნოებას? უფლის დიდებას მოაქვს გამართლება. თუ ჩვენივე ხელით ამ დიდებას დავამსხვრევთ, შედეგი არ იქნება.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, ამ საკითხში მაინც არავინ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ არ გამოდის, უბრალოდ, შესაძლებელია, მოლაპარაკებით, ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით შედგეს შეთანხმება. ისე კი არა, მე ვთქვი და უნდა გააკეთო. ერთმანეთის ხათრით არ უნდა დავამძიმოთ სიტუაცია და, ამავდროულად, უნდა ვადიდოთ უფალი. ვინმეს რომ ეთქვა მარაბდაში მიმავალი ქართველისთვის, სად მიდიხარ, მაინც ხომ იცი, რაც მოხდებაო, დაუჯერებდა? ამის ძალიან კარგი მაგალითია მეფე ერეკლეს დასაფლავება. იმ დროს შავი ჭირი მძვინვარებდა ქვეყანაში, მაგრამ მეფე ერეკლე დასაფლავდა დიდებით, როგორც ეკუთვნოდა ღვაწლმოსილ მეფეს, პლუს მაქსიმალურად იყო დაცული, დღეს რომ ვუძახით, სოციალური დისტანცია. კახელებმა წამოასვენეს მეფე ლოჭინამდე, ლოჭინიდან არაგველებმა-მცხეთამდე, მცხეთაში მცხეთელებმა დაასვენეს. თუკი ამას ვახერხებდით მაშინ, დღეს რა გვჭირს? ხომ შეიძლება, დიდებით შევხვდეთ უფლის აღდგომას, თან ისე, რომ არ შევქმნათ პრობლემები.

კიდევ ერთი საინტერესო თემა, ჩვენ ვამბობთ, შესაძლებელია, ეკლესიაში სააღდგომოდ მისული მრევლი დასნებოვნდესო. იქ თუ დასნებოვნებული არ მივიდა მრევლი, სხვას როგორ გადასდებს? ანუ მარტივი ლოგიკაა, ხალხი უკვე დასნებოვნებული ყოფილა. ამაზე აგონ ექიმებმა და სახელმწიფომ პასუხი, დასნებოვნებული ხალხი რატომაა ქუჩაში. რატომ არ ვიცით, თუ დასნებოვნებულები ვართ? აქ ვისი ბრალეულობა იკვეთება? ანუ ხელისუფლება რას გვეუბნება, ან ვითომ ოპოზიცია რომ არის და დღეს სახელისუფლებო ნარატივში რომ არიან ჩართულები, რას გვეუბნებიან? ხალხო, თქვენ რომ პატივს გვცემდით და გვაქებდით, რომ კარგად მოვუარეთ კორონავირუსის პრობლემას, ეს თურმე ფიქცია ყოფილა, თურმე დაინფიცირებული ადამიანები მრავლად დადიან ქალაქში და ერთად თუ შეიყრებით, შეიძლება გადაგედოთო. დღესდღეობით მხარს ვუჭერ ხელისუფლებას, რადგან ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ვალდებულება და უფლება, გამოიყვანოს ქართველი ხალხი პანდემიის შემოტევის მდგომარეობიდან. არც ეკლესია და არც მრევლი არ არის ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ რატომ არის ხელისუფლება ჩვენს წინააღმდეგ, ეს არ ვიცი."

წყარო:https://for.ge/

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати