რუსების მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვა ეს იყო შურისძიება ყირიმის ხიდის აფეთქების გამო. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის უწყებაც შურისძიებაზე საუბრობს და არ აპირებს კიევის და სხვა ქალაქების დაბომბვა შეარჩინოს რუსებს. სადამდე გააგრძელებს პუტინი მთელ სამყაროსთან შურისძიების პოლიტიკას და შურისძიების პიკი ხომ არ იქნება ზამთარი, როცა პუტინი მარტივად შეძლებს ენერგორესურსების გათიშვას არა მარტო უკრაინისთვის, არამედ მთელი დასავლური სამყაროსთვის?
- პუტინი გრძნობს, რომ მარცხდება, მან ძალიან კარგად იცის თავისი შეზღუდული რესურსების შესახებ, ბრძოლის მოედანზე მან ვერ მიაღწია სერიოზულ წარმატებას, პირიქით, რასაც მიაღწია, ამის დათმობაც მოუწია, ახლა სამხედრო ინიციატივა უკრაინის ხელშია და ეს არის დამარცხებული კარტის პასუხი. მის არსენალში დარჩა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა, თავისი აგენტურის გამოყენება, ბოლო კოზირი არის ენერგეტიკულ რესურსებზე წვდომა, ხოლო უკიდურესი ზომაა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება. მეტი კოზირი მას აღარ დარჩა. ამით გამოჩნდა რუსეთის სახელმწიფოს ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო სიდამპლე. მიუხედავად იმისა, რომ რუსებს ამხელა სამხედრო არმადა ჰყავთ, ვერაფერს ვერ მიაღწიეს. ძველი მეთოდებით, ძველი ტექნიკით, ძველი ტაქტიკით ბრძოლა 21-ე საუკუნეში უკვე შეუძლებელია და არსენალში მხოლოდ დარჩათ ის, რომ ევროპას და უკრაინას ენერგეტიკული კოლაფსი შეუქმნან, თუმცა ამასაც ვერ ახერხებენ და რასაც ახერხებენ, ესაა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა. პუტინი მიხვდა ერთ რამეს, აქამდე მისი შანტაჟი გადიოდა, ამ შანტაჟის ეშინოდათ და თვალს ხუჭავდნენ ევროპასა და საერთაშორისო თანამეგობრობაში. დღეს კი მის შანტაჟს აღარ დაექვემდებარნენ და ეს უკვე გამწარებული პუტინის მოქმედებებია, რაც მოხდა.
პუტინის მოქმედებამ ბევრს გაახსენა ჰიტლერის მარცხის ბოლო დღეები, რომელმაც, ასევე, სასოწარკვეთილმა ლონდონი და ევროპის ქალაქები დაბომბა.
- მანამდე ჰიტლერი ამას არ აკეთებდა, მანამდე ჰიტლერის ოფიცრობა (და საკმაოდ მაღალი დონის ოფიცრობა იყო ვერმახტის შემადგენლობაში) არც იკადრებდა მშვიდობიანი მოსახლეობის ობიექტების დაბომბვას, ისინი სამხედროებზე მიდიოდნენ. როდესაც გაუჭირდა ჰიტლერს, მაშინ გადავიდნენ მხეცობაზე. მხეცობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე გერმანიის სხვა ნაწილები ახორციელებდნენ, მაგრამ უშუალოდ ვერმახტის სამხედროები ამას არ აკეთებდნენ ომის პირველ ეტაპზე, როდესაც წარმატებული სვლა ჰქონდათ. ყირიმის ხიდზე განხორციელებული ქმედება სპეციალისტების შესაფასებელია, თუმცა პუტინს უკრაინაშიც ჰყავს აგენტურა, რომელმაც ბევრი რამ თავის თავზე აიღო და პუტინს გაუსუფთავა ბევრი გაფუჭებული საქმე. ადამიანის მსხვერპლი ყველას გვტკივა, თუმცა სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს არის დამარცხებული ადამიანის გაბრძოლება უკრაინაში. რუსეთის საქმე უკვე გადაწყვეტილია. სხვათა შორის, ეს დაბომბვები იმდენად სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელოვანი ოპერაციები არ არის, რამდენადაც შიდა მოხმარებისთვის ინტერესის დაკმაყოფილება, რომ რუსეთის შიგნით საკუთარ მოქალაქეებს უთხრას, ნახეთ, რა მაგარია რუსეთი, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა შეუძლია. აქ იმდენად ყირიმის ხიდზე, უფრო სწორად, ქერჩის ხიდზე არ არის საუბარი, რამდენადაც ხარკოვში, ლუგანსკის, ხერსონის მიმართულებით სამხედრო წაგებების შემდეგ საკუთარი ძალის დემონსტრირებაში. იმ დროს, როდესაც თვით კრემლის პროპაგანდისტებსაც კი ბზარი გაუჩნდათ ხმაში, საჭირო იყო რაღაც არაადამიანური სისასტიკე, რომ საკუთარი მომხრეები მაინც დაემშვიდებინა. მართლაც, მას შემდეგ, რაც უკრაინის ქალაქები დაბომბეს, რუსი პროპაგანდისტები სიამაყით ამბობდნენ, ნახეთ, რა მაგარია პუტინი, დაბომბა უკრაინა. სინამდვილეში, რა დაბომბა? მშვიდობიანი ბავშვი მოკლა? როდესაც შიდა მოხმარებისთვის ბომბავ მოწინააღმდეგის ქალაქს, უკვე გასაგებია, რომ პერსპექტივა არ გაქვს.
პუტინს მანევრირების მცირე საშუალება დარჩა, კერძოდ, ძალით მობილიზებულ ადამიანებს საომრად დეკემბერში გაიწვევს, ასევე, მას შეუძლია ჩართოს ბელორუსიც ამ ბრძოლაში და საბოლოოდ ყველაფერი დაასრულოს ტაქტიკური იარაღის გამოყენებით. ყველაფერი მიანიშნებს, რომ ის ზამთარს ელოდება, ზამთარი კი რუსებისთვის გამარჯვების მომტანი იყო ისტორიის განმავლობაში. 21-ე საუკუნეში თუ ენიჭება ზამთარს გადამწყვეტი მნიშვნელობა ბრძოლის დროს?
- როდესაც ვამბობთ, რომ ზამთარმა ისტორიის განმავლობაში უშველა რუსეთს, მაშინ ძირითადი ბრძოლები უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ეს იქნებოდა ნაპოლეონის შემოსევის დროს, თუ ჰიტლერის შემოსევისას. მანამდე იყო პოლტავას ბრძოლა, დღეს ეს ტერიტორიები უკრაინას ეკუთვნის. მეორე მომენტია, რომ ჩვენს თვალწინ იწრთობა ერთიანი უკრაინელი ერი. პრობლემების მიუხედავად, უკრაინის სახელმწიფო ძლიერდება. თუ ეს პროცესი გაგრძელდება, არანაირი მობილიზება არ უშველის რუსეთს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა იზრდება დასავლეთის დახმარება უკრაინისადმი. თავის დროზე დასავლელი ექსპერტები თუ პოლიტიკოსები კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი და არ ენდობოდნენ უკრაინის ხელისუფლებას. როდესაც ინფორმაცია მიაწოდეს, რუსეთი დაბომბვას აპირებსო, უკრაინის ხელისუფლება მოუმზადებელი შეხვდა ამ ამბავს, როგორც ჩვენთან ისმის, უკრაინაშიც ისმოდა, „პანიკა გინდათ?“ „ომი გინდათ?“ ასეთ მოუმზადებლობას ხედავდა დასავლეთი, არ ენდობოდა უკრაინას და პირველ ეტაპზე უკრაინის დახმარება ქმედითი არც იყო, მაგრამ უკრაინელი ხალხის, უკრაინელი მებრძოლების თავდადებულმა ქმედებებმა განაპირობა ის, რომ დასავლეთი უკვე სერიოზულ იარაღს აწვდის უკრაინას. თუმცა ეს არ არის უახლესი იარაღი. დროთა განმავლობაში გაზრდის რუსეთი ზეწოლას უკრაინაზე? გაზრდის დასავლეთიც უკრაინის დახმარებას. თუ ჩვენ ავიღებთ კრებსით შესაძლებლობებს, კრებსითი რესურსი დასავლეთს გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე რუსეთს. პოტენციურად რუსეთს თუ იმედი ჰქონდა ჩინეთის, ინდოეთის, სამარყანდის სამიტზე მათაც ყური აუწიეს რუსეთს და დაუსვეს საკითხი, დაამთავრე ეს სისხლისღვრა. აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან რუსეთი აღმოჩნდა რკალში, შესაბამისად, აღარ აქვს შესაძლებლობა, სტრატეგიული გარდატეხა მოახდინოს ბრძოლის ველზე, მაგრამ რუსეთს იმის შესაძლებლობა კი დარჩა, წერტილოვანი დარტყმებით იმოქმედოს. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მდგრადი იქნება უკრაინის ხელისუფლება, რამდენად მოახერხებს ერის კონსოლიდირებას ერთიანი ამოცანის შესასრულებლად. ჩვენ მწარე გამოცდილება გვაქვს, აფხაზეთში ბიჭები იბრძოდნენ, მაგრამ ხელისუფლება ხელს უშლიდა, მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელშეკრულებები გააფორმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკის გაყვანაზე და დავკარგეთ სოხუმი. მსგავს სისულელეებს თუ არ გააკეთებს უკრაინის ხელისუფლება და დასავლეთიც მყარად დაეხმარება უკრაინას, ამ ომის შედეგი წინასწარ შეგვიძლია გავთვალოთ.
უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმების ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, იყო ზელენსკის მოშორება, რომ უკრაინელები აუმხედრდნენ საკუთარ ლიდერს. კადიროვიც მოუწოდებს ზელენსკის, „გაიქეცი, დოყლაპიავ, უკრაინიდან“. არის ასეთი განწყობა უკრაინაში, ხალხი აუჯანყდეს ზელენსკის?
- ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ ვინმე ზელენსკის მოკვლას აპირებდა. ამაზე უფრო მეტად ზელენსკის პიარშჩიკები საუბრობენ. ხომ გახსოვთ, რუსეთი თითქოს იმიტომ შემოიჭრა საქართველოში, რომ სააკაშვილის მოკვლა უნდოდა, ასევეა უკრაინაშიც. თვითონ უკრაინელი ხალხი მედგრადაა, ის ფაქტი, რომ დღეს საომარი მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე იმ ადგილებში მიმდინარეობს, სადაც ეთნიკურად რუსი მოსახლეობა ცხოვრობს, ბევრ რამეზე მეტყველებს. ხარკოვში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ნაწილში ეთნიკურად რუსები ცხოვრობენ, მაგრამ თვით ეს რუსებიც კი უკრაინის სახელმწიფოსთვის იბრძვიან. ხალხის დიდი მსხვერპლის ფონზე შეიძლება ცინიკურია ამის თქმა, მაგრამ რუსეთმა შეკრა უკრაინელი ერი. ხარკოვის მერმა უკრაინული არ იცოდა, დნეპრსა და ხერსონში, ფაქტობრივად, უკრაინულად არ საუბრობდნენ, დღეს ამ შეკრული მოსახლეობის გატეხვა შეუძლებელია. აქ ერთვება თავდაცვის მომენტიც, უკრაინელები თავიანთ მიწას იცავენ. არანაირი პერსპექტივა უკრაინაში მცხოვრებ ეთნიკურ რუსებსაც კი რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში არ ექნებათ, ამიტომ არ უნდათ ისე ცხოვრება, როგორც ადრე ცხოვრობდნენ ხარკოვში, კურსკში. ხომ ნახეს, რომ, ელემენტარულად, გზა არ არის, გაზი არ არის, რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 30%-ია გაზიფიცირებული, ხომ ხედავენ, რამხელა კორუფციაა რუსეთში.
წყარო: https://for.ge/